0d07dbb33798e538fa20e3a2bdb0a846

წმინდა დიდმოწამე ბარბარე – მთავარეპისკოპოსი დიმიტრი მურეტოვი

,,საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა’’ – ამბობს დავით მეფსალმუნე. ღმერთი თავის ყოვლისშემძლეობას, ძალას, სასწაულმოქმედებასა და სიყვარულს უხვად ავლენს მათ მიმართ, ვინც მას გული გაუხსნეს. არანაკლებ საკვირველია წმინდანთა სიყვარული ქრისტეს მიმართ! როგორი ღვაწლი აღარ აღასრულა წმინდა ბარბარემ? რას არ გაუძლო, როგორი ტანჯვა და ტკივილი არ დაითმინა მან ქრისტესთვის?

ამ სამყაროში ერთ-ერთი უსაკვირველესი მოვლენაა ქრისტესადმი შეუძვრელი და დაუმარცხებელი სიყვარული და ამავდროულად ის საღმრთო ძალმოსილებაც, რომელიც ადამიანურ უძლურებებში ვლინდება. დღეს ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს განადიდებს.

ზოგჯერ ვწუწუნებთ ხოლმე და ვწუხვართ იმის გამო, რომ ჩვენს ეპოქაში სასულიერო პირთა არასრულყოფილება და გამოცდილ სულიერ მოძღვართა დეფიციტი შეინიშნება. მაგრამ წმინდა ბარბარემ რომელ მქადაგებელს მოუსმინა? რომელი მასწავლებლისგან ისწავლა ქრისტეს სიყვარული? წარმართებით გარშემორტყმული და განმარტოებულ კოშკში გამოკეტილი ახალგაზრდა ქალწული მხოლოდ ცას და მიწას ხედავდა: იმ ცას, რომელიც დღისა და ღამის მანათობლებით გამშვენებულიყო და იმ მიწას, რომელიც მრავალფერი ყვავილებითა და მცენარეებით შემკულიყო. ღმერთის დიდების მაუწყებელი ცის შემხედვარე ქალწულის გონება სამყაროს შემოქმედი ღმერთის შეცნობისკენ აღიძრა. ეს შემოქმედებითი ძალით გამშვენებული დედამიწა მის გულს მადლიერებითა და ყოვლადკეთილი შემოქმედისადმი სიყვარულით აღავსებდა. ამ ყველაფერში ჩაღრმავებული ახალგაზრდა ბარბარე ფიქრობდა: ,,ის ღმერთები, რომლებსაც მამაჩემი სცემს თაყვანს, თავად ადამიანთა ხელითაა შექმნილი. განა მათ ასეთი საკვირველი სილამაზის შექმნა შეუძლიათ? განა ამ დიდებული და თვალუწვდენელი სამყაროს შექმნა შეეძლოთ, რომელსაც ახლა ჩემი თვალები უმზერენ? ერთი უნდა იყოს ამ ყველაფერის შემოქმედი. ერთი ღმერთი, რომელსაც ყველაფერი უპყრია, ყველაფერს განაგებს, ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებს და ყველაფერს განსაზღვრავს’’. სურვილი სურვილს ემატებოდა, წყურვილი წყურვილს, რათა როგორმე ამ ყველაფრის შემოქმედი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ეხილა, რომელსაც ჯერ არ იცნობდა და რომელიც უკვე მთელი გულით შეიყვარა. იმდენად შეიყვარა, რომ სიმამაცით უარყო ყოველგვარი ამქვეყნიური ნუგეში, რათა ერთადერთი ჭეშმარიტი და უაღმატებულესი ნუგეში – ცოცხალი ღმერთის შეცნობა მოეხვეჭა. უარყო ყოველგვარი სიმდიდრე, რათა ერთადერთი შეუფასებელი და უძვირფასესი საუნჯე – ქრისტე შეეძინა. უარყო ის მიწიერი საქმროები, რომლებსაც მამამისი სთავაზობდა, რათა  ზეციური სიძის სძალი გამხდარიყო.

ამ ახაგაზრდა ქალწულის ამგვარი გულწრფელობა, სიყვარული და სიბრძნე საკმარისი იყო იმისთვის, რათა საღმრთო მადლით თავისი ძიების მიზანს მიმთხვეულიყო. აი, ღმერთის საიდუმლო განგებულებით, ის უახლოვდება ქრისტიან ქალწულებს, რომლებიც მას უფალ იესუ ქრისტეს შესახებ პირველად მოუთხრობენ; რამდენადაც მას ჰქონდა გულისწადილი, რათა ჭეშმარიტებაში მეტად ჩაღრმავებულიყო, ღმერთის განგებულებით ხვდება ქრისტიან მღვდელს, რომელიც მოგზაური ვაჭრის შესამოსლით შემოსილიყო. ამ უკანასკნელმა ქრისტეს სარწმუნოების საიდუმლოებები განუცხადა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა, ანუ შინაგანი სულიერი ცხოვრების შესახებ ასწავლა, ნათლისღების საიდუმლოსაც აზიარა და ამის შემდეგ, კვლავ საღმრთო მადლის წინამძღვრობის ქვეშ დატოვა. მას არ ჰყავდა ხილული მასწავლებელი და მოძღვარი სულიერი ცხოვრებისა.

ეს ყველაფერი ამ საკვირველი ქალწულისთვის სავსებით საკმარისი იყო. განეშორა რა ეშმაკს, მას არაფრის ფასად აღარ სურდა უკან დაბრუნება, რითიც არ უნდა ეცდუნებინათ და როგორც არ უნდა დამუქრებოდნენ, უკვე უკან აღარ დაიხევდა. მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მას შემდეგ, რაც ქრისტეს შეუდგა, მხოლოდ მისთვის მიეძღვნა მთელი სიცოცხლე და რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ზეციურ სიძესთან სულიერ-საიდუმლოებრივი წინდობა ბოლომდე შეენარჩუნებინა. არც ეშმაკმა დააყოვნა ამ საკვირველ ქალწულზე მთელი თავისი ბოროტების გადმონთხევა. ამასთან ერთად, თავის მხრივ, ქრისტემაც გამოავლინა მასში თავისი მადლის უძლეველი ძალა. და აი, დაიწყო გაუგონარი ბრძოლა! ეშმაკის მხარეს მთელი ხილული ძალა და მთელი უხილავი უძლურება იყო; ხოლო დიდმოწამის მხარეს, თითქოს მთელი უძლურება ადამიანური ბუნებისა და ამავდროულად, ქრისტეს სიყვარულის მთელი უხილავი ძალა მკვიდრობდა, რომელიც იმდენად მტკიცეა, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც ვერანაირი ქმნილება ვერ შეარყევს.

ეშმაკის პირველი იარაღი იყო ხორციელი მამა, რომლის გულიც საკუთარი ქალიშვილის მიმართ, ჯერ უკიდურესად გადამეტებული და ავადმყოფური სიყვარულით აღავსო. ხოლო შემდეგ ასევე ავადმყოფური სიძულვილითა და ბოროტებით. მან დაუწყო მუქარა, დევნა, ბასრ ქვებზე თმებით ათრია, ბნელ დილეგში ჩააგდო და შიმშილით ტანჯავდა. მაგრამ რამდენად საზარელიც არ უნდა ყოფილიყო მისი მრისხანება და ბოროტება, ის მალევე უძლური აღმოჩნდებოდა ხოლმე ამ წმინდა ქალწულის სიბრძნისა და რწმენის ძალის წინაშე. წმინდა ქალწულმოწამისთვის მისი მუქარა არაფერს წარმოადგენდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ცდილობდნენ, რომ კვლავ კერპთაყვანისმცემლობაში დაებრუნებინათ, ის ამ მკვდარი კერპებისა და მისი თაყვანისმცემლების უგუნურებას სიბრძნით, მადლისმიერი სიტყვითა და ცოცხალი ღმერთის რწმენით ამხელდა. გულსასტიკი მამა გრძნობდა, რომ თავისი ახალგაზრდა ქალიშვილის მიერ დამარცხდა და გადაწყვიტა ტანჯვა-წამების ყოველგვარი სახეობისთვის მიემართა, რათა საკუთარი შვილი ქრისტესგან განეშორებინა. ამგვარად, წმინდა ქალწული წარსგა ჯალათის წინაშე, რომელიც მასზე სრული ძალაუფლებითა და  ყოველგვარი ტანჯვის იარაღით აღჭურვილიყო. თავდაპირველად ის ცდილობდა, ახალგაზრდა და გამოუცდელი ქალწული პატივით, სიმდიდრითა და მოჩვენებითად კეთილი მოპყრობით ეცდუნებინა. ამ ყველაფერზე ის ერთი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებითა და უსულო კერპთა გმობით პასუხობს. გაბოროტებულმა ჯალათმა ბრძანება გასცა, რათა გაეშიშვლებინათ და სასტიკად ეცემათ მანამ, სანამ მიწა მისი სისხლით არ დაიფარებოდა და დაგლეჯილი ხორციდან ძვალი არ გამოჩნდებოდა. თავისი ხორცის ამ გაშმაგებულ ტანჯვას ის მდუმარედ ითმენდა. მისი სული ცოცხალი რწმენით ამაღლდა და მისი გული ზეციური სიძისადმი შინაგანი, დაფარული ლოცვით განიმსჭვალა. მათი სისასტიკე ამით არ დასრულებულა, კიდევ დიდ ხანს ტანჯეს, ნახევრად მკვდარი ჩამოხსნეს და კვლავ დილეგში ჩააგდეს.

რა გგონიათ, რას გააკეთებდა ეს ცოცხალ-მკვდარი მოწამე დილეგში? ტანჯვისგან გათავისუფლებისთვის ილოცებდა? მოთქმა-გოდებით დაიტირებდა თავის ხვედრს და სიკვდილს ინატრებდა? არა; იქ ის მოუკლებელ ლოცვაში ჩაიძირა და ყოველ ღამეს ქრისტეს ძიებასა და მასთან საუბარში, ფსალმუნებასა და გალობაში ატარებდა. ის ტკივილისგან გათავისუფლებას კი არ ითხოვდა, არამედ მოთმინებასა და განმტკიცებას. მისი სხეული გახსნილი ჭრილობებით იტანჯებოდა, ხოლო მისი გული ქრისტეს სიყვარულის უძლიერესი ცეცხლით ანთებულიყო. მისი ბაგეები სისხლით ივსებოდა, თუმცა მისი აალებული სული ცოცხალ ქრისტესთან იმყოფებოდა. ამ ნეტარმა დილეგმა, საკუთარ თავში ისეთი საგანძური დაიტია, რომელიც იმ დროს, არც ერთი სამეფოს არც ერთ სასახლეში არ მოიპოვებოდა! დედამიწაზე ყველაზე მეტად ეს ადგილი იყო ღირსი იმისა, რომ ის თავად მეუფე დიდებისას მოეხილა და მანაც არ დააყოვნა. შუა ღამისას ზეციურმა ნათელა განაბრწყინა ის ბნელი დილეგი. თავად უფალი იესუ ქრისტე ესტუმრა საყვარელ სასძლოს და თავისი უტკბესი ბაგეებით უთხრა მას: ,,კადნიერად იყავი, სძალო ჩემო და ნუ გეშინია: მე შენთან ვარ, გიფარავ და ვხედავ შენს ღვაწლს და ამის გამო, ჩემს ზეციურ სავანეში შენთვის მარადიული საზღაურია განმზადებული’’. უთხრა ეს, თავისი ყოვლადწმიდა ხელებით მის ჭრილობებს შეეხო და განკურნა. განა ამ ახალგაზრდა მოღვაწის ნუგეშისა და განმტკიცების გარეშე დატოვება შეეძლო მას, ვინც გეთსიმანიის ბაღში მყოფმა, ანგელოზისაგან განმტკიცება კეთილინება?

ამგვარი ნუგეშის შემდეგ, წარმოგიდგენიათ როგორი არამიწიერი სიხარულით წავიდოდა ნებისიერ სატანჯველზე და თავად სიკვდილზეც კი? ის ხეზე ჩამოკიდეს, გახურებული შანთებით დააგლიჯეს ხორცი, მკერდი მოკვეთეს და უროთი სცემდნენ. ეს დიდებული ქალწული ამ ყველაფერს გულში სიმამაცით, სახეზე სიხარულითა და ბაგეებზე მოუკლებელი ლოცვით ითმენდა. ბოლოს, როგორც იქნა, წმინდა ბარბარეს მოთმინების წინაშე მტანჯველთა ბოროტება ამოიწურა და მახვილით სიკვდილი მიუსაჯეს. გულბოროტმა მამამ გადაწყვიტა, რომ თავად ყოფილიყო განაჩენის აღმსრულებელი. ამაზე მეტს ვეღარაფერს იზამდა ეშმაკი და ვერც  ამაზე სასტიკად დამარცხდებოდა. დიდმოწამის გამარჯვება იყო სრულყოფილი და მან მოიხვეჭა ბრწყინვალე, ნათელმოსილი და ზეციური გვირგვინი!

ჩვენ რას გვასწავლის დიდმოწამის ეს გონებამიუწვდომელი ღვაწლი? მხოლოდ ერთს – რომ გვიყვარდეს უფალი იესუ ქრისტე სიკვდილამდე, ამ სამყაროში არაფრის ფასად არ ვუღალატოთ მის მცნებებს, ყველაფერი სულგრძელად დავითმინოთ, რათა ჩვენი ძვირფასი რწმენა შევინარჩუნოთ. მიწაზე მხოლოდ ზეცისა და მარადიული სიცოცხლისთვის ვიცხოვროთ და ეს სიმდიდრე არაფერზე გავცვალოთ. ,,რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?’’(მარკ.8:36-37).ამინ.


წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ