The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – თავმდაბლობა სულის ცოდვათა უფსკრულიდან ცამდე ამყვანებელი კიბეა

თავმდაბლობა ენით გამოუთქმელი მადლია, რომელიც მხოლოდ იმათთვის არის ცნობილი, ვისაც ის მოუპოვებია.
ის ენით აღუწერელი სიმდიდრეა; ის ღვთის სახელია და ნიჭია ღვთისა, რადგან თავად ღმერთი ამბობს: არა ანგელოზისგან, არა ადამიანისგან, არა წიგნიდან, არამედ ჩემგან, ყოველივეს შემოქმედისგან, ისწავლეთ, “რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა” და გონებითა, “და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ” ბრძოლათა და ზრახვათაგან (შდრ. მათე 11. 29).

არ მიმარხულია, არ მიფხიზლია, არც მიწაზე მძინებია, არამედ “დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე” უფალმა (ფსალმ. 114. 6).
სინანული სულს აღადგენს და აღამაღლებს, ცრემლები ცის კარზე რეკს, ხოლო თავმდაბლობა ამ კარს აღებს. მე კი ვიტყოდი: თაყვანს ვცემ სამგვაროვნებას ერთარსებით და ერთარსებას სამებით.

სანატრელი თავმდაბლობის შენში დამკვიდრებას მაშინ სცნობ, როცა გული ენით უთქმელი სინათლით აღივსება და ლოცვისადმი აღუწერელი ტრფიალება დაგეუფლება. მაგრამ თავდაპირველად გულში არავის უნდა განიკითხავდე რამე ცოდვისა თუ ცთომილებისა გამო. ამის წინამორბედი კი ამპარტავნებისა და დიდებისმოყვარეობის სიძულვილია.
ყველა, ვისაც სულით ჭეშმარიტად შეუცნია საკუთარი უძლურება, ნაყოფიერ მიწაზე თესავს. სადაც ამგვარად არ თესავენ, იქ ვერც თავმდაბლობა აყვავდება.

ვისაც თავმდაბლობის მოპოვება გვსურს და გვწადია, საკუთარ თავს დავუკვირდეთ: თუ ვნახავთ, რომ მთელი სულითა და გულით გვსურს, მოყვასი ჩვენზე უკეთესი და პატივცემული იყოს, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ახლოს არის ღვთის წყალობა.

ბევრნი ვამბობთ, რომ ცოდვილები ვართ, და, შესაძლოა, ასეც ვფიქრობთ; მაგრამ გულის სიმდაბლე მაინც სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფით გამოიცდება.

ვინც საკუთარ შესაძლებლობებს აცნობიერებს, თავის ძალას აღმატებულ საქმეს არ ხელჰყოფს და სანატრელი თავმდაბლობის გზით მიდის.
როგორც ქათამს ეშინია არწივისა, ისე თავმდაბალს – სიტყვის შებრუნებისა.
ბევრი შესულა სასუფეველში წინასწარმეტყველების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე, მაგრამ საქორწილო წვეულებაზე ვერავინ შევა თავმდაბლობის გარეშე.

საჭიროა, რომ ჩვენ კი არ ვიყოთ ჩვენივე თავის მოძღვარნი, არამედ სულიერი მწყემსი ვიყოლიოთ, და როცა წყლულებისგან განვიკურნებით, მადლობა ვუთხრათ ღმერთსა და მოძღვარს.
თავმდაბალ ადამიანს ყოველთვის ისე სძულს საკუთარი ნება, როგორც მაცდური, და თავს უცოდინრად მიიჩნევს. აი, ამიტომ, რაც უმჯობესია, მდაბლად ითხოვს ღვთისგან და ღვთის შეწევნით სარწმუნოებით სწავლობს სიკეთეს.
თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მორჩილია, ყურს უგდებს სხვათა უმჯობეს რჩევას, არასდროს ენდობა თავს და თავის საზრუნავს მიანდობს უფალს, რომელმაც ბალაამის ვირიც კი აალაპარაკა. და მან თუნდაც რომ ყოველივე ღვთისთვის აკეთოს და თქვას, მაინც არ ენდობა საკუთარ გონებას, რადგან, რამდენადაც ამპარტავანს უმძიმს, სხვას ჰკითხოს რჩევა, იმდენად თავმდაბლისთვის რთულია, მიენდოს საკუთარ თავს.

სანატრელმა მამებმა თავმდაბლობისკენ მიმავალ გზად შრომა დაასახელეს. მე კი მორჩილებასა და გულის სიწრფელესაც დავურთავდი. ეს უკანასკნელნი თავიანთი ბუნებით სიამაყის მოწინააღმდეგენი არიან.
თუ ამპარტავნებამ ზოგიერთი ანგელოზი ეშმაკად აქცია, მაშინ თავმდაბლობასაც შესძლებია ეშმაკის ანგელოზად გარდაქმნა. ამიტომ დაცემულნი არ მიეცნენ უიმედობას.

თავმდაბლობა სულის ცოდვათა უფსკრულიდან ცამდე ამყვანებელი კიბეა.

წყლისა და წყაროს დედა უფსკრულია, ხოლო გონიერებისა და განსჯისა – თავმდაბლობა.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ