ნიკოდიმოს მთაწმინდელი

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი – ლოცვა გონიერია, როდესაც არა მარტო სიტყვით წარმოითქმის, არამედ გონებითაც და გულითაც

უძველესი დროიდან ბევრი ლოცულობდა ასე: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე. ამის შესახებ აღნიშნავენ წმიდა ეფრემი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკ ასური, წმიდა ისიქი, წმიდა ბარსანუფი და იოანე, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც იესუს ლოცვას ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ჩვენშიც მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. ეცადე, შენც შეეჩვიო.

ამ ლოცვას იესუს ლოცვა ეწოდება, რადგან უფალ იესუ ქრისტეს მიემართება და, როგორც ყველა მოკლე ლოცვა, სიტყვიერი შემადგენლობისაა. ლოცვა გონიერი ანუ შინაგანია, როდესაც არა მარტო სიტყვით წარმოითქმის, არამედ გონებითაც და გულითაც, შინაარსის სრული გააზრებითა და შეგრძნებით. ხანგრძლივი და ყურადღებიანი ლოცვის შედეგად გონება და გრძნობა ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ შინაგანად ისინი ერთდებიან, სიტყვები კი თითქოს აღარც არსებობს. ნებისმიერი მოკლე ლოცვა შეიძლება ასეთ სიმაღლემდე ავიდეს.

იესუს ლოცვას იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულით ეთანხმება უფალ იესუ ქრისტეს, რომელიც ერთადერთი კარია ღმერთთან ურთიერთობისა, რის მოპოვებასაც ლოცვით ვესწრაფვით. თავად უფალმა ბრძანა: ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ (იოან. 14,6). ამიტომ ვინც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს. სწორედ ამაშია ჩვენი ხსნა. ამიტომ ბუნებრივია, არ გაგვიკვირდება იმ მოშურნეთა ღვაწლი, რომლებიც თავდაუზოგავად იღვწოდნენ, რომ ამ ლოცვას დაუფლებოდნენ და მისით ძალა შეეძინათ. შენც მათ მიბაძე.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ