18538

წმინდა იოანე სინელი – ბევრი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს ნახევარ სიცოცხლეს ართმევს

ზოგიერთი ღამით ფხიზლობს და უნივთოდ, ყოველგვარი ზრუნვისგან შიშველი ხელგანპყრობილი დგას ლოცვაზე, ზოგი ფსალმუნთა გალობით ფხიზლობს, ზოგი წიგნს კითხულობს, სხვა ხელსაქმით ებრძვის ძილს, სხვა კი სიკვდილის ხსენებაში ატარებს ღამეს ლმობიერების მოსაპოვებლად. ამათ შორის პირველნი და უკანასკნელნი ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო ფხიზლობენ; მეორენი და მესამენი, რომლებიც ფსალმუნებს გალობენ და კითხულობენ, სამონაზვნო გზით მიდიან; ხოლო რომლებიც ხელსაქმით ფხიზლობენ, ისინი უმდაბლესი გზით მიდიან. ღმერთი ადამიანის შრომას მისი განზრახვისა და შესაძლებლობის მიხედვით იწირავს და შესაბამისად ანიჭებს მადლს.
ფხიზელი თვალით გონება იწმინდება, ხოლო ბევრი ძილით გული ქვავდება და სული ბნელდება.
ფხიზელი მონაზონი სიძვის მტერია, ხოლო მძინარა – მისი მეგობარი.
სიფხიზლე არის გულქვაობის შემუსრვა, სიზმრებისგან გათავისუფლება, ცრემლის მომხვეჭელი, გულის დამამდაბლებელი, აზრების მცველი, საჭმლის მომნელებელი, ეშმაკთა მტანჯველი, ენის აღვირი და ოცნებების განმდევნელი.

ღვთისმოყვარე მონაზონი ზარის დარეკვისას ამბობს: “ვაშა, ვაშა, რა კარგია!” ხოლო ზარმაცი და მცონარა ამბობს: “ვაიმე, ვაიმე, როგორ მეზარება!”
ნაყროვანები სუფრის გამზადებისას გამოიცდებიან, ხოლო ღვთისმოყვარეებს ლოცვის ღვაწლი სცდის.
ნაყროვანი სუფრის დანახვაზე კუნტრუშით გარბის, ხოლო ლოცვის მოყვარე მისვლას აყოვებს.
ბევრ ძილს გულმავიწყობა მოაქვს, სიფხიზლე კი გონებას წმენდს.
მუშაკთა სიმდიდრე კალოზე და საწნახელში გროვდება, ხოლო მონაზონთა სიმდიდრე და გონიერება _ ღამის ლოცვასა და გონებრივ ჭვრეტაში.
ბევრი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს ნახევარ სიცოცხლეს ართმევს.
გამოუცდელი მონაზონი ზღაპარში ფხიზლობს და ლოცვის მოახლოებისას თვალები უმძიმდება.
ზარმაცი მონაზონი მრავალსიტყვაობაში გამოცდილია და გულმოდგინე, ხოლო წიგნის კითხვის დროს თვალებს ძლივს ახელს.

მზაკვარი მეგობარია ძილის ვნება: ჭამა-სმის დროს გაგვეცლება და მარხვისა და ლოცვის ჟამს ძლიერ გვებრძვის.

ვაჭარი ვაჭრობის შემდეგ ითვლის მონაგებს, ხოლო ფხიზელი და გულმოდგინე მონაზონი კანონის აღსრულების შემდგომ აღრიცხავს თავის სარგებელს.
ლოცვის შემდეგ ყურადღებით იყავი და მრავალ ეშმაკს იხილავ, თავს რომ გვესხმიან და ჩვენში ბილწი აზრების დათესვას ცდილობენ. ისინი ამ გზით შურს იძიებენ ჩვენზე იმისთვის, რომ ლოცვის დროს შევებრძოლეთ.
კვლავ დადექი დარაჯად და იმათაც იხილავ, ვინც მუდამ მზად არის ჩვენი სულიერი ნაყოფის პირმშოთა დასატაცებლად.

თუ ძმებს შორის ხარ და მათთან ერთად ასრულებ მღვიძარების სათნოებას, მაშინ შიშის ეშმაკი დიდად ვერ შეგებრძოლება; მაგრამ თუ განმარტოებით, განდეგილთა ადგილას იმყოფები, ყურადღებით უნდა იყო, რომ არ დაგეუფლოს სიამაყის შვილი და ურწმუნოების ასული – შიში, რომელსაც ვძლევთ, თუ მარადის გვექნება ლტოლვა უფლისკენ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ