W3A8796

წამოდექი ღამე და წარსდექი ქრისტეს წინაშე! – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი

თუკი გსურს, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია იმ შინაგანი მდგომარეობისთვის, რომლისთვისაც ჭეშმარიტად ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც, მაშინ აღსრულე ის, რასაც მეფსალმუნე ამბობს: წამოდექი ღამე, წარსდგექი ცოცხალი ღმერთის წინაშე, რათა გხედავდეს და შენც იხილო ის. ყველაზე მეტად ღამე უწყობს ხელს საკუთარ გულში ღმერთის აღმოჩენას. თუკი ასე იფხიზლებ, მაშინ აუცილებლად მიიღებ ქრისტესგან გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შენი თანამგზავრი გახდება.

სიფხიზლე და გონიერი ლოცვა უდიდესი სასწაულების წყაროა. ამგვარი ღვაწლით, ადამიანი საკუთარ თავში სხვა სამყაროს აღმოაჩენს და ჭეშმარიტ სამოთხეს შეიგრძნობს. მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება ეს: მაშინ, თუკი ადამიანი ღამე ლოცულობს. ღამე ლოცვის გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრების სიტკბოების გემოსხილვა და ასევე შეუძლებელია ქრისტესგან ჭეშმარიტი სულიერი გამოცდილების მიღება. როდესაც ადამიანი მოკლებულია ქრისტესმიერ ნუგეშს, მაშინ ის გარეგნული ღვაწლით კმაყოფილდება და საკუთარი შეხედულებების დაცვას იწყებს.

ასობით წლები გავიდა მას შემდეგ, რაც მეფსალმუნემ ეს სულიერი გამოცდილება მოიხვეჭა და მისი სიტყვები ოდნავადაც არ დაძველებულა. ეს არის ეკლესიის უკლებლივ ყველა მამის გამოცდილება! ვერავინ იპოვის ქრისტეს, თუკი მას განთიადამდე გაგრძელებული ღამის ლოცვისას არ შეხვდა.

ამიტომაც, ექვსფსალმუნებისას მღვდლის მიერ აღმოკითხული თორმეტი ლოცვიდან თერთმეტი ღამე ლოცვის შესახებაა, ხოლო უკანასკნელი მზის ამოსვლასა და სულიერ ნათელს ეხება.  სწორედ გამთენიამდელი ღამის საათები იყო ქრისტესა და მის ზეციურ მამას შორის საუბრის ძირითადი პერიოდი.  სწორედ ასეთი მნიშვნელობა აქვს ამ საათებს ჩვენთვისაც და მთელი ეკლესიისთვისაც, რომელიც განსაკუთრებით ლოცულობს მათთვის, ვინც ქრისტეს ღამით ესაუბრება.

რატომ ანიჭებს ეკლესია ღამის ლოცვას ასეთ დიდ მნიშვნელობას? იმიტომ, რომ თუკი ღამე გულმოდგინედ ლოცულობ, მთელ დღეს შინაგან განსვენებაში გაატარებ. ღამის გონიერი ლოცვის ღვაწლის შემდეგ ევქარისტიაში მონაწილეობა დიდ სულიერ ნაყოფებს მოგვცემს. თუ ვკარგავთ ღამის საათებს, ჩათვალეთ, რომ მთელ ცხოვრებას ვკარგავთ! ამაზე მიუთითებს მთელი ის გამოუვალი მდგომარეობები და ამაოება, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. დღე დღეს მიჰყვება, ღამე ღამეს და ჩვენც გაუთავებლად ერთ ადგილს ვტკეპნით. მთელი ჩვენი ცხოვრება კი ტყუილად იფლანგება.

უნდა ვიცოდეთ, რომ ევქარისტია მოსავლის აღების დროა და ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გავატარებთ წინა ღამეს – თესვის პერიოდს.

მხოლოდ ერთი რამ გააკეთე: ადექი ღამე და ქრისტეს წინაშე წარსდექი, რომ ,,დაგინახოს’’ და  ესაუბრე მას! წარსდექი მის წინაშე, რომ კარგად დაგინახოს და შემდეგ, შენც იხილავ მას. ამრიგად, შენი ეს წარდგომა ამავდროულად მის ხილვად იქცევა და საღმრთო ნათლის შინაგან გამოცდილებას მიიღებ. მხოლოდ ის ეცადე, რომ ამ დროს ყოველგვარი საზრუნავისაგან გათავისუფლდე, რათა არაფერმა დაარღვიოს შენი შინაგანი სიმშვიდე და მყუდროება. ასეთ შემთხვევაში, შენი სული ქრისტეს შეიგრძნობს და იხილავს მას. საღამოს წარსდექი ქრისტეს წინაშე და უთხარი: ,,ღამე მშვიდობისა’’, რათა გამთენიას გიპასუხოს: ,,დილა მშვიდობისა’’. ასე რომ, დაიმახსოვრე, შენი სულიერი ღვაწლის და თესვის დრო ღამეა.

მოდით, ოფლის დაღვრამდე ვიშრომოთ ღამის ლოცვაში და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. თუკი ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ღამე არასაკმარისად ვიშრომეთ და არ ვიბრძოლეთ როგორც საჭირო იყო. ხატოვნად რომ ვთქვათ: ვერ ვიპოვეთ ის ჩამრთველი, რომლითაც მყისიერად ინთება სინათლე. იპოვე ეს ჩამრთველი და ყველაფერს მიიღებ.

ჩვენი ცხოვრება სულაც რომ ერთი დიდი ქაოსი იყოს, როგორც კი სიფხიზლეს და გონიერ ლოცვას მივეცემით ყველაფერი თავის ადგილას დადგება. შენ მხოლოდ შენი ღამის ლიტურგია აღასრულე და ქრისტე აუცილელად მოგანიჭებს გამოცდილებისეულ ცოდნას. ამ საკითხში არანაირი ეჭვის საბაბი არ გვაქვს, რადგან თავად უფალი და წმინდანები გვარწმუნებენ ამაში.

ამონარიდები არქიმანდრიტ ემილიანე ვაფიდისის წიგნიდან “Слово о трезвении”

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •