John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – ამპარტავანი მონაზონი მრავლისმეტყველი და კამათის მოყვარულია, ხოლო თავმდაბალი – მშვიდი და უთქმელი.

ამპარტავნება არის ღვთის უარყოფა, ეშმაკთან მეგობრობა, ადამიანთა შეურაცხმყოფელი, განკითხვის დედა, ქების ნაშობი, სულიერი უნაყოფობის სახე, ღვთის შემწეობის განმდევნელი, გაოცებისა და უგონობის წინამორბედი, დაცემათა მიზეზი, სიცოფისა და გულისწყრომის წყარო, ორგულობის კარი, ეშმაკთა ძლიერება, ცოდვათა მცველი, უმოწყალობის მშობელი, მოწყალების არცოდნა, სასტიკი მოპასუხე, ულმობელი მსაჯული, ღვთის წინააღმდეგი და გმობის ძირი.
ამპარტავნების დასაწყისი პატივმოყვარეობის დასასრულია, შუა გზა – მოყვასის შეურაცხყოფა, საკუთარი ღვაწლის ურცხვად ქადაგება, გულში თავის ქება, მხილების სიძულვილი; ხოლო სრულყოფილი ამპარტავნება არის ღვთის შეწევნის უარყოფა, საკუთარი საქმეებით სიხარული, საკუთარ ძალებზე მინდობა და ეშმაკისეული გონება.
ვისაც ბოროტების ამ უფსკრულისთვის თავის არიდება გვსურს, ყველამ ვისმინოთ! ამპარტავნება ღვთისადმი მადლიერებით იწყება, რადგან ეშმაკს თავიდანვე ღვთის უარყოფის ურცხვად ჩაგონება არ ძალუძს.
მინახავს ადამიანები, ღმერთს პირით რომ მადლობას ეუბნებოდნენ და გონებაში ამაყობდნენ. ამის მოწმეა ფარისეველიც, რომელიც ამბობდა: “ღმერთო, გმადლობ შენ” (ლუკა 18. 11).

ამპარტავანი მონაზონი მრავლისმეტყველი და კამათის მოყვარულია, ხოლო თავმდაბალი – მშვიდი და უთქმელი.
როგორც კვიპაროსი არასდროს მოიდრიკება მიწამდე, ისე ამპარტავანი მონაზონი არასდროს გამოიჩენს თავმდაბლობას.
ამპარტავან მონაზონს უფროსობა სწადია, რადგან სხვაგვარად ამდენად სწრაფად ვერ წარწყმდება.
მას თავი თავმდაბალი ჰგონია, სინამდვილეში კი ამპარტავნებითაა სავსე და ძლეული.

ყველა, ვინც მხილებას გაურბის და ვისაც მხილება აღაშფოთებს, თავად ადასტურებს, აღნიშნულ ვნებაში რომ იმყოფება; ხოლო ვინც მხილებას ესწრაფვის, მალე თავისუფლდება კრულებისაგან.
თუ ერთადერთმა ამპარტავნებამ, სხვა ვნების გარეშე გადმოაგდო ეშმაკი ზეციდან, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ზეცაში ასვლა მხოლოდ თავმდაბლობით, სხვა სთნოების გარეშეც, ყოფილა შესაძლებელი.

ერთი სულიერი ბერი ძმას ასწავლიდა, მან კი, დაბრმავებულმა, ბერს უპასუხა: “მამაო, მაპატიე, მაგამ ამპარტავანი არ ვარ”. მაშინ ბრძენმა ბერმა მას უთხრა: “შვილო, რას მეუბნები, უფალმა შეგინდოს! ზუსტად ახლა დამარწმუნე, რომ ამპარტავანი ხარ, რადგან თავად აღიარე ეს, როგორც კი თქვი, რომ ამპარტავანი არ ხარ”.
ასეთებისთვის მეტად სასარგებლოა მორჩილება, დამცირებით ცხოვრება და წმიდა მამათა ზებუნებრივი სათნოებების წაკითხვა. იქნებ, ამით მაინც მოიპოვონ გადარჩენის იმედი.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ