პორფირი კავსოკალიველი scaled

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – ქრისტე – ჩვენი ერთადერთი იმედი და საზრუნავი!

ქრისტე – ჩვენი ერთადერთი იმედი და საზრუნავი! გვიყვარდეს და გვსურდეს არა საკუთარი თავი, არამედ მხოლოდ ის. დე, მან დაგვაყენოს იქ, სადაც თვითონსურს! ის მოგვცეს, რისი მოცემაც თვითონ უნდა! გვიყვარდეს ქრისტე არა მარტო მისმიერი წყალობისა და საჩუქრებისთვის! თუ იგი იმიტომ გვიყვარს, რომ საუკეთესო ბინას შეგვპირდა ცათა სასუფეველში, ეს არ იქნება ქრისტესმიერი სიყვარულის გამოვლინება. უფლის მოძღვრების აღსასრულებლად მუდამ ასეთი აზრით ვიცხოვროთ: „ღმერთო ჩემო, დე იყოს ისე, როგორც შენ ისურვებ, ოღონდ შენს სიყვარულში ვიცხოვრო!”

რა უნდა გითხრათ მე ცოდვილმა, ძალიან უმწეო ვარ! ვერ მოვიპოვე ქრისტეს დიადი სიყვარული, ვერ მივიღე საკმარისი გამოცდილება, რომ ჩემი სული მისი მონატრებით დატანჯულიყო. ვგრძნობ, რომ ძალიან შორს ვარ ამისგან. ვგრძნობ, ვერ მივაღწიე, რასაც ვესწრაფვოდი, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები. მთლიანად ვენდობი უფლის სიყვარულს და გამუდმებით ვეუბნები ქრისტე-ღმერთს: „ვიცი, რომ უღირსი ვარ, ამიტომ გამაგზავნე იქ, სადაც ისურვებს შენი სიყვარული. ეს უნდა ჩემს სულს. მთელი ცხოვრება შენ გემსახურებოდი. როცა ავადმყოფი სიკვდილის პირას ვიყავი, არ მინდოდა ცოდვების გახსენება, მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, ჩემს ქრისტეს ველოლიავებოდი, არ მქონდა არავითარი შიში, მხოლოდ შენთან შეხვედრა, შენი მადლისა და სიყვარულის აღქმა მინდოდა. და აი, ახლაც, როცა ჩემი სიცოცხლის დასასრული მოახლოვდა, არც ახლა მაქვს შიში და დარდი, მხოლოდ ერთზე ვფიქრობ: როცა წარვსდგები შენ წინაშე და მეტყვი: „მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწილო ტანისამოსის გარეშე?„ თავს დაგიხრი და გეტყვი: „რაც შენ გსურს, აღსრულდეს, უფალო ჩემო, რაც შენს სიყვარულს სურს, დე ის მოხდეს! მე ჯოჯოხეთის ღირსი ვარ და თუ მართლა ჯოჯოხეთში გამგზავნი, იყოს ნება შენი! მე მხოლოდ ერთი მსურს და ერთს ვესწრაფვი: შენთან ყოფნა მინდა!”

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი