The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – პატივმოყვარე კერპთმსახურია ქრისტიანობაში

ზოგიერთის აზრით, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება ერთმანეთისგან განსხვავდება და ამიტომ რვა მთავარ ვნებას ასახელებს: პირველია ნაყროვანების ვნება, მეორე – სიძვა, მესამე – ვერცხლისმოყვარეობა, მეოთხე – მრისხანება, მეხუთე – მოწყენილობა, მეექვსე – მწუხარება, მეშვიდე – პატივმოყვარეობა და მერვე – ამპარტავნება. ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი, და მრავალი სხვაც, შვიდ ვნებას ასახელებენ, რადგან პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებას ერთ ვნებად მიიჩნევენ. მე მათ აზრს უფრო ვიზიარებ, რადგან არ არსებობს ადამიანი, პატივმოყვარეობა რომ დაუძლევია, თავად კი ამპარტავნებას უძლევია. ეს ორი ვნება ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მცირეწლოვანი ყრმა განსხვავდება მოწიფული მამაკაცისგან ან ხორბალი – ფქვილისგან. პირველი დასაწყისია, მეორე – დასასრული.

პატივმოყვარეობა გარეგნულად ბუნების შეცვლით, კეთილი ზნის გაუკუღმართებითა და ბრალდებისგან თავის არიდებით ვლინდება. შინაგანი ბუნებით კი ის ნაშრომის განმაბნეველი, ოფლის განმაქარვებელი, სულიერ საუნჯეთა ქურდი, ურწმუნოების შვილი და ამპარტავნების წინამორბედია. ის არის ნავსაყუდელში დაღუპვა. ის ჭიანჭველაა კალოზე, რადგან მასავით პატარაა, მაგრამ მთელ ნაყოფსა და ნაშრომს ანადგურებს.

სასოწარკვეთილების ეშმაკს ბოროტების სიმრავლე ახარებს, ხოლო პატივმოყვარეობის ეშმაკს – სათნოებათა სიუხვე.
პირველის ასული წყლულებათა სიმრავლეა, ხოლო მეორისა – შრომათა სიუხვე.
დააკვირდი და ნახავ, რომ ეს უკეთური სიკვდილის ბოლომდე ყოველთვის შენთან იქნება შემოსვის ჟამს, სიარულისას თუ ნებისმიერი საქმის კეთებისას.
მზე განურჩევლად ყველასთვის ბრწყინავს. ასევე, ყოველგვარ საქმეში გვხვდება პატივმოყვარეობაც: როცა ვმარხულობ – გონებაში ვამაყობ; როცა იმ მიზნით ვიხსნილებ, სხვებმა რომ არ შეიტყონ ჩემი მარხვა, ისევ ვამაყობ, ამჯერად იმიტომ, რომ ბრძნულად მოვიქეცი; კარგი ტანსაცმლით შემოსვისას – ვამაყობ, ძველით შემოსვისას – ისევ ვამაყობ; ვდუმვარ – ვამაყობ, ვლაპარაკობ და – ისევ ისე ვიქცევი. სადაც არ უნდა გადააგდო ეს ბოროტი კუროსთავი, ყველგან მისი ეკალი ამოყოფს თავს სულის მოსაკლავად.
პატივმოყვარე კერპთმსახურია ქრისტიანობაში. ჰგონია, ღმერთის სწამს, და სინამდვილეში, ღმერთის კი არა, ადამიანების მაამებლობას ესწრაფვის.
პატივმოყვარეა ყოველი ადამიანი, ვისაც თავის გამოჩენა უყვარს. დაუჯილდოებელი რჩება მისი მარხვა და უსარგებლოა მისი ლოცვაც, რადგან ორივეს კაცთა ქებისთვის აკეთებს.
პატივმოყვარე მოღვაწე ორმხრივად ზარალდება: ხორცს ტანჯავს და ჯილდოს ვერ ღებულობს.

თავმდაბლობის შესაძენად ღმერთს ხშირად დაუმალავს ჩვენთვის, თუ რამე სათნოებას ვფლობთ. ჩვენი მაქებარი, უფრო სწორად, ქებით ჩვენი მაცდუნებელი კაცი კი ჩვენს სიმდიდრეზე გვახელინებს თვალს. რაჟამს მასზე თვალი გვეხილება, სწორედ მაშინ იღუპება და უჩინარდება მთელი სიმდიდრე.

დიდია ის ადამიანი, ვინც ლანძღვას სიხარულით ტვირთულობს; ხოლო წმინდა და პატიოსანია ის, ვინც ქებას უვნებლად განერიდება.

რაჟამს გაიგებ, რომ მეგობრს შენზე აუგი უთქვამს, მაშინ გამოიჩინე მის მიმართ სიყვარული.
დიდი საქმეა, როცა სული კაცთა ქებას უარყოფს, მაგრამ ეშმაკთა ქების უარყოფა უფრო დიდია.
ის კი არ აჩვენებს თავმდაბლობას, ვინც თავად იმდაბლებს თავს (ვინ არ გამოიჩენს მოთმინებას საკუთარი თავის მიმართ?!), არამედ ის, ვისაც სხვები ლანძღავენ, მაგრამ ითმენს და ამ უკანასკნელთა მიმართ სიყვარული არ უმცირდება.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ