mama xarlampi 1 1

იღუმენ ხარლამპე ათონელის შესახებ (ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი შვილი)

ერთი ახალგაზრდა ერისკაცი სულიერ წყურვილს წმინდა მამათა ნაწერების კითხვით იკლავდა. მისი მხურვალე სული ღრუბელივით იწოვდა წმინდა მამათა დარიგებებს გონიერ ლოცვაზე და ხორცს ასხამდა. მალე ამ შრომამ მშვენიერი ნაყოფი გამოიღო. ათენის ცენტრში, სადაც ის ცხოვრობდა, საღამოებს მღვიძარების (ყურადღების) ღვაწლში ატარებდა და ტკბებოდა ლოცვის უწმინდესი შრომით, დღისით კი არასოდეს დაუტევებდა იესოს ლოცვას.

მალე სულიერი დამრიგებლის გარეშე ამ ახალგაზრდა მოსაგრეს გაუჭირდა. სატანის მოქმედებით თუ ადამიანური ბუნების უძლურების გამო გადაღლა დაეტყო. როგორც კი გონებას ლოცვის სიტყვებში მოათავსებდა, ისეთი თავის ტკივილი ეწყებოდა, ეგონა, გონებას დავკარგავო. ცნობილ ათენელ მოძღვრებს მიმართა დახმარებისთვის. საღვთო განგებულებით, სულიერად დასვენებისთვის ერთმა მოძღვარმა ათონზე ერთი თვით წასვლა ურჩია. ასეც მოიქცა. მივიდა ერთ ცნობილ მოძღვართან აღსარებაზე. მან კანონად მისცა, 50 დიდი მეტანია შეესრულებინა და ოთხჯერ ასიანი სკვნილი ჩამოემარცვლა. მაგრამ, თავისი სულიერი და ხორციელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალგაზრდამ უარი თქვა, – არ შემიძლიაო. მერე მამახარლამპესთან მივიდა, დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს და სთხოვა: – თუ შეგიძლია, გამათავისუფლე ამ კანონისგანო.

მოძღვარმა მას ლოცვის პირველი გაკვეთილი ჩაუტარა და უთხრა: – წადი, შეასრულე, რაცგითხარი და მერე თუ გაგიჩნდება რაიმე პრობლემა, მოდიდა მასზე ვილაპარაკოთო. “იმ მომენტიდან თავის ტკივილი ღრუბელივით გაქრა, – ამბობდა ის ახალგაზრდა, – მოუკლებელი ლოცვა კი ისე გადმოიღვრება ჩემგან, თითქოს პატარა მოტორი ამოძრავებს. მე მას მუდამ ვიმეორებ, ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ ხმამაღლა… და უკვე არა ოთხ სკვნილს (ანუ ოთხას იესოს ლოცვას), არამედ ორმოცსა და მეტს ჩამოვმარცვლი ხოლმეო”.

ამ ახალგაზრდას მამა ხარლამპეს დატოვება არ უნდოდა, მაგრამ გარემოების გამო სოფელში დაბრუნდა. ძალზე მალე დაუტევა სოფელი, მთაწმინდაზე ბერად აღიკვეცა და უკვე მამა ხარლამპეს თვლიდა თავის სულიერ მოძღვრად.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ