John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – უმანკოება წესია მხიარული სულისა, რომელიც სრულიად შორსაა ყოველგვარი მზაკვრობისგან

სიწრფელე თვისებაა მარტივი სულისა, რომლისთვისაც უცხოა ბოროტება.
ცბიერება ეშმაკთა ხელობა და უშვერებაა, რაც შორს არის ჭეშმარიტებისგან.

უმანკოება წესია მხიარული სულისა, რომელიც სრულიად შორსაა ყოველგვარი მზაკვრობისგან.
უმანკოება ბუნებაა წმიდა სულისა, რომელიც ისეთივეა, როგორიც დაიბადა, და რომელიც ყველას მიმართ კეთილია და აღუშფოთებელი.
ცბიერება არის: სიწრფელისგან განშორება, ცთომილი გონება, ტყუილით შეთხზული სიტყვა, ცრუ ფიცი, ხრიკებისა და გულღრძოობის უფსკრული, მზაკვრობის შესწავლა, ტყუილში დახელოვნება, განსჯისა და მორჩილების მტერი, დაცემის მომტანი, სიმდაბლის მოწინააღმდეგე, ჩვევადქცეული ამპარტავნება, სინანულის შემაჩვენებელი, გლოვისგან განშორება, აღსარების მტერი, თავნებობის მოყვარული, უვნებობის მოწინააღმდეგე, მხილების დროს ღიმილი, სულელური მწუხარება, მოჩვენებითი კრძალვა და ეშმაკური ცხოვრება.

სიწრფელეს არაფერი შეედრება. აი, ამიტომ, ვიდრე ადამს ის ჰქონდა, საკუთარი სულის სიშიშვლესა და ხორცის უშვერებას ვერ ხედავდა.
კარგია და სანატრელი ბუნებით მონიჭებული სიწრფოება, მაგრამ მაინც ვერ შეედრება იმათსას, რომელნიც შრომითა და ოფლით უკეთურებისგან სიწრფოებად მოიქცევიან. პირველი დაცულია უკეთურებისა და ვნებებისგან, მეორეს კი დიდი თავმდაბლობა და სიმშვიდე მოაქვს. პირველის საზღაური არ არის დიდი, ხოლო მეორისა – გაცილებით მაღალია.

მინახავს წრფელი ადამიანები, მზაკვარი, ცბიერი ხალხისგან მზაკვრობა და ცბიერება რომ შეუსწავლიათ, და გამკვირვებია, თავიანთი ბუნება ამდენად სწრაფად რომ გაურყვნიათ.
რამდენადაც ადვილად სწავლობს წრფელი ადამიანი მზაკვრობას, იმდენად რთულია მზაკვარი და ცბიერი ადამიანის წრფელად გარდაქმნა.
ჭეშმარიტმა უცხოობამ, მორჩილებამ და დუმილმა ბევრჯერ შეძლო შეუძლებლის გაკეთება და მრავალი უკურნებლად დაავადებულის განკურნება.

“ძნიად შევიდეს მდიდარი სასუფეველსა ცათასა”. ასევე, ცბიერებით დაბრძენებული უგუნურიც ძნელად თუ მოიპოვებს სიმშვიდეს.
დაცემას ხშირად მოუქცევია ცბიერი ადამიანები, მათდა უნებურად მოუტანია რა მათთვის ცხონება და უმანკოება.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X