shimonah iosif vatopedskiy

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

საოცარი სიმდაბლე

ბერი ხშირად წინასწარხედვის ნიჭს ამჟღავნებდა ხოლმე. ამას ყველაზე მეტად ისინი ამჩნევდნენ, ვინც მის გვერდით ცხოვრობდა. ზოგიერთები კი კითხულობდნენ: „ვინ არის ბერი იოსები? რას წარმოადგენს? მისი ცხოვრების შესახებ რამე განსაკუთრებული არ გვსმენია“. მაგრამ ის, რაც ადამიანებმა არ იცოდნენ, იცოდნენ ბერის ცხოვრებისა და სწავლების მიმდევრებმა. იგი იყო ჩვენი მოძღვარი და უფროსი: სულიერადაც, ხორციელი და მონაზვნური ასაკითაც. იგი იყო საძმოს ნუგეში და სწორად მასზე ვიყავით დამოკიდებულნი. ბერი მონასტერში მონაზვნების ზომიერი და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკულ საკითხებს განაგებდა.

მიტროპოლიტი ათანასე გვიამბობს ერთ ამბავს, რომელიც მოწმობს, თუ რამდენად სათნო იყო ღმერთისთვის ბერის სიმდაბლე, სიკეთე, სიყვარული და სულიერი მოღვაწეობა. ამ მონათხრობში ისიც ჩანს, თუ რა დიდი ყურადღებაა საჭირო რათა, თავიდან იქნას აცილებული უთანხმოებები იქ, სადაც მრავალი ადამიანი ცხოვრობს ერთად.

„ბერმა მონასტერში რაღაც პრაქტიკული ხასიათის ინიციატივა გამოიჩინა და ამით, როგორც ჩანს, უნებლიეთ ერთ-ერთი ძმის კომპეტენციაში შეიჭრა. ბერ იოსების ნებისმიერი მოქმედება, როგორც საძმოს დამფუძნებელისა და აღმზრდელისა, ყოველთვის და ყველასთვის მისაღები იყო. ეს კონკრეტული ქმედება კი ხსენებულ ძმას არასწორად განუმარტეს (ან მიაწოდეს). მას, როგორც ახალგაზრდას, უფროსისადმი პატივისცემა შეეფერებოდა, მან კი ბერზე ჩივილი დაიწყო.

იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ეს ძმა ბერს პატივს სცემდა, მაგრამ შეცდომაში უნებლიეთ შეიყვანეს და ის ბერზე უკმაყოფილებას ეზოში ხმამაღლა გამოხატავდა: „ვინ ჰგონია თავი, რომ ასეთი რამეების კეთება დაიწყო? მაგის მეტი არავინაა აქ?“ ძმებმა მოძღვარს უთხრეს, რომ ასეთი რამ ითქვა მის შესახებ. მან მშვიდად მიუგო: „რას ამბობ? ასეთი რამე თქვა? მაგას ვასწავლი ჭკუას. ვეღარ გაბედავს ასეთი რამის თქმას. ნახეთ რა დღეს დავაყრი“.

შაბათი საღამო იყო. მწუხრზე საკურთხეველში შევედი, რათა მსახურებაში მონაწილეობა მიმეღო. მაშინ ბერიც შემოვიდა სამკვეთლოს მხრიდან. იმ ძმას მოუხმო. შეიძლება მეშლება, და ეს ძმა, როგორც იმ კვირის მორიგე მღვდელი, უკვე საკურთხეველში იყო. ის კი მახსოვს, რომ სამკვეთლოში დაიბარა. მე მოშორებით ვიდექი და თვალს ვადევნებდი, რადგან ვფიქრობდი, ახლა ან ყვირილი ატყდება ან ჩხუბი-მეთქი. და აი, რა მოხდა. მიუახლოვდა თუ არა უმცროსი ძმა ბერს, მოძღვარი ფეხებში ჩაუვარდა. მცირე მეტანია კი არ გაუკეთებია, არამედ მის წინაშე მუხლებზე დაეცა, უნდოდა ფეხებზე ეკოცნა, მაგრამ ძმამ უფლება არ მისცა. ბერი ამბობდა: „მაპატიე, რომ გაწყენინე, რომ გული გატკინე. მაპატიე“. იმ ძმას გული მოულბა და წინა დღით ნათქვამი შეინანა.

კუტლუმუშის მონასტერში ყოფნის  უკანასკნელი თვეები

1983 წლის ხარების წინა დღეებში იტალიიდან ერთი რომეოკათოლიკე მონაზონი, სახელად ლავრენტი, ჩამოვიდა და თავის ერთ ერისკაც მეგობართან ერთად მონასტერს ეწვია. სურდა ჩვენს მოძღვართან სულიერ საკითხებზე საუბარი. ბერმა, რა თქმა უნდა, უარი არ უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური დოგმატებისა და წმინდა მამების სწავლების მცოდნეც იყო და დამცველიც, ის ყოველთვის არიდებდა თავს უკიდურესობებს – ფანატიზმი მისთვის უცხო იყო. ბერმა დაინახა, რომ ლავრენტის გულწრფელი ინტერესი ჰქონდა და ამიტომ დიდხანს ესაუბრა. უთხრა, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს იმ საქმეში, რომ მათი „ეკლესია“ პირველწყაროსკენ – წმინდა მამების, საღმრთო მადლისა და სულიწმიდისეული გამოცდილებისკენ მობრუნდეს. სტუმრები მონასტერში რამდენიმე დღე გაჩერდნენ. ერთ-ერთი საუბრის დროს, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ბერმა ურჩია წმინდა მამების ნაშრომები თავიანთ ენაზე ეთარგმნათ და ღრმად შეესწავლათ. მაგრამ დასძინა, რომ მართალია, წმინდა მამების, განსაკუთრებით კი გრიგოლ პალამას (რომელზეც ბევრი ისაუბრეს), ნაშრომების შესწავლა მათ რაღაც ცოდნას მისცემდა, მაგრამ საღმრთო მადლის გამოცდილება, რომლის შესახებაც ღმრთისმეტყველებს წმინდა გრიგოლი, ვერ ექნებოდათ მანამ, სანამ არ გახდებოდნენ „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრები, ანუ მართლმადიდებლები.

1983 წლის აღდგომას მონასტერში ლავრენტის მონასტრის წინამძღვარი ორფეასი ჩამოვიდა. ბერი იოსები მასაც იმ დიდი მისიის შესახებ დაელაპარაკა, რაც მათი „ეკლესიის“ უწინდელ, დიდ სქიზმამდელ[1] მდგომარეობაში მობრუნებას ეხებოდა. წინამძღვარმა ორფეასმა ბერს ჰკითხა, თუ რა არის ქრისტიანული და მონაზვნური ცხოვრების საფუძველი და აგრეთვე, როგორ უნდა შეიძინოს ადამიანმა საღმრთო მადლი. მოძღვარმა მიუგო: „უძველესი დროის მამები უმკაცრესი ასკეზით, ღამისთევებით, მარხვებითა და ა.შ. ცხოვრობდნენ. შუა საუკუნეებიდან კი ადამიანის გამძლეობა მოუძლურდა და ამგვარმა ღვაწლმა მოიკლო. მაგალითად, ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი უკვე აღარ იყო ისეთი მკაცრი მოღვაწე, მაგრამ უმაღლეს სულიერ მდგომარეობას მიაღწია სიმდაბლისა და სულიერი მოძღვრისადმი სრული მორჩილების წყალობით. დღეს ჩვენ კიდევ უფრო სუსტები ვართ, მაგრამ შეგვიძლია სიწმინდის იმავე საზომს მივაღწიოთ სიმდაბლისა და საკუთარი ნების მოკვეთის მეშვეობით“.[2]

როდესაც ბერის სიტყვებით ფრთაშესხმული ლავრენტი სამშობლოში დაბრუნდა, იტალიურად თარგმნა ბერ იოსებ ისიქასტის წერილები და სხვა წმინდა მამების ნაშრომები ბერის სიტყვების გავლენით ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, რომ მოგვიანებით, 1985 წელს ნეა სკიტში გვესტუმრა და ჩვენთან საკმაო ხანს დარჩა. ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა ქრისტესმიერი შინაგანი ცხოვრებისა და მდუმარებისადმი. ჩვენი მოძღვრის სიტყვები მისთვის უჩვეულო და ამასთანავე, მიმზიდველი იყო, არასდროს გაეგო მსგავსი რამ. მას, როგორც არამართლმადიდებელს, რა თქმა უნდა, მდუმარებისა და გონებისმიერი სიფხიზლის არც ცოდნა ჰქონდა და არც გამოცდილება. მახსოვს, ერთ-ერთი საუბრის დროს, რომელსაც მეც შევესწარი, ბერი უხსნიდა, რომ არამართლმადიდებელთა მონაზვნობა ეყრდნობა მხოლოდ გარეგნულ საქმიანობას და არა შინაგან მოღვაწეობას, „გულის სიღრმის”[3] მოძიებას, გონებისა და გულის შეერთებას. ამიტომაც, თუ სურთ სულიერ მდგომარეობას მიაღწიონ, მართლმადიდებლური ნათლობა უნდა მიიღონ, რაც სწორი დოგმატებისა და სწორი ცხოვრების საფუძველია.

კათოლიკებთან და სხვა არამართლმადიდებლებთან ურთიერთობის დროს ბერი საკმაოდ მაღალჩინოსან პირებსაც ხვდებოდა და მათთან ის ძალიან გულწრფელი და თავისუფალი იყო. არავისთან დიალოგისა არ ეშინოდა. მეტიც, თავისი ზრდილობით, სიფაქიზითა და ლოცვითი განწყობით თანამოსაუბრის გულს მალე იგებდა. ერთი მხრივ, ბერი ძალიან მკაცრი იყო ყველაფერში, რაც მართლმადიდებლურ დოგმატებს ეხებოდა, მეორე მხრივ კი, ძალიან სტკიოდა გული გზააცდენილ არამართლმადიდებლებზე და ლოცულობდა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, რათა მოსულიყვნენ „მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა“ [4]

გავიდა დრო და ზოგიერთმა სულიერად უძლურმა მონაზონმა საძმოში ღვარძლის თესვა დაიწყო. ხოლო ბერმა, რადგანაც ყოველთვის მშვიდობასა და მყუდროებას ესწრაფოდა, გადაწყვიტა, მონასტრიდან მარტო თვითონ წასულიყო. ის ყოველთვის და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ამიტომ ახლაც ჩათვალა, რომ ყველაფერი სწორედ მისი ბრალი იყო. მაგრამ ჩვენ, კვიპროსიდან მასთან ერთად წამოსულებსაც და მოგვიანებით მოსულ მორჩილებსაც, ჩვენს ბერთან ყოფნა გვსურდა.

ასეთი გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ გული აწუხებდა და რადგან სიკვდილი არასდროს ავიწყდებოდა, ეშინოდა, მისი უეცარი გარდაცვალების შემთხვევაში მოწაფეები უპატრონოდ არ დარჩენილიყვნენ. მამა იოსები თავის ცხოვრებას ყოველთვის დიდი ბერის ცხოვრებას უკავშირებდა. რაც შეეხება მღვდლობას, რადგან დიდმა ბერმა ხელდასხმაზე არ აკურთხა, მსოფლიო პატრიარქმაც კი ვერ დაიყოლია. ამბობდა: „რადგან მოძღვარმა თავისი სახელი მომცა, არ უნდა გავაკეთო ის, რაც მას არ გაუკეთებია. იმ ასაკში უნდა მოვკვდე, რომელშიც ის გარდაიცვალა. ბერმა არა მარტო თავისი სახელი, არამედ თავისი განსაცდელებიც გადმომილოცა“. მართლაც, არცერთ მის სულიერ ძმას არ ხვდა წილად იმდენი შეურაცხყოფა და ცილისწამება, რამდენიც ჩვენს მოძღვარს. სხვებს, პირიქით, ხალხი დამსახურებული პატივისცემით ეპყრობოდა.

რასაკვირველია, ჩვენ ბერს მარტოს არ გავუშვებდით. სულიერად მასზე დამოკიდებულ ძმებს გვსურდა მას გავყოლოდით, სადაც არ უნდა წასულიყო. მაშინ მ. ათანასემ ახალი სამყოფელის მოძიების რთული საქმე იტვირთა. ჩვენი მოძღვრისთვის ის პერიოდი ძალიან დამღლელი იყო: გულით ავადმყოფს, ხშირად უწევდა ფეხით სიარული, ზაფხულის სიცხისა და ზამთრის სიცივის დათმენა, მღელვარე ზღვაში მგზავრობა. იმხანად იდიორითმული მონასტრების მხარდაჭერას ჩვენნაირი კინობიალური საძმო ძნელად მოიპოვებდა. ამას თან ისიც ერთვოდა, რომ ცილს სწამებდნენ, თითქოს ახალგაზრდებს მოტყუებით იზიდავდა თავის საძმოში. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუე იყო, რადგან ჩვენ თვითონ ვთხოვდით მას, რომ თავისთან დავეტოვებინეთ.

ბევრი შეურაცხმყოფელი „რჩევაც” მოისმინა. ზოგიერთი იდიორითმული მონასტრის უხუცესებისგან. ეს, ალბათ, იმიტომ ხდებოდა, რომ ადამიანები ბერის საძმოს ცხოვრების მხოლოდ გარეგნულ მხარეს ხედავდნენ, ანუ იმას, რომ მრავალი საცხოვრებელი გამოიცვალა. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ღმერთის გეგმები სხვაგვარი იყო.

კვიპროსზე და კუტლუმუშის მონასტერში მცირეხნიანი მოღვაწეობის დროს ის საძმო ჩამოყალიბდა, რომელსაც მომავალში ვატოპედის მონასტერი უნდა აღედგინა. ჩვენი მოძღვარი, როცა ღმრთის ნების გაგება სურდა, ყოველთვის მოღვაწე მამებს ეკითხებოდა. მოგვიანებით ის ამბობდა: „კვიპროსიდან ათანასე და ეფრემი გამომყვნენ სხვა მამებთან ერთად, სხვებმა კი კუტლუმუშში გამიცნეს. ამგვარად შეივსო საძმო, რომელიც საბოლოოდ ღმერთის ნებით ვატოპედში უნდა მოსულიყო“.

ნეა სკიტში, როგორც უკვე ითქვა, 1975 წელს ხარების კალივა საღმრთო გამოცხადებით ბერ ელპიდეს გადაეცა. როდესაც ბერმა ელპიდემ შეიტყო, რომ ბერი იოსები საცხოვრებელ ადგილს ეძებდა, 1983 წლის აგვისტოს დასაწყისში ნეა სკიტში მიიწვია. ღმერთის განგებამ 1975 წლიდან ბერი იოსების დაბრუნებამდე ბერი ელპიდე ხარების კალივის მცველად დაადგინა. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ როგორ ზრუნავდა ღმერთი ბერზე, რომელიც თავგანწირვით, უანგაროდ, სიმდაბლითა და სიყვარულით ცდილობდა მისი ნება აღესრულებინა. საკვირველია, თუ რა დიდი შრომის, ლოცვისა და ჭირის ფასად ხდება ცნობილი ღმერთის ნება, თვით უფლის ერთგული შვილებისთვისაც კი.

წმინდა პავლეს მონასტერში, რომელსაც ნეა სკიტი ეკუთვნის, უხუცესთა საბჭოს მამებმა არაოფიციალური თათბირი მოაწყვეს, რომელზეც გადაწყვიტეს, ჩვენი საძმოს წევრები სკიტის მონაქოლოგიონში ჩაეწერათ. ეს მოხდა 1983 წლის 14/27 აგვისტოს, მიძინების წინადღეს. ამგვარად, ბერი და ჩვენ, თხუთმეტი ახალგაზრდა, ნეა სკიტში გადავედით და მმართველი მონასტრის ლოცვა-კურთხევით, რომელმაც ჩვენდამი თავისი მხარდაჭერა და სიყვარული მრავალმხრივ გამოამჟღავნა, სკიტის მიღმა მდებარე ხარების კალივა ჩავიბარეთ.

[1] 1054 წელს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილება, რომლის შედეგადაც რომის პაპი და მისი მიმდევრები მართლმადიდებელ ეკლესიას მოსწყდნენ.

[2] მონაზონმა ლავრენტიმ თავისი ათონური ჩანაწერები მოგვიანებით წიგნად გამოაქვეყნა.

[3] ფს. 63,7.

[4] 1 ტიმ. 2,4.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share