kelya svyatogo v novom skitu gde svyatoj iosif isihast prozhil poslednyuyu chast svoej zhizni

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

მამა ანდრეას ნაამბობი

ნეა სკიტში არის ერთი საძმო, რომელსაც აბრაამელებს უწოდებენ. ეს შესანიშნავი ძმობა მამა თეოფილაქტეს წმინდა უვერცხლოთა კალივის მეზობლად ცხოვრობს. მას მერე, რაც დიდი ბერის საძმომ ნეა სკიტი დატოვა, მ. თეოფილაქტეზე ზრუნვა სწორედ აბრაამელებმა იტვირთეს. 1954 წელს მათ მამა ანდრეა შეუერთდა. იმ დროისთვის წმინდა იოსების საძმო უკვე ერთი წელი იყო, რაც ნეა სკიტში ცხოვრობდა.

ერთხანს მ. ანდრია ჩვენი მოძღვრის მეზობლად ცხოვრობდა და რადგან ხშირად ერთად შრომაც უწევდათ, ჩვენი მოძღვრის სათნოებები შეუმჩნეველი არ დარჩენია. თვითონ ასე გვიამობს:”როდესაც ათონზე მოვედი, მაშინ მეორე მ. იოსები (ჩვენს მოძღვარს გულისხმობს), გამოქვაბულებიდან რომ ნავსადგურია, იქ ცხოვრობდა, ცოტა მაღლა. 54-ის აგვისტოში მოვედი. მრავალი წელი ვიცხოვრეთ გვერდიგვერდ, მეზობლად. ახლა იმის მაღლა თეოქტისტე ცხოვრობს. სადაც უნდა წასულიყო ეს საძმო, მათდა სასახელოდ, ყველგან რაღაცას ქმნიდნენ: აშენებდნენ, ასწორებნენ, აპირკეთებდნენ. განსაკუთრებით მ. იოსები გამორჩეული იყო. შიშველი ხელებით მუშაობდა. კირიაკონის დაბლა ერთადაც გვაქვს ნამუშევარი. მაღლა, ნათლისმცემლის კალივაში, სადაც ახლა მ. გიორგია, მაშინ ბერი იოსები და ბერი არსენი ცხოვრობნენ. მათ სკიტელებისგან განსხვავებული ტიპიკონი ჰქონდათ. ნაშუადღევს, სამ საათზე სადილობნენ და მერე იძინებდნენ.მზის ჩასვლამდე დგებოდნენ და ლოცულობნენ, აღარ იძინებნენ. სკვნილზე ლოცულობნენ (იესოს ლოცვით). მთელ მსახურებებს სკვნილით აღასრულებნენ. რაღაც დროს კი, არ ვიცი ზუსტად როდის (მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მათთან არ მივდიოდი), ბერის საცხოვრებელში იკრიბებოდნენ და მამა ხარლამპი წირავდა. წირვის შემდეგ ჭამდნენ და ისევ თავიანთ ადგილებს უბრუნდებოდნენ. უფროსი მ. იოსების ძმა (იგულისხმება მ. ათანასე), სკიტის საფარველის კალივაში მარტო ცხოვრობდა, რადგან ყველა ერთად ვერსად დაეტეოდა. მათი საცხოვრებელი კალივა არ იყო, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, არამედ იყო კელია. ისინი სარგებლობნენ სკიტის გზებითა და ნავსადგურით, მაგრამ, თუ რამე სჭირდებოდათ, კურთხევას ჯერ სკიტიდან და მერე მონასტრიდან კი არ იღებნენ, როგორც, მაგალითად, მე, არამედ პირდაპირ მონასტრიდან. არც კირიაკონის მოვლა ევალებოდათ. ასეთი წესით ცხოვრობდა ბერ იოსების საძმო.

ეფრემი მოგვიანებით მოძღვართან გადავიდა. ამიტომ ბერმა უმცროსი მ. იოსები გადაიყვანა თეოფილაქტესთან, რომელსაც მაშინ დიკეოსობა უწევდა, მაგრამ ასაკის გამო გათავისუფლებული იყო. როდესაც იოსები იქ მივიდა, ყველაფერი წესრიგში მოიყვანა: წისქვილი ჩვენი ხელით შევაკეთეთ, ასევე ზეთის გამოსახდელი. მამა იოსები ხელმძღვანელობდა, ხოლო მე, მამა გიორგი და მამა ტრიფონი მას ვეხმარებოდით. წისქვილი მაღლა გვქონდა, იქ, სადაც ახლა პირუტყვი გვყავს, მაგრამ წყალიც ხომ გინდა? წყლის მილები გაიბზარა და ცისტერნა არასდროს ივსებოდა. სპეციალური მოწყობილობა დავაყენეთ წისქვილის სატრიალებლად, ზეთისხილის დასაჭყლეტად და ზეთის გამოსაყვანად, ყველაფერი… კირიაკონის გვერდით რომ კარია, იქაა.

მეორე იოსებს კარგად ვიცნობდი. პირველი იოსების შესახებ კი ერთ სასწაულს გეტყვით. ჩემი მოძღვრები, მღვდელმობაზონი სერაფიმე და მონაზონი პავლე, ბიზანტიური დროით 11 საათზე (17:00-20:00) საქმეს ამთავრებნენ, რადგან ბერმა აბრაამმა ასე აკურთხა: “რაც გაქვთ გასაკეთებელი სახლში, ბაღში ან სანაპიროზე, მზის ჩასვლამდე ერთი საათით ადრე მორჩით ხოლმე”. ჩემი მოძღვრები მეორე იოსებთან და მამა ხარლამპთან ერთად ადიოდნენ პირველ ბერ იოსებთან და მერე უკან ბრუნდებოდნენ. მე ახალგაზრდა ვიყავი და ჩემთვის იქ მისვლა აკრძალული იყო. ახლაა რომ ყველაფერი შეიცვალა, თორემ მაშინ ასე არ იყო. სულმოუთქმელად ველოდი, როდის გავიზრდებოდი, რომ ბერ იოსებთან ავსულიყავი და მისთვის მომესმინა. ყველამ იცოდა, რომ მას სათნოებები ჰქონდა. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებულ პატივს ვცემდით.

მ. ეფრემი, როგორც ვთქვით, იოსებ პირველთან გადავიდა. და აი, ბერი გარდაიცვალა მამა კირილეს საძმოს კალივაში, როგორც კი ღამისთევის მსახურება დასრულდა. დავწექი თუ არა, მახსოვს, ისმის:”ბუმ!ბუმ! – ზარები რეკავს. გარეთ გამოვედი, ვინ გარდაიცვალა-მეთქი, ვიკითხე. ბერი იოსებიო, მიპასუხეს. რაო?! ოთახში შემოვბრუნდი, ტირილით კინაღამ გავსკდი. რაო? მოკვდაო?! მე მას მხოლოდ აღდგომას ვხედავდი: როდესაც სკიტში ჩვეული ლიტანია გვქონდა და კოშკთან ავდიოდით; ბერი ხელის პატარა საცეცხლურით იდგა ხოლმე, ხოლო მამა არსენი – წითელი კვერცხებით სავსე კალათით. ეს იყო და ეს. სულ ის სურვილი მქონდა, მალე გავიზარდო, რომ მეც მასთან ავიდე-მეთქი. მინდოდა მეც ისევე დავმტკბარიყავი სულიერად, როგორც სხვა მამები და ჩემი მოძღვრები, – მ. სერაფიმე და მ. პავლე ტკბებოდნენ მისი სიტყვებითა და მადლით. რომ ვფიქრობდი, გული მწუხარებით ამევსო და უნუგეშოდ ავტირდი. ვეუბნები მ. სერაფიმეს: “წამიყვანე ბერთან, თუ არა და მოვკვდები, აღარ შემიძლია მეტის ატანა”. წავედით. სულ ტირილ-ტირილით მივდიოდი. ეკლესიაში იატაკზე გადასაფარებელი იყო გაშლილი და ზედ მისი წმინდა ნეშტი იყო დასვენებული – ცენტრში, ქორკანდელის ქვეშ. დავემხე და მოთქმით ავტირდი. ჩავეხუტე, დავკოცნე და მერე დავმშვიდდი. ეს ჩემი აზრით სასწაულია. სევდა სასწაულებრივად გამიქრა. ვფიქრობ, ბაბუას მადლმა იმოქმედდა. ეს შემთხვევითი რამ არ იყო. ესაა, რაც პირველ იოსებზე ვიცი.

მეორე იოსები მ. თეოფილაქტესთან რომ დასახლდა, კარის მეზობლები გავხდით. პირს რომ გახსნიდა, ვერ მოსწყდებოდი. თუმცა, ისეთივე განათლება ჰქონდა, როგორიც მე; მეც დაწყებითი კლასები მქონდა გავლილი და მასაც. მაგრამ მან ეს ცოდნა რაღაცნაირად ააღორძინა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ღმერთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა, სულიერი სიტყვის ნიჭი. მამა იოსებთან პოლიტიკაზეც რომ დაგეწყო საუბარი, სულიერით დამთავრდებოდა. ტექნიკურ საკითხებზე დაიწყებდი და ისევ სულიერზე გადავიდოდა. ნიჭი ჰქონდა. მამა აბრაამი ჩემი მოძღვარი იყო, ხოლო მ. იოსები – ჩემი მამა. ის ვნებებისგან თავისუფალი იყო. ნათქვამიც აქვს, ხორციელი ვნება არ მაწუხებსო”[1].

მამა იოსების ცხოვრება ნეა სკიტში დიდი ბერის გარდაცვალების შემდეგ

ჩვენი მოძღვარი წერდა: “ახლა თავს მოვუყრი ბიოგრაფიულ ცნობებს და ბერის წმინდა ლოცვებით აღვწერ მის ცხოვრებას… ჩვენ ახლა, ბერის სიტყვების თანახმად, ცალ-ცალკე კი ვცხოვრობთ, რათა უფრო მდუმარე იყოს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ სინამდვილეში გაერთიანებულები და განუყრელები ვართ… მ. არსენი, რომელიც ახლა ნამდვილი დაყუდებულია, შენთვის მთელი სულით ლოცულობს… ჩვენი წმინდა მამის ლოცვებმა მუდამ გაგვაძლიეროს, რათა ჩვენს შინაგან კაცშიც დაიმკვიდროს ქრისტემ, როგორც ამას წმ. პავლე ამბობს.და ამგვარად, სიყვარულში გამტკიცებულებმა შევძლოთ, ჩავწვდეთ (მათთან ერთად, ვინც ჩვენი მამის მიერ მოცემულ ცხოვრების წესს მოჰყვება), თუ რა სიგანე, სიგრძე, სიღრმე და სიმაღლე აქვს ცოდნაზე აღმატებულ ქრისტეს სიყვარულს. ჰო, ჩემო საყვარელო ძამიკო, უფლის სიყვარულით შემოსილები და მის მიერ მოცულები მოვწყდეთ ამა სოფელს და მისგან მომდინარე ცოდვის გამომწვევ მიზეზებს, რაც თანამედროვე ადამიანისთვის რთული საქმეა. ჩვენი ძმების მოკითხვას გიგზავნი. მთელი სულით მოგიკითხავ და ველი შენს ჩემთვის დიდად სასურველ წერილს. იოსები”[2].

“სიყვარული, თავისი თვისებით, ღმერთის მიმსგავსებაა, რამდენადაც ეს კაცს ძალუძს, თავისი მოქმედებით კი – სულის თრობაა. მისი დამახასიათებელი ნიშნები შემდეგია: რწმენის წყარო, სულგრძელების უფრსკული, სიმდაბლის ზღვა”. ასე ლაკონურად და ლამაზად ახასიათებს სიყვარულის სახარებისეულ სათნოებას წმინდა იოანე სინელი. მონაზვნური ცხოვრების ოცდასამი წლის განმავლობაში ჩვენმა მოძღვარმა მორჩილების და შრომისმოყვარეობის, შინაგანი მდუმარებისა და ლოცვის სათნოებები შეიძინა.

ის ყოველთვის იცავდა თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს: ადამიანის თვალთაგან დაფარულად ეცხოვრა. იშვიათად თუ იტყოდა რამეს თავისი სულიერი მდგომარეობის შესახებ. ჩვეულებრივ, თავის მოძღვარსა და წმინდა მამებს ახსენებდა. ამბობდა: “მადლის მოხვეჭას დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ მის დამალვას – კიდევ უფრო მეტი”. ამიტომაც დასძენდა: “მამები ჩვენნაირები კი არ იყვნენ. როგორც კი რაიმე სულიერ ნუგეშს ვიგრძნობთ, ქვეყანას რომ მოვდებთ ხოლმე. ისინი, თუმცა დიდ სულიერ საზომს მიაღწიეს, თვლიდნენ, რომ ეს არა მათი, არამედ ღმერთისა იყო. არადა, გარკვეულწილად მათიც იყო”[3]. მათი იყოო, რომ ამბობს ბერი, იმას გულისხმობს, რომ წმინდანებმა ადამიანურ ვნებებსა და სისუსტეებს სძლიეს ლოცვით, ასკეზით, მოღვაწეობით, წმინდა სათნოებების მოხვეჭით. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვნებებისგან თავისუფლებას გრძნობნენ, ისიც იცოდნენ, რომ, თუ უდებებას გამოიჩენდნენ, ისევ ვნებებსა და ცოდვებში ჩავარდებოდნენ. ამიტომაც ყოველთვის სიმდაბლით ცხოვრობდნენ.

დიდი ბერის გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ მამა იოსებმა, სულიერი შვილების თხოვნით, 1959 წლის ოქტომბერიდან მისი ცხოვრების წერა დაიწყო, მაგრამ სხვა სულიერი ძმების რჩევით არ გამოსცა, რადგან ბერი ახალი გარდაცვლილი იყო და შესაძლოა ამას სხვადასხვა ცილისწამება და განსაცდელი მოჰყოლოდა. ის წერა: “მეშინია, მეუფემ ან სხვა ვინმემ არ დაგაძალოს და არ გამოაქვეყნო რამე, ამიტომაც მოძღვრის ცხოვრებას, რასაც მალე ვრცლადაც დავწერ, ჯერ არ გიგზავნი. სანამ მისი საფლავი არ გაიხსნება და შესაბამის უწყებას არ მოგვცემს ბერი, არაფერი არ გამოქვეყნდება და არ დაიბეჭდება”[4].

დიდი ბერისა და წმინდა მამებისგან ჰქონდა ნასწავლი, რომ მონაზვნის გული არავის და არაფერს არ უნდა მიეჭაჭვოს. ამიტომ ნათესავებთან ურთიერთობას გაურბოდა, მოუხედავად იმისა, რომ ძალიან მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდათ. ის კი ძალიან გაუხარდა, რომ მისიანები ამერიკაში ქრისტიანულად ცხოვრობნენ. იმავე წერილში წერდა: ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი ძმების შესახებ მომწერე, არა იმდენად მათი ცხოვრებისეული სიახლეების შესახებ, არამედ ის, რომ ქრისტიანულად ცხოვრობენ. ახლა მხოლოდ ამას ვისურვებდი: თუკი შეძლებ დროდადრო შენი შეხედულებისამებრ ქრისტიანულ ცხოვრებაში განამტკიცე ისინი, მათი სულიერი მდგომარეობისა და გარემოებების გათვალისწინებით. მეც მივწერ, რომ ჩემ მაგივრად გიგულონ და ვიმედოვნებ, გამიგონებენ. მათ ვუყვარვარ, რადგან მეც მიყვარს ისინი. თუ ღმერთმა ქნა და უფროსებიც ასე მობრუნდებიან, ძალიან ბედნიერი ვიქნები და მართლაც ღმერთის წყალობა იქნება. იყოს უფლის ნება”. სხვაგან, ადამიანური მიჯაჭვულობისგან თავისუფალი და ქრისტიანული სიყვარულით სავსე, წერდა: “ძალიან გამიხარდა, ის ფოტოსურათები რომ გამომიგზავნე, სადაც ჩემიანებთან ერთად ხარ! ვუთხარი ჩემს თავს: რა შენ ყოფილხარ და რა ის-მეთქი, მხოლოდ სახელებშია განსხვავება. მე რომ ჩამოვსულიყავი და მათთან ერთად მეცხოვრა, რასაც მთხოვდნენ, სარგებელს ვერ მოვუტანდი, შენ კი მოუტან. ასე რომ, ღმერთი ყველაფერს ბრძნულად განაგებს”[5].

ჩვენი ბერი განსაკუთრებით სიმდაბლის სათნოებით იყო შემკული, რადგან ადრეული ასაკიდან შეეჩვია თავის ბრალობას, რაც საქმით გამოხატული სიმდაბლეა, ამასთანავე, თავგანწირულ მორჩილებას იჩენდა როგორც მოძღვრის, ისე ყველას მიმართ. სულიერი მწყემსის მოვალეობებზე ის წერდა: “ვმადლობ ღმერთს, რომ არანაირი კარგი თვისება არ მაქვს და ამგვარად, ყოველნაირად გამოუსადეგარი ვარ. მანდ, უცხოეთში ჩვენი თანამემამულეები უმწყემსო ცხოვრებით არიან… ბევრი არაა საჭირო იმისთვის, რომ სულიერი სარგებელი მიიღონ. ორ ძირითად რამეს უნდა მიაქციონ ყურადღება: ზნეობრივ ცხოვრებას და უპოვარებას. თუ ამ ორ რამეში გამყარდება მანდაური სამღვდელოება და ერი, სასწაულებს მოახდენენ, თანაც, სიტყვის უთქმელად… შენ კი, ჩემო ძმაო, ის გააგრძელე, რაც  გასწავლეს. სწორად წარმოაჩინე ქრისტიანული ცხოვრება, ხოლო ჩვენი მამის ლოცვა-კურთხევა და უფლის მადლი ყოველთვის შენთან ერთად იყოს. ამინ”.[6]


[1] მამა ანდრეა ნეასკიტელის ნაამბობიდან, 2016 წლის 1/14 მარტი.ბერი 2017 წლის 2/15 სექტემბერს გარდაიცვალა.

[2] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1959 წლის 16/29 სექტემბერი.

[3] სიტყვა ტრაპეზზე, ნეა სკიტი, 1985 წლის 8/21 იანვარი.

[4] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1959 წლის 29 ოქტომბერი/11 ნოემბერი

[5] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1959 წლის 2/15 ნოემბერი

[6] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1960 წლის 23 თებერვალი/7მარტი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო:წმინდა იოსებ ისიქასტის კელია ნეა სკიტში, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru