mountathos main slider overlay

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

ათონზე დაბრუნება გამოცდილი ბერებისგან რჩევის მისაღებად

1978 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში ბერი იოსები და დიაკვანი ათანასე კვიპროსიდან ათენში გამოფრინდნენ. ბერმა მამა ათანასეს უთხრა: ,,მოდი, რადგან ერთი თავისუფალი დღე გვაქვს, ტინოს კუნძულის ღმრთისმშობელი მოვილოცოთ. ვთხოვოთ, რომ განგვანათლოს და სწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინოს – კვიპროსზე წავიდეთ თუ არ წავიდეთ“. მამა ათანასე სიხარულით დათანხმდა, რადგან ტინოს კუნძულის სიწმინდეები არასდროს მოელოცა. ბერმა შესთავაზა წინა დღეს, შუადღის შემდეგ, მკაცრად ემარხულათ. მართლაც, საერთოდ არაფერი უჭამიათ. მეორე დილას კი მშივრები ტინოსზე გაემგზავრნენ. ბერი ღელავდა, სურდა კვიპროსის საკითხზე ელოცა, რათა ღმერთის ნება გაეგო. გემზე მის გარშემო ხალხი შემოიკრიბა, რადგან მასში არსებული საღმრთო მადლი ძალიან აშკარა იყო და ხალხს იზიდავდა. ის ესაუბრებოდა მომლოცველებს თავისი სულის საუნჯიდან აღმოთქმული სიტყვებით და ცეცხლოვანი საუბრებითა და მადლიანი სიტყვით ყველას განაცვიფრებდა.

როდესაც ნავსადგურში ჩამოვიდნენ, ზოგიერთმა მომლოცველმა იქაური ჩვეულების თანახმად დაიჩოქა და ღმრთისმშობლის ხატისკენ მუხლებით გაემართა. ბერი ამ სანახაობამ შეძრა და ხმამაღლა ღმრთისმშობლის დაუჯდომელი დაიწყო. ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ. დაჩოქილი ხალხი დაუჯდომელს უსმენდა. ზოგი სიტყვებს იმეორებდა, ზოგი ტიორდა… ყველა ცრემლმორეული ემთხვია დედა ღმრთისმშობლის ხატს. ამის შემდეგ წმინდა პელაგია ტინოსელიც მოილოცეს. ბერმა თავისი სულიერი მოვალეობები და ჩვეული ღამისთევა აღასრულა, ხოლო დილით დიაკვან ათანასეს უთხრა: ,,კვიპროსზე, ჩემო შვილო, განსაცდელები გველის. სიზმარში დიდი განსაცდელები დავინახე. დიდი სირთულეები გველის“. მამა ათანასეს თავდაპირველად შეეშინდა, მაგრამ შემდეგ შეეცადა მწუხარება გაექარვებინა: ,,კარგი, მამაო, რა განსაცდელები? გვექნება და გვქონდეს. სატანა ხომ ამგვარ წამოწყებებს ყოველთვის ებრძვის“. ხოლო ბერმა, წმინდა მამების სწავლების ღრმად მცოდნემ და აღმსრულებელმა, მიუგო: ,,წავალთ ათონზე და ბერ პაისის დავეკითხებით“. ათონზე აგვისტოს ბოლო რიცხვებში დაბრუნდნენ. მიძინების დღესასწაულზე კუტლუმუშში იყვნენ.

კვიპროსზე ყოფნისას სტავროვუნის მონასტერში ფერისცვალების ღამისთევაზე დიაკვანმა ათანასემ ბერს ერთი თავისი მეგობარი სტუდენტი, ხარლამპი გააცნო, რომელიც მომავალში საძმოს შეუერთდა და სახელად ქრიზოსტომე ეწოდა. იგი მ. ათანასეზე ერთი წლით უმცროსი იყო. სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის ღმრთისმეტყველების ფაკულტეტზე. ის იყო ფრიადოსანი პირველკურსელი და მთავარეპისკოპოსის სტიპენდიანტი. როგორც კი ხარლამპიმ ბერი იხილა, თქვა: ,,მე ამ ბერს გავყვები, მორჩა საქმე“. ბერმა უთხრა, სექტემბერში უნივერსიტეტში რომ წახვალ, კუტლუმუშში მოდი და შევხვდეთო.

ათონზე დაბრუნების შემდეგ, ბერი წმინდა პაისისთან წავიდა, რომელსაც შემდეგი რამ ჰკითხა: ,,მამაო, იქაურმა ეკლესიამ, ერმა და ბერმა, ყველა ეპისკოპოსმა და თვით მთავარეპისკოპოსმაც მითხრეს, ჩამოდი კვიპროსზე, დაგვეხმარე, რადგან აქაურ მონაზვნობას უჭირსო“. წმინდა პაისიმ გაამხნევა, წადიო. ჩვენმა მოძღვარმა თავისი ორჭოფობის მიზეზიც გაანდო: ,,გულისსიტყვა მეუბნება: ,,კვიპროსზე რა უნდა გააკეთო? გასაგებია, შენი სამშობლოა. მაგრამ ვინ ხარ, რომ ხალხის მსახურების ეს დიდი საქმე იკისრო? რას წარმოადგენ? არც მღვდელი ხარ, არც მოძღვარი, არც მეუფე. ერთი უბრალო მონაზონი ხარ, თანაც უწიგნური. არც თანამდებობა გაქვს რამე და არც ძალაუფლება. რა გინდა, რომ მიდიხარ?“

ანუ ბერს ერთი გულისსიტყვა ეუბნებოდა, წადიო, რადგან კვიპროსელები სთხოვდნენ ამას, ხოლო მეორე გულისსიტყვა ეუბნებოდა, ვინ ხარ და რას წარმოადგენ, იქ რომ მიდიხარო. ამ საკითხზე უნდოდა წმინდა პაისისთვის, ბერ არსენისა და ღირს ეფრემ კატუნაკელისთვის ეკითხა რჩევა.

წმინდა პაისიმ უთხრა: ,,წადი და ნურაფერს დაგეგმავ. ორ რამეს კი, ძმურად გეტყვი, რომ ყურადღება მიაქციო: პირველ რიგში, წმინდა ჯვრის წინაშე კანდელი აანთეთ (მონასტერი ჯვრის სახელობისაა); და მეორე, იმ ახალგაზრდების სულები, რომლებიც შენთან მოვლენ, სულიერად დაამუშავე. ესაა და ეს, სხვა არაფერიც რომ არ გააკეთო, ეს საკმარისია“. ჩვენმა მოძღვარმა მადლიერებითა და ლმობიერებით მიუგო: ,,კეთილი, როგორც მაკურთხებ, ისე მოვიქცევი“.

ამის შემდეგ ბურაზერში გაიარეს, რათა დიდი ბერის თანამოღვაწის, მამა არსენის ლოცვა-კურთხევა აეღოთ. ამ უკანასკნელმა ჯვარი გადასახა და უთხრა: ,,ჩვენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა გდევდეს თან“. ბურაზერში რომ მივიდნენ, შუადღე იყო, იმ დროს მამები ისვენებდნენ. ამიტომ მ. იოსებმა სხვები აღარ შეაწუხა, არამედ მხოლოდ ბერ არსენის კურთხევა აიღო. მეორე დღეს ბერ ეფრემს ეწვია კატუნაკებში, რომელმაც მიუგო: ,,იოსებ, მე რა შემიძლია გითხრა? იცი, რომ შენი წასვლა ძალიან დამწყვეტს გულს. მაგრამ ვერ გავბედავ გითხრა, არ წახვიდე-მეთქი. ვერც იმას გეუბნები წადი-მეთქი. როგორც ღმერთი გაგინათლებს გონებას, ისე მოიქეცი“. არ უთხრა, მაინცდამაინც ასე ან ისე მოიქეციო.

ღამე მასთან გაათიეს. დილით ღირსმა ეფრემმა სწირა, რის შემდეგაც მამებს მგზავრობის ლოცვა წაუკითხა. გამომშვიდობების დროს თავის საყვარელ სულიერ ძმას ჩაეხუტა და ცრემლები უხვად დაღვარა. 1947 წლიდან 1978 წლამდე, დაახლოებით ოცდაათი წელი ერთად იყვნენ ჭირშიცა და ლხინშიც. ერთმანეთს სულიერად ანუგეშებდნენ, ხოლო ჩვენი მოძღვარი, თავისი პრაქტიკული მოხერხებულობის წყალობით, საყოფაცხოვრებო საკითხებშიც გვერდში ედგა თავის სულიერ ძმას.

მოგვიანებით წმინდა ეფრემი სწერდა:

      ,,ათონის წმინდა მთა, 10-12-1979

      ჩემო საყვარელო სულო, ჩემო ძმაო იოსებ!

      იოსებ, იოსებ, იოსებ! სად ხარ, იოსებ?!

      აღარც შენი ხმა მესმის, აღარც შენი დანახვა შემიძლია.

      სად ხარ, იოსებ?!

მრავალჟამიერ სიცოცხლეს გისურვებ შენი წმინდანის ხსენების დღეს. ვლოცულობ, რომ ღმერთმა შენი საქმეები აკურთხოს. გაიგებდი ჩვენს ახალ ამბებს. მამა ხარლამპი დიონისიუს წინამძღვარი გახდა. აგათონ ფილოთეველი კი – კონსტამონიტუსი.

არაფერს არ გვწერ. კარგი, ნურაფერს მოგვწერ, მაგრამ მარტო ერთი სიტყვა მაინც მოგვწერე – ,,დამლოცე“, ესეც დიდად გვანუგეშებს.

      გეხვევი, გეხვევი ძმური სიყვარულით.

      შენი ძმა ეფრემ კატუნაკელი“

სხვა დროს კი ამას წერდა:

,,ჩემო საყვარელო სულო, იოსებ, იოსებ, სად ხარ, იოსებ?!

მწარეა სიკვდილი, შავია მიწა, მაგრამ ცოცხლად განშორება უარესია.

გული დამწყდა, სული მომეწამლა, როდესაც ნეა სკიტიდან კუტლუმუშში გადახვედი.

როდესაც ათონიდან წახვედი, მოკვდა ჩემი სული.

კარიესში წასვლაც აღარ შემიძლია: კუტლუმუშს არ შემიძლია შევხედო, რადგან შენ იქ აღარ ხარ. ხოლო თუ გონებით მაინც წავედი, განსაკუთრებით კი შენს ოთახში, მაშინ ჩემი სული იხრჩობა.

რა გითხრა? ყველაფერს შავად ვხედავ. როგორც ჩანს ეს სასმისიც უნდა შემესვა. დიდება წმინდა ღმერთს!

მივიღე შენი წერილი და ვიგრძენი შენი გულისტკივილი. სხვა რა გითხრა?

გუშინ ჩემს სახლში ,,მამა უცხოელი“ მოვიდა ნეა სკიტიდან და სხვა ამბებთან ერთად ესეც მითხრა: მამა იოსები (ანუ შენ) სკიტში მოვა, რომ აქ მოკვდესო. ვლოცულობ, რომ ღმერთმა თავისი ანგელოზი გამოგიგზავნოს და შენი სვლაცა და მსახურებაც წარმართოს მისი წმინდა ნების აღსასრულებლად. ამინ.

ძმური სიყვარულით, შენი ძმა ეფრემი

მეტის დაწერა აღარ შემიძლია, რადგან სული მეხუთება. ჩემი მოძღვრის შემდეგ ყველაზე მეტად შენ შეგიყვარე, ხოლო პირველი სიყვარული არ ქრება“.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share