პანტოკრატორი

მართლმადიდებლური ანთროპოლოგია და განათლება – არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

იესუ ქრისტე როგორც მასწავლებელი

ღმერთკაც იესუ ქრისტეს საიდუმლოება ჩვენს ეკლესიაში საიდუმლოთა შორის უდიდებულესია. რას გულისხმობს ის? ,, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა’’ (1.ტიმ. 3:16). ამ საიდუმლოების წინათგრძნობა ძველ ათენელ განსწავლულებსაც ჰქონდათ, რადგან მათ ათენში ,,უცხო ღმერთის’’ კერპი აღემართათ. ,, ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი…’’(საქმე. 17:23-24).

სწორედ ეს საიდულოება განუცხადა ათენელებს პავლე მოციქულმა არეოპაგის ოფიციალური ტრიბუნიდან. ეს საიდუმლოება მივიღეთ ჩვენც, ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისგან. ამ საიდუმლოებით ვცოცხლოთ, ამ საიდუმლოებას ვემსახურებით და ეს საიდუმლოება გვაძლევს იმედის საბაბს.

ამ საიდუმლოების გარეშე ჩვენი ერთობა უმიზნო და ზედმეტი იქნებოდა, ხოლო ჩვენი სიტყვა – ცარიელი და ამაო.

რატომ? იმიტომ, რომ ღმერთკაც ქრისტეს საიდუმლოების გარეშე ჭეშმარიტ ღმერთს ვერასდროს შევიცნობდით, ვერც ჭეშმარიტებას ადამიანისა და სამყაროს შესახებ.

ჭეშმარიტების გარეშე კი ჩვენს ცხოვრებას აზრი არ აქვს.

ადამიანი და მისი საქმეები, როგორიცაა: ფილოსოფია, განათლება და მორალი, წარმავალი და შემოსაზღვრულია. ამიტომაც თავად ადამიანს არ ძალუძს, რომ ამოხსნას ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს საიდუმლოება, ის თავისებურად განმარტავს მას, თვითონ უწესებს საკუთარ თავს სჯულს და თვითონაა საკუთარი თავის ,,ღმერთი’’. ასეთია თანამედროვე ეგზისტენციალისტის მდგომარეობა. ის დღესასწაულობს ღმერთისგან ,,განთავისუფლებას’’ და მიდის იმ დასკვნამდე, რომ სიკვდილის სახით, დამოკლეს მახვილი მუდამ მის თავზეა დაკიდებული, რომელიც მის ოცნებებს, კეთილშობილურ წამოწყებებსა და არსებობას ძირშივე კვეთს. როგორც კამიუ ამბობს, ეს არის სიზიფეს მდგომარეობა, რომელიც მთის წვერზე ძვირფასი ქვის ატანას ცდილობს და როდესაც მწვერვალს უახლოვდება, ეს ქვა ხელიდან უსხლტება და კვლავ უფსკრულში უჩინარდება. ასეთი ადამიანი საკუთარ თავს მიტოვებულად და დაცარიელებულად გრძნობს. ის განწირულია თითქოს იმისთვის, რომ გააცნობიეროს ყოველივეს აბსურდულობა.

ამიტომაც,  ამ საიდუმლოების შეცნობა შეუძლებელია ღმერთის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამისთვის ჩვენ ქრისტესთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, რადგან ის გვიცხადებს ჭეშმარიტებას ღმერთის, ადამიანისა და ქმნილების შესახებ და შესაბამისად მთელ სამყაროსადმი სწორ ურთიერთდამოკიდებულებას გვიყალიბებს.

ადამიანის ჭეშმარიტი პედაგოგი მხოლოდ მისი შემოქმედია. ის შემოქმედი ლოგოსი(იესუ ქრისტე), რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საზრისს აძლევს და ამაოებიდან გამოჰყავს.

ქრისტე ზრდის ადამიანს და გამოიხსნის მას. მთელი მისი განგებულებაც არსობრივად სწორედ ადამიანის აღზრდას გულისხმობს. წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი თავის ,,პედაგოგში’’ წერს:

,,ჰოი, ტკბილი პედაგოგის მოწაფენო! უფრო და უფრო მეტად შევუერთდეთ ჩვენი წმინდა ეკლესიის სხეულს; მივისწრაფოდეთ მისკენ და მივირბინოთ, როგორც პატარა ბავშვები მირბიან თავიანთ კეთილ დედასთან.  გავხდით რა ლოგოსის სიტყვის მსმენელნი, განვადიდოთ ჩვენი გამოხსნისა და ნეტარების მომნიჭებელი განგებულება; მისით ადამიანი ზეციური მამის შვილობამდე აღიზრდება. მიწაზე მიღებული ამ ზეციური აღზრდით, ის ზეცის მოქალაქე ხდება(ფილ.3:20). ზეცაში მიემთხვევა მამას, რომლის შეცნობასაც აქ, მიწაზე სწავლობდა. ლოგოსია ყოველივეს შემოქმედი, პედაგოგი და მასწავლებელი’’.

ჭეშმარიტად, ადამიანი ქრისტეს განგებულებით აღიზრდება, რადგან მხოლოდ მის განგებულებაში მყოფობით, ანუ მასთან თანამშრობლობით განიკურნება, გარდაიქმნება, გადარჩება და განიღმრთობა. იგივე წმ. კლიმენტი ამბობს: ,,საუკეთესო პედაგოგი მამის სიბრძნე და სიტყვაა, ისაა ადამიანის შემოქმედი. ცოდვის გარდა მთელი სისავსით მიიღო ადამიანური ბუნება და კაცობრიობის მთავარი მკურნალი და მხსნელი გახდა. სწორედ ის კურნავს ადამიანის სხეულსაც და სულსაც’’.

წმ. ნიკოლოზ კავასილას თანახმად, ჩვენი მხსნელის განგებულება უპირველესად საღმრთო ლიტურგიაზე ვლინდება.

საღმრთო ლიტურგია ეკლესიის გულია, რომელიც ადამიანს ასწავლის, აღზრდის და ქრისტეს სიტყვით აღავსებს. კლიმენტის სიტყვის თანახმად, სიტყვა(ქრისტე) ადამიანს გარეგნულად კი არ ზრდის, არამედ საკუთარ თავს აძლევს როგორც საკვებს:

,,ჰოი, საიდუმლოებრივი სასწაული! ლოგოსი ამ ახლადშობილი კაციობრიობისთვის ყველაფერია: მამაც, დედაც და აღმზრდელიც. ,, ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა’’(ინ. 6:53). ის საკუთარ ხორცს გვაძლევს და საკუთარ სისხლს გვისხავს და ამით თავისი შვილების ზრდას უზრუნველყოფს. ჰოი, საღმრთო საიდუმლო! ის მოგვიწოდებს, რომ ცოდვისმიერი გატაცებები მივატოვოთ და მას გავყვეთ. რამდენადაც შეგვიძლია მისით განვიმსჭვალოთ და აღვივსოთ შინაგანად და ჩვენი მხსნელი საკუთარი გულით ვატაროთ, რათა ჩვენი ხორცის ცოდვისმიერი სურვილები მოვთოკოთ’’.

ასეთი შინაგანი და საიდულმოებრივი გზით აღზრდის ადამიანს პედაგოგი ქრისტე.

ღმერთკაცი ქრისტე, როგორც საღმრთო ლოგოსი

ქრისტემ, როგორც ლოგოსმა, არამხოლოდ ზეციური მამა განგვიცხადა, არამედ მთელი ქმნილების ლოგოსები და თანაც ყველა. ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა; ის არის ყოველივეს უწინარესი და ყველაფერი მისით დგას და არსებობს. ის არის თავი ეკლესიისა.

თუკი მთელი ქმნილების ლოგოსის თავი ლოგოსი-ქრისტე არ არის, მაშინ არც ადამიანის და არც სამყაროს არსებობას აქვს აზრი. ასეთ შემთხვევაში ეს სამყარო არამხოლოდ ალოგიკური და უაზრო იქნებოდა, არამედ ლოგიკის საწინაღმდეგო, აბსურდული და არარაობა.

ქრისტეს გარეშე ეს სამყარო არამხოლოდ უაზრო იქნებოდა, არამედ ნაწილებად გახლეჩილი, რადგან არ იქნებოდა ისეთი არაფერი, რაც მის ყველა არსს ერთ, საყოველთაო და ლოგიკურ ერთობაში გააერთიანებდა.

რა აზრი აქვს ჩემს არსებობას იმ სამყაროში, რომელსაც არ აქვს ცენტრი და საზრისი?

ცხოვრება საზრისის გარეშე ჩვენი ყოფიერების ყველაზე დიდი ბოროტებაა. სამყაროს ცენტრის არარსებობა ადამიანისთვის და განსაკუთრებით კი მგრძნობიარე ახალგაზდისთვის, პირადი ცენტრის არარსებობას ნიშნავს. ასე ცხოვრება ხდება სტრესით აღსავსე და აუტანელი ყოფიერება. ჩვენი შვილების მრავალი ანტისაზოგადოებრივი ქმედება, როგორებიცაა: ნარკოტიკი, ანარქიზმი, გულგრილობა და სწავლის მიტოვება, ვფიქრობ, რომ აიხსნება, როგორც ამ აბსურდული სამყაროს მწარე რეალობის აღქმიდან გაქცევა და შინაგანი დაუკმაყოფილების გამოხატულება.

დღეს, ჩვენი განათლება ვერ ეხმარება ახალგაზრდებს იმაში, რომ მთელი სამყაროს არსი და მიზანი აღმოაჩინონ. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ განათლებამ საკუთარი ცენტრი – ლოგოსი – ქრისტე დაკარგა.

დღევანდელი განათლების სისტემის მიერ დადგენილი ადამიანური მიზნები, მიუხედავად მათი ავტორების კეთილი სურვილებისა,  მოსწავლეებს ისეთ ღირებულებებს სთავაზობს, როგორებიცაა: ადამიანის თავისუფლება, დემოკრატია და საზოგადოებრივი სამართლიანობა. საქმე იმაშია, რომ ამ ღირებულებებს არ შეუძლიათ ამ სამყაროს სრული შემეცნების მიღწევა და ვერ აჩვენებენ კავშირს შემოქმედსა და ქმნილებას შორის. აქედან გამომდინარე, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ეს ღირებულებები ან საერთოდ არ ეხებიან ახალგაზრდების გულს, ან მოკლევადიანი ენთუზმიის მოძალებას იწვევს, რომელსაც შემდგომში იმედგაცრუება და ნიჰილიზმი მოსდევს.

სკოლებში რელიგიის საგნის სწავლებას იმაზე მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე ზოგადად რელიგიის შესახებ გარკვეული ცნობების მიწოდება. მისი მიზანი იმის ჩვენებაა, რომ მთელ ქმნილებას აქვს თავისი არსი, თავისი ლოგოსები, რომელიც ლოგოს – ქრისტეშია გაერთიანებული. ასე ვლინდება ამ სამყაროს ერთიანობა, ცენტრი და არსი.

ღმრთისმეტყველს შეიძლება უნივერსალური ცოდნა არ ჰქონდეს, მაგრამ მას შეუძლია მოსწავლეებს აუხსნას ის, რომ ამ სამყაროში რაც არსებობს, ყველაფერს თავისი არსი აქვს, ყველა ლოგოსის თავი ლოგოსი – ქრისტეა და ყველა მასშია გაერთიანებული.

აუცილებელია ისეთი ღმრთისმეტყველება, რომელიც კოსმოლოგიას ქრისტოლოგიურად და ეკლესიოლოგიურად იგებს და წარმოაჩენს.

ადამიანი, როგორც მეფე და მღვდელი, მთელ ქმნილებას იღებს როგორც ღმრთის საჩუქარს და კვლავ მას უბრუნებს.

მართლმადიდებელი მეცნიერისთვის არ არის რთული ბუნებაში ღმერთის კვალის დანახვა, რადგანაც მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველების თანახმად, ღმერთში განირჩევა არსი და უქმნელი საღმრთო ენერგიები, რომლის წყალობითაც ის ამ სამყაროში მოქმედებს. ქმნილი სამყარო უქმნელი საღმრთო მადლისთვის დახურული და მიუწვდომელი არ არის. სწორედ ევქარისტიისას ხდება ქმნილისა და უქმნელის, საღმრთოსა და ადამიანურის შეერთება. ესაა დიდებული ქორწილი, დიდებული სიხარული და მართლმადიდებლობის დიდებული ზეიმი.

ამ ქორწილში ყველა მოწვეულია. მართლმადიდებლობის თანახმად, ღმერთი არ არის ქმნილების მიღმა, არც ქმნილებაზე მაღლა, არამედ თავისი უქმნელი ენერგიების მიერ მყოფობს თავის ქმნილებაში ისე, რომ არ აღერევა მას, როგორც ამას პანთეიზმში თვლიან.

დასავლეთი თვლის, რომ ღმერთი ქმნილებასთან მხოლოდ შესაქმისას ფიზიკური კანონების დაწესებითაა დაკავშირებული. მათი აზრით, ზოგჯერ ეს კავშირი ამ ფიზიკური კანონების გაუქმებით, რომელიღაც სასწაულით ვლინდება. ამიტომაც, ისინი ვერ არჩევენ ღმერთში საღმრთო არსსა და უქმნელ საღმრთო ენერგიებს. ჩვენ, მართლმადიდებელ ღმრთისმეტყველებს შეგვიძლია საღმრთო ენერგიების დანახვა ქმნილებაში. ეს ენერგიები ონტოლოგიურია და სწორედ ისინი უწყობენ ხელს ქნილების განმტკიცებას, ზრდას, შენახვას და სრუყოფილებას.

ქმნილების ამგვარი შეგრძნება შეუძლებელია იყოს მხოლოდ ლოგიკური დასკვნების ნაყოფი. მხოლოდ შინაგანი მდგომარეობით ღმრთისმეტყველია ამ შეგრძნების მატარებელი და საკუთარი გამოცდილებით განიცდის ამ ყველაფერს და სამყაროს ამგვარ ხედვას თავის მოწაფეებსაც გადასცემს.

ღმერთკაცი ქრისტე, როგორც ეკლესიასტე

საღმრთო ლიტურგიისას ქრისტე ვლინდება არამხოლოდ როგორც შემოქმედი ლოგოსი, რომელიც სამყაროს ყოფიერებას ინარჩუნებს, არამედ როგორც ეკლესიასტე. ის არის განბნეულთა ერთად შემომკრები და მათგან ერთი სამწყსოს, ერთი ეკლესიის შემქმნელი, რათა არავინ მოაკლდეს კეთილი მწყემსის სიცოცხლის მომნიჭებელი ხმის მოსმენას. ის მორწმუნეებს საკუთარ თავში აერთიანებს, საკუთარი სხეულის ნაწილებად აქცევს და სხვა პიროვნებებთან ჭეშმარიტი შეხვედრისა და ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

ეკლესია თავისი არსით არ არის რაღაც რელიგიური დაწესებულება, არც საუნჯე საღმრთო მადლისა, რომელიც იმ პირობით მოგეცემა თუკი რაღაც გარკვეულ წესებს აღასრულებ, როგორც ამას სქოლასტიკური ღმრთისმეტყველება ასწავლის.

ეკლესია ეს ის ადგილია, სადაც ადამიანის პიროვნება ღმერთკაც იესუ ქრისტეს მიერ, ერთი ღმერთის სამ პიროვნებას ხვდება. ეს ურთიერთობა ჭეშმარიტი ,,ურთიერთშეღწევაა’’, რაც სიყვარულზეა დაფუძნებული. ეკლესია არის ,, მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, და სიყვარული ღმრთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა ჩვენ ყოველთა თანა’’.

სინანულით, სიმდაბლით, ცოცხალი რწმენითა და სიყვარულით, ქრისტიანი ამ ავადმყოფურ ინდივიდუალიზმს გადალახავს და ხდება პიროვნება, რომელიც გახსნილია სიყვარულით ურთიერთობისთვის. სწორედ ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი თავისუფლება.

ასეთი ერთობის რეალიზება ჩვენ ადამიანებს საკუთარი ძალებით არ შეგვიძლია, რადგან ჩვენი ბუნება პირველქმნილი ცოდვის მიზეზით განყოფილია.

ქრისტე თითოეულ ჩვენგანს საკუთარ სხეულში იღებს და ჩვენს ადამიანურ ბუნებას აერთიანებს და ამთლიანებს. ქრისტეში გაერთიანებულ ადამიანებს შეუძიათ ჭეშმარიტ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ და ქრისტეს სიყვარულისა და მასთან ურთიერთობის სიმაღლემდე ავიდნენ. ამგვარი ერთობის ცენტრი – ყოვლადწმიდა სამების ერთობაა. ეკლესია უფრო და უფრო მეტად აფართოევებს იმ ადამიანთა წრეს, რომლებიც ყოვლადწმიდა სამებასთან და მის მიერ, ერთმანეთთან ურთიერთობასაც იწყებენ. წმ. იოანე ოქროპირის სიტყვების თანახმად, ქრისტეს სხეული მისი მეორედ მოსვლისას გახდება სრული.

ჩვენი ეს ერთობა არც ეთიკურია, არც იდეოლოგიური, არც სენტიმენტალური, არც მეგობრული, არც კორპორატიული და არც სხეულებრივ-ორგანული.

ეკლესიაში საღმრთო ევქარისტიის წყალობით ჩვენ ქრისტეს სხეულის ცოცხალი ნაწილნი ვხვდებით. ჩვენ მისი ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი ვართ. ამიტომაც იწოდება საღრთო ევქარისტია, საღმრთო ზიარებად, საღმრთო ურთიერთობად, რომლის დროსაც ქრისტიანები შეიგრძნობენ, რომ ყველაფერი საერთოა, რომ ჩვენ დები და ძმები ვართ, რომ ჩვენ ერთმანეთზე პასუხისმგებელნი ვართ და რომ ჩვენ პირველი ქრისტიანების მსგავსად, საერთო ცხოვრებით ცხოვრება შეგვიძლია.

პიროვნებათა ურთიერთობა შეუძლებელია სიმდაბლის, სიყვარულისა და თავგანწირვის გარეშე. ქრისტე ჩვენთან ურთიერთობაში საკუთარი თავის დამდაბლებით, საკუთარი თავის წარმოცალიერებით(კენოზისი) შემოვიდა, რაც ყველაზე მეტად ჯვარზე ჩვენთვის სიკვდილში გამოვლინდა.

სწორედ საღმრთო ლიტურგიისას ხდება ხელშესახები ქრისტეს მსხვერპლი. ჩვენ ყველანი, ჩვენთვის მომკვდარ და მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს ვეზიარებით და ამიტომაც, მოწოდებულნი ვართ, რომ დავემსგავსოთ მას ამ თავგანწირვით, სიმდაბლითა და სიყვარულით. წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ამბობს: თქვენ ყველამ ქრისტეს გონება მიიღეთ და ამიტომაც ერთმანეთს კრძალვით და მოწიწებით მოეპყარით. დაე არავინ შეხედოს ხორციელად მოყვასს, არამედ მუდამ გიყვარდეთ ერთმანეთი’’.

მდაბალი ქრისტე, რომელიც ჩვენთვის მოკვდა და რომელიც ,,მარადის იჭამების და არა დაილევის’’, ადამიანისთვის ჭეშმარიტი პედაგოგი ხდება, რომელიც გვაძლევს ეგოიზმის გადალახვისა და პიროვნულ ღმერთთან და სხვა პიროვნებებთან შეხვედრისა და ურთიერთობის საშუალებას.

ადამიანს სწყურია ასეთი შეხვედრა. ის იტანჯება მარტოობითა და ურთიერთობის ნაკლებობით. ეგოიზმს კი ვერ მოაქვს მისთვის სიმშვიდე და განსვენება.

ვერც იდეოლოგიური და ვერც ზნეობრივი აღზრდა ვერ ჩაანაცვლებს პიროვნულ ურთიერთობებს. ყველაფერი დანაჩენი მხოლოდ საბრალო შემცვლელებია. პიროვნებებს ვერასდროს ჩაანაცვლებენ იდეები. როდესაც ქრისტესმიერი სიყვარულით შეხვდებიან პიროვნებები ერთმანეთს, მაშინ ზნეობრივი აღზრდაც და თავისუფლებაც თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას პოულობენ.

ქრისტეში პიროვნებათა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ არის სტატიკური ხასიათის. ეს არ არის რაღაც ისეთი, რაც მომენტალურად ჩნდება. ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრების ღვაწლი. ქრისტიანის ცხოვრება არის ეგოისტური ჩაკეტილობიდან გახსნილ სიყვარულამდე გადასვლა. ეს გადასვლა ხორციელდება ღვაწლით, ასკეზით, საკუთარი თავის იძულებითა და ტკივილების დათმენით, რადგან ჩვენი ადამიანური ბუნება დასნეულებულია.

არაქრისტიანული ანთროპოლოგია არ იცნობს ადამიანის სნეულების მთელ სიღრმეებს და ამიტომაც, ყველაფერს ზედმეტად ამარტივებენ ხოლმე. გარეგნული საზოგადოებრივი და ეკონომიკური ინსტიტუტების გაუმჯობესების გზით ადამიანის გაუმჯობესების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ვერც მატერიალისტურ კაპიტალისტურ და ვერც მატერიალისტურ სოციალისტურ საზოგადეობას შეუძლია ადამიანის ამ სნეულების განკურნება და მისი ჭეშმარიტ ღმერთკაცობრივ ურთიერთობამდე ამაღლება. მათ არ აქვთ უნარი ადამიანური ყოფიერების ტრაგიკულობის ხილვისა.

ის ღმრთისმეტყველი, რომელსაც სკოლაში ევქარისტიის სული, ანუ თავად იესუ ქრისტეს სული მიაქვს, თავის ყველა ,,კარგ’’ და ,,ცუდ’’ მოწაფეში ქრისტეს ხატს ხედავს. ის ვალდებულია, რომ თითოქული მოსწავლე მიიღოს, გულში ჩაიკრას, მიუხედავად მისი რწმენისა და სათნოებებისა. მას უნდა ესმოდეს მათი ადამიანური უძლურებები და ტკივილები და ანუგეშებდეს მათ. ღმრთისმეტყველისთვის კლასი რაღაც ამოფრული მასა კი არ არის, არამედ პიროვნებათა საზოგადოება, რომლებიც ქრისტესთან ურთიერთობისთვის არიან მოწოდებულნი. ამიტომაც, რამდენადაც პირობები ხელს უწყობენ, ის უნდა ეხმარებოდეს ამ პიროვნებებს ერთმანეთთან შეხვედრასა და ურთიერთობაში.

მოსწავლეების სიყვარული და მათი აღქმა როგორც პიროვნებებისა, მათ გულში საპასუხო სიხარულს აღძრავს. დღეს, მრავალ ბავშვს იმიტომ არ აქვს სიყვარული, რადგან ისინიც არავის უყვარს. მოსწავლე გრძნობს, უყვარს თუ არა მასწავლებელს  და აღიქვამს თუ არა მას როგორც პიროვებას. ასეთი მასწავლებლის ქრისტიანულ სიყვარულს სკოლაში ეკლესიის სული შეაქვს. მართლმადიდებლურმა ეკლესიოლოგიურმა და ლიტურგიკულმა სულმა უნდა აღავსოს მთელი ჩვენი ცხოვრება, სამწყემსო მსახურება, პედაგოგიკა და სწავლება. მაშინ ყველანი ვიგრძნობთ, რომ ეკლესია ჩვენი მამის სახლია, ჩვენი დიდი სულიერი ოჯახი, ქრისტესმიერი საძმო და მოციქულებრივი მსახურების გაგრძელებაა. ქრისტესმიერი სიყვარული გვაერთიანებს ყველას და გვაძლევს საშუალებას, რომ თვალი აგვეხილოს.


წყარო: https://azbyka.ru

მთავარი ფოტო: ჯვართამაღლების ტაძრის პანტოკრატორი (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)