1000020032 01

მართლმადიდებლობის ზეიმი – მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი

დიდმარხვის პირველ კვირას ჩვენ აღვნიშნავთ მართლმადიდებლობის ზეიმს. ეს არის წმინდა ხატებისთვის თაყვანისცემის აღდგენის დღესასწაული, როდესაც ეკლესიამ კიდევ ერთხელ, ღვთის მადლით, დაამარცხა ხატმებრძოლობის ერესი და სიზუსტით შეინარჩუნა  ეკლესიის წმინდა მამების მიერ საუკუნეების განმავლობაში შემონახული სარწმუნოება და ტრადიცია.

ამ რწმენის შედეგია კაცობრიობის განკურნება, ჩვენი ხსნა და განღმრთობა. წმინდა ხატების პატივისცემა იმის დასტურია, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთი განკაცდა, რომ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტად განსხეულდა და იქცა ადამიანად, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ ადამიანები ჭეშმარიტად ხდებიან ღვთის შვილები და სულიწმიდის ჭურჭლები, ღვთის ტაძრები და ქრისტეს ნაწილნი.  ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდანების ხატებს და მათ წმინდა ნაწილებს, რადგან მათში ცხოვრობს ღმერთი. ამიტომაც ვზეიმობთ წმინდა ხატთა თაყვანისცემის აღდგენას და გვაქვს კურთხეული ჩვეულება, რომლის დროსაც მსვლელობით გამოვხატავთ პატივისცემას და აღტაცებას ქრისტეს, ღვთისმშობლისა და ეკლესიის წმინდანების ხატების მიმართ.

რადგან ჩვენი თემა ხატებს შეეხება, გავიხსენოთ აბსოლუტური ხატი, ღვთის ხატი – ადამიანი. პირველი, რომელმაც შექმნა ხატი თუ გამოსახულება – თავის მსგავსად-  თავად ღმერთი იყო. ეს ხატი არის ადამიანი. ღმერთმა თქვა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად“ და მართლაც, ადამიანი გახდა სამების ხატება, უხილავი ღმერთის ხატი. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ღმერთის ეს გამოსახულება. ადამიანი ღმერთის ქმნილებათა შორის ყველაზე მშვენიერი და საყვარელია. ღმერთს რომ ესურვა უკეთესის შექმნა, ის ამას გააკეთებდა. მისი მსგავსი, ადამიანი, საუკეთესოა, რაც შეუქმნია. თუმცა, ღმერთის ეს უმშვენიერესი ხატი, რომელსაც შექმნისას ღმერთის მიერ ნაბოძები ყველა ნიჭი შიგნით ჰქონდა, სამწუხაროდ, განადგურდა, შეიმუსრა, რადგან ეშმაკმა შეძლო მისი ნამსხვრევებად ქცევა.

ხატმებრძოლობა არ იყო VII საუკუნის ფენომენი. ეს დაიწყო ადამიანის პიროვნების პირველი გამოჩენიდან. ეშმაკმა წამოიწყო ომი ღვთის ხატთან, პიროვნებასთან და მოახერხა მისი დამსხვრევა, მოკვდინება, ცოდვაში ჩაგდება, ამ მშვენიერი გამოსახულების დამახინჯება, იმდენად, რომ ეს აღარ იყო ღვთის მშვენიერების მოწმობა, არამედ გადაიქცა რაღაც მახინჯ, ვნებებითა და ცოდვებით სავსე არსებად. მაგრამ ღმერთს არ სურდა თავისი მსგავსი გაჭირვებაში ენახა, არ სურდა დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით შექმნილი ხატი დაკარგულიყო დაცემითა და ცოდვით გაჩანაგებული. ასე რომ, ის თავად გახდა ადამიანი და ჩვენი ხსნის მაგალითი. და რათა დაგვეხმაროს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი შემოქმედების მშვენიერება და სიტურფე, მას შემდეგ რაც მისი წიაღი დავტოვეთ, მან შექმნა ეკლესია, რომლის მეშვეობითაც, უპირველეს ყოვლისა, სულიწმიდის მადლს გვანიჭებს. სულიწმიდის ამოცანაა ჩვენი გახრწნილი ბუნების განახლება და ჩვენი ხელახალი დაბადება. ხელახალი დაბადება მიიღწევა ორი ფაქტორით. პირველი არის სულიწმიდის მადლი და მეორე ადამიანის თავისუფლება. ასე გარდაგვქმნის ღმერთი. უპირველეს ყოვლისა სულიწმიდის საიდუმლოებით. ნათლობისას ჩვენი გარდაქმნის დიდი საიდუმლო სრულდება; ჩვენ განვდევნით ძველ ადამიანს და შევიმოსებით ქრისტეთი, იბადება  ახალი ადამიანი. ამის შემდეგ, სულიწმიდის ძალით, რომელიც გვეძლევა წმიდა მირონის მეშვეობით, ვივსებით ენერგიით და ვიღებთ ძალას, რათა ნიჭები, რომლებიც მივიღეთ ნათლობისა და მირონცხების გზით, გაცოცხლდეს სულიერი ნაყოფის გამოსაღებად, რათა განვიწმიდოთ და დიდებით შევიმოსოთ.

ღმერთის მხრიდან ყველაფერი სრულყოფილად და მის შესაფერისად გაკეთდა. ღმერთმა შექმნა ჩვენი ხსნა და შეასრულა თავისი დავალება; ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გავხადოთ ეს ნიჭები ჩვენი საკუთარი. ადამიანები, რომლებიც ინათლებიან წმიდა სამების სახელით, ეკლესიაში, ეკლესიის წიაღში და სულიწმიდით ცხებულნი, არიან ქრისტეში ხელახლა დაბადებული პიროვნებები, რომლებსაც ახლა შეუძლიათ წინსვლა და საკუთარ თავში იმ ძღვენის გაააქტიურება, რომელიც ღმერთმა მათთვის შექმნა. ასე რომ, ჩვენ ყველანი ვინათლებით ღმრთის მადლით. არ აქვს მნიშვნელობა, ნათლობისას ჩვილები ვართ თუ არა, რადგან ნათლობა არ არის ჩვენი ნების და ჩვენი გონების შედეგი, არამედ სულიწმიდის შედეგი და მოქმედება. ჩვენს თანამშრომლობას და თანხმობას მოითხოვს სწორედ ის, რაც ნათლობის შემდეგ ხდება. ნათლობის დროს, არ არსებობს ძღვენი, რომელსაც ღმერთი არ გვიბოძებს. ის სრულყოფილად აღადგენს ადამიანს, აყალიბებს მას და ნამდვილად მოსავს მას ქრისტეში. ასე რომ, ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას და რადგან ღმერთი არ მოქმედებს ჯადოსნური გზით და არ სპობს ადამიანის თავისუფლებას, ამიტომაა საჭირო ჩვენი საკუთარი თავისუფალი ნება: რათა ვითანამშრომლოთ  ღმრთის მადლთან.

სულიერი ბრძოლა, რომელშიც ცხოვრების განმავლობაში ვერთვებით საკუთარი თავის გაცნობიერების მომენტიდან, არის სწორედ ნათლობის დროს მიღებული ძღვენის გააქტიურების საშუალება. ძღვენის, რომელსაც რა თქმა უნდა, ვფლობთ ჩვენი შექმნის მომენტიდან. იმის გამო, რომ ჩვენ ვართ დაჭრილნი და ცოდვას დამონებულნი ნათლობა აუცილებელია ჩვენთვის და ამიტომაც იყო ქრისტე მტკიცე თავის სიტყვაში: „ყოველი, ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება“, რადგან ნათლობა რწმენასთან ერთად აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის, ვინაიდან მათ გარეშე ჩვენ ვერ დავიბადებით ხელახლა.

ასე იწყება ბრძოლა და ეს არის ბრძოლა ხატმებრძოლობის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა სატანის წინააღმდეგ, ჩვენი ცოდვილი გარემოს წინააღმდეგ, საკუთარი თავების ღმრთის ხატის წინააღმდეგ, იმ ხატის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავში ვატარებთ. როგორ შეძლებს ეშმაკი დაამსხვრიოს ღმრთის ხატება, რომელიც გვაქვს როგორც ბუნებითად, ასევე ნათლობით? ცოდვა ანგრევს ხატს. ჩირქს ცხებს და ამახინჯებს მას, რასაც ადამიანების ფრაგმენტებად დაშლა მოჰყვება და ისინი ვეღარ ახერხებენ ფუნქციონირებას ბუნებითად ღმრთის მიერ მონიჭებული სახით. ცოდვა არსებითად ტყვეობაა, ის პირდაპირ მიზანში იღებს ჩვენს თავისუფლებას და კლავს მას, რის გამოც ის შეურაცხყოფაა ღმერთისა და ადამიანის მიმართ. ცოდვას დაქვემდებარებული ადამიანები არ არიან თავისუფალნი. ყველა მომენტში, როდესაც ვმარცხდებით ცოდვის წინაშე, სწორედ მაშინ ვართ ცოდვის მონები. ამის შემდეგ, სიყვარული, რომელიც გვქონდა, რადგან ღმრთის ხატად ვიყავით შექმნილნი, რომელიც მიმართული იყო ღმერთისკენ და ღმერთის მეშვეობით სამყაროსადმი, შემოქმედისა და ჩვენი მოყვასისადმი, ხდება ვნებიანი სიყვარული, კერპთაყვანისმცემელი და გარყვნილი. რაც შეეხება ქმნილებას, ის გადაიქცევა კერპთაყვანისმცემლად და მიდრეკილი ხდება ხორციელი ვნებებისკენ,  იწყებს ძალაუფლების ძიებას და ხდება გაუმაძღარი. ადამიანი, რომელიც ასეთი მშვენიერი იყო, როგორც ღმერთმა შექმნა და, უპირველეს ყოვლისა, იყო თავისუფალი, ახლა ამ ბორკილების მონა და ტყვეა.

მიუხედავად იმისა, რომ მონათლულები და ბეჭედდასმულნი  ვართ სულიწმიდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ღმერთის მშვენიერების თესლია დათესილი, მაინც უნდა გავწიოთ ძალისხმევა და ვითანამშრომლოთ უფალთან, რათა ყველა ეს თესლი გავაღვივოთ.

როგორ შეუძლიათ ადამიანებს თავიდან აღმოაჩინონ ღმერთის ეს სახე  და დაინახონ ის დიდი სილამაზე, რომელსაც ფლობენ ბუნებითად, რომელიც უბრალოდ მათი არსებობიდან გამომდინარეობს? ამიტომაც არის ეკლესიის ეს სულიერი ბრძოლა ასეთი მნიშვნელოვანი, რადგან ვიცით, რომ ბრძოლის მიზანი ღმრთის დამსხვრეული ხატის აღდგენაა. განსაკუთრებით ამ პერიოდში ეკლესია მობილიზებულია მთელი ძალებით, რათა თითოეულ ჩვენგანს დაეხმაროს საკუთარი ბრძოლისა და მიზნის დასრულებაში. ეკლესიას აქვს სულიერი იარაღები და წამლები, რადგან ეს არის სულიერი ქირურგიული ოპერაცია; მას აქვს აღჭურვილობა, რათა გაათავისუფლოს სხეული და სული დაავადებისგან და იცის, როგორ დაუბრუნოს ადამიანებს ჯანმრთელობა. მარხვა, ლოცვა, ღამით სიფხიზლე, მოწყალება, აღსარება, ზიარება, ღვთიური ევქარისტია, ყველაფერი, რასაც ეკლესია გვთავაზობს, არის წამალი, რომელიც ანადგურებს ბოროტებას.

ღმერთის არსებობა ეკლესიაში გვეხმარება ჩვენს თავში აღვადგინოთ უფლის სახე და ჩვენ ნამდვილად ვხდებით ისეთები, როგორც ღმერთმა შეგვქმნა, ხატნი და მსგავსნი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი შეაბიჯებს მადლის სამეფოში. წარმატებას აღწევენ ისინი, რომლებიც პოულობენ ცათა სასუფევლის გასაღებს, ადამიანები, რომლებიც სწავლობენ მონანიებას, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი აზრის შეცვლა და თავის დამდაბლება. დაე, ღმრთის ეს ხატი მუდამ ჩვენს თვალწინ ვიქონიოთ და ვებრძოლოთ ეშმაკის ხატმებრძოლეობას, რომელსაც სურს ღმრთის ხატების განადგურება, რომლითაც ჩვენ წმიდა ნათლობისას შევიმოსეთ.


წყარო: http://Pemptousia.com

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

სტატია თარგმნა ლიზა ბატიაშვილმა

Share