ხატი აღდგომა

წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი – გავხდეთ იმგვარი, როგორიც არის ქრისტე

აღდგომის დღეა და საბედნიერო დასაწყისი. გავბრწყინდეთ დღესასწაულით და შევეტკბოთ ერთიმეორეს. ძმად ვუწოდოთ არა მხოლოდ იმათ, რომლებსაც სიყვარულის გამო რაღაც უღვაწიათ ანთუ დაუთმენიათ, არამედ, აგრეთვე, იმათაც, რომლებსაც ვძულვართ. ყველაფერი მივანდოთ აღდგომას, შენდობა მივცეთ ერთიმეორეს.

გუშინ თანა-ჯვარსვეცმოდი ქრისტესთან, დღეს თანა-ვიდიდები; გუშინ თანა-მოვკვდებოდი, დღეს თანა-ცხოველვიქმნები; გუშინ თანა-დავიფვლოდი, დღეს თანა-აღვდგები, მაგრამ შევწიროთ ნაყოფი მას ჩვენთვის ვნებულსა და აღდგომილს! იქნებ ფიქრობთ, რომ ოქროზე ვამბობ, ანთუ ვერცხლზე, ქსოვილზე ანთუ გამჭვირვალე და პატიოსან თვლებზე, – მიწის ნივთზე, რაც წარედინება და ქვევით რჩება, მარადჟამ რომ იმათ აქვთ უფრო მეტად, რომლებიც უკეთურნი არიან და, ამასთან, დამონებულნი ქვენა საქმეებსა და სოფლისმპყრობელს. ნაყოფად შევწიროთ ღმერთს თვით ჩვენი თავი – უპატიოსნესი და უსაკუთრივესი შენაძენი, უკუ-მივცეთ ხატს ხატისებრიობა, შევიცნოთ ჩვენი ღირსება, პატივი მივაგოთ პირველსახეს [ყოვლადწმინდა სამებას], ვიცოდეთ საიდუმლოს არსი და ის, რის გამოც მოკვდა ქრისტე.

გავხდეთ იმგვარი, როგორიც არის ქრისტე, ვინაიდან ქრისტეც გახდა იმგვარი, როგორიც ვართ ჩვენ. გავხდეთ ღმერთები [ე.ი. მადლით განღმრთობილნი] მის გამო, ვინაიდან ისიც ჩვენ გამო ადამიანი გახდა. მიიღო მან უდარესი, რომ მოეცა უმჯობესი; გაღატაკდა, რომ მისი სიღატაკით ჩვენ გავმდიდრებულიყავით. მონის ხატი მიიღო, რომ ჩვენ უკუმიგვეღო თავისუფლება; ქვეჩამოვიდა, რომ ავმაღლებულიყავით; გამოიცადა, რომ ჩვენ გაგვემარჯვა; უპატიობა განიკუთვნა, რომ ვედიდებინეთ; მოკვდა, რომ ვეცხოვნებინეთ; ზე-ავიდა რომ თავისი თავისკენ მიეზიდა ცოდვის დაცემულობაში ქვე-მდებარენი. დაე, მანვე ყოველივე მისცეს, ყოველი შესწიროს ნაყოფად მას, ვინც ჩვენ გამო გამოსასყიდად და ნაცვალსაზღაურად გაიღო თავისი თავი, ხოლო ვერაფერს მისცემს იგი მას იმგვარ რასმე, როგორც თავის თავს – საიდუმლოს გულისხმისმყოფელს და მის გამო იმ ყოველივედ ქმნილს, რადაც იქმნა იგი ჩვენთვის.

წიგნიდან: თექვსმეტი სადღესასწაულო სიტყვა

მთავარი ფოტო: აღდგომის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)