18538

წმინდა იოანე სინელი – განსჯა შეურყვნელი, წმინდა ფიქრია და სინდისის მორჩილებაა

ვინც სამ ვნებას სძლევს, მას ხუთიც დაძლეული ექნება;[1] ხოლო ვინც ამ სამს ყურადღებას არ აქცევს, ის ხუთიდან ვერცერთ ვნებას ვერ დაამარცხებს.
განსჯა შეურყვნელი, წმინდა ფიქრია და სინდისის მორჩილებაა. სინდისი სიკეთისა და ბოროტების მცნობელი გონებაა, რომელიც ღმერთმა ბოროტების სამხელად დანერგა ადამიანში.

ნებისმიერ რამეში მრჩევლად და წესად ღვთის შემდგომ სინდისი გვყავდეს, რათა ვიცოდეთ თუ საიდან უბერავს ქარი და ჩვენც მის მიხედვით აღვმართოთ აფრები.
ყოველი საღმრთო საქმის აღსრულების დროს ეშმაკები სამ ორმოს გვიმზადებენ: თავდაპირველად გვებრძვიან, რომ კეთილ საქმეში დაგვაბრკოლონ; როცა ამ მხრივ მარცხს განიცდიან, შემდეგ ცდილობენ, საქმე ღვთის სათნოდ არ აღსრულდეს; თუ მტრები ამაშიც დამარცხდებიან, მაშინ ფარულად გვესხმიან თავს და საქმის ღვთის სათნოდ აღსრულებისა გამო ქებას გვიწყებენ. პირველის მტერი გულმოდგინება და სიკვდილზე ფიქრია, მეორისა – მორჩილება და შეურაცხყოფა, მესამისა – საკუთარი თავის მუდმივი დადანაშაულება.

სახარების მცნებების შეუსრულებლობის მიზეზად უძლურება არავინ დაასახელოს, რადგან, ძმანო, ბევრია ისეთი, ვინც მცნებაზე მეტიც აღასრულა. ამაში ის [პავლე მოციქული] დაგარწმუნებს, ვინც მოყვასი საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა, სული თავისი მოყვასისთვის დადო, და არათუ უფლის მცნება, არამედ მცნებაზე მეტიც აღასრულა.
დამშვიდდნენ და გამხნევდნენ ვნებაში მყოფნი, რომელთაც მხოლოდ თავმდაბლობა აქვთ. რანაირ ორმოშიც უნდა ჩავარდნენ, რა მახეშიც უნდა გაებან, როგორი სნეულებითაც უნდა დაუძლურდნენ, განკურნების შემდგომ, ისინი ყველას მნათობნი, მკურნალნი, სანთელნი და წინამძღვარნი გახდებიან, რადგან სნეულებათა შესახებ სხვებს დამოძღვრავენ და საკუთარი გამოცდილებით იხსნიან დასაცემად გამზადებულებს.


[1] ეს სამი ვნებაა: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ვინც ამ სამ ვნებას სძლევს, ნაყროვანებას – მარხვით, პატივმოყვარეობას – თავმდაბლობით, ვერცხლისმოყვარეობას – ღვთის იმედითა და ლოცვით, მას სხვა ხუთი ვნებაც დაძლეული ექნება. ესენია: სიძვა, მრისხანება, მწუხარება, მოწყენილობა და ამპარტავნება.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

X