skit svyatoj annymalyj

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მესამე: მთაწმინდა – წმინდა ანას მცირე სკიტში

მამა სოფრონს სულიწმიდა მოიხილავს

ერთხელ,  შუადღისას ბერმა იოსებმა მ. სოფრონს მხიარული სახით უთხრა: „საღამოს „ამანათს“გამოგიგზავნი და ნახავ, რამდენად ტკბილია ჩვენი იესო“. მამა სოფრონმა ვერც კი გაიგო, რა უთხრეს, და ამიტომ ამ სიტყვებზე ბევრი არ უფიქრია. ის წავიდა და ჩვეული საქმით დაკავდა. დასვენების შემდეგ, როგორც ყოველთვის, მან ღამისთევა დაიწყო და მოძღვრის რჩევის თანახმად, ცდილობდა გონება მოეკრიბა. „ამანათი“ სრულიად გადაავიწყდა.

თავად ასე გვიამბობს: „არ მახსოვს როგორ დავიწყე ლოცვა. ის კი ვიცი, რომ, როგორც კი რამდენჯერმე წარმოვთქვი ქრისტეს სახელი, იმწუთას გული ღმერთის მიმართ სიყვარულით ამევსო. სულ მალე იმდენად გაძლიერდა ეს შეგრძნება, რომ არა მხოლოდ ვლოცულობდი, არამედ განკვირვებული ამ სიყვარულის უკიდეგანობით ვტკბებოდი. მინდოდა, თითოეულ ადამიანს ჩავხუტებოდი, მთელი ქვეყანა გულში ჩამეკრა, თანაც იმავდროულად ისეთ სიმდაბლეს ვგრძნობდი, რომ მეგონა ყველა ქმნილებაზე უარესი ვიყავი. მაგრამ სიყვარულის სისავსე და ცეცხლი ქრისტესკენ იყო მიმართული. ვგრძნობდი მის თანამყოფობას; ვგრძნობდი, რომ იქვე იყო, თუმცა დანახვა არ შემეძლო. მინდოდა უხრწნელ ფეხებში ჩავვარდნოდი და მეკითხა: „როგორ ახერხებ, რომ ერთდროულად სიყვარულის ასეთ ალს აღანთებ ჩვენში და თანაც უჩინარი და უცნობი რჩები?“. მაშინ ანაზდად ჩემს სულს ეუწყა, რომ სწორედ ესაა სულიწმიდის მადლი, ესაა ზეცათა სასუფეველი, რომელიც, უფლის სიტყვების თანახმად, ჩვენშია. ვფიქრობდი: უფალო, ასე დამტოვე და სხვა აღარაფერი მინდა-მეთქი. ამ ნეტარებამ საკმაო ხანს  გასტანა, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩვეულებრივ მდგომარეობაში დავბრუნდი. სულმოუთქმელად ველოდი იმ წუთს, როცა მოძღვართან წავიდოდი და ყველაფერს გამოვკითხავდი. 20 აგვისტო იყო, მთვარე ანათებდა. მოვიდა თუ არა დრო, გავიქეცი მასთან და თავის პატარა ეზოში შევხვდი. სანამ რამეს ვკითხავდი, გამიღიმა და მითხრა: „ხედავ, როგორი ტკბილია ჩვენი უფალი? გამოცადე ის, რასაც დაჟინებით ეძებდი? ახლა იმისთვის უნდა გაისარჯო, რომ ეს მდგომარეობა მუდმივად გქონდეს და უდებებამ იგი არ მოგპაროს“[1]

მ. სოფრონმა გაიაზრა რა ყველაფერი, რაც კი მოძღვარმა საღმრთო მადლის შესახებ უთხრა, მიხვდა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება ვინმეს ნამდვილი ადამიანი ეწოდოს, როდესაც ის თავის თავში ამ მადლს ატარებს. ამ შემთხვევის ჭეშმარიტება იმითაც დადასტურდა, რომ მას ჩუმი ცრემლები და საკუთარი ცოდვილობის „ხედვაც“ ახლდა. ბერს, როგორც თვითონ წერდა, სურდა, რომ სამუდამოდ დარჩენილიყო იმ მდგომარეობაში, რადგან გრძნობდა, რომ ეს იყო ის სასუფეველი, რომელიც ჩვენს შიგნითაა.[2]

მას შემდეგ უკვე შეგნებულად ამბობდა, რომ ისინი, ვინც მადლის მიღების ღირსები გახდნენ, ქრისტეს საკუთარ თავში განუწყვეტლად „ხედავენ“ და გრძნობენ; და ქრისტე თავისი ღმრთივშვენიერი[3] დიდებულებით მათში მრავალი სახით მოქმედებს: ზოგჯერ ადამიანის გულს საღმრთო სიყვარულით ანუგეშებს; ზოგჯერ გონებას ზებუნებრივი გამოცხადებებითა და სულიერი ჭვრეტით ანათლებს; ზოგჯერ საგრძნობლებში ამკვიდრებს თავის მშვიდობას, რომელიც „ჰმატს (აღემატება)ყოველთა გონებათა.“[4] მაშინ შეისისხლხორცა ბერმა წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის სიტყვები: „ვინც ამ ცხოვრებაში ქრისტეს არ იხილავს, მას ნურც იმ ცხოვრებაში ექნება ამის იმედი“.

წმინდა იოსებ ისიქასტი ხშირად იმეორებდა, რომ ყველა მორწმუნის და განსაკუთრებით კი, მონაზვნის ცხოვრების მიზანი არის სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, შეძენა. ამიტომაც უთხრა მ. სოფრონს სიმდაბლით: „ აჰა, ღმერთმა შეგიწყალა და გიჩვენა მადლი; ახლა იმისთვის გაისარჯე, რომ უმადური არ აღმოჩნდე და ის უდებებამ არ წაგართვას“[5]

მოგვიანებით, როდესაც 1947 წლის 26 სექტემბერს/9ოქტომბერს საძმოს პატარა იოანე (მომავალი მღვდელმონაზონი ეფრემი) შეუერთდა, ყოფითი მოთხოვნები გაიზარდა. სამოქალაქო ომის შემდეგ ფული არ იშოვებოდა. მატერიალური სიდუხჭირის გამო ბერი იოსები იძულებული გახდა მამა სოფრონი საველე სამუშაოებზე გაეგზავნა სხვადასხვა მონასტრებში, სადაც ეს უკანასკნელი ხელფასს იღებდა და ამით საძმოსთვის პურის ფულს შოულობდა. სხვა გამოსავალი არ იყო – ხელსაქმე არ იყიდებოდა.  ამგვარად, მ. სოფრონი სხვა ბერების მორჩილებთან ერთად აგროვებდა ზეთისხილს ან თხილს; მონაწილეობას იღებდა რთველში, ბაღ-ბოსტნის მოვლაში ან სხვა მსგავს სამუშაოებში. ზოგჯერ ხელფასის მაგივრად შეგროვებული სანოვაგის ნაწილს იღებდნენ. ასეთი ცხოვრება ძნელი იყო მ. სოფრონისთვის, რადგან მოძღვრისგან შორს ყოფნა უწევდა, თანაც ათონური სულიერება ჯერ კიდევ არ აეთვისებინა. ადამიანურად თუ განვსჯით, შეიძლება ითქვას, რომ მ. სოფრონი ამ მცირე პერიოდის განმავლობაში სულიერად დაიჩაგრა, რადგან გარეგნულად ცხოვრობდა როგორც მუშა. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ იყო: სტავროვუნიში მორჩილების პერიოდიდან დაწყებული, მას სურვილი ჰქონდა, თავი დაედო ძმებისთვის, რათა იმას მიმსგავსებოდა, ვინც „იქმნა მორჩილ სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისათა“[6].

მამა სოფრონს მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ახასიათებდა შრომისა და მსხვერპლის გაღებისადმი უზომო სიყვარული. სურდა ქრისტეს მიმსგავსებოდა. ასეთი დიდი და კეთილშობილური თავდადების მეშვეობით ის უფლის სიყვარულს იზიდავდა, ხოლო რადგან გამოცდილი ბერის მორჩილებაშიც უბადლო იყო, ეს სიყვარული მასში უკვე სულ სხვა სიძლიერით მჟღავნდებოდა. როდესაც მისი მოთმინება უკიდურეს ზღვარს აღწევდა, ან რაიმე სულიერი კითხვა მოსვენებას არ აძლევდა, მაშინ, როგორც თვითონ წერს, მოძღვრისგან წერილს იღებდა: „მოძღვრისგან წერილს ვიღებდი ნეა  სკიტი-დაფნის ფოსტით. წერილში დაწვრილებით იყო აღწერილი როგორც ჩემი სულიერი მდგომარეობა, ასევე ისიც, თუ რატომ და რა მიზეზით შემემთხვა ესა თუ ის, გარეგნული თუ შინაგანი მოვლენა. საოცარი ის იყო, რომ, სანამ კონვერტს გავხსნიდი, ჩემში უკვე რაღაც იცვლებოდა, მწუხარება მტოვებდა და სულიერი სიხარული მეუფლებოდა. ის, რაც რამდენიმე წუთის წინ მახრჩობდა და არ მასვენებდა, ახლა საერთოდ აღარ მადარდებდა! რამდენჯერმე ასეთი რამ წერილის გარეშეც შემემთხვა – ბერის ჩემთან ყოფნას ზებუნებრივად ვგრძნობდი. თანაც იმდენად ხელშესახებად, რომ ეჭვის ნასახიც კი არ მქონდა“[7]. წერილის ბოლოს წმინდა ბერი დასძენდა ხოლმე: „ფრთხილად იყავი, რომ ჩემი ამანათი უკან არ დამიბრუნდეს“[8]

ჩვენი მოძღვარი ასეთი სულიერი მამის ღირსი იმის გამო გახდა, რომ მთელი მისი წადილი და სიყვარული ღმერთისკენ იყო მიმართული. მას შემდეგ, რაც ცოცხლად იხილა უფალი, ასე არავინ და აღარაფერი შეჰყვარებია ამ ქვეყანაზე. ის ღრმა სიმდაბლით, მაგრამ დაუფარავად აღიარებდა: „მე, უბადრუკი, ვწერ იმას, რაც ჩემი თვალით ვიხილე და გამოვცადე.[ჩვენი მოძღვარი] საღმრთო მადლით სავსე იყო და რასაც გვასწავლიდა, არ იყო მშრალი ცოდნის, მწიგნობრობის ან დასკვნების შედეგი, არამედ მისი პირი მისი გულის ნამეტნავისაგან მეტყველებდა და რასაც ჩვენ გვაძლევდა, საკუთარი საუნჯიდან გამოჰქონდა“.

ზემოხსენებულ საველე სამუშაოებზე მამა სოფრონი ერთ მოღვაწე მონაზონს დაუახლოვდა, რომელიც თავისი ღმრთისმოშიშებითა და სულიერი სიფხიზლით

გამოირჩეოდა. იგი ახალგაზრდა მორჩილს ურჩევდა, მუშაობის გამო ასკეზა არ შეემცირებინა და თავისმოყვარეობას გაჰქცეოდა. სადილის დროს ორივე ყველაზე უხმარ და ნახევრად გაფუჭებულ საჭმელს ირჩევდა, რათა საუკეთესო სხვებისთვის დაეტოვებინათ. ჩვენი მოძღვარი იხსენებდა, რომ ამ რჩევების დაცვისთვის ღმერთი მას დიდ სულიერ ნუგეშს აძლევდა.

მორჩილ სოფრონს საღმრთო მადლი ეხმარებოდა, რადგან მას თავისი მოძღვრისადმი დიდი რწმენა და მოწიწება ჰქონდა. ამგვარად შეიცნო მან ის ჭეშმარიტება, რომ სწორედ მოძღვართან სწორი ურთიერთობის წყალობით უმკლავდება მონაზონი სირთულეებს, თავს აღწევს საფრთხეებს, იცის, როგორ მოიქცეს გამოუვალ მდგომარეობებში[9] და საერთოდაც, გრძნობს, რომ რაღაც საიდუმლო ძალა მას ყოველმხრივ იფარავს. ამას გრძნობს ყოველი მორჩილი, ელემენტარულ დონეზე მაინც, თანაც ზოგჯერ ისე, რომ ეს მოძღვარმა არც კი იცის. მაგრამ მ. სოფრონს, ამის გარდა, ღმერთის დიდი წყალობაც ერგო: მის მოძღვარს ხელმწიფებით შეეძლო მისთვის „გაეგზავნა“ განსაკუთრებული მადლი, თანაც, როდესაც და რამდენიც სურდა, იმისდა მიხედვით, თუ რა უწყება ჰქონდა ღმერთისგან და რა მიზანი ამოძრავებდა. ის იმ მასწავლებლის მოწაფე იყო, რომელსაც სულიწმიდის მადლი ჰქონდა შეთვისებული და იცოდა, თუ რა გზით მოდის და მიდის ეს მადლი.

ღირსი ეფრემ კატუნაკელი ამბობდა, რომ წმინდა იოსებ ისიქასტის მოწაფეებს ჰქონდათ გამოცდილება, რომ მათი მოძღვარი მადლს „განაგებდა“ – თუ მათ ეტყოდა: იმისთვის, რაც დღეს გააკეთეთ, უხვად გექნებათ მადლიო, მაშინ მართლაც მდიდრად იღებდნენ მადლს; ხოლო თუ ეტყოდა: მადლის არანაირი შეგრძნება არ გექნებათო, მართლაც არ ჰქონდათ. ამ გამოცდილებას ჩვენი მოძღვარიც მოწმობდა: „შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი სიტყვები, ან რთული იყოს ჩემი ნათქვამის გაგება მათთვის, ვინც ეს ენა არ იცის, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ ჭეშმარიტება დავმალოთ და შევეცადოთ უმრავლესობის მოსაწონად ვილაპარაკოთ. არ შეგვიძლია დავფაროთ ან დავაკნინოთ ის, თუ როგორ ფიქრობენ და მოქმედებენ ღმერთის ნამდვილი მონები. მოძღვარმა ზედმიწევნით იცოდა თითოეული ჩვენგანის სულიერი მდგომარეობა და შეეძლო დეტალურად აეხსნა, თუ რატომ და როგორ შეგვემთხვა ესა თუ ის განსაცდელი. აგრეთვე, შეეძლო მოეცა სნეულების კურნებისთვის საჭირო „რეცეპტი“, გულისსიტყვა იქნებოდა ეს სნეულება თუ ვნებების მოქმედება. სრულყოფილად განმარტავდა საღმრთო მადლის მოქმედებასაც, რადგან თავად იყო მადლითა და საღმრთო განათლებით სავსე. სიტყვები თავისი გულის ნამეტნავისგან და გამოცდილების საგანძურიდან გამოჰქონდა; თანაც, მარტივად, უშრომელად და უბრალო სიტყვებით, მაგრამ იმავდროულად, დამაჯერებლადაც. თითოეულს იმას მოარგებდა, რაც ამ უკანასკნელს სჭირდებოდა. ხოლო თუ სიტყვითა და დარიგებით ვერ გააგებინებდა (რადგან მოწაფეს გაგება უჭირდა), მაშინ ნაკლულევანებას ლოცვით შეავსებდა ხოლმე. ნეტარს კიდევ ერთი დაურღვეველი ჩვეულება ჰქონდა: არაფერს გააკეთებდა ლოცვისა და გულსავსეყოფის (ამ საქმეში დარწმუნებულობის) გარეშე. ამიტომაც, როდესაც რაიმეს დავეკითხებოდით, პასუხს მაშინვე არ გაგვცემდა“.[10]

„რასაც გვიბრძანებდა, ყველაფერი კარგად გამოდიოდა, მაშინაც კი, როცა საქმის წარუმატებლობა თითქოს აშკარა იყო. ხოლო თუ რამეზე ყოყმანობდა და გვითმობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან დრტვინვისა და ცილობისთვის აერიდებინა თავი, ასეთ შემთხვევაში იმდენ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით, რომ საქმეს უდიდესი გაჭირვებითა და ვაი-ვაგლახით დავასრულებდით ხოლმე“[11]


[1] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი“(ბერძნული გამოცემა)

[2] იხ. ლუკ. 17,21.

[3] ღმერთისთვის შესაფერისი.

[4] ფილ. 4,7.

[5] წიგნიდან „საღმრთო მადლის გამოცდილება“(ბერძნული გამოცემა)

[6] ფილ. 2,8.

[7] წიგნიდან „ ბერი იოსებ ისიქასტი“(ბერძნული გამოცემა)

[8] წიგნიდან „საღმრთო მადლის გამოცდილება“(ბერძნული გამოცემა)

[9] იგულისხმება, თუ მოძღვარი შორსაა და მას ვერ შეეკითხება.

[10] წიგნიდან  „ბერი იოსებ ისიქასტი“(ბერძნული გამოცემა).

[11] წიგნიდან „საღმრთო მადლის გამოცდილება“( ბერძნული გამოცემა)

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: წმინდა ანას მცირე სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •