ioseb vatopedeli 4

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეორე: მონაზვნური მოწოდება სტავროვუნის მონასტერში

 სტავროვუნიში

 „1937 წლის გაზაფხულს სტავროვუნის მონასტერს ვესტუმრე. შევდგი თუ არა ფეხი კარიბჭეში, ვიგრძენი, რომ ყველაფერი იცვლებოდა. იქაურობა არაჩვეულებრივი ნათლით ბრწყინავდა. გამოუთქმელ სიხარულს ვგრძნობდი. გული ამევსო ღრმა მშვიდობით, რომელსაც მონასტრის თითოეული საგანი აფრქვევდა. პირველად ვიგრძენი რაღაც უნიკალური  კეთილსურნელება. არასდროს განმიცდია მსგავსი რამ. ეს ზებუნებრივი არომატი სავანის გარეთაც კი სუფევდა. იმავდროულად ვიგრძენი, რომ ჩემს სულსა და სხეულს ცეცხლის ალი მოეკიდა. მაინტერესებდა, ამდენი მღვდელი აქ რისთვის შეკრებილიყო. მაშინ ამიხსენეს, რომ მღვდლები კი არა, მონაზვნები ყოფილან. ისინი პატიოსანი ჯვრის მოსალოცად გაგვიძღვნენ, რომელიც წმინდა დედოფალ ელენეს უბოძებია სავანისთვის. მაშინ დავრწმუნდი, რომ ნათლისა და კეთილსურნელების წყარო სწორედ ეს ჯვარი იყო. მისი ბრწყინვალება ნათლის ღრუბელს წააგავდა. იმ წუთიდან მოყოლებული მონაზონი ვარ. ანუ იმწუთას ჩემში ყველაფერი ამქვეყნიური მოკვდა და მონაზონი გავხდი. იქაურობა საიდუმლო მადლს აღმოაცენებდა. სხეულის სიმძიმეს ვერ ვგრძნობდი. თვალები ცრემლებით ამევსო და გულში დიდი წადილი გამიჩნდა, მონაზონთა დასს შევერთებოდი, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი“[1].

მოგვიანებით, უკვე მთაწმინდიდან, თავის მოწაფეს ამას სწერდა: „როგორც უკვე აგიხსენი,  მონაზვნური მოწოდება არც შემთხვევითი მოვლენაა და არც ადამიანის ჭკუის ნაყოფი, არამედ საღმრთო გამოცხადება, რომელიც თითოეული ჩვენგანის დანიშნულებას გვამცნებს და ამიტომაც ზედმიწევნით ყურადღება გვმართებს. რამეთუ არა მარტო ამ მოწოდების უგულებელყოფა გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს, არამედ თავის არიდებაცა და დაყოვნებაც კი საშიშია: არსებობს იმის საფრთხე, რომ ღმერთმა ეს დიდი საჩუქარი უკან წაიღოს. მხოლოდ ისიც კი, რომ ამაზე ფიქრობ, უკვე მოწოდების ნიშანია; მით უმეტეს, რომ შენმა სულმა ღმერთის მადლის ნუგეში  და გემო იხილა“[2].

ამგვარად მოუწოდა საღმრთო მადლმა თექვსმეტი წლის სოკრატეს. დაიხშო წუთისოფლის კარები და გაიღო ზეცის კარიბჭე. გულში საიდუმლოდ ჩაესმა: „მომდევდი მე“. მონასტრის მამები, ამგვარ საკითხებში ღრმად ჩახედული მონაზვნები, მას სულიერ  ცხოვრებას ასწავლიდნენ და განუმარტავდნენ. აუხსნეს, თუ რას წარმოადგენს მონაზონი: ღმერთისადმი მიძღვნილ ადამიანს, რომელსაც სურს ქრისტეს ცხოვრებას მიჰბაძოს. ხოლო იმისათვის, რომ კაცი უფალს შესაფერისად, გაფანტულობის გარეშე ემსახუროს, აუცილებელია მოშორდეს ამქვეყნიურ საზრუნავებსა და შფოთს. მონაზვნებს ანაფორა  მღვდლებივით იმიტომ აცვიათ, რომ ღმერთისადმი აქვთ თავი მიძღვნილი.

მას მერე სოკრატე მონასტერში ცხოვრობდა. მონასტერმა იგი გამონაკლისის სახით მიიღო (ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო).  მამები მიხვდნენ, რომ  მოზარდი საღმრთო მოწოდებით იყო მოსული. თუმცა თავიდან უარი უთხრეს: წადი და სრულწლოვანი რომ გახდები, მერე მობრუნდიო. სოკრატე კი გავიდა მონასტრიდან და მოთქმით, უნუგეშოდ ტიროდა. არსადაც არ წავალო, ამბობდა. როგორ წავიდოდა, როდესაც იგი პირდაპირ „დაატყვევა“ ღმრთის მადლმა. მაშინ შეღავათის სახით დატოვეს, ვითომ როგორც უხელფასო მუშა, სანამ სრულ ასაკს მიაღწევდა და ანაფორას ჩაიცვამდა. ამგვარად ცხოვრობდა იქ როგორც საერო კაცი. რამდენიმე თვეში მოულოდნელად დიდი სურვილი დაეუფლა ანაფორა შეემოსა. აი, თვითონ როგორ გვიამბობს ამის შესახებ: „ერთხელ წმინდა ბარბარეს[3] ეკლესიაში ყოფნისას, შინაგანი მხურვალება, განათლება ვიგრძენი და მთელი გულით მომინდა, რაც შეიძლება მალე გავმხდარიყავი მონაზონი, სხვა მორჩილებზე ადრე ჩამეცვა ანაფორა. წავედი და წინამძღვარს ვთხოვე, თუ შეიძლება  რომ ანაფორა ჩამაცვათ-მეთქი. ასეც მოხდა! და ეს ყველაფერი ამ გოგონას (წმინდა ბარბარეს გულისხმობს) დამსახურებაა, რადგან იგი ზოგადად ძალიან დამეხმარა სულიერ ცხოვრებაში. მოგვიანებით, როდესაც ათონის მთაზე გადმოვსახლდი, ნეა სკიტში, ერთმა ჩემმა თანასოფლელმა წმინდა ბარბარეს დიდი ხატი მაჩუქა-ასე გამოამჟღავნა წმინდანმა ჩემდამი მზრუნველობა. ხატი რომ ხელში დავიჭირე, ძალიან გამიხარდა და ვუთხარი: „ჩემო გოგონა, ქალწულმოწამეო ბარბარე, სტავროვუნიში ვიყავი და მფარველობდი, აქ ჩამოვედი და აქაც მომაგენი!“ ამიტომაა, რომ ჩემს ეკლესიაში მისი ხატი დავკიდე და ტროპარს ვგალობთ ხოლმე  ყოველ წირვაზე“.

monastiri staurobouniou8jpg0
სტავროვუნის მონასტერი

ამასობაში, მშობლებმა და და-ძმებმა არ იცოდნენ რა მოხდა, არც ის უწყოდნენ, სად დაიკარგა სოკარატე. მოგვიანებით ხმა გავრცელდა, თევზაობისას დაიხრჩოო. ნათესაობამ, რადგან მათი საყვარელი სოკრატეს კვალსაც კი ვერ მიაგნო, ჩათვალა, რომ მართლაც გარდაცვლილი იყო. ამიტომ პანაშვიდების გადახდა დაიწყეს. სოკრატემ კი უფლის გულისთვის ყველაფერზე უარი თქვა, და მისი სიყვარულის გამო საკუთარ სამშობლოშივე მწირობა არჩია. მოგვიანებით ერთ-ერთი მათი თანასოფლელი სტავროვუნის ეწვია და მშობლებს შეატყობინა, სოკრატე ცოცხალია და მონაზონი გახდაო. მისი რამდენიმე ძმა მონასტერში მივიდა და შეეცდა იგი გადაერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ. მათი ძმის გულში ქრისტე მკვიდრობდა და მას არავისზე აღარ გაცვლიდა. მხოლოდ დედამისმა მიიღო უყოყმანოდ სოკრატეს მონაზვნობა, მთელი სულითა და გულით დალოცა, ხოლო სხვა შვილები დაარწმუნა იმაში, რომ პატივი უნდა ეცათ მისი გადაწყვეტილებისთვის.  

სტავროვუნის მონასტრის მონაზონი

სტავროვუნი კვიპროსის ერთ-ერთი უძველესი სავანეა, რომელიც ტროოდოსის ქედის აღმოსავლეთ კიდურ მწვერვალზე, ქ. ლარნაკას რაიონში მდებარეობს. ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე გამოკიდებული მონასტერი ქედის დანარჩენი სხეულიდან ფაქტობრივად მოწყვეტილია და სამი მხრიდან სალი კლდე აკრავს. გადმოცემის თანახმად, რომელიც ერის ცნობიერებაში ღრმადაა აღბეჭდილი, სავანე წმინდა ელენე დედოფლის მიერაა აშენებული 327-330 წლებში, როდესაც ის პატიოსანი ჯვრის პოვნის შემდეგ იერუსალიმიდან ბრუნდებოდა. ადრე იმ ადგილას თურმე აფროდიტეს[4] საკერპო მდებარეობდა. დედოფალმა მონასტერს წმინდა ჯვრის დიდი ნაწლი დაუტოვა. სავანის გარშემო ბუნებრივი სიწყნარე სუფევს, რაც ლოცვისა და მყუდროებისთვის დღემდე საუკეთესო პირობებს ქმნის. 1937 წელს მონასტერში სამოცი მონაზონი მოღვაწეობდა, რაც კვიპროსის პირობაზე საკმაოდ დიდი რაოდენობაა და საზოგადოდ მასში სულიერი აყვავება შეიმჩნეოდა.

ბერი ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებდა თავის სტავროვუნელ სულიერ  მშობლებს და მათზე პატარა წიგნიც კი დაწერა სათაურით:  „მოგონებები ღირსი მამების შესახებ’’[5], რომელშიც აღწერილია სავანის წამყვანი პიროვნებების სულიერი ღვაწლი და მიღწევები.

მონასტრის აღორძინებას სათავეში სამი ხორციელი ძმა ჩაუდგა: ბერი ბარნაბა (შემდგომში წინამძღვარი), მ.კალინიკე და მ. გრიგოლი. როდესაც ისინი სტავროვუნიში მივიდნენ (XlX ს-ის ბოლო, XX ს-ის დასაწყისი) იქ მხოლოდ ერთი ბერი , დიონისე დახვდათ. ამ უკანასკნელს თავის დროზე ათონზე ეღვაწა, კავსოკალივაში. მისგან ძმებმა სულიერი ანბანი ისწავლეს და მის ხელშივე სულიერად დავაჟკაცდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თვითონაც ცხოვრობდნენ მთაწმინდაზე. ამგვარად, გამოსაცდელ მორჩილ სოკრატეს იქ ათონური ცხოვრების წესი და აუთენტური ასკეტური ტრადიციები დახვდა, რომლის უპირველესი მატარებლებიც იყვნენ წინამძღვარი ბარნაბა და სულიერი ნიჭებით დაჯილდოებული მოძღვარი მამა კვიპრიანე, კვიპროსის ეკლესიის ერთ-ერთი დიდი მნათობი.

მონასტრის ძმები იყვნენ მორჩილები, გამგონენი, სულით ფხიზლები, შინაგანი გულისმიერი საქმიანობის მუშაკები, ცათა სასუფევლისთვის საკუთარი თავის მაიძულებლები[6], უპოვარები (ზოგიერთს მხოლოდ ერთი კაბა ჰქონდა), დაკონკილი სამოსით შემოსილები, მმარხველები, მღვიძარების მოტრფიალეები, ხალხის თვალთაგან უჩუმრად მოღვაწეები, თავმდაბლად მზრახველები, მდუმარენი, კეთილკრძალულები, შემართებულები, შრომისმოყვარეები, ღმრთისმსახურების მოყვარულები , წყნარები, მშვიდები, ტკბილად მოუბარნი, თავშეკავებულნი, მშვიდობის მატარებელნი, საღმრთო მოშურნეობით ანთებულები;  იმყოფებოდნენ მუდმივ  და მუხლჩაუხრელ შრომაში, წმინდა შეჯიბრებაში[7], სულიერ გლოვაში, ცრემლებსა და იესოს მოუკლებელ[8] ლოცვაში.

ბერი იოსები ხშირად გვიყვებოდა, თუ როგორ ატარებდა დღეს სტავროვუნიში. იმის წყალობით, რომ სოფელში გაზრდილი და მძიმე ჯაფას ბავშვობიდან მიჩვეული იყო, არაფრად აგდებდა დაღლასა და სასტიკ შრომას. მხოლოდ ის აინტერესებდა, ყველასთვის, დიდისა თუ პატარისთვის, მორჩილება გაეწია, თანაც სიხარულით. როგორც უმცროსს, დილის მსახურებამდე ნახევარი საათით  ადრე მამების გაღვიძება დაევალა[9], ხოლო მსახურების დროს მედავითნეცა და ზოგჯერ მნათეც იყო.

დღისით მინდორსა და ბოსტანში მუშაობდა, ყველას თავგამოდებით ემსახურებოდა. მწუხრზე დაღლილ -დაქანცული  ბრუნდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საღამოსა და ღამის ნაწილს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებდა. მალე თითქმის ზეპირად ისწავლა „ევერგეტინოსი’’. ის საღმრთო მადლისაგან უხვად განათლებული , სხვა, უწიგნურ მორჩილებს თავადაც განუმარტავდა წმინდა მამების სიტყვების აზრს.

სუფთა გულისა და გონების, უმეტესად კი ქრისტეს ხილვის წყალობით, პატარა სოკრატემ მონაზვნური ცხოვრების დასაწყისშივე შეძლო იმ ღრმა საიდუმლოებებს ჩასწვდომოდა რომლებიც განწმენდილი ბერებისა და უფროსი თანამოღვაწეების სულებში აღესრულებოდა. იმისათვის, რომ ჩვენში სულიერი ცხოვრების მოშურნეობა გაეძლიერებინა, საძმოს კრებებზე[10] გვიამბობდა ხოლმე სტავროვუნელი მოღვაწეების შესახებ, თანაც, ყოველთვის აღტაცებითა და შთაგონებით.

სტავროვუნის მონასტრის სათნოებამოსილი ბერები

ახალგაზრდა მორჩილს თვალწინ მრავალი მისაბაძი მაგალითი ჰყავდა. მათ შორის გამოირჩეოდა ბერ კალინიკეს ცხოვრება: მორჩილება, თავგანწირვა, მოუკლებელი ლოცვა და ადამიანების თვალთაგან დაფარული შინაგანი მოღვაწეობა. ის გარეგნულად სიმშვიდის ცოცხალ ხატს წარმოადგენდა. იყო მდუმარე, წყნარი. მთელი კვირა შეიძლება ხმაც კი არ ამოეღო და ამიტომ ზოგს ყრუ-მუნჯი ეგონა. არადა, იგი საიდუმლოდ თავის საყვარელ უფალთან საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ უხუცესთა საბჭოს წევრი იყო, უჩუმრად და უხმაუროდ ცხოვრობდა, კრძალულებითა და სულიერი ცხოვრების მოშურნეობით აღსავსე. შეუძლებელია კაცის ხელმა აღწეროს, თუ რაოდენ მარტივად და უპოვრად ცხოვრობდა. არასდროს ჩაიცვამდა ახალ ან საზეიმო ტანსაცმელს, არამედ ყოველთვის დაძონძილ და დაკონკილ  კაბა-ანაფორას ატარებდა. გარდაცვალების შემდეგ ყველაზე ძვირფასი ნივთი, რაც მის სენაკში მოიპოვებოდა, იყო თივის დამპალი ლეიბი.

ბერი დიონისე, თუმცა წინამძღვარი იყო, გამოირჩეოდა წყნარი და მშვიდი ხასიათით, მამობრივი სიყვარულით, ტკბილი მოპყრობით, მშვიდობისმყოფელი სულით, ღრმად თავმდაბლური აზროვნებით. იყო მმარხველი და უზომოდ თავშეკავებული. იმ დღეებშიც კი, როცა მარხვა არ იყო, მხოლოდ ზეთით იხსნილებდა. იყო ღარიბი და უქონელი. ჰქონდა სიკეთე, სიტკბოება, უშფოთველობა, არასდროს ახასიათებდა უხეშობა – ბერის საქციელი ჭეშმარიტად ქრისტეს სურნელება იყო[11]. მისი მანუგეშებელი, მზრუნველი, მამობრივი ხასიათი იყო გონების უაღრესი სიფხიზლისა და ფარული შინაგანი მუშაობის შედეგი. ლოცვისას ადგილის ხშირი გამოცვლა უწევდა ხოლმე, რადგან იქ, სადაც  ლოცულობდა, გარემო ფაქიზი კეთილსურნელებით ივსებოდა ხოლმე, რითაც  მისი სიახლოვე იგრძნობოდა, ხოლო მას ეწადა ეს სხვებისთვის დაფარული ყოფილიყო. ეს დაფარული რჩეული ჭურჭელი[12] მარადიულობას სათნოებებითა და სიწმინდით სავსე შეუერთდა.

ზემოჩამოთვლილთა გარდა, სხვა მამებიც გამოირჩეოდნენ ღირსეული ცხოვრებითა და სათნოებებით. ბერები – პაისი და დამასკინე, მიუხედავად დიდი ასაკისა, საღმრთო მოშურნეობით სავსენი იყვნენ, რაც მათი უზომო სულიერი მოღვაწეობის შედეგი იყო. ჩვეულებრივ, ხანშიშესულ ადამიანს მოშურნეობა უმცირდება. ამ ღვაწლმოსილ ბერებს  უპირველეს მიზნად მორჩილება  დაესახათ. ამის შედეგი იყო ის, რომ უბრალოებით გამორჩეული პაისი ღმერთისადმი სიყვარულით იწვოდა(იმდენად, რომ ზოგჯერ ქვეყნისგან  განშორებული გეგონებოდა), ხოლო დამასკინე სავსე იყო სიმდაბლითა და ლმობიერების ცრემლებით. პატივცემული ბერი პაისი, მუდამ მომღიმარი სახითა და ნებისმიერი კეთილი საქმისათვის მზადყოფნით, ყველას სულიერ მოღვაწეობასა და საგრძნობლების დაცვას შთააგონებდა. მიუხედავად ბერთა შორის თავისი წარჩინებული მდგომარეობისა, არასდროს აარიდებდა თავს მედავითნეობას ან გალობას, კითხულობდა სატრაპეზოშიც. და თუმცა მათი სხეულები გარდამეტებული მოღვაწეობის გამო უკვე გამომხმარ-გამომშრალი იყო, თვადადებითა და შემართებით ნებისმიერი სამსახურისთვის იყვნენ მზად. ჩვენი მოძღვარი გვეუბნებოდა: „ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხებოდი: ესენი ადამიანები არიან თუ არა? საერთოდ, გააჩნიათ ბუნებრივი კანონების შეგრძნება თუ არა?! ვიხსენებდი კიბისაღმწერლის სიტყვებს: „ ვინც სხეულს სძლია, მან ბუნებას სძლია; ხოლო ვინც ბუნებას სძლია, ის უკვე ბუნებაზე მაღლა დადგა“.

როგორც ვახსენეთ, მორჩილ სოკრატესთვის მრავალი ბერის ცხოვრება გახდა მისაბაძი მაგალითი. მაგრამ ის, ვინც ყველაზე  არსებითი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებაში, ვინც მამობრივად დამოძღვრა, ვინც სულიერ ცხოვრებაში წარუძღვა, ვინც განამტკიცა, საბოლოოდ კი, ათონური მონაზვნობისკენ მიაბრუნა, წარმოუჩინა რა მთაწმინდა მდუმარების და განწმენდის, სულიერი აღმასვლის ადგილად – იყო ნეტარი ბერი კვიპრიანე. სწორედ ის გახლდათ მისი სულიერი მოძღვარი სტავროვუნის მონასტერში ცხოვრების განმავლობაში. ეს პატივცემული ბერი ძალიან გამჭრიახი იყო, მონაზვნური აღთქმების ზედმიწევნითი დამცველი და გამოცდილი სულიერი მოძღვარი. მას ერთი პერიოდი ათონზე უცხოვრია – მაშინ, როდესაც მონასტერს მატერიალურად  ძალიან უჭირდა. ერთი წელი  სიმონპეტრას მონასტერში დაჰყო მწირველ მღვდლად, სადაც წარმოაჩინა უშეღავათო მოღვაწეობა და საკუთარი თავისადმი სიმკაცრე. მხოლოდ ოთხი საათი ეძინა დღე-ღამეში, ხოლო დანარჩენ დროს ლოცვასა და სულიერ საკითხავს უთმობდა. მეტად ღარიბულ სენაკში ცხოვრობდა. მისი სხეული დიდი ასკეზის გამო გამოშრა. ჰქონდა გამჭოლი გამოხედვა, რომელიც თანამოსაუბრის გონებისა და გულის სიღრმეებს სწვდებოდა, რის შედეგადაც თითოეული ადამიანი დაუფარავად აღიარებდა ყველაფერს, ემორჩილებოდა რა მისი  სულიერი მსჯავრის ძალას. შემდეგ კატუნაკებში გადავიდა, სადაც დაახლოებით ექვსი თვე იცხოვრა დიდ დაყუდებულ ბერებთან, კალინიკესა და გერასიმესთან ერთად. აგრეთვე მოინახულა წმინდა მთის სხვა მრავალი სავანე და სოხასტერი. ეს კურთხეული ბერი არა მარტო სტავროვუნის, არამედ მთელი იმდროინდელი კვიპროსის ეკლესიის ბურჯი და მწვერვალი გახდა. მისი თავგანწირვა, მოუკლებელი შრომა და ჯაფა, სადღეღამისო  ღმრთისმსახურება, რომლის დროსაც ძირითადად ფეხზე იდგა, ყველა თანამოღვაწისთვის მიუღწეველი დარჩა. ხოლო ის, თუ რა გულმოდგინებითა და სიზუსტით იცავდა საგრძნობლებს, უბრალოდ, დაუჯერებელია.

ამ უკანასკნელ სათნოებასთან დაკავშირებით ბერი იოსები ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებდა: „როდესაც პირველ ხანებში საძმომ მონასტრის გარეთ არსებული ნაკვეთების დამუშავება წამოიწყო, აუცილებელი გახდა საერო მუშახელის დაქირავებაც, რომელთაგან ზოგიერთი მუდმივად ცხოვრობდა სავანის მეტოქებში, რადგან მამები მხოლოდ დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მუშების ხელმძღვანელს თან თავისი მოკრძალებული მეუღლე ჰყავდა მოყვანილი, რომელიც კარგი დიასახლისი გახლდათ  და ამიტომ თითქმის ყველა იმ საქმეში იღებდა მონაწილეობას, რომელშიც მამა კვიპრიანეც იყო ჩართული.  ხუთი წელი იმსახურა მამა კვიპრიანემ ამ მორჩილებაზე, შემდეგ კი მონასტერში გადაიყვანეს, სადაც მწირველი მღვდლისა და სულიერი მოძღვრის მორჩილებებს ასრულებდა. ერთხელ, აღსარებების მიღების დროს, მასთან მთავარი მუშის ხსენებული მეუღლე მივიდა. ბერის შეკითხვაზე, საიდან ბრძანდებითო, ქალს გაეცინა- მამა კვიპრიანემ მხოლოდ მაშინ იცნო იგი თავისი ხმით! ანუ მთელი ხუთი წელი ერთად მუშაობდნენ და მისთვის ერთხელაც კი არ შეუხედავს სახეში. შინაგანი სულიერი მუშაობის, განუწყვეტელი სინანულის, გლოვისა და განუზომელი მოთმინების წყალობით მიაღწია იმას, რომ სრულად ფლობდა საკუთარ თავს“.

მამა კვიპრიანეს სიტყვებმა ათონის წმინდა მთისა და იქაური სულიერი ცხოვრების შესახებ ახალგაზრდა მოღვაწეს დიდი სურვილი აღუძრა, მასაც მდუმარებით ეცხოვრა ისეთი გამოცდილი ბერის ზედამხედველობით, რომელსაც ეცოდინებოდა მდუმარების წესები, სინანული, სათნოებები, გონებისმიერი მოღვაწეობა და ლოცვა; ერთი სიტყვით, საიდუმლო შინაგანი ქრისტესმიერი ცხოვრება.


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წ.

[2] წერილი ანდრეას (ამჟამად ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს). 1974 წლის 7/20 ნოემბერი.

[3] მონასტრის მეტოქი, რომელიც მთის ძირში მდებარეობს.

[4] კვიპროსი მითიური ქალღმერთის სამშობლოდ ითვლება

[5] წიგნი ქართულად ნათარგმნი არ არის.

[6] იხ.მათ. 11,12.

[7] იგულისხმება რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სულიერი სათნოებების შეძენასა და გაზრდაში. ამგვარი შეჯიბრება საერო შეჯიბრების საპირისპიროა, ამიტომაც იწოდება „წმინდად“. მაგალითად, ერთობლივი მუშაობის დროს ყველა იმას ფიქრობს, თუ როგორ შეუმსუბუქოს სხვას საქმე საკუთარი დაღლის ხარჯზე; ცილობის კამათის დროს – ვინ პირველი დათმობს საკუთარ აზრს; ღმრთისმსახურებაზე- ვინ მივა პირველი ეკლესიაში და ა. შ.

[8] „მოუკლებელი”-განუწყვეტელი, შეუჩერებელი.

[9] ყოველი ღმრთისმსახურების წინ ერთი ან რამდენიმე ძმა მონაზვნების სენაკებს ჩამოივლის, ყველას უკაკუნებს და ორიოდესიტყვიან ლოცვას ამბობს. თუ პასუხი („ამინ”) არ მიიღო, უფლება აქვს, კარი შეაღოს, რათა დარწმუნდეს, რომ ძმას სამედიცინო დახმარება არ სჭირდება, ან უბრალოდ, ხომ არ ჩაეძინა.

[10] საძმოს კრებაზე დასწრება მონასტრის ყველა მონაზვნისთვის სავალდებულოა. მოძღვარი სულიერ თემებზე საუბრობს, რასაც ზოგჯერ მსჯელობა და/ან კითხვა მიგება მოსდევს. ბერ იოსების ტრადიციით ეს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას ხდება. წმინდა ექვთიმე ათონელი თვეში ოჯერ ან სამჯერ, კვირადღეს ატარებდა ხოლმე მსგავს კრებებს (იხ.ქართული პროზა ტ.1, გვ. 402).

[11] ის. 2 კორ.2,15

[12] იხ. საქმე 9,15

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •