joseph

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

ბერის ზეპირი სიტყვა

მოძღვრის სიტყვა ყოველთვის მდიდარი იყო. როდესაც მსმენელები მონდომებითა და სულიერი მზადყოფნით უსმენდნენ, მისი სიტყვა ნიაღვარივით მოედინებოდა. თუმცა, იშვიათად ისიც ხდებოდა, რომ ორი სიტყვის თქმაც კი უჭირდა. ეს მაშინ, როდესაც მას საღმრთო მადლის მიერ ეუწყებოდა ხოლმე, რომ მსმენელთა შორის იყო ვინმე ისეთი, ვისაც სულიერი სმენა დახშული ჰქონდა, ან მოწინააღმდეგე და უღმერთო იყო. ასეთ შემთხვევებში დუმილს ამ ჯობინებდა. ყოველთვის უბრალო, პირდაპირი და ბუნებრივი იყო. დიპლომატიის ნასახიც არ გააჩნდა.

ზოგჯერ კი პირიქითაც ხდებოდა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი იყო და არ შეეძლო ვინმესთვის დრო დაეთმო, ამ უკანასკნელის დიდი სურვილისა და სულიერი მზადყოფნის წყალობით ძალაც ეძლეოდა და სიტყვაც. მას ასეთი რამ უთქვამს: „რა გითხრა?! გული გამეხსნა და სიტყვა წყაროსავით წამოედინა. რა იყო, მე თვითონ არ ვიცი. როგორც ჩანს, ამ ბიჭისგან რაღაც გამოვა, რაღაც ხეირი იქნება“. ზოგჯერ კი, როდესაც, ერთი შეხედვით, სულიერად მომზადებული ადამიანები მოდიოდნენ, მღვდლები, ღმრთისმეტყველები თუ მონაზვნები, უთქვამს: „აბა, რა გითხრა, ჩემო მამაო? როგორც ღმერთი გაგინათლებს გონებას, ისე მოიქეცი. შენს მოძღვარს ჰკითხე. მე არ ვიცი“. ორ წუთზე მეტს სიტყვას ვერ აგრძელებდა. ვეკითხებოდით: „მამაო, არაფერს ურჩევთ? ადამიანს უჭირს. არ დაელაპარაკებით?“ გვპასუხობდა: „პირი დამეხშო. არ ვიცი რა გითხრათ. პირი დამეხშო და სიტყვა არ მაქვს. ვერაფერს ვეტყვი“.

საღმრთო მადლი განაგებს იმას, თუ როდის, რას და როგორ, ან საერთოდ თუ ილაპარაკებს სულიერი ადამიანი. ამგვარი დამმოძღვრელი სიტყვა ღმერთის მადლისგან მომდინარეობს. მაგრამ იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რა განწყობა აქვს მსმენელს, შემკითხველს. როდესაც ადამიანი მოძღვარს გულწრფელად გადაუშლის გულს, მაშინ ის ანალოგიურ პასუხს მიიღებს. ბერი ამბობდა: „თუ გულის სასმენელს გახსნი, გაიგონებ, რადგან ამ დროს ღმერთი სიტყვას იძლევა, ხოლო თუ გულის ყურებს დახშავ, მაშინ არც ღმერთი იძლევა სიტყვას და სარგებელსაც ვერ მიიღებ“.

ყველაზე მდიდარი პერიოდი, როდესაც ბერის ზეპირი სიტყვა შეუწყვეტლივ მოედინებოდა და საძმოს სულებს რწყავდა, იყო ნეა სკიტში. მაშინ შეგვეძლო მისი სიტყვა მოგვესმინა ტრაპეზზე, სერობის შემდეგ, უბრალო დასვენების დროს, ან როდესაც მორჩილების საქმეებს ადევნებდა თვალს. ხელიდან შესაძლებლობას არ ვუშვებდით, რომ რამე არ გვეკითხა. მაგრამ მისი მამობრივი სიყვარული და მზრუნველობა უმაღლეს ხარისხში მჟღავნდებოდა პირისპირ შეხვედრის დროს; როდესაც მასთან გულისსიტყვების შესახებ საკითხავად მივდიოდით ხოლმე. ახლა რამდენიმე მის ნათქვამს მოვიყვანთ, რომლებიც ჩვენმა მამებმა ჩანაწერების სახით შემოინახეს.

1986 წლის 1/14 აგვისტოს, ბერს ჰკითხეს, თუ როგორ შეეძლოთ წმინდა მამებს, ამდენი მოღვაწეობისა და საღმრთო გამოცხადებების მიუხედავად, ასეთი თავმდაბლობა შეენარჩუნებინათ. მოძღვარმა მიუგო: „მამებმა იცოდნენ, რომ ზებუნებრივი მოღვაწეობაცა და გამოცხადებებიც მათი არ იყო. მაგალითად, ახლა მე რომ წამიყვანოს ვინმე მეფემ და თავისი სამფლობელო მანახოს: სამეფო პალატა, იპოდრომი და სხვა უამრავი ლამაზი რამ. მითხარით, მე ამით თავი უნდა ავიმაღლო? ხომ ვიცი, რომ ჩემი არაა. ან სხვა მაგალითი მოვიყვანოთ: ზის ბანკის თანამშრომელი და ყოველდღე მილიონებს ითვლის. შეუძლია იტრაბახოს ამის გამო? კიდეც რომ მოიწონოს თავი, მისი ხელფასი ამით არ გაიზრდება“. ერთხელ ბერმა პირად საუბარში ასეთი რამ გაანდო ერთ ძმას: „მოწმედ ღმერთი მყავს, რომელიც ტყუილის მთქმელებს წარწყმედს: არასდროს მიფიქრია, რომ აქ პირველი ვარ, ან რომ აქ ვინმე ჩემზე უმცირესი არსებობს, ეს აზრადაც არ მომსვლია“. ერთი მხრივ, იცოდა, რომ სინანული კაცისთვის სიკვდილამდეა აუცილებელი, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენი წინსვლა სწყუროდა. ამიტომ ამბობდა: „მუდმივად რომ ვექვემდება რებოდეთ სინანულს – ეს ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის. კი, სინანულის აუცილებლობას არასდროს უარვყოფთ, მაგრამ მთელი ჩვენი მცდელობა იმისკენაა მიმართული, რომ სულიერად წინ წავიწიოთ. სადაც ადრე შეცდომები, უყურადღებობა, ვნებები, მარცხი გვქონდა, ახლა სათნოებებმა უნდა დაიმკვიდრონ, შემდეგ კი, ღმერთის მადლით, სადაც სათნოებები იქნება, იქ საღმრთო ნიჭებიც მოვა. მას მერე კი, თვალნათლივ გამოჩნდება ის, რაც ღმერთმა აღგვითქვა: რომ ღმერთის მემკვიდრეები და ქრისტეს თანამემკვიდ რეები გავხდებით, რომელმაც ასე შეგვიყვარა,  ამაშია მთელი აზრი… ღმერთთან შეერთებამდე, ადამიანის სიყვარული მოყვასისადმი ნაკლულევანია, არაა სრულყოფილი. ხშირად ის ანგარებითაც მოქმედებს. ხოლო როდესაც კაცი „ღმერთკაცი“ გახდება, ანუ ისეთი იქნება, როგორიც ღმერთია, მაშინ სიყვარული უანგაროდ მოედინება და შეუძლია სრულყოფილად აღასრულოს წმინდა იოანე მოციქულის სიტყვები: „თანა-გუაც ძმათათს სულთა ჩვენთა დადება“. ეს გამოცადეს ჩვენმა მამებმა. ჯერ მდუმარებითა და მოღვაწეობით განიწმინდეს თავი, ანუ ჯერ ერთ პოლუსს მიაღწიეს – ღმერთი შეიყვარეს, და შემდეგ, როგორც სიყვარულის შედეგი, მოყვასიც ისე შეიყვარეს, როგორც საკუთარი თავი. ჯერ თავი განიწმინდეს და მერე ისევ ჩვენ მოგვიბრუნდნენ, რათა ჩვენც ღვაწლში განვემტკიცებინეთ“.

ერთხელ, წმინდა საბა განწმედილის ცხოვრებაზე საუბრისას, ბერმა დაგვარიგა ძმათმოყვარების, ერთმანეთის გატანისა და თავშეკავების შესახებ, რაც ასე აუცილებელია ვაჟკაცური და სტაბილური პიროვნების ჩამოყალიბების თვის: „პურის მცხობელმა ძმამ ტანსაცმელი გასაშრობად ღუმელში დადო და დაავიწყდა. როდესაც ღუმელი აანთეს, სამოსს ცეცხლი მოეკიდა. წმინდა საბამ საქმით აღასრულა: ცეცხლში შევიდა და ტანსაცმელი უვნებელი გამოიტანა. ასე დაამარცხა გარეგანი ალი სიყვარულის შინაგანმა ცეცხლმა. ხედავთ, როგორი ძმათმოყვარება და სიყვარული ჰქონდათ მამებს? მას არ უთქვამს, ასეც მოუხდება, ჭკუა უნდა ეხმარაო, როგორც ჩვენ ვიტყოდით. სხვა დროს კი, როდესაც ვაშლი მის წინ დაეცა და შეჭმა დაუპირა, ანუ ის-ის იყო გაემზადა, გულისთქმა აესრულებინა, გონს მოვიდა, ვაშლი დააგდო და ფეხებით დატკეპნა, ხოლო ვაშლთან ერთად უაზრო სურვილიც გააცამტვერა.

ნამდვილად არსებობენ ასეთი დიდი გულები. გამაოგნა წმინდა ფავსტას წამებამ! თორმეტი წლის გოგონას მტარვალები ნაწილ-ნაწილ ჭრიდნენ, ის კი გასაოცარ სიმტკიცეს იჩენდა, განუწყვეტლივ ქრისტეს აღიარებდა და მტანჯველების გაქრისტიანებაც უნდოდა. რა სიყვარული ჰქონდა! საბოლოოდ აისრულა წადილი. რა გული ჰქონდა ამ ადამიანს! წმინდა გიორგიც ასე არ იყო? იმიტომაა რომ მისი სახელი ყველგან გაითქვა. ვის შეუძლია ახლა რამე მოიმიზეზოს და თქვას, რომ ვნებებს ვერ ამარცხებს?! თანაც, მშვიდობიანობის დროს ხომ ადვილია მოყვასი გიყვარდეს: თავს ცოტას ძალას დაატან და ეგ არის. ხოლო როგორია, დიდხანს გაწამონ, გტანჯონ და შენ არც გაბრაზდე, არც შე უხდე, არამედ გიყვარდეს ისინი, ვინც ნაწილებად გჭრის?!

იმ საიდუმლოს გასაღები, რომ ღმერთი ჩვენთანაა, არის განსაცდელი. სატანა ყველაფერს იღონებს, რათა ადამიანებს შორის სიყვარული გააქარწყლოს: არარსებულ მოვლენებს, საქმეებსა და ეჭვებს წარმოქმნის. არადა, ქრისტიანი, განსაკუთრებით კი მონაზონი, ყოვლისმომცველი მცნებების აღსრულებით აღწევს სრულყოფილებას. მცნებათაგან უმთავრესი კი – სიყვარულია. „ვერვის კელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან მოიყვანოს იგი ჩემდა“ – აი, მამა ღმერთის მოქმედება. „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ – ეს კი ძე ღმერთის მოქმედებაა. მოციქული ამბობს: „არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა” – ესეც სულიწმიდის მოქმედება. ვხედავთ, რომ მთელი წმინდა სამება მოქმედებს იმისთვის, რომ ადამიანი ქრისტიანი გახდეს. მონაზვნობაზე რაღა ვთქვათ, რამდენად მეტად ეხება ეს სიტყვები მონაზვნებს! ამიტომაც, ამ „გლოვის ღელეში“ მხოლოდ ის დაგვრჩენია, განსაცდე ლებს ველოდოთ“[1].

1985 წლის 9/22 იანვარს ბერმა ამავე თემაზე განაგრძო საუბარი: „როცა გამოგვიჩნდება სხვადასხვა და მრავალგვარი განსაცდელი, გვმართებს მათი შემდეგნაირი განხილვა: განსაცდელიდან მომდინარე ბრძოლა გამოწვეულია ჩვენი ზოგადადამიანური ბუნებით, ჩვენი პირადი ფიზიოლოგიური მდგომარეობით (რაშიც იგულისხმება ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩვენი სხეულის აგებულების თავისებურებები), თუ ჩვენი სულიერი უყურადღებობით“. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სულიერად წარმატებული მოღვაწეები უფრო მკაცრი განსაცდელებით გამოიცდებიან.

არასდროს არ უნდა გაგვიჩნდეს წინააღმდეგობა, თუ რატომ შეგვემთხვა განსაცდელი. ამას მხოლოდ უგნურები აკეთებენ: ითხოვენ ისეთ რამეს, რაც არარეალურია. რაც არის ადამიანის ცხოვრებისთვის ტანსაცმელი, საჭმელი და ა.შ., იგივეა განსაცდელი სულიერი ცხოვრებისთვის. ამგვარად, მთელი ჩვენი ყურადღება იქით უნდა იყოს მიმართული, რომ გამოვიძიოთ, რა მიზეზით გაგვიჩნდა ესა თუ ის დაბრკოლება სულიერ ცხოვრებაში. ამის გარჩევის უნარი ბუნებრივადაც გვაქვს, როგორც გონიერ არსებებს, და შეგვიძლია საღმრთო წერილისა და წმინდა მამების სწავლებიდანაც შევიძინოთ. მაგრამ დაბრკოლების მიზეზის გასარკვევად ყველაზე სწორი და მნიშვნელოვანი გზა ჩვენთვის არის მორჩილება და დაქვემდებარება. ჩვენ, მონაზვნები, ყველა ჩვენს სირთულეს წმინდა წერილის შემდეგი სიტყვებით გადავჭრით: „ჰკითხე მამასა შენსა და გითხრას შენ, მოხუცებულთა შენთა [და] გაუწყონ შენ“. ამიტომაც შექმნა ჩვენმა იესომ ეკლესია და ყველაფერი გააერთიანა, რადგან დაცემა ერთობის დაშლაა მრავალ ცალკეულ ნაწილად, განცალკევებულ ერთეულად. ძე ღმრთისა მოვიდა, რათა გაბნეულები შეეკრიბა.

წმინდა მამები იმასაც კი ამბობენ, რომ შეუძლებელია განსაცდელი მოიწიოს, თუ მას თვითონ ადამიანი არ მოიწევს. რადგან ღმერთი ყოველივეს ზედმიწევნით ზუსტად განაგებს: არავის აძლევს უფლებას ჩაერიოს მის განგებულებაში. „დიდება ჩემი სხუასა არა მივსცე, არცა სათნოე ბანი ჩემნი წახნაგებულთა (ანუ კერპებს)”, ამბობს წინასწარმეტყველი. ამგვარად, ღმერთის განგება აბსოლუტურად ზუსტი და მამობრივია. „და-თუ-უტეონ შვილთა მათთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან, სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ, განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი; ხოლო წყალობა: ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუვო ჭეშმარი ტებასა ჩემსა“.

განსაცდელების სხვა სახეობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ის ღმერთის დაშვებით ხდება. ეს, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის კანონია. თუ ადამიანმა ერთი დაამთავრა, უფლება აქვს მეორე კლასში გადავიდეს, თუ ერთი სახის ცოდნა (შემეცნება) მიიღო, შეუძლია მეორე, უფრო აღმატებულიც მიიღოს. სხვაგვარად ჩვენი სულიერი მდგომარეობის სრულყოფა შეუძლებელია. მოღვაწეობიდან ჭვრეტაზე უნდა ავიდეთ: „აღსლვა გულსა თკსსა დაიდვა“ მაშასადამე, არ უნდა შეგვეშინდეს, თუ სულიერ ცხოვრებაში წანააღმდეგობას ვაწყდებით. როდესაც განსაცდელს გადავეყრებით, შინაგანი იქნება ეს, ეშმაკებისგან მომდინარე თუ ადამიანებისგან, იმწუთას ხელი ვტაცოთ და ვკითხოთ: „ჩუენი ხარ, ანუ მტერთა ჩუენთა?” “საიდან ხარ?“ ამგვარად მას „საქმეზე წავასწრებთ“ და მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ. ეს ნამდვილი ფილოსოფიაა. ვინც ამას მიაღწია, მასზე მართლაც შეიძლება ითქვას, რომ თვალები აეხილა; რომ ჭრილობების შეხორცება დაეწყო, მის შიგნით ნიშნები შეინიშნება, სწორი გზა იპოვა. ამას ჰქვია სულიერი წინსვლა. მისთვის ნამდვილი სულიერი ცოდნის შეძენის დრო დადგა.

ნუ აღშფოთდებით ხოლმე, როდესაც განსაცდელი გეწვევათ. ასეთი საქციელი უდიდესი უგნურებაა. მოაშორეთ განსაცდელები და ვეღარავინ ცხონდებაო, წმინდა მამები ამას არ ამბობენ?! განსაცდელების არ გვეშინია. ჩვენ ხომ წმინდა ემბაზთან[2] დავდეთ აღთქმა, რომ ღმერთს დავემორ ჩილებით და სატანას უარვყოფთ. უფალმა ბრძანა: „თქუენხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა“. ამიტომ, როდესაც „უჰით“ ამოვიხვნეშებთ ხოლ მე, უგნურებს არ ვემსგავსებით?! დღეისთვის საკმარისია. განსაცდელებში მადლიერება გვქონდეს და მოთმინება“.

ბერს განსაკუთრებით – წმინდა ნიფონი, კონსტანტიანის (ალექსანდრიის საპატრიარქო, ეგვიპტე) ეპისკოპოსი უყვარდა. იმდენად აოცებდა ამ ღირსი მამის ცხოვრება, რომ თავად დაუწერა მსახურება. წმინდანის სხვა სათნოებების გარდა, ყოველთვის ხაზს უსვამდა მის მხნე სარწმუნოებას, რომელიც სულიერი მოღვაწეობით მოიხვეჭა. ყოველ წელს, წმინდა ნიფონის ხსენების დღეს სულიერი მხნეობისა და ამ ვაჟკაცობის სათნოებებზე გვესაუბრებოდა. ასე ილაპარაკა 1984 წლის 23 დეკემბერსაც (1985 წლის 5 იანვარს): „შემართების დაკარგვა, გაუბედაობა, იმედგაცრუება – ამ ყველაფერს ჩვენთან რა საქმე აქვს? ეს ყველაფერი გონების ცდომილებაა, ცოდვის ბუნება და არსი. თუ მას კარგად განვიხილავთ და გამოვიკვლევთ, ეს არის ტყუილი. ხოლო მხნეობას ისეთივე მნიშვნელობა აქვს სულიერ ცხოვრებაში, როგორც თავს – სხეულის აგებულებაში, რადგან თავი სხეულის მთავარი ასოა და მასზე მთელი ორგანიზმია და მოკიდებული.

აშკარა და მძიმე ცოდვებით დაცემის დროს მხოლოდ ძლიერი და ბუმბერაზი ხასიათის ადამიანს შეუძლია შემართება და გამბედაობა არ დაკარგოს, არ მოდუნდეს. სწორედ ამაშია წმინდა ნიფონის დიდებულება. თანაც, საქმე ის არის, რომ არა მარტო მის მცდელობას ვხედავთ, არამედ იმასაც, თუ როგორ პასუხობს ამ მცდელობას საღმრთო მადლი, როგორ იკრავს მას გულში. ღმერთი მოღვაწეობაში უთვლის იმას, რომ ცოდვით გასისხლიანებული, მტერს მაინც არ დანებდა. ასე უნდა ხდებოდეს ყოველთვის. მართლაც, ერთი მნიშვნელოვანი რამ არასდროს უნდა დაგვა ვიწყდეს: როდესაც ვეცემით ან ფეხი წაგვიცდება, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „მე რა, ღმერთზე ვთქვი უარი? ვთქვი, რომ ქრისტიანი აღარ ვიქნები?!”

როდესაც სატანა იმედგაცრუებასა და შემართების დაკარგვას ხედავს, პიროვნულობას იძენს, თუმცა არც პიროვნება აქვს, არც ადგილი და არც არაფერი. ხშირად თავად საღმრთო მადლი უშვებს ხოლმე, რომ კაცი ცოდვისგან მოიწყლას, რათა ამით რაღაც გაკვეთილი მიიღოს და მომა ვალში სულიერად წარემატოს“[3]

ბერმა იოსებმა სათნოებებთან ერთად სულიწმიდის ნაყოფებიც შეიძინა და თავისი ღრმა სიმდაბლით სათნოებების გვირგვინი, სულიერი გარჩევის უნარი მოიხვეჭა. ეს ნიჭი საჭიროა მათთვის, ვინც თავისი მოქალაქეობა მიწიდან ზეცად აღიყვანა და ემუქრება საშიშროება, რომ ბრძოლის რაღაც ეტაპზე ტყუილი ჭეშმარიტებად მიიღოს და სათნოებათა სიმაღლიდან ძირს დაენარცხოს. მოძღვარი თავის მოწაფეებს სულიერი ხიფათისგან იფარავდა და ამიტომ გვეუბნებოდა: „ვხედავთ, რომ ყველა ადამიანის ცხონება ორ რამეზეა დამოკიდებული. ვინც ეს ორი რამ მოიხვეჭა, შეიძლება ითქვას, რომ ვნებებისგან გათავისუფლდა. ისინი სათნოებებზე უფრო საოცარნი და თანაც, საიმედონი არიან, ხოლო საღმრთო ნიჭები კი არა მხოლოდ არ არის ასეთი საიმედო, არამედ – სახიფათოც კია. ეს ორი რამ არის: ღმერთთან დამოკიდებულებაში – სულგრძელება; ხოლო მოყვასის მიმართ – ის, რომ ყოველთვის სხვისი ინტერესი ამჯობინო საკუთარს.

როდესაც გონება ვნებისგან, მაგალითად, ამპარტავნებისგან თავს გაითავისუფლებს, მაშინ გონება ცალკეა და ვნება ცალკე. მაშინ ხედავ, რომ ვნებები გარეთ არიან, ჩვენ – შიგნით. რადგან გონება და ვნება არაა ერთი და იგივე – ორი განსხვავებული რამაა, სხვა არის გონება და სხვა – ვნება. ვნება რომ შეიძლება გაძლიერდეს და შემოგვიტიოს, ამისი ჩვენ არ გვეშინია, არც რამე ბრალი მიგვიძღვის ამაში. პირიქით, ეს ბრძოლისა და მოსაგებელის მიზეზი ხდება იმისდა მიხედვით, რამდენსაც უფალი დაუშვებს. ვნებას არც ის შეუძლია, რომ გაიმარჯვოს, თუნდაც ძლიერად გვებრძოდეს, რადგან უფალი, როცა ინებებს, მის ძალას განაქარვებს.

პირდაპირ სამოთხეში მიდის ის, ვინც, პირველ რიგში, იმაზე ზრუნავს, რომ ყველა მისი მოქმედება ღმერთისთვის იყოს მიძღვნილი; თავის თავს ყოველ წუთს ამოწმებს, რათა რაიმეში ანგარება არ შეეპაროს. ამის შემდეგ კი, ცდილობს მოყვასს არ აწყენინოს – ეს ახასიათებს მას, ვინც ცდილობს, ადამიანური ბუნების შესაბამისად იცხოვროს. ხოლო ის, რომ მოყვასს კიდეც ასიამოვნოს, ეს უკვე ბუნებას აღემატება. ამგვარი უანგარო საქციელი ადამიანს ჩვენს უფალ იესოს ამსგავსებს, რომელმაც თავისი ღმრთაებრივი დიდე ა დატოვა და ჩვენს საცხოვნებლად დედამიწაზე ჩამოვიდა.

ანგელოზებს ვბაძავთ, როდესაც თითოეული ჩვენგანი თავისი ხასიათის შეცვლის სახელოსნოში, ანუ სენაკში განმარტოებული – ხან დაჩოქილი, ხან ფეხზე მდგომი, ხან მჯდომარე – საღმრთო მოწყალებას მოუხმობს. მოუხმობს, რომ მოგვეახლოს, ვნებებისგან გაგვათავისუფლოს და აღთქმული მადლი და სასუფეველი მოგვცეს. ამასთან ერთად – კი, სხვა ადამიანებისა და მთელი მსოფლიოსთვის ჩვენც უნდა ვილოცოთ.

თუ რაღაც მიზეზით ვეღარ ვახერხებთ შევინარჩუნოთ სიმტკიცე, ვნებების მოძალების, სატანის ზემოქმედების, ან სუსტი ბუნების გამო, უკან მაინც არ დავიხიოთ, არამედ მტკიცე ნებისყოფით გავაკეთოთ ის, რაც დავგეგმეთ. არ დავიძინოთ, გვთვლემს, უკან არ დავიხიოთ, როცა შემოტევას განვიცდით, არამედ მათაც, ვინც გვებრძვის, და საღმრთო მადლსაც, რომელიც ჩვენთან ერთადაა, დავანახოთ, რომ ჩვენი მოწოდების ერთგულები ვართ. დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც მუდამ ჩვენთანაა, გაგვაძლიერებს კიდეც და იმაზე მეტსაც მოგვცემს, რასაც ვთხოვთ, ან რისი გაფიქრებაც შეგვიძ ლია“.

„ადამიანმა მოყვასს თავი მსხვერპლად უნდა შესწიროს. სიკეთის მიმღებლები კი მობრუნდებიან და მადლობის მაგივრად უსამართლოდ მოექცევიან. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტემ მთლიანად მისცა თავისი თავი სხვებს, მსხვერპლი გახდა სხვებისთვის და მაშინ, როდესაც ჯვარზე ადამიანურად ყველაზე ძალიან იტანჯებოდა, ის ხალხი შეიკრიბა, ვისაც ამდენი სიკეთე გაუკეთა. ეუბნებოდნენ: „ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშჰნებდ, იჴენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით“. ხედავთ? მას ერთი წამისყოფით შეეძლო ეს ხალხი დედამიწის პირიდან გაექრო. ეშმაკსაც ზუსტად ეს უნდოდა – ის იყო, ვინც ამ ხალხს ასე ალაპარაკებდა. მაგრამ უფალმა რა გააკეთა? „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. ქრისტეს, სხვა არაფერი რომ არ გაეკეთებინა, არცერთი სასწაული რომ არ მოეხდინა, მხოლოდ ეს სიტყვები იყო საკმარისი იმისთვის, რომ თავისი ღმერთობა დაემტკიცებინა“[4]

სხვა დროს კი ბერმა ასეთი მნიშვნელოვანი რამ გვითხრა: „სულიერი ნუგეში და რაღაც ზებუნებრივი განცდები ყველა მოღვაწეს აქვს. ამით ვერავინ დაიკვეხის და ამიტომ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან ამას ღმერთი იმისდა მიხედვით აძლევს, თუ რა ხასიათი აქვს, რა გარემოებებია და ა.შ. სამყაროს შექმნისა და მისი განვითარების ჭვრეტა ფილოსოფოსებს (სიბრძნის მოყვარეთ) ეძლევათ, რომელთაც აქვთ შესაფერისი გონება. ამგვარად ამზადებს მათ ღმერთი იმისთვის, რომ საჭირო მომენტში ეკლესია განამტკიცონ, დოგმატები დაამტკიცონ და რამე მწვალებლობას შეებრძოლონ. მაგრამ ჩვენთვის ეს არაფერია.

ჩვენთვის ის არის მნიშვნელოვანი და მართლაც სასარგებლო, რომ ადამიანმა განსაცდელის დროს შეიძინოს მოთმინება და შეძლოს ამ განსაცდელის სრულად დათმენა. შეიძინოს აგრეთვე – სიმდაბლე, სულგრძელება და თანაგრძნობა, რამეთუ ზემოთ ნახსენები ჭვრეტა და სხვა ზებუნებრივი სულიერი გამოცხადებები საშიშიცაა, რადგან ზემოთქმულს ზოგჯერ ეშმაკიც ჰბაძავს. ადამიანმა ამის შესახებ რომ დაწეროს, ისეთი მოძღვრის ხელში უნდა იყოს გამოზრდილი, რომელსაც გამოცდილი აქვს ეს ყველაფერი, შემდეგ თვითონაც ეს მრავალჯერ უნდა გამოცადოს. ამის გარდა, სხვების გამოცდილებაც უნდა შეიტყოს. ერთი სიტყვით, ღმერთი ყველას განსხვავებულად უცხადებს თავს. თუმცა, სულიწმიდა ერთია – სხვადასხვა ნიჭებად განიყოფება. გაწმენდილ გონებებს შეუძლიათ, მიიღონ უწყება ღმერთისგან, როდესაც ღმერთი ამას ისურვებს, ანდა ისინი ამას თავად ითხოვენ. ხოლო მას, ვისაც წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს, როდესაც რაიმე სჭირდება, იმწუთას იგებს. სხვებს კი ღმერთმა გარემოებების მიხედვით შეიძლება მისცეს უწყება: ან ხმა გაიგონონ, ან რამე იხილონ, ან სხვა რამე ნიშნით გამოეცხადოთ”.[5]

თავად ბერი ლაპარაკობდა ხოლმე წინასწარმეტ ყველურად, მაგრამ თავისი დიდი სიმდაბლის გამო, ამას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. უნდოდა ჩვენთვის სწორი მაგალითი მოეცა. მართლაც, ჩვენი მთავარი საქმე სინანული უნდა იყოს, არ უნდა მივდევდეთ მაღალ ქარიზმებს. ზებუნებრივ ნიჭებს ღმერთი იმათ აძლევს, ვინც მანამდე გული განიწმინდა. თანაც, ადამიანს მათი სწორად გამოყენება უნდა შეეძლოს; ეკლესიისა და მოყვასის სასარ გებლოდ უნდა გამოიყენოს, და არა იმისთვის, რომ თავისი სული დაიზიანოს და დააზარალოს.

ცხონებული არგოლიდელი მიტროპოლიტი იაკობი[6], რომელსაც ჩვენს მოძღვართან დიდი ხნის განმავლობაში სულიერი ურთიერთობა ჰქონდა, წერდა: „ბერ იოსებს 1967 წლიდან ვიცნობ. როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა მქადაგებელი ვიყავი, ნეა სკიტში ვესტუმრე, სადაც მაშინ მარტო მოღვაწეობდა. მისმა ასკეტურმა ცხოვრებამ და სიწმინდემ ბევრი რამ მასწავლა და სულიერ ბრძოლა ში ძალიან გამაძლიერა. ყველა მისი თანამოღვაწე მისით აღფრთოვანებული იყო და ცდილობდა მისთვის მიებაძა. მისი რჩევები და წერილები დღემდე ჩემი საქმის სწორ აღსრულებაში მეხმარება. ამის გამო, რამდენჯერაც ათონის მთას მოვილოცავ, ყოველთვის ვხვდები და რჩევას ვეკითხები, მისი უმწიკვლო ზნეობრიობის (რაც ათონზეც და მის გარეთაც კარგადაა ცნობილი), მისი სიწმინდისა და წინასწარხედვის ნიჭის გამო“.[7]

1984 წელს, 5-დან 28 ივნისამდე (ახ. სტ.), ბერი ავსტრალიაში იყო. თან ერთ-ერთი ჩვენი ძმა, მამა თეონა, ახლდა, რომლის ნათესავებიც იქ ცხოვრობენ. ადგილობრივი ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით მოძღვარმა ბევრი იქადაგა სიდნეის, მელბურნის, ბრისვანის, როუზ ბეისა და ერლვუდის ტაძრებში. ამის გარდა, ყოველდღიურად ლაპარაკობდა მორწმუნეების კერძო შეკრებებზე, ფაქტიურად, დილიდან საღამომდე. მრავალი ადამიანი მიეახლებოდა რჩევისა და ლოცვის სათხოვნელად. ხშირად უთქვამს, რომ ძალიან შეუყვარდა და ძალიან ბევრი ილოცა ავსტრალიელ თანამემამულეებზე. მისი სიტყვის წყალობით, მრავალ ახალგაზრდას სურვილი გაუჩნდა მონაზონი ან სამღვდელო პირი გამხდარიყო. რამდენიმე ახალგაზრდა ქალბატონში კი მონაზვნობის დიდი წადილი შეამჩნია. ორი მათგანი მოგვიანებით, მისი სულიერი ხელმძღვანელობით, წინამძღვრები გახდნენ: იღუმენია კალისთენი მელბურნის „მსწრაფლშემსმენელი“ ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის დამაარსებელი და წინამძღვარი გახდა, ხოლო იღუმენია მელანიას, რომელიც სიდნეიდან იყო, იერუსალიმის „დიდი ღმრთისმშობლის“ მონასტრის წინამძღვრობა დაეკისრა.

ბერმა მელბურნში ორი ღამე მღვდელ ილია კენდროტის სახლში გაათენა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა, პატარები იყვნენ. როდესაც ბერმა უფროსი შვილი, სამი წლის კონსტანტინე პირველად დაინახა, ბავშვის დედას უთხრა, რომ ბიჭი მშობლებს საკმაოდ გააწვალებდა. მართლაც, 15 წლის ასაკში მან ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო და ოცი წელი ასე იცხოვრა, ხოლო 35 წლის ასაკში მრავალი ავადმყოფობის შემდეგ სინანულით გარდაიცვალა.

მაშინ ავსტრალიაში ბერმა კიდევ ერთი ადამიანი, ევსტათი გაიცნო. ის გვიამბობს: „1984 წელს ბერი იოსები, მამა თეონასთან ერთად, ავსტრალიაში ჩამოვიდა. 1985 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში კი მე ჩამოვედი ნეა სკიტში. ერთი კვირა დავრჩი თქვენთან. მაშინდელი სტუმრობიდან ბევრი რამ დამამახსოვრდა. მოძღვარს, თავისი დიდი სიყვარულის წყალობით, საძმოში ოჯახური გარემო ჰქონდა შექმნილი. დაახლოებით 17 კაცი ვიყავით ბერის ჩათვლით. დავსხდებოდით და ერთი ოჯახივით ვსადილობდით. ბერი ტრაპეზზე ყოველთვის ლაპარაკობდა.

ათონურ ღამისთევასაც პირველად მაშინ დავესწარი. შემდეგ ბერმა ლიმონის დასაკრეფად გაგვაგზავნა (დავკრ ფოთ, სანამ მთვარე შეიცვლებაო).

ერთხელ, ერთი პატარა ბიჭის ამბავს მოგვიყვა, რომლის მამაც ბუღალტერი იყო ბანკში. ამ კაცს ფულის გაფლანგვას აბრალებდნენ. როდესაც მთელი ოჯახი ამაზე წუხდა, პატარა ბიჭმა მამას უთხრა: „ვილოცებ და ღმრთისმშობელი დაგვეხმარება, რომ პრობლემა გადაიჭრას”. მართლაც, ბუღალტერს სიზმარში ეუწყა (თუ ხმა გაიგო), რომ ბანკში ერთი ადამიანი დაუკითხავად ფულს იღებდა, და რომ აქა და აქ ესა და ეს შეცდომა მოხდა. მამა დილით ადრე ბანკში წავიდა, ყველაფერი კარგად გამოიძია და საქმეც გადაწყდა. მოგვიანებით ეს ამბავი გაზეთში წავიკითხე.

ერთი სიტყვით, წასვლის დროც დადგა. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი მივდიოდი და ყველას გულმხურვალედ ვემშვიდობებოდი. და აი, ბერთან რომ მივედი, ღიმილით და ყველას გასაგონად თქვა: „შემდეგ ჯერზე ევსტათის რომ შეხვდებით, მისგან აიღებთ ლოცვა-კურთხევას“.

მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო სასწავლებელი მქონდა დამთავრებული, ჯერ არაფერი გადამეწყვიტა. ის რამდენჯერმე მესაუბრა მღვდლობაზე, მაგრამ მეტი არაფერი. ახლა კი ყველას წინაშე განაცხადა. დიდი მადლი ჰქონდა ბერს, ეს ყველამ ვიცოდით. რასაც მაშინ ამბობდა, ის ახლა ხდება. რაც ჩვენს სამშობლოში, ჩვენს მართლმადიდებლობაში და აქ, შორეულ ავსტრალიაში მოხდებოდა, მაშინ უკვე იცოდა. მახსოვს, ხშირად იმეორებდა: „რა სჭირდება კაცს? ერთი თეფში საჭმელი, ჭერი, რომ თავი შეაფაროს და ორიოდე სამოსი, სიშიშვლე რომ დაფაროს. დანარჩენი ზედმეტია“. ამ სიტყვებს ქადაგებაში ვამბობ ხოლმე. მახსოვს კიდევ ამას გვიამბობდა: „გერმანული ოკუპაციის დროს“ დიდი ბერი მონასტრებში გვაგზავნიდა ხოლმე სამუშაოდ. როდესაც რამე გამიჭირდებოდა, მისგან წერილი მოდიოდა, სადაც ეწერა, ამა და ამ საქმეში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ, ამის გამო ნუ წუხხართო და ა.შ.“ სად გაიგებ დღეს ასეთ რამეს? კაცი თვალებში გიყურებდეს და შენს სულს ხე დავდეს“.[8]

ერთ-ერთ თავის წერილში ბერი წერდა: „ქრისტესადმი რწმენა, ჩემო შვილო, ყველა პრობლემას გადაწყვეტს, რამეთუ სურვილიცა და მოქმედებაც ადამიანისა, ღმერთზეა დამოკიდებული. ის ზრუნავს ჩვენზე“ და ხვედრი მისი შემეცნებისა, მის მიერვე გვხვდა წილად. ის თვითონვე არ გვიშორებს გვერდიდან, მიუხედავად ჩვენი მისდამი ჩადენილი უამრავი ღალატისა. მან გაგვაცნო ერთმანეთი და ასეთი ძლიერი კავშირით შეგვკრა. და გვწამს, რომ, მისი მადლით, აღთქმულ სიკეთეებსაც მისგან სავსებით მივიღებთ. აბა მითხარი, როგორღა შეიძლება მიგვატოვოს?

როდესაც ჯერ კიდევ ცოდვით მკვდრები ვიყავით, ქრისტეს მიერ გაგვაცოცხლა და მასთან ერთად აღგვადგინა და, ეკლესიის მეშვეობით, „თავის მარჯვენით“, ქრისტესთან ერთად დაგვსხა”. ამგვარად, წმინდანებთან ერთად, ერთ სხეულს წარმოვადგენთ. როგორ მიგვატოვებს, როდესაც მისი ნიჭები უცდომელი – „შეუნანებელი“ და უცვალებელია ისევე, როგორც მისი ყოველი მოქმედებაცა და გადაწყვეტილებაც? თანაც, ჩვენი თმის ყოველი ღერიც კი დათვლილია; ანგელოზებს უბრძანებს დაგვიცვან; სანამ რამეს ვთხოვთ, უკვე იცის, რა გვინდა, და იმაზე მეტს მოგვცემს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია”.[9]

ბერმა იცოდა, რომ თანამედროვე ადამიანი სულიერად ძალიან უსუსურია, რადგან ბავშვობიდანვე ცოდვის მსხვერპლი ხდება. ის ამბობდა: „თქვენთვის წარმატება ის იქნება რომ – მას შემდეგ რაც სულიერი კანონის არსს მიხვდებით – თავად არ გახდეთ მიზეზი იმისა, რომ ღმერთმა თქვენზე მწუხარებები დაუშვას ეშმაკების, ადამიანების თუ გარემოებების მხრიდან. არამედ ყველაფერი თავს დააბრალეთ და ნუ დრტვინავთ, თორემ, მაშინ ჭირის სიმძიმე გაორმაგდება. თუ კიდევ უკმაყოფილებას გამოხატავთ, გაოთხმაგდება, გარვამაგდება და ა.შ. წმინდა მარკოზსა და მაქსიმე აღმსარებელს სულიერი კანონის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით უწერიათ. გირჩევთ, ზეპირად ისწავლოთ ისინი. არცერთი ჩვენი საქმე, არცერთი გეგმა არ არის თავის თავად მადლის მატარებელი. ჩვენ რაღაცას ვგეგმავთ და რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ მოვა თუ არა მადლი და სიწმინდე, ეს უკვე ღმერთზეა დამოკიდებული, მისი საჩუქარია. მიუხედავად ამისა, ღმერთი ჩვენგან ითხოვს, რომ მისი მცნებები მაქსიმალურად დავიცვათ. თუ მცნებებს იცავ და მადლი მაინც არ მოდის, რაღაცა ვერ გაგითვლია სწორად და უნდა გამოიძიო. ყველა მონათლულს, გამონაკლისის გარეშე, მიეცა მადლი და ეს მადლი ყოვლისშემძლეა. მაშასადამე, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამეს ვერ ვაკეთებთ. მადლი ძლიერია, მაგრამ სურს, ჩვენში არჩევანი და განწყობა დაინახოს. ხოლო როდესაც ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, მაშინ მადლი მოდის და ყველაფერს სრულყოფს.

ვნებები ადამიანიდან მაგიურად არ გადის. საჭიროა, რომ საქმით აღვუდგეთ წინ, რათა უფალმა ჩვენი სწორი არჩევანი, გადაწყვეტილება და საქმე დაინახოს და თავისი მადლით გაგვამარჯვებინოს. ვნებებისა და ეშმაკის განდევნა კაცს არ შეუძლია, ეს მხოლოდ ღმერთის მადლს შეუძლია. თუ მონაზონი არ იტყვის, რომ ქვეყანაზე მარტო მე და ღმერთი ვართო, განსვენებას ვერ იპოვის. თუ ყოველ დღეს შინაგანი ყურადღებით, ლოცვითა და თავის ბრალობით არ გაატარებს, მაშინ აუცილებლად ან ბევრს, ან უქმად ილაპარაკებს, იზარმაცებს, განიკითხავს და წინ წასვლის მაგივრად, უკან დაიხევს.

თუ ღმერთის განგებულების გწამს, მაშინ არც ცილის წამების გეშინია, არც განსაცდელების, არც ნივთების დაკარგვის, არც ავადმყოფობის, არც სხვა რამისა. მაღალი სულიერი ჭვრეტა და მდგომარეობა არ უნდა გვინდოდეს. ეს ყველაფერი ის შედეგებია, ის ზებუნებრივი მდგომარეობებია, რომელთაც ჩვენი მართალი — „უტყუელი“ უფალი იძლევა. როდის? როდესაც დაინახავს, რომ მისი ხმა გავიგონეთ, რომ მას პრაქტიკული, ან გარეგნული და თეორიული, ანუ შინაგანი სიმდაბლით, ძმათმოყვარებით, ერთმანეთის გატანით და, რაც მთავარია, მოთმინებით შევუდექით. შეუძლებელია განსაცდელები არ შეგვემთხვეს. თითოეულს, სადაც სუსტი წერტილი აქვს, ბოროტი იქ დაარტყამს, იმისთვის, რომ ვერ გაუძლოს, უკან მიბრუნდეს და ღმერთის წინაშე ურწმუნოდ და მკრეხელად ჩაითვალოს, შესაბამისად კი, აღთქმული მადლი და სასუფეველი ვერ მიიღოს“.[10]

ერთ-ერთი სხვა შეკრების დროს ბერი მოთმინებასა და სიმდაბლეზე გვესაუბრა: „რას ამბობს უფალი? „გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით და არაწმიდასა ნუ შეეხებით; და მე შეგიწყნარნე თქუენ, და ვიყო მე თქუენდა მამა და თქუენ იყვნეთ ჩემდა ძჳებ და ასულებ“. გესმით?! გესმით?! მაშასადამე, ჩვენ, რომელთაც მისი ხმა გავიგონეთ და სოფელი დავტოვეთ და იმწუთას გავხდით გამარჯვებულები! პავლე ხომ ამბობს: „და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულვართ”, ე.ი. კიდეც რომ ვეცემოდეთ, ჩვენი მოთმინების გამო მაინც გამარჯვებულები ვართ. ხომ ნათქვამია: „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე, და ისმინა ლოცვისა ჩემისა, და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან გლახაკებისა და თიჵისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჵნი ჩემნი“. როცა ამბობს „თმენით დავუთმეო”, გულისხმობს, რომ მოთმინება უმაღლეს ხარისხშია საჭირო. რადგან თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი სისუსტეები გვაქვს, თითოეული თავის ჯვარს ატარებს. როდესაც ტვირთის სიმძიმე ოცდაათი კილოა, არ აქვს მნიშვნელობა, ბამბაა თუ რკინა, ოქროა თუ ვერცხლი, სიმძიმე იგივეა. თითოეულმა თავისი სიმძიმე უნდა იტვირთოს.

ნუ დაიწყებთ მზაკვრობას და გულისსიტყვებს ნუ მიუშვებთ, რომ თავი აიმაღლოთ. მაგალითი იმ წმინდა მამებისგან აიღეთ, ვისი სახეც მზესავით ანათებდა და დედამიწაზე მყოფი ღმერთებივით იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობდა: „ვზივარ და ოცი საათის განმავლობაში კალათებს ვქსოვ, იმიტომ კი არა, რომ მჭირდება, არამედ იმისთვის, რომ ღმერთმა არ მომთხოვოს, მუშაობა შეგეძლო და არ იმუშავეო“. მიუხედავად იმისა, რომ ბერის გონება განუწყვეტლივ ღმერთის ჭვრეტაში იყო, პრაქტიკული და თეორიული სიმდაბლე ერჩივნა, და არა მაღალ მატერიებზე ლაპარაკი.

სხვა მამა კი ეკითხება ბერს: „სამი გულისსიტყვა მაწუ ხებს: უდაბნოში გავიდე, დღეგამოშვებით ვჭამო თუ უცხოობაში წავიდე“. აი, რას პასუხობს ის მართლაც დიდი ბერი: „ამ სამიდან არცერთი არ გარგებს (ანუ მარჯვნიდან ცდები[11]). სენაკში მეზვერის გულისსიტყვით იჯექი“ და ამით ცხონდები“. ხედავთ, საქმით გამომჟღავნებულ სიმდაბლეს და მოთმინებას? წმინდა იოანე კოლობი და ღირსი ეფრემ ასური, ისევე როგორც სხვა ათასობით მამა, როდესაც ღმერთი მათ დიდ მადლს აძლევდა, ამბობდნენ: „არა, არა, ჩვენ დედამიწაზე ის გვინდა, რომ ძალა მოგვცე, რათა შენი მცნებები დავიცვათ, და არა მადლი“.

როდესაც ჩვენს მოძღვარს ბავშვური მიამიტობით ამა თუ იმ მაღალ თეორიებზე ვეკითხებოდით, გვეუბნებოდა: „ამაზე ნურც ფიქრობთ და ნურც მსჯელობთ, არამედ იმისთვის გაისარჯეთ, რომ მოთმინება და სიმდაბლე, სიყვარული და ძვირუხსენებლობა შეიძინოთ, რადგან ესენია, რაც კაცს მონაზონს ხდის.

წმინდა მამებმა ჯვრის მნიშვნელობა შეიმეცნეს და ამიტომ ისინი ღმრთისგან არა მაღალ სულიერ მდგომარეობებს, არამედ სამოღვაწეო ძალას ითხოვდნენ. ხომ წერია: „მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა“. ახლა თესვის დროა, მოსავლამდე ჯერ ბევრია. თესეთ მანამ, სანამ დრო გაქვთ, რათა მოგვიანებით „სიხარულით მოიმკოთ“.

ხედავთ, ის ძმაც, რომლის მონასტერშიც ბასილი დიდი მივიდა, როგორ ჩასწვდა მორჩილების არსს? საკუთარი ნება სრულიად მოაკვდინა და ყველა იქაურ მამას აღემატა. წმინდანი სრული მორჩილებისა და ნების მოკვდინების მუშაკს ეძებდა. ხოლო ეს ძმა თავისი სიმდაბლით იმის ღირსი გახდა, რომ ეკლესიისთვის ემსახურა.[12] ერთი სიტყვით, საჭიროა რწმენა და სიმდაბლე, სიყვარული და დიდი მოთმინება, რათა იესომ დაინახოს, რომ მას მივდევთ და აღთქმული მოგვანიჭოს. ყველა წმინდანი რწმე ნით ცხონდა“.[13]


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წლის 5/18 დეკემბერი.

[2] სანათლავი მცირე აუზი ან დიდი ჭურჭელი.

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი.

[4] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წლის 29 დეკემბერი/1985 წლის 11 იანვარი.

[5] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წლის 29 ივლისი/11 აგვისტო.

[6] (1932-2013) საბერძნეთის ეკლესიის ერთ-ერთი საჩინო მღვდელმთავარი.

[7] არგოლიდელი მიტროპოლიტ იაკობ მეორის წერილი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომე პირველს. ეპისტოლეს ნომერი 1261/16-12-1998.

[8] მღვდელ ევსტათე პაპადოპულოსის ნაამბობიდან, 2016 წლის 25 მაისი 7 ივნისი.

[9] წერილი მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1985 წლის 17/30 სექ ტემბერი.

[10] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წლის 20 ივნისი/3 ივლისი.

[11] მარჯვნიდან ცდომა – აქ: განურჩეველი და არაგონიერი სულიერი მოშურნეობით მოქცევა.

[12] როდესაც ბასილი დიდი ერთ-ერთ მონასტერში მივიდა, ითხოვა, მისთვის ნამდვილი სულიერი მოღვაწე ეჩვენებინათ. როდესაც ერთი მონაზონი ეახლა, სთხოვა ხელის დაბანაში მიხმარებოდა. ხელი რომ დაიბანა, უთხრა, ახლა მე დაგაბანინებ ხელსო. ძმას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რითაც თავისი სრული მორჩილება გამოავლინა.

[13] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1983 წლის 5/18 ნოემბერი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

Share