პაისი ათონელი scaled

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

წმინდა პაისის სასწაული

იმხანად ბერმა იოსებმა პურის საცხობის შენება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით წერდა: “ახლა მონასტრის ერთ-ერთ კუთხეში თონეს ვაშენებ, რათა პურის საყიდლად სოფელში არ ვირბინოთ, განსაკუთრებით, ცუდ ამინდებში. სამწუხაროდ, ზამთრის გამო ჯერ ვერაფერი გავაკეთე. აქ არც უწვიმია; სულ ცოტა წამოწვიმა, რაც თესვისთვის საკმარისი არ არის”[1].

1978 წლის 6/19 დეკემბერს დიაკვანი ათანასე წმინდა პაისისთან მივიდა. იგი დამწუხრებული იყო იმის გამო, რომ მოძღვრისგან დიდი ხნის განმავლობაში წერილი არ მიეღო. მაშინ მინთის მონასტერში ტელეფონი არ ჰქონდათ. ერთმანეთის ამბავს წერილების მეშვეობით იგებდნენ. წმინდა ბერი გასაჭირს მიუხვდა და ჰკითხა: “რა გჭირს, რამ დაგაღონა?” მ. ათანასემ მიუგო: “უკვე მრავალი დღეა, რაც მამა იოსებისგან წერილი არ მიმიღია და ცოტათი ვღელავ. არ ვიცი როგორაა, რა ხდება”. იმ ღამეს მ. ათანასემ წმინდა პაისისთან გაათენა.

მეუფე თხრობას განაგრძობს: “ეს საუბარი ნაშუადღევს შედგა. ბერმა ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად მითხრა: “ეჰ, მაშინ წავიდეთ და მამა იოსები მოვინახულოთ”. ვეკითხები, როგორ მოვინახულებთ-მეთქი. “ბილეთები ვიყიდოთ. რომელი ავიაკომპანია გირჩევნია: “ოლიმპიური” თუ “კვიპროსული”?” – თითქოს მეხუმრებოდა. შემდეგ განაგრძო: “წავიდეთ. ბილეთები ვიყიდოთ და წავიდეთ.” მეც ავყევი, ვიყიდოთ და წავიდეთ-მეთქი. მეკითხება: “ფული გაქვს?” მეც გავიკვირვე: “რა ფულია საჭირო?” მომიგო, ერთი ხმელი პურიო და დაამატა: “წმინდა მაქსიმე კავსოკალივი მხოლოდ ხმელ პურს ჭამდა და სადაც უნდოდა, იქ მიდიოდა”.

საღამოს ვივახშმეთ. უფრო სწორად, მე ვჭამე, ის კი, უბრალოდ, მიყურებდა. შემდეგ რაღაც სულიერი საქმეებიც გავაკეთეთ. ჩემს თავს ვგულისხმობ, თორემ ბერი ყოველ ღამე მზის ჩასვლიდან გარიჟრაჟამდე ლოცულობდა. მზე რომ ამოვიდოდა, ერთ-ორ საათს წაიძინებდა. წირვა მზის ამოსვლამდე ჰქონდა ხოლმე, დაახლოებით ღამის სამ საათზე. როგორც კი წირვა მთავრდებოდა, ირიჟრაჟებდა. ასეთი ჩვეულება ჰქონდა ბერს: მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე. საოცრად აიძულებდა თავის თავს. მთელი დღე ხალხი ჰყავდა, ხოლო მთელი ღამე ლოცულობდა. თანაც მშიერიც იყო და ავადმყოფიც. ნახევარი ფილტვი ჰქონდა. საკუთარი ბუნების გამოუთქმელი იძულება! შეღავათს თავის თავს არანაირ შემთხვევაში არ გაუკეთებდა. არავითარ შემთხვევაში. ამიტომაც გახდა ის, ვინც გახდა.

ერთი სიტყვით, მე დავიძინე და დილით გავიღვიძე. ბერი შემოვიდა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა. ” როგორ ხარ, დიაკო?” მაშინ დიაკვანი ვიყავი. თუ მეხსიერება არ მღალატობს, წინა დღით გრიგორიუში ვიყავი წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე და იქიდან გადავედი ბერთან. მეუბნება: “მოკითხვა ბერ იოსებისაგან”. “კი მაგრამ, ბერი სად ნახეთ?” – შევეკითხე. “როგორ თუ სად? თვითმფრინავზე დავჯექი და წავედი. შენ წამოსვლა არ იკადრე. ბილეთი არ იყიდე. არ გინდოდა წამოსვლა. მე შემოგთავაზე, წამოდი-მეთქი და შენ იუარე” – მომიგო მან და ამის შემდეგ დეტალურად აღმიწერა მოძღვრის სენაკი: სად იდგა საწოლი, როგორი იყო სენაკი, სად ედო პატარა დანა, როგორი წესრიგი სუფევდა და ა.შ. – ყველაფერი.

“მონასტერიც ძალიან ლამაზია, დიაკო”, – დაამატა, – “მშვენიერი, მყუდრო. რაღაცას აშენებს. რას აშენებს? ბერი იოსები რას აშენებს?” მაშინ პურის საცხობს აშენებდა. ქრისტეშობის შემდეგ კვიპროსზე ჩავედი და მოძღვარს ყველაფერი მოვუყევი. როდესაც თარიღი ვუთხარი, მითხრა, რას მეუბნები? იმ დღეებში ამ ადამიანის ლოცვას განსაკუთრებულად ვგრძნობდიო”[2].

ბერი იოსები იყო “სავსე მადლითა და სულითა წმინდითა”. მაშინ, მინთში ყოფნისას, ბერმა გაანდო მეუფეს: “რა გითხრა, შვილო? ახლა უკვე დიდი ხანია იმავე მადლს ვგრძნობ, რასაც ჩემს ბერთან ერთად ცხოვრების დროს ვგრძნობდი. დიდ მადლს ვგრძნობ, დიდ მადლს”. ხშირად იმეორებდა, რომ იქაურობა ძალიან ხელს უწყობდა მდუმარებასა და ლოცვას. ჩემი ძველი თავი ვიპოვეო, ამბობდა. მონასტერში ტელეფონი არ ჰქონდათ. იქამდე მისასვლელი გზა ცუდი იყო. დასაწყისში სტუმრებიც ფაქტობრივად არ ჰყავდათ. არც მანქანა ჰყავდათ. ნამდვილი მეუდაბნოეები იყვნენ. მეუფე ათანასე ამბობდა: “ჯვართამაღლების (14 სექტემბერი) შემდეგ ადამიანი პირველად შობას (25 დეკემბერი) ვნახეთ. პირველი წელი ასე იყო. ჯვართამაღლება ვიდღესასწაულეთ, ხალხი წავიდა და შემდეგი სტუმრობა უკვე შობას იყო”[3].

წმინდა ანთიმოზ ქიოსელი[4]

1978 წლის ქრისტეშობის შემდეგ კვირას ბერი იოსები წერდა: “ოთხშაბათს ლარნაკადან ნაცნობები გვეწვივნენ. შემდეგ კი მე გავაცილე ისინი ქალაქამდე. იმავე საღამოს წმინდა ლაზარეს დარბაზში ვილაპარაკე, რადგან ბევრი ხალხი შეიკრიბა და ბატონი ქრისტაკის სახლში ვეღარ ვეტეოდით. მეორე დღეს წმინდა კენდეას[5] მონასტერში წამიყვანეს. იქ ორი მინაზონი გავიცანი, ძალიან კარგი დედები, რომლებიც ბერ ანთიმოზ ქიოსელს იცნობდნენ”. ეს ორი მონაზონი, ხორციელი დები, წარმოშობით კვიპროსელები იყვნენ. იმხანად ხსენებულ მონასტერში მოღვაწეობდნენ, მაგრამ მონაზვნებად ქიოსის კუნძულზე, წმინდა ანთიმოზის ხელით აღიკვეცნენ. ერთ-ერთი მათგანი, ნიმფოდორა, უკვე დიდი ხანია გარდაცვლილია, ხოლო მეორე, ქრისტეფორა, საკმაოდ ხანდაზმულია.

წმინდა ანთიმოზი (1869-1960) მართლმადიდებული ეკლესიის მიერ რამდენიმე წლის წინ შეირაცხა წმინდანად. იგი ახალგაზრდობაში გახდა მონაზონი, შემდეგ კი მღვდელი. კუნძულ ქიოსზე დააარსა “შემწე ღმრთისმშობლის”[6] მონასტერი, რომელიც იმხანად სანიმუშო დედათა კინობიად იქცა. სულიერ მოღვაწეობასა და სათნოებების მოხვეჭაში ბერი ზედმიწევნით მისდევდა წმინდა მამების კვალს. მოგვიანებით კი საღმრთო მადლმა იგი ნამდვილ ღმერთშემოსილ მოძღვრად გამოაჩინა. ბერი ზებუნებრივი საღმრთო ნიჭებით იყო შემკული. ხსენებულმა  დებმა თავის დროზე წმინდა ანთიმოზს უთხრეს, რომ, რადგან კვიპროსელები იყვნენ, ერჩივნათ კვიპროსზე ეღვაწათ. მოძღვარმა მისცა ლოცვა-კურთხევა. ხოლო როდესაც ჰკითხეს, იქ რა გავაკეთოთ, ვინ დაგვეხმარებაო, ბერმა მიუგო: “ღელუასა შინაგან მქონებელი გულისსიტყუათა იჭუნეულთასა, მართალი იოსებ…”[7]. წმინდანმა სამჯერ გაიმეორა ეს სტრიქონი, მაგრამ სამივეჯერ ცნობილი ტექსტი შუაში გაწყვიტა.

როდესაც ბერი იოსები კვიპროსზე ჩავიდა და მინთის მონასტერში დასახლდა, ამ ორმა დამ სთხოვა მათი მოძღვარი გამხდარიყო. მათ უთხრეს: “მამაო, მრავალი წელია ამ წუთს ველოდით. ჩვენმა მოძღვარმა ანთიმოზმა გვითხრა, რომ კვიპროსზე ჩვენზე ვიღაც ათონელი ბერი იზრუნებდა, რომელიც კვიპროსზე ჩამოვიდოდა, თანაც, თავადაც კვიპროსელი იქნებოდა. როდესაც ეს გვითხრა, დაუჯდომლის [ხსენებული] სტრიქონი სამჯერ გაგვიმეორა”. როდესაც ჩვენმა მოძღვარმა ეს გაიგო, დათანხმდა.


[1] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1978 წლის 6 დეკემბერი.

[2] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24 ივლისი.

[3] იქვე.

[4] (1869-1960) სიცოცხლეშივე პატივს მიაგებდნენ როგორც უმწიკვლო ცხოვრების მონაზონსა და სასწაულმოქმედს. ქიოსის კეთროვანთა საავადმყოფოს ემსახურა მრავალი წელი, როგორც მღვდელი და როგორც აღმაშენებელი.

[5] ცნობილი კვიპროსელი წმინდანი. ერთ-ერთი სამას “ალამანელ” წმინდანთაგანი. “ალამანი” სავარაუდოდ “შავ მთას” უნდა ნიშნავდეს სირიაში.

[6] ბერძ.

[7] ღმრთისმშობლის დაუჯდომლის მეოთხე კონდაკი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©