E2533A2E 7A5E 4E7A BD78 892811D12206

წმინდა ალექსი შუშანია – ყოველი გულით მლოცველი ემუსაიფება ღმერთსა

საცნაურ არს ყოველთა შორის საიდუმლო იგი დიდება სულისა ჩვენისა, რამეთუ უკეთუ მისცე მას ყოველი, რაიცა არს მშვენიერება, გინა დიდება სოფლისა ამის, ვერასადა დააკმაყოფილოს იგი, არამედ კვალადცა ეძიებს და უკეთუ შესაძლოა, რომ მისცე მას ყოვლისა სოფლისა ხელმწიფება, მაშინაც ნახავ რამეთუ აკლია მას რაღაცა და ეძიებს პოვნად და სურის კიდევ სხვა რამე, ესე იგი არს, რაც დაკარგა, მას ეძიებს, და ვიდრე არა იხილოს გემო იგი ძელისა მის ცხოველისა, არასადა განისვენოს.

ამისთვის ჯერ არს ჩვენდა საშვალებად ამ დიდის საიდუმლოისა აღსავალისა ვიქონიოთ შეძლებისა და მოცალეობისაებრ დუმილით ხედვა ესე, რომელსაცა ფრთოვან ეს მყუდროებისა მიერ სულთქმანი და არს სულთქმა ესე ჭეშმარიტი ლოცვა სიტყვისაებრ უფლისა: ”დახშ კარი შენი და შევედ საუნჯესა შენსა და ილოცე ფარულად.” ცხადია, რომ დახშვა კარისა ნიშნავს დახშვასა ყოვლისა სოფლიო ზრუნვისასა და შესვლა საუნჯესა არს დუმილით შესხვლა შინაგანისა ჩვენისადმი და მის მიერ ხედვითა გონებისათა სულთქმითა ლოცვასა.

თუმცა მრავალ არიან სახენი და განგებანი ლოცვათან, გარნა ყოველთა შორის უმაღლესი ადგილი უჭირავს ლოცვასა ამას. ვინაიდა სულის საქმეა გონებითი ხედვა, ამისთვის სადაცა გინდა მიიყვანო – უაღრეს არს ყოველთა ღვაწლისა, გინა თუ ქვეყნა და ხედვა, გინა თუ უხორცოთა თანა ცად აღიყვანო და დიდებასა მაღლისასა განიცდიდე, და გინათუ თავსა შორის შენსა მოაქციო ხედვად ყოველთა შორის მისთა განკითხვათა; ზესთა ბუნებისა განკვირვებამან შეგიპყრას შენ და სისაწყლემან შენმან სულთქმანი განგიმრავლოს სიყვარულისადმი იმ ერთის მხოლოდ ბრძენისა და განმგებელისა ღვთისა.

ლოცვა ორგვარია: პირველი – შინაგანი და მეორე გარეგანი. გარეგანის ლოცვის მნიშვნელობა იგი არს, რომ აღძრას შინაგანი და ურთიერთი შეთვისებითა მადლის ამის უსაზღვროისა ღვთის სიყვარულისადმი აღიყვანოს მიწიერი ესე კაცი და ანგელოზთა დარად მათ უხორცოთა თანა გალობისა, ქებისა და დიდების შემწირველად გამოჩნდეს. თვინიერ ამისა გარეგანი უგულო ლოცვა მუსიკაა ყურთა ოდენ სასმენი, ჰაერთა მცემი და ჰაერში განქრობადი, მიტომაც მარტო გარეგანის წესის აღმასრულებელნი რჩებიან უნაყოფოდ.

თუ ვინმეს რომელიმე პირი უყვარს, უეჭველია მასთან მუსაიფით იხარებს და სტკბება სიყვარულითა. ეგრეთვე ყოველი გულით მლოცველი ემუსაიფება ღმერთსა და მისის სიყვარულით სტკბება და თან დროთი-დრო ცრემლეობს საღმრთო ცეცხლის მიღებითა და მადლი ღვთისა ახარებს მას. ამისთვის გთხოვ და გმოძღვრი, რათა, რაოდენიცა შეძლო, ცოტ-ცოტა ყოველდღე ლოცვა შეიყვარო, თუ საქმით ვერ მოახერხო, გულით ახსენე მისი ძვირფასი სახელი.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა ალექსი შუშანიას პორტრეტი 

X