EV8C7716 2014 12 04 11 25 28

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

ბერი იოსები კუტლუმუშის მონასტრის წინამძღვრობაზე უარს ამბობს

1975 წლის სულთმოფენობის განზოგებას ბერი წერდა: „სკიტიდან უკვე ერთ დიდ მონასტერში გადავედით. ორი წლის წვალების შემდეგ ფეხი სადღაც მოვიკიდეთ. მონასტერს კუტლუმუში ჰქვია, ფაქტობრივად კარიესში მდებარეობს. სანამ პირადად ნახავდე, სურათს გიგზავნი“[1]

დაბინავდა თუ არა ჩვენი მოძღვარი ამ სავანეში, რამდენიმე დღეში წმინდა პაისი დაადგა მხარზე მოკიდებული აბგით და ღიმილით უთხრა: „პირობა უნდა შევასრულო“. ჩვენმა ბერმაც ღიმილითვე მიუგო: „წადი, მამაო, და მდუმარებაში ილოცე ჩვენთვის — ასე უფრო დაგვეხმარები“. თავისი მასწავლებლის გამოცდილებიდან იცოდა, თუ რა დიდი და არსებითი დახმარების გაწევა შეუძლია მსოფლიოსთვის ნამდვილ დაყუდებულს, რომელიც უკვე ქრისტეს მეგობარი და ღმერთის შვილი გამხდარა. თავმდაბალი ბერი პაისი დაემორჩილა და თავის სენაკში დაბრუნდა. დღეს, როდესაც მისი საოცარი ცხოვრების აღწერა გამოიცა, გავიგეთ, თუ რა სულიერი განცდები და გამოცხადებები ჰქონდა მას მდუმარებაში და როგორ ეხმარებოდა თავისი ლოცვით მთელ სამყაროს.

ამასობაში მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიმ ჩვენს მოძღვარს წერილობით შესთავაზა, მღვდლად კურთხეულიყო და კუტლუმუშის წინამძღვრობა ეტვირთა. მაგრამ მოძღვარმა ამ წინადადებაზე სიმდაბლით უარი თქვა, რადგან სურდა, თავისი მოძღვრის მიბაძვით, მთელი ცხოვრება უბრალო მონაზვნად დარჩენილიყო. ჩვენს მონასტერში ინახება პატრიარქის წერილი წმინდა კინოტის მიმართ, რომელშიც ბრძანებს: „…მივიღეთ რა მხედველობაში ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ოდესღაც დიდებული და ისტორიული მონასტერი კუტლუმუში იმყოფება, განვსაჯეთ და გადავწყვიტეთ, რომ წინამძღვრობისა და აღდგენა-შევსების პასუხისმგებლობა დაეკისროს მონაზონ იოსებს (მას შემდეგ, რაც დიაკვნად და მღვდლად იკურთხება), რომელიც თავის საძმოსთან ერთად ხსენებულ სავანეში დაემკვიდრა. ამას ვაცნობიერებთ ამ ეპისტოლეთი თქვენს ღირსებას და ვურჩევთ იზრუნოს იმაზე, რომ მალე მოხდეს ზემოხსენებული ბერის დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმა. ამის შემდეგ კი აუწყოს ეკლესიას, რათა მისი წინამძღვრობაში დამტკიცების შესაბამისი საპატრიარქო საბუთები გაიცეს. ხოლო ღმერთის მადლი და აურაცხელი წყალობა იყავნ თქვენ თანა. კონსტანტინეპოლელი, ღმერთის მიმართ მხურვალედ მლოცველი, დიმიტრი“.

ჩვენი მოძღვარი არა მარტო ათონის მთაზე, არამედ მთელ ეკლესიაში სარგებლობდა პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მას ათონელ წინამძღვართა შორის საპატიო ადგილი შესთავაზეს, არჩია ქრისტეს მცნებების მდაბალ მუშაკად დარჩენილიყო. მეტიც, მონასტერში ყველაზე მეტს ის მუშაობდა. კარგად იცოდა კინობიალური მონაზვნობაცა და მდუმარებაც. არასდროს ფიქრობდა საკუთარ თავზე, არამედ სხვებზე. სურდა ათონური მონასტრები აყვავებული ენახა, რათა წმინდა მამების

სულიერი ტრადიცია მრავალთათვის გამხდარიყო ხელშესახები, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი ცხონებულიყო. მონასტერში მოსვლის შემდეგ დარწმუნდა, რომ მდგომარეობა უმძიმესი იყო: არაფერი ფუნქციონირებდა, სამზარეულო და სატრაპეზოც კი. ღმრთისმსახურება

ძლივძლივობით სრულდებოდა, არქონდარიკი კი სტუმართა მისაღებად სრულიად მოუმზადებელი იყო. ბაღი არ ჰქონდათ, არ არსებობდა ელემენტარული საველე კულტურაც კი. მაგრამ ამ უიმედო მდგომარეობამ ბერის შემართება ვერ მოტეხა.

ზოგიერთი იმასაც კი შეჰპირდა, რომ წმინდა კინოტზე ძველი ტრადიციის აღდგენის საკითხს დააყენებდა, რომელიც ღირსი ათანასე ათონელიდან მოყოლებული, მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდა: წინამძღვრობა უბრალო მონაზვნებსაც შეეძლოთ (ანუ აუცილებელი არ იყო მღვდელი ყოფილიყო). ათონური მონაზვნობის ხსენებულ მამამთავარს მღვდლობის მადლი არ ჰქონდა. წმინდა მამების გადმოცემით, სათნოებამოსილ და გამოცდილ მონაზონს შეუძლია გახდეს წინამძღვარი. ამასთან ერთად, ათონზე უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ მონასტრებში მრავალი ღირსეული უბრალო მონაზონი მოღვაწეობდა, ხოლო მღვდელმონაზონთაგან წინამძღვრობის უნარი არავის ჰქონია. და მხოლოდ იმის გამო, რომ არსებული წესდებით წინამძღვარი აუცილებლად მღვდელი უნდა იყოს, ხშირად ამ უკანასკნელის ადგილზე შეუფერებელ კანდიდატს ირჩევდნენ და შესაბამისად, მონასტერი სულიერადაც და მატერიალურადაც დეგრადაციას განიცდიდა. თანაც, ადრე ათონზე მღვდლად მონაზვნებს შედარებით იშვიათად აკურთხებდნენ და ამგვარად, იმის საფრთხეც იქმნებოდა, რომ დაქირავებული მღვდელმონაზვნები ან წინამძღვრები ჰყოლოდათ, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მონასტრის ყოფას. იქნებ მართლაც შეცდომაა, რომ დღეს უბრალო მონაზვნებს წინამძღვრობა არ შეუძლიათ.

ბერმა იოსებმა იცოდა ეს ჭეშმარიტება, მაგრამ გული მაინც არ დასწყვეტია, როდესაც შეიტყო, რომ წმინდა კინოტმა წინადადება არ მიიღო. პირიქით, მთელი გულითა და სულით მონასტრის გამოცოცხლებას შეუდგა. არ არის ადვილი იმ კაცის შინაგანი მდგომარეობა გავიგოთ, რომელსაც, შეეძლო მსოფლიო პატრიარქის შემოთავაზებით მღვდელიც ყოფილიყო და წინამძღვარიც, და ამის მაგივრად წინსაფარმოკრული ყველა საჭირო საქმეს თავისი ხელით აკეთებდა. მან შეძლო აემუშავებინა სატრაპეზო, სამზარეულო, ზეთის საცავი, ბაღი და, უპირველეს ყოვლისა, არქონდარიკი. საქმეშიც და ეკლესიაშიც ყოველთვის პირველი იყო. ამგვარად ის ჯერ კიდევ სულიერად გამოუცდელ ძმებს სწორ მაგალითს აძლევდა. ერთი შეხედვით კაცი მას სხვა მომსახურე ძმებისგან ვერ გა-მოარჩევდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოძღვარი, უპირატესი, უფროსი და პასუხისმგებელი. ერთ-ერთმა მისმა ნაცნობმა, რომელიც ბერის ასკეტურ ცხოვრებაში ჩახედული იყო, თქვა: „წარმოიდგინე, მ. იოსები ახალგაზრდა რომ იყო და ხელს დაიკაპიწებდა, მონასტერში რამდენ საქმეს გააკეთებდა“.

თუმცა ბერს წინამძღვრობის სურვილი არ ჰქონდა, რაღაც გამოსავალი მაინც უნდა მოეძებნა, ვინმე მღვდელმონაზონი უნდა შეერჩია საწინამძღვროდ. ჩათვალა, რომ მონასტრის იმჟამინდელი მღვდლები ამ საქმეს თავს ვერ გაართმევდნენ და ამიტომ დღევანდელ წინამძღვარს, არქიმანდრიტ ქრისტოდულეს მიმართა, რომელიც მაშინ ევბეას კუნძულზე მსახურებდა. ის დაეთანხმა. მალე ჩვენმა მოძღვარმა იგი დიდ სქემაში აღკვეცა და იღუმენობა ჩააბარა, ხოლო მანამდე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ყოფილი წინამძღვარი გრიგოლი გადადგა.

ორ წელიწადში ჩვენმა მოძღვარმა მონასტერი კინობიალურად გამართა: ღმრთისმსახურებაცა და მორჩილების საქმეებიც უკვე სწორად ფუნქციონირებდა. ნელ-ნელა მონაზვნური ცხოვრების სურვილით მისმა სულიერმა შვილებმაც დაიწყეს მოსვლა. წმინდა მამების გადმოცემის

თანახმად, მათ წინამძღვრის მორჩილებას ასწავლიდა. იმავდროულად, მ. ქრისტოდულეს მოწაფეებიც მოდიოდნენ და მონასტერი კარგი კინობიის სახეს იღებდა.


[1] წერილი ანდრეას ( ამჟამად ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს), ათონი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: კუტლუმუშის მონასტერი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •