18538

წმინდა იოანე სინელი – დაეუფლე მუცელს, ვიდრე თავად დაგეუფლება

სხვა ვნებების მსგავსად, ნაყროვანებაზეც მსურს, მცირე რამ ვთქვა; მაგრამ რასაც მუცლის სიხარბეზე ვიტყვი, ჩემდა გასაგონადაც ვამბობ. გამიკვირდებოდა ისეთი ადამიანის ნახვა, რომელიც საფლავში ჩასვლამდე ამ ვნებისგან თავისუფალი იქნებოდა.

ურიას შაბათი და დღესასწაული ახარებს, ხოლო ნაყროვან მონაზონს – შაბათ-კვირა.
ის ერთი წლით ადრე გამოითვლის, თუ როდის არის აღდგომა და დღესასწაულის დადგომამდე მოამზადებს სანოვაგეს.
მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რომელი სანოვაგით აღნიშნოს დღესასწაული, ხოლო ჭეშმარიტი ღვთის მონა – თუ რომელი საღმრთო მადლით გამდიდრდეს.

დაეუფლე მუცელს, ვიდრე თავად დაგეუფლება და იძულებული გახდები, შერცხვენილმა იმარხულო.

მარხულის გონება ფხიზლად ლოცულობს, ხოლო ნაყროვანის გონება სავსეა უწმინდური კერპებით.
მაძღარი მუცელი თვალთა წყაროს შრეტს, ხოლო მშიერი მუცელი ცრემლთა წყაროს წარმოადინებს.
ვინც მუცლის მაამებელია და ჰგონია, სიძვის ეშმაკს სძლია, იმ კაცს ჰგავს, ცეცხლს ზეთით რომ აქრობს.
როცა მუცელს ვავიწროვებთ – გული მდაბლდება; როცა ვანებივრებთ – გონება მაღლდება და აზრები იფანტება.
ძმაო, განიკითხე საკუთარი თავი განთიადისას, შუადღისას და საღამოჟამს ჭამის წინ და თავად მიხვდები მარხვის სარგებელს.

შეავიწროვე მუცელი და ენასაც უეჭველად დაადუმებ. ბევრი საჭმლით ენა ძლიერდება და მრავლისმეტყველებას იწყებს.
ფხიზლად იყავი მასთან და შეებრძოლე. მცირედაც თუ გაირჯები, მაშინვე უფალი შეგეწევა.

რა საოცარია, ძმებო! როგორ ბილწავს და აბნელებს ნივთიერი სხეული უსხეულო და უნივთო გონებას! ან როგორ წმენდს, აფაქიზებს და მჭვრეტელს ხდის ეს თიხა უნივთო გონებას.
თუ ვიწრო გზით სიარული აღუთქვი ღმერთს, მაშინ მუცელიც შეავიწროვე. იცოდე, აღთქმას არღვევ, ვიდრე ის განსვენებაშია.
მოისმინე, რას ამბობს უფალი: ფართოა გზა მუცლისა, რომელიც სიძვით წარწყმედისკენ მიდის და მრავალი დადის ამ გზით.
“ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ” მარხვისა, რომელიც სიწმინდის სავანეში მიდის და მცირედნი დადიან ამ გზით (შდრ. მათე 7. 14).
ეშმაკთა მთავარი ზეციდან გადმოგდებული ანგელოზია. ვნებათა მთავარი კი მუცლის სიმაძღრეა.

მარხვა არის ადამიანური ბუნების იძულება, პირის გემოს უარყოფა, ხორცთა განხურვების ალაგმვა, ბოროტ აზრთა მოკვეთა, ბილწი სიზმრებისგან გათავისუფლება, ლოცვის სიწმინდე, სულის მნათობი, გონების მცველი, გულის უგრძნობელობის განმაქარვებელი, ლმობიერების კარი, მდაბალი ოხვრა, გულის შემმუსვრელი, უქმმეტყველების უჩინომყოფელი, დაყუდების მიზეზი, მორჩილების მცველი, ძილის განმდევნელი, სხეულის სიჯანსაღე, უვნებობის წინამძღვარი, ცოდვათა მიმტევებელი და სამოთხის კარი.
მოდით, ძმებო, და ნაყროვანების ვნებას, ამ ყველაზე დიდ ბოროტებას, ბოროტთა წინამძღვარს, ადამის დაცემას, ესავის წარწყმედას, ისრაელისAმომსვრელს, ნოეს უპატიობას, გომორელთა ამომბუგავს, ლოთის შეცოდებას, ელია მღვდლის ძეთა დამღუპველსა და სიბილწის მომტანს ვკითხოთ, რათა მისგანვე გავიგოთ, თუ საიდან იშვება, რას შობს, ვინ არის მისი შემმუსრველი ან ვის შეუძლია მისი სრული დამარცხება.

“გვითხარ, ჰოი, ყოველი ხორციელის მტანჯველო და გაუმაძღრობის ოქროთი ყველას მომსყიდველო! როგორ შემოდიხარ ჩვენში? რას შობ ჩვენში შემოსვლის შემდგომ? როგორ გადიხარ ჩვენგან?”

და ეს უკეთურიც ამგვარად გვიპასუხებს ჩვენ, რომლებიც შეურაცხყოფითა და ლანძღვით ვეკითხებით: რატომ შეურაცხმყოფთ და მლანძღავთ ისინი, რომლებიც ჩემი ხელქვეითები ხართ? როგორ ცდილობთ ჩემგან თავის დაღწევას? – მე ხომ თქვენთან თქვენივე ბუნება მაკავშირებს. ჩემთვის საჭმლის სიმრავლეა კარი. ჩემი გაუმაძღრობის მიზეზია ძველი ჩვეულება, სულის ულმობლობა და სიკვდილის დავიწყება. როგორ გაიგებთ ჩემი ნაშიერების სახელებს? – დავთვალე და ზღვის ქვიშაზე მეტი აღმოჩნდნენ ისინი. მაინც მოისმინეთ ჩემი საყვარელი პირმშოებისა და შვილების სახელები: ჩემი ძე-პირმშო არის სიძვა, მის შემდგომ არის გულის უგრძნობელობა, შემდეგ – ძილი, შემდეგ – ბილწ აზრთა ზღვა, ღელვა და ტალღები. ჩემგანაა ენითაღუწერელ და გამოუთქმელ უწმინდურობათა უფსკრული. ჩემი ასულები არიან: მცონარება, მრავლისმეტყველება, კადნიერება, განცხრომა, სიცილი, კამათი, გულქვაობა, ურჩობა, ულმობლობა, დაბნელება, სიამაყე და სიცარიელე გონებისა, წუთისოფლის სიყვარული, რომელსაც მოსდევს შერყვნილი ლოცვა, გონების გაფანტვა და ხშირად _ მოულოდნელი განსაცდელებიც. მათგან იშვება ყველაზე დიდი საშინელება – სასოწარკვეთილება. ვნებებს მე ვშობ, მე ვამრავლებ დაცემას და ვავიწყებ სიკვდილს.
მებრძვის, მაგრამ ვერ მერევა ცოდვებზე ფიქრი. ძლიერ მემტერება სიკვდილზე ფიქრი, მაგრამ ადამიანებში მაინც არაფერია ისეთი, ჩემი სრული მოსპობა რომ შეეძლოს.
ვისაც სულიწმიდა მოუპოვებია, ის ჩემს წინააღმდეგ შეჰღაღადებს და ევედრება. სულიწმიდაა ჩემი მომაოხრებელი, ის არ მაძლევს საშუალებას, ვავნო ადამიანს. ხოლო რომლებსაც ნუგეშისმცემლის გემო არ უხილავთ, ისინი უთუოდ დატკბებიან ჩემი სიტკბოებით, რადგან მხოლოდ სულიწმიდაა ჩემი განმაქარვებელი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •