John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – შიში სასოების გამანადგურებელია

შიში რწმენისგან განშორებაა მოულოდნელის მოლოდინით.
მფრთხალი უწინარეს შემთხვევისა წარმოიდგენს სირთულეებს.
მფრთხალი შიშით გამოწვეული წარმოდგენებით მუსრავს გულს.
შიში სასოების გამანადგურებელია.
ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი ძალის იმედი აქვს და რამე ხმის გაგონებაზე მაშინვე ძრწის.
ვინც გულით გლოვობს და წუხს, მან საერთოდ არ იცის შიში; ბევრ ამპარტავანს კი შიშისგან გონება წართმევია, რადგან ღმერთი ამპარტავნებს სამართლიანად განსწავლის, რათა ამ უკანასკნელთა გამო სხვებიც შეშინდნენ და თავმდაბლობა ისწავლონ.
ყოველი მფრთხალი პატივმოყვარეა. მაგრამ განა ყველა თავმდაბალია, ვისაც არ ეშინია?! – არც ავაზაკები და საფლავის მძარცველები ფრთხებიან ადვილად.

როცა ხორცი შეძრწუნებულია, მაგრამ სულში შიში არ არის, მაშინ ახლოსაა ამ სენისგან გათავისუფლება; ხოლო რაჟამს ყოველგვარ მოულოდნელ ჭირსა და წარმოსახვას შემუსრვილი გულით უშიშრად ვხვდებით და არაფრად მივიჩნევთ, მაშინ ნამდვილად თავისუფალი ვართ შიშისგან.
ღამის სიბნელე და ადგილის უკაცრიელობა კი არ აძლიერებს ეშმაკებს ჩვენს წინააღმდეგ, არამედ სულიერი უნაყოფობა. ზოგჯერ კი ეს ღვთის განგებულებით დაიშვება ჩვენდა სასწავლებლად.
ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფის ეშინია; ხოლო ვისაც მისი არ ეშინია, მას საკუთარი ჩრდილიც კი აფრთხობს.
როცა ადამიანთან ბოროტი სული მიდის, ხორცი ძრწის, ანგელოზის მისვლისას კი სული ხარობს. სწორედ იმით ვსცნობთ ანგელოზის მოსვლას, რომ ასეთ დროს დაუყოვნებლივ ლოცვისკენ მივისწრაფით, რადგან მოვიდა ჩვენი კეთილი მცველი უფლის მიერ, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ