ioseb vatopedeli 2

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი პირველი: ბავშვობისა და ყრმობის წლები

 ბავშვობის და ყრმობის წლები

ბერის დედამ, მამა იოსებზე ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში რომ იყო, პირველ ივლისს, წმინდა კოზმა და დამიანეს ხსენების დღეს, მოილოცა პაფოსის რაიონის სოფელ გიოლუს წმინდა უვერცხლოთა მონასტერი, რომელიც თავის მთავარ დღესასწაულს აღნიშნავდა. მოულოდნელად შობის ტკივილები იგრძნო, რაც იყო არა რაიმე ბუნებრივი, არამედ მრავალსაათიანი და დამღლელი მოგზაურობის შედეგი (თანაც ის პირუტყვზე შემომჯდარი მგზავრობდა).

სოკრატე შვიდთვიანი დაიბადა, თანაც ისე უდროოდ, რომ დედამისს ეგონა ბავშვი ცოცხალი არ იქნებოდა. მაგრამ დეიდამ შეამჩნია, რომ ჩვილი, რომელიც ხელის გულზე ეტეოდა, გაინძრა. ,,ევგენია! ცოცხალია!“  – სიხარულით შესძახა მან. ამგვარი სირთულეებით დაიწყო  ბერმა ეს წარმავალი ცხოვრება; ძუძუსაც კი მეზობელი აწოვებდა, რადგან დედას ნაადრევი მშობიარობის გამო თავისი რძე არ ქონდა.

241140.p
მამა იოსების სახლის კარი სოფელ დრუსიაში (კვიპროსი)

მომავალში, საკუთარი დაბადების გარემოებებსაც კი ბერი თავის ბრალობის საბაბად იყენებდა: მუცლის მოშლის შედეგი ვარ და მხოლოდ ღმერთის უზომო მოწყალების გამო გადავრჩიო. ამნაირად მიაგებდა უდიდეს მადლიერებას მას, ვინც სიცოცხლის უძვირფასესი ნიჭი უბოძა.

პატარა სოკრატე გაიზარდა ოჯახური სიყვარულის გარემოში, ღია ცის ქვეშ, უმეტესად სასოფლო-სამეურნეო საქმეებსა და წინაპართა რწმენის ატმოსფეროში. სკოლაში მხოლოდ სამი წელი იარა და ისიც მხოლოდ ზამთრობით, რადგან სხვა დროს მამას უნდა მიხმარებოდა ყანაში, ბაღში, ბოსტანსა და ფერმაში. ძალიან სხარტი გონება ჰქონდა და გაკვეთილებს მხოლოდ მასწავლებლის მონათხრობით ითვისებდა, მაგრამ შემდეგ დრო არ ჰქონდა, რომ ემეცადინა, რადგან უმეტეს დროს შრომაში ატარებდა.

ზაფხულობით, უწვიმობის პერიოდებში, მამამისს პირუტყვი აკამას მიდამოებში გადაჰყავდა, სადაც პატარ-პატარა ტბებში უფრო მეტი წყალი იყო. ამის წყალობით პატარა სოკრატე ბუნების ლამაზი წიაღით ტკბებოდა, მავნე გართობებისა და ურთიერთობებისგან მოშორებული. ასე მიედინებოდა პატარა სოკრატეს ცხოვრება მანამ, სანამ 15 წლის გახდებოდა.

1935 წელს მისი უფროსი ძმები უკვე ამერიკაში მუშაობდნენ, რათა თავიანთი ოჯახები შეექმნათ და უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონოდათ. მალე ფლორიდის შტატში, ქალაქ მაიამიში ფანანსურად წარემატნენ. იმავდროულად არც ოჯახს ივიწყებდნენ და არც მოზარდ სოკრატეს, რომლის მომავალზეც განსაკუთრებულად ზრუნავდნენ. მისთვის სამომავლო გეგმებიც კი დასახეს: ოცნებობდნენ უმცროს ძმას დრამატულ სკოლაში ჩაებარებინა. კი იცოდნენ, რომ სოკრატეს კვიპროსზე სკოლაში არ უვლია, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ რადგან ჭკვიანი, ენერგიული, სასიამოვნო და კარგი ხასიათის ადამიანი იყო, მსახიობის ბრწყინვალე კარიერა ექნებოდა.

მაშინ კვიპროსი ინგლისის კოლონია იყო. ინგლისური მთავრობის მიმართ ემიგრაციის ნებართვის მისაღებად ძალიან ბევრი თხოვნა იწერებოდა – ხალხი უკეთესი სამუშაოს საძიებლად უცხოეთში მიემგზავრებოდა. ამის გამო ინგლისელებმა ემიგრაცია შეზღუდეს. თუ სოკრატე თავის ოფიციალურ რიგს დაელოდებოდა, მისი ჯერი ათ წელიწადში მოვიდოდა! გამონაკლისი კი მხოლოდ მაშინ დაიშვებოდა, თუ ვინმე ძალიან დიდ თანხას გადაიხდიდა – ამ შემთხვევაში ნებართვას უმალვე გასცემდნენ. მაშინდელ პირობებში, ოქროს ლირების ეპოქაში, ძალიან მცირე იყო იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც შეეძლო ეს თანხა გადაეხადა. ძმებმა კი, რომლებსაც სოკრატე ძალიან უყვარდათ, დაუფიქრებლად შეკრიბეს საკუთარი დანაზოგები და ემიგრაციის ნებართვა იმავე წელს აიღეს.

პატარა სოკრატე ხასიათით ძალიან კეთილი და მგრძნობიარე იყო. საქმიანობა, ქმედითობა, სიყვარული და თავდადება მის სულს იზიდავდა, რაც უნდა დამღლელი ყოფილიყო მისთვის ეს ფიზიკიურად  და პირიქით, კუდაბზიკობა, სიძლვილი, მზაკვრობა ეზიზღებოდა. ოჯახში არსებული სიყვარული მას დაეხმარა, რათა ბუნებრივი გონიერება, გამჭრიახობა და ხასიათის სიმწიფე შეეძინა, რაც მას მთელი ცხოვრება ახასიათებდა. ვერანაირმა ხორციელმა ცოდვამ ვერ შეძლო დაეტყვევებინა მისი  ბავშვური გული, მიუხედავდად იმისა, რომ იმდროინდელ ახალგაზრდებს სულ სხვა მისწრაფებები და ოცნებები ჰქონდათ.

ქალაქ პაფოსში

ამერიკაში გამგზავრების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად წარემართა, რამეთუ ,,არა კაცისა არს გზა მისი“. პატარა სოკრატე, მიუხედავად იმისა, რომ უწიგნური იყო, როგორც ვთქვით, გამოირჩეოდა სხარტი გონებითა და ზრდილობით. იფიქრა, სანამ ,,ცივილიზებულ“ ამერიკაში წავალ, მოდი ჯერ მახლობელი ქალაქის დიდ მაღაზიებში ვიმუშავებ  და ქალაქურ ცხოვრებას მივეჩვევი, თორემ დღემდე მხოლოდ სოფლური ყოფა ვიციო. ამგვარად აღმოჩნდა პაფოსის ერთ დიდ ქსოვილების  მაღაზიაში, სადაც მძიმე შრომა უწევდა.

მაღაზიების მეპატრონეებთან შეთანხმდა, რომ თვიური გასამრჯელო ექნებოდა და თანაც ისინი თავიანთი ოჯახების სასოფლო საქმეებით არ დაამძიმებდნენ. სამწუხაროდ, მათ პირობა არ დაიცვეს და  არა მარტო მძიმედ ტვირთავდნენ დილიდან საღამომდე (მათ შორის საველე საქმეებითაც), არამედ ხელფასსაც უკლებდნენ. სოკრატე ძალიან განიცდიდა ასეთ მდგომარეობას, რადგან მშობლებისთვის გასაგზავნი ფული არ ჰქონდა, ამიტომაც თავისი ბავშვური ჭკუით იფიქრა, სახლში ხელფასის ნაცვლად ნაჭრებს მაინც გავაგზავნი მაღაზიიდანო.

მეპატრონეებმა, რასაკვირველია, ეს მალე შენიშნეს და ქურდის მძიმე ბრალდებიით დაამძიმეს ღირსეული სოკრატეს სული, რომელიც ბავშვობიდან სიყვარულის გარემოში ცხოვრებას იყო მიჩვეული. ეს მისთვის ,,ამა სოფლის“ უსამართლობის სულთან პირველი შეხვედრა იყო. ბერი გვიამბობდა ,,მაშინვე მივხვდი, თუ რა მელოდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და ზოგადად, რა მელოდა მომავალში, თუკი ასე გავაგრძელებდი ცხოვრებას. სერიოზულად დავფიქრდი და საერო ცხოვრებაზე ფიქრი უკვე აღარ მსიამოვნებდა“.

ადამიანური საქმეების ამაოების შეგრძნება იმდენად გაუძლიერდა, რომ ნებისმიერი ამქვეყნიური მოღვაწეობის სურვილი სრულიად წაუხდა. ცხოვრების დროებითობასა და წარმავალობაზე ფიქრმა, რაზეც ადამიანთა უმეტესობა ძალიან ცოტას ფიქრობს, სოკრატე, მიუხედავად მცირე ასაკისა, სხვა განზომილებებში გადაიყვანა. ფსალმუნის სიტყვები, რომელსაც ეკლესიაში ისმენდა, მის შინაგან ცხოვრებას ეხმიანებოდა: ,,კაცი, ვითარცა თივა არიან დღენი მისნი; ვითარცა ყვავილი ველისა, ეგრე აღყუავდეს, რამეთუ განვლო სულმან მის შორის და არღარა იყოს და არცაღა იცნას ადგილი მისი. და ,,კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილნი, წარვლენ“. 

ცოცხალი უფლის ხილვა

თხუთმეტი წლის იყო სოკრატე, როდესაც ღმერთი, თავისი გამოუკვლეველი განგებით, ზებუნებრივად მიუძღვა მას „საღმრთო სასოწარკვეთილებაში“, რასაც ადამიანი სამყაროს ამაოებისა და სიკვდილის პირისპირ დარჩენილი გრძნობს. ამგვარ აბსოლუტურ, ბნელ და მტანჯველ სიცარიელეში იყო ჩაძირული, როდესაც შეემთხვა ის, რაზედაც ბევრი ოცნებობს, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხდებიან ღირსნი: ცოცხლად იხილა უფალი.

ერთხელ პაფოსში მოძრავმა კინემატოგრაფმა ჩაიარა. უჩვენეს ფილმი პირველი მსოფლიო ომისა და მცირე აზიის ჟლეტის შესახებ.[1]მაშინ იმ უკიდეგანო სიცარიელემ სულის სიღრმემდე მოიცვა იგი. რაზეც ის ბავშვობიდან ოცნებობდა და რაც ადრე ცხოვრების ინტერესს უღვიძებდა, ახლა პირიქით – წარმავალი სამყაროს მკვდარ მდგომარეობას აგრძნობინებდა.

სიკვდილის მადლისმიერმა ხსოვნამ სრულიად მოიცვა. იმ საღამოს პაფოსის ერთ-ერთ მაღლობზე იდგა, როდესაც  მას ზებუნებრივი, მშვიდი ნათელი დაადგა, რომელმაც დამწუხრებული სულის საგრძნობლები გაუცოცხლა. ამ ნათელში გამოჩნდა უფლის მშვიდობანი, მანუგეშებელი და სიყვარულით სავსე სახე. თავად იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა: „სოკრატე, გგონია ამისთვის შევქმენი ადამიანი? კაცი უკვდავია“. ამ გამოცხადებამ სოკრატეს ის დიდი სიცარიელეც გაუქარწყლა და შინაგანადაც დააჯერა. იმავდროულად, გამოცდილებისეული ცოდნა მიეცა, თუ რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი. „ადამიანი უკვდავია“- შეუძლია ღმერთის შვილი გახდეს. უფლის მშვიდმა და უტკბილესმა სახემ სოკრატეს სულს ფრთები შეასხა, ხოლო ზებუნებრივი ხმა ჰარმონიულად და დამაჯერებლად, შინაგანად და გარეგნულად, მთელი არსებით ესმოდა.

ქრისტეს სიტყვები მის გულში შეიჭრა როგორც   „სასტიკი, ანუ ძლიერი ქარი“. სახე უცვალა მის შინაგან არსებას, გული იმ ნათლით აუვსო, რომელმაც ლუკას და კლეოპას გულები საღმრთო ცეცხლით განუხურვა, როდესაც მათ უფალი ემაუსის გზაზე სხვა სახით გამოეცხადა. სიცარიელე, უსიცოცხლობა და მწუხარება გაუქრა. სოკრატეს გული, რადგანაც უფალს ვეღარ ხედავდა, დაუოკებელი სურვილით მოიწყლა,[2] ყველაფერი დაეტოვებინა და მასთან ერთად ყოფილიყო, რათა აღდგომილი უფლის ხილვის გამოცდილება თავისი ცხოვრების მანძილზე არ დაეკარგა.

ქრისტეს სიტყვები სულის სიღრმემდე ჩასწვდა სოკრატეს. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც თავის მოწაფეებს (ასე უწოდებდა იგი თავის მორჩილებს) ეს საიდუმლო გაგვანდო, სიტყვასიტყვით იმეორებდა ხოლმე: „სოკრატე, გგონია ამისთვის შევქმენი ადამიანი? კაცი უკვდავია“.

როგორ მოულოდნელად და საოცრადაც გამოეცხადა მას უფალი, იმავენაირადვე გაქრა. ოღონდ სრულიად შეცვალა მოზარდის სული. ქრისტეს პიროვნებამ მიიზიდა სოკრატეს არსება, სიყვარულით მოუწყლა გული, ღრმა მშვიდობითა და ზებუნებრივი სიხარულით განუქარვა სევდისა და სიკვდილის წყვდიადი. იესოს გამოჩენამ სხვა განზომილებაში გადაიტანა მისი ცხოვრება. ამიტომაც მოსალოდნელი იყო ის, რომ ახალგაზრდა მის ძიებას დაიწყებდა. ამ ზებუნებრივი და იშვიათი მოვლენის მეშვეობით იგი საქმით დარწმუნდა იმაში, რომ ადამიანი სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადის. ამის გამო ბერი ხშირად იმეორებდა, რომ ადამიანის მიზანია დაამარცხოს სიკვდილი. სოკრატემ იცოდა, რომ თავი უნდა მიეძღვნა უფლისთვის, მაგრამ არც მონაზვნობის შესახებ გაეგო რამე, არც ის იცოდა, როგორ შეიძლებოდა თავი  მიეძღვნა ქრისტესთვის.

 ნათესავები კი ამ დროს მისი გამგზავრებისთვის ემზადებოდნენ, რათა ამერიკაში ბრწყინვალე კარიერა შეექმნა. მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ბიჭს საოცნებო და წარმატებული ცხოვრება ელოდა, მატერიალური დოვლათით სავსე, აღიარებული და ყველა ახალგაზრდა ადამიანისთვის სასურველი პროფესია, ერთი სიტყვით ის, რასაც ყველა ოცნებობს თავისიანებისთვის. ოღონდ სოკრატესთვის ყველაფერი  უკვე შეცვლილიყო. წუთისოფლის ამაოების შეგრძნებამ ყველანაირი ამქვეყნიური სურვილი გაუქრო. უფლის უტკბილესი სახე, რომელიც მან გამოცდილებით შეიმეცნა, მიუძღვოდა იმ ერთადერთ გზაზე, რომელსაც ქრისტესადმი თავის მიძღვნა ჰქვია.

 ღმერთკაც იესოს ხილვის შედეგად თხუთმეტი წლის სოკრატემ მთელი არსებით გააცნობიერა ის ფაქტი, რომ მხოლოდ საღმრთო ნათლის თანამონაწილეები გრძნობენ, თუ რა არის ამპარტავნება და ზოგადად ცოდვა: საბოლოო განხრწნა, და როგორც თვითონ ბერი იტყოდა ხოლმე, დროის უკიდეგანო სივრცეში საუკუნო ტანჯვისათვის განმზადება. ქრისტეს ამგვარ გამოცხადებას იმათ წინაშე, ვის შესახებაც საღმრთო მადლმა იცის, რომ უდიდესი მოშურნეობითა და სიყვარულით შეუდგებიან მას, ვხვდებით უკანასკნელი საუკუნეების დიდი ბერების და წმინდანების, მაგალითად, სერაფიმე საროველის, სილუანე ათონელის, იოსებ ისიქასტის, ამბერკი ნეასკიტელის[3], ეფრემ კატუნაკელის, პაისი მთაწმინდელის, იაკობ ცალიკისის ცხოვრებებში. ეს ხდებოდა ან სულიერი ცხოვრების დასაწყისში, ან მოგვიანებით. ხსენებული მოვლენა ბერის მთელი მომავალი ცხოვრების საწყისი და შთაგონების წყარო გახდა. არქიმანდრიტი სოფრონი, განმარტავს რა წმინდა სერაფიმესა და ღირსი სილუანეს მაგალითებს, წერს: „ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევები ისტორიაში იშვიათობას წარმოადგენს. იქნებ იმიტომ ხდება ასე, რომ, როდესაც ვინმე ქრისტეს დასაწყისშივე იხილავს, ამას  ძალიან მკაცრი და მტკივნეული ასკეტური გზა მოჰყვება“.

მოგვიანებით ბერი იოსები ამბობდა: „არავინ არ ხდება მონაზონი შემთხვევით. თითოეული ჩვენგანი უფლის „მომდევდი მე“-ს გამოჰყვა“. ხაზს უსვამდა, რომ სახარების სიტყვები: „ვერვის ჴელ-ეწიფების მოსვლად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, – მონაზვნურ მოწოდებას ეხებაო. ბერი გვიხსნიდა, რომ ქრისტემ არა მარტო მოგვიწოდა, არამედ მიგვიზიდა თავისკენ. ეს კი იმის ნიშანია, რომ გვამზადებს აბსოლუტური წარმატებისთვის, მონაზვნური მიზნის მიღწევისთვის, რასაც წარმოადგენს ღმერთის მიერ ჩვენი შვილება და მარადიული ცხოვრება. ჩვენი ამ მოწოდების შესახებ ის ამას ამბობდა ხოლმე: „როდესაც ღმერთი თავის ნებას გამოაჩენს [და ვინმეს მონაზვნად გამოირჩევს], მთელი სულიერი ზეცა[4] შეიძრვის: ქერუბიმები გონიერებას გვაძლევენ; ცეცხლოვანი სერაფიმები – ნათელს, გულის ალსა და საღმრთო სიყვარულს; ძალნი[5] და ანგელოზთა სხვა დასები – ძალასა და სხვა ყველაფერს, რაც ადამიანს იმ გამოუთქმელი საიდუმლოს აღსრულებაში სჭირდება, რასაც მონაზვნობაში მოწოდება ჰქვია და რისი მიზანიც [ღმერთის მიერ ჩვენი] შვილებაა“.[6]

იმ ჩვენების შემდეგ, მუდმივად ჩაფიქრებულმა და საკუთარ თავში ჩაღრმავებულმა სოკრატემ დედას განუცხადა, რომ ამერიკაში აღარ წავიდოდა. ხშირად დადიოდა ხოლმე აკამაში სათევზაოდ, რათა განმარტოებული, თავის თავთან დარჩენილიყო, თუმცა მონაზვნობის შესახებ არაფერი იცოდა. ერთხელ ვიღაც მისი ნაცნობები და ახლობლები წმინდა ანდრეას ეკლესიაში მიდიოდნენ კარპასიაში[7] და თან სოკრატეც გაიყოლეს. ბერი ამ მოლოცვის შესახებ ამას გვიამბობდა: „არ ვიცოდი, რომ უბრალო ეკლესია იყო. გავყევი იმ ფიქრით, რომ ღმერთს მივუძღვნიდი თავს, რადგან სწორედ იქ გავიგე პირველად, რომ შეიძლება კაცმა  თავი ღმერთს მიუძღვნას. ძალიან ძლიერად მიზიდავდა საღმრთო ცხოვრება, დაუოკებლად; თუმცა ისიც კი არ ვიცოდი, რა მინდოდა. ზოგიერთმა ნაცნობმა მირჩია, შენ ალბათ მონაზვნობას ეძებო და ჯობს სტავროვუნის წმინდა მონასტერი მოინახულოო. ეს სავანე მაშინ ყვაოდა, როგორც მრავალ ღირსეულ მონაზონთა კინობია, მათგან ზოგიერთს მანამდე ათონის მთაზე ეღვაწა, მათ შორის ჩემს მომავალ მოძღვარს – ბერ კვიპრიანეს“.[8]


[1] აქ: 1922 წელს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქ. იზმირში, ათიათასობით ბერძენი იქნა უმოწყალოდ გაჟლეტილი თურქი ნაციონალისტების მიერ.

[2] დაიჭრა.

[3] მეოცე საუკუნეში ნეა სკიტში მოღვაწე მონაზონი. გამოირჩეოდა უბრალო, უზაკველი ხასიათით, რისი წყალობითაც არაერთი ზებუნებრივი მოვლენის მხილველი გახდა.

[4] ანგელოზთა ძალები.

[5] აქ: ანგელოზთა ერთ-ერთი დასი.

[6] მონასტრის ერთ-ერთი ძმის ჩანაწერებიდან.

[7] კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ამჟამად თურქეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ტაძარი, სადაც ძალიან ბევრი სასწაული აღესრულება (მაჰმადიანებიც კი სალოცავად თვლიან).

[8] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984წ.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •