John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – ვეცადოთ, საღმრთო საქმე შრომით, და არა ცარიელი სიტყვებით ვისწავლოთ

გონიერ გონებას ცნობიერებაც გონივრული ჰმოსავს. ყოველთვის მის ძიებაში უნდა ვიყოთ, გვაქვს თუ არ გვაქვს ის. როცა იგი გამოჩნდება, მაშინ გარეშე გარემოებები აღარ იმოქმედებენ ჩვენზე. ამაზე ამბობდა ბრძენი: „მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ჰპოო“ (იგავნი 2. 5).
მონაზვნის ცხოვრებაში ყოველი საქმე, სიტყვა, ფიქრი და მოქმედება გონივრული უნდა იყოს. თუ ასე არ არის, მაშინ მისი ცხოვრება სამონაზვნო არ ყოფილა, მითუმეტეს, არც ანგელოზთა დარი.
სხვაა ღვთის განგებულება, სხვა — სულიერი შეწევნა, სხვა — მფარველობა, სხვაა ღვთის წყალობა და სხვა — ნუგეში; პირველი ყველა ქმნილებაზე ვრცელდება, მეორე — ყველა მორწმუნეზე, მესამე — ერთგულ და ჭეშმარიტ მორწმუნეებზე, მეოთხე — მათზე, რომელნიც მონასავით შრომობენ, ხოლო მეხუთე ღვთის მოყვარულთ ეფინება.
ხშირად წამალი, რომელიც ერთს კურნავს, მეორეს ჰკლავს. ხშირად ერთი და იგივე წამალი ერთსა და იმავე კაცს რგებს, როცა დროულად იღებს, და ჰკლავს, როცა უდროოდ ღებულობს.
მინახავს უგუნური მკურნალი, რომელსაც ისედაც შეწუხებული ავადმყოფი უჯერო ყვედრებითა და შეურაცხყოფით შეუწუხებია და სასოწარკვეთილების გარდა, მისთვის არაფერი მოუტანია. მინახავს დახელოვნებული მკურნალიც, რომელსაც ამპარტავნებით გასიებული გული შეურაცხყოფითა და ყვედრებით განუპია და იგი მთელი სნეულებისა და სიმყრალისგან გაუთავისუფლებია.

ჰოი, ადამიანო, ნუ ამაყობ უშრომელი სიმდიდრით. ნიჭთა მომცემელმა იმთავითვე იცოდა, რამდენად ვნებული, უძლური და ადვილად დასამარცხებელი იყავი. უსასყიდლოდ იმიტომ მოგანიჭა მადლი, რომ მცირედ მაინც ეცხოვნებუნე უშრომლად.
ბავშვობაში მიღებული აღზრდა, სწავლა და საქმიანობა სათნოების მოპოვებასა და მონაზვნურ ცხოვრებაში ან დაგვეხმარება, ან წინ აღგვიდგება.
მონაზონთა ნათელი ანგელოზები არიან, ხოლო კაცთა ნათელი მონაზვნები არიან. ამიტომ ყველაფერში სამაგალითო ქცევა გვმართებს, რათა არც სიტყვით, არც საქმით, არავის მივცეთ დაბრკოლების მიზეზი. თუ ნათელი ბნელი იქნება, მაშინ რაოდენ დაბნელდება ბნელი, ანუ ერის ადამიანები?!

ძმებო, ვეცადოთ, საღმრთო საქმე შრომით, და არა ცარიელი სიტყვებით ვისწავლოთ, რადგან სიკვდილის ჟამს საქმეების, და არა სიტყვების ჩვენება მოგვიხდება.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ