John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – ვისაც სიკვდილი ახსოვს, მას ფუჭი ლაპარაკი სძულს

მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის და თავს იწონებს ამპარტავნება.
მრავლისმეტყველება არის უგუნურების ნიშანი, ძაგების კარი, კადნიერების წინამძღვარი, ტყუილის მსახური, ლმობიერების მომსვრელი, მოწყენილობის მომტანი, ძილის წინამორბედი, კეთილ გულისზრახვათა განმაბნეველი, გლოვის უჩინომყოფელი, გულის მხურვალების გამაგრილებელი და ლოცვის დამაბნელებელი.
კეთილგონივრული დუმილი არის ლოცვის დედა, მიტაცებულის დაბრუნება, ღვთიური ცეცხლის მცველი, ღვთის სათნო ზრახვათა მასწავლებელი, გულის ზრახვათა მხურვალების დარაჯი. დუმილი მსტოვარია, რომელიც გამუდმებით უთვალთვალებს მტერს. ის გლოვის ბორკილია და ცრემლის მეგობარი. ის ყოველთვის სიკვდილს იხსენებს, საშინელ ტანჯვას წარმოიდგენს და მომავალ სამსჯავროზე ფიქრობს. ის არის საღვთო მწუხარების მსახური, კადნიერების მტერი, დაყუდების მეგობარი, დიდებისმოყვარეობის ამრიდებელი, გონების გამამდიდრებელი, დაცემათა მტერი, სულიერ ხედვათა მომნიჭებელი, უჩინარი წარმატება და უხილავი ზესვლა.
ვისაც საკუთარი დაცემა შეუცნია, ის საკუთარ ენასაც იცავს. ვინც ბევრს ლაპარაკობს, მას საკუთარი თავი სათანადოდ ვერ შეუცნია.
ვისაც დუმილი უყვარს, ღმერთს უახლოვდება, და რამდენადაც უახლოვდება, იმდენად ნათლდება მისგან.

ვისაც სიკვდილი ახსოვს, მას ფუჭი ლაპარაკი სძულს. ვინც გლოვობს, ის მრავლისმეტყველებას ცეცხლივით გაურბის.
ვისაც დაყუდება უყვარს, ის ბაგეებს იცავს. ვისაც აქეთ-იქით სიარული უყვარს, მას მრავლისმეტყველება სენაკიდან აძევებს.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”