ხარება – ჩვენი გამოხსნის დასაწყისი – წმინდა ნიკოლოზ სერბი

მზე სუფთა წყალში აირეკლება, ხოლო ზეცა – სუფთა გულში.
ჩვენი შემოქმედი ღმერთი ყველგანმყოფია და ყველგან მკვიდრობს, მაგრამ მისთვის ყველაზე სასურველი სამკვიდრებელი წმინდა გულია, ყველაზე მეტად სწორედ ასეთ გულში ყოფნა სურს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა ყველაფერი მისი ,,სახელოსნოა’’, ადამიანის გული კი მისი ჭეშმარიტი სახლია.

ადამიანის გული ცარიელი არასდროს არის. ის მუდამ სავსეა ან ჯოჯოხეთით, ან ამასოფლის სულით, ან ქრისტეთი. გულის შიგთავსი დამოკიდებულია მისი სიწმინდის საზომზე…

ოდესღაც სამოთხეში ადამიანის გული მხოლოდ ღმერთით იყო სავსე, ის იყო სარკე, რომელშიც ცოცხალი ღმერთის მშვენიერება ირეკლებოდა და არფა, რომელზეც მისი დიდების სიმფონია აღესრულებოდა. ოდესღაც ადამიანის გული ღმრთის ხელში იყო და მას საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ როდესაც ადამიანმა ის საკუთარ ხელში აიღო, მრავალი მხეცი დაესხა თავს მის გულს და სწორედ მას შემდეგ დაიწყო ის, რასაც შინაგანი თვალსაზრისით ადამიანის გულის მონობა, ხოლო გარეგანი თვალსაზრისით მთელი კაცობრიობის ისტორია ჰქვია.

139739307 484848319575468 469369972938575478 n
წმინდა ნიკოლოზ სერბი

აღმოჩნდა, ადამიანს არ შესწევს ძალა, გული დაიმორჩილოს და საკუთარი ხელით ატაროს, ამიტომაც გარესამყაროს დაუქვემდებარა და მიაჯაჭვა. სამწუხაროდ, ამით გავარკვიეთ, რასაც არ უნდა მიაჯაჭვო და დაუქვემდებარო გული, ის ამით მეტად ისვრება და ზიანდება.

საბრალო ადამიანის გული! მრავალი უკანონო მფლობელის საკუთრება და მარგალიტი ღორთა შორის; როგორ გაქვავდი ხანგრძლივი მონობისგან და როგორ დაბნელდი უკუნი წყვდიადისგან. თავად ღმერთი უნდა მოსულიყო ადამიანად, რათა მონობისგან გაეთავისუფლებინე, რათა წყვდიადისგან გამოეხსენი, რათა ცოდვის წყლულისგან განეკურნე და კვლავ თავის ხელში აეყვანე!

ღმერთის ადამიანად მოსვლა საღმრთო სიყვარულის ყველაზე ცხადი გამოხატულება და ყველაზე სასიხარულო უწყებაა სუფთა გულის ადამიანებისთვის.

ყველაზე წყვდიადით მოცულ ადგილას აღმართული ცეცხლოვანი სვეტის მსგავსია ღმერთის ადამიანად მოსვლა. იმის უწყება, რომ შემოქმედი ადამიანად უნდა მოსულიყო, ყოვლადწმიდა ქალწულისა და ანგელოზის შეხვედრით დაიწყო. ეს იყო საუბარი ზეციურსა და ამქვეყნიურ სიწმინდეს შორის.
როდესაც ორი უწმინდური გული ერთმანეთს ესაუბრება – ეს ომია. როდესაც უწმინდური გული წმინდა გულს ესაუბრება – ესეც ომია, ხოლო როდესაც ორი წმინდა გულის არსება საუბრობს, ეს არის სიხარული, მშვიდობა და სასწაული.

მთავარანგელოზი გაბრიელი ადამიანის გამოხსნის პირველი კეთილმაუწყებელია. ეს იყო სასწაული, რადგან ადამიანის გადარჩენა საღმრთო სასწაულის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ყოვლადწმიდა ქალწული პირველი ადამიანი იყო ამ სამყაროში, ვინც ეს სასიხარულო ამბავი მოისმინა და შეძრწუნებითა და გამოუთქმელი სიხარულით ათრთოლდა. მისი გული ზეცას ირეკლავდა, როგორც სუფთა წყალი- მზეს. ახალი სამყაროს შემოქმედმა და ძველის გამაახლებელმა ღმერთმა სწორედ ყოვლადწმიდა ქალწულის გულს მოუდრიკა თავი, სხეულის მისგან მიღება და მასში დამკვიდრება ინება. ამას მოგვითხრობს დღევანდელი სახარებისეული საკითხავიც.

როდესაც დადგა ჟამთა სისავსე, როდესეც უკვე ყველა დიდი წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო, დანიელის მიერ წინასწარუწყებული დრო ამოიწურა და იუდას ტომიდან მეფობა შეწყდა, უძლური კაცობრიობა მთელ ბუნებასთან ერთად ტანჯული კვნესოდა და ხსნას არც ადამიანისგან და არც ბუნებისგან აღარ ელოდა, არამედ მხოლოდ შემოქმედისგან, მაშინ მუცლადიღო ზაქარიას ცოლმა, ელისაბედმა. მაგრამ რა აკავშირებს ელისაბედს კაცობრიობის გამოხსნასთან? მან შვა ქრისტეს წინამორბედი, რომელიც მეომრის მსგავსად წინ უნდა წასულიყო და დიდი მხედართმთავრის მოსვლა ეუწყებინა. ელისაბედი იყო სახე ძველი სამყაროსი, რომელიც უკვე გამომშრალი ხის მსგავსად დაბერებულიყო, მხოლოდ სასწაულით თუ გამწვანდებიდა და გაზაფხულის მოსვლას გვაუწყდებდა, მაგრამ ნაყოფს უკვე ვეღარ გამოიღებდა.

მოხდა სასწაული და მოხუცებულმა ელისაბედმა მუცლად იღო. ,,კი მაგრამ ეს როგორაა შესაძლებელი? ‘’ კითხულობენ ისინი, რომლებიც ყველაფერს მხოლოდ ზედაპირულად აფასებენ. ისინი, რომლებიც სულით შეიგრძნობენ და ენით აღიარებენ, რომ ეს სამყარო ღმრთის სასწაულის გარეშე ვერ გადარჩება, როდესაც ეს სასწაული აღესრულება, გაკვირვებულნი რჩებიან და კითხულობენ, ეს როგორ მოხდაო! რომ არ არსებობდეს ცოცხალი, ყოველისშემძლე ღმერთი, ვერაფერი ვერ იარსებდა და ვერც ვერაფერი მოხდებოდა. ვერც უნაყოფო დედაკაცი შობდა და ვერც ნაყოფიერი. მაგრამ რახან არსებობს ცოცხალი და ყოვლისშემძლე ღმერთი, ესე იგი, ყველაფერი შესაძლებელია, თავის მიერვე შექმნილი ბუნების კანონები ხომ ვერ შეზღუდავენ? ეს ,,შეზღუდვა’’ ჩვენ გვეხება არა იმიტომ, რომ შემოქმედს თავისი ძალაუფლება შემოესაზღვრა, არამედ მისი წყალობის აუცილებლობის მკვეთრად გამოსახატად.

ადამიანი ღმრთისაგან სასწაულს ელოდება და როდესაც ეს სასწაული ხდება, არ სწამს მისი. ადამიანს ეს ბუნება და გარესამყარო საცდურად ექცა. ამ სამყაროს ჩრდილში თავისი სიშიშვლის გამო დამალულ ადამიანს კი უნდა, რომ ღმერთს შეხვდეს, მაგრამ თან ეშინია მასთან შეხვედრის. როდესაც ღმერთს ვერ პოულობს, წუწუნებს და როდესაც მას ხვდება, არ სწამს, უარყოფს და არ აღიარებს. ადამის მსგავსად მისი შთამომავლებიც ორ ხეს შუა ვდგავართ, ქრისტეს , როგორც სიცოცხლის ხესა და ბუნების, როგორც შემეცნების ხეს შორის. დაე, როგორც მაშინ, ახლაც გამოიცადოს ადამიანის თავისუფლება, მორჩილება, სიმდაბლე,სიბრძნე, გული,ნება. განსაცდელები რომ არ ყოფილიყო, ვერც ადამიანი იქნებოდა თავისუფალი. თავისუფლება რომ არ ყოფილიყო, ადამიანები კი აღარ იარსებებდნენ, არამედ იქნებოდა მხოლოდ ორი სახის ქვა: ერთი, რომელიც უძრავია, ხოლო მეორე – მოძრავი.

,, და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ’’. აქ იოანე წინამორბედის ჩასახვიდან მეექვსე თვე იგულისხმება. რატომ მეექვსე თვე და არა მესამე, მეხუთე ან მეშვიდე? იმიტომ, რომ ღმერთმა ადამიანი მეექვსე დღეს შექმნა. ქრისტე მთელი სამყაროს განმაახლებელია. ის მოვიდა, როგორც ახალი შემოქმედი და ახალი ადამიანი. მასში ყველაფერი ახალია. ამ ახალ შესაქმეში იოანე ქრისტეს წინამორბედია ისევე, როგორც თავდაპირველი შესაქმისას მთელი ეს სამყარო ძველი ადამის წინამორბედი იყო. უფალ იესუ ქრისტეს წინაშე იოანე წარსდგა, როგორც მონანული ძველი, ცოდვით დაცემული კაცი და სახე მთელი მიწიერი ქმნილებისა. მთელი კაცობრიობის სახელით ის ქრისტესთან მიდის, როგორც მონანული და სინანულის მქადაგებელი.

ამრიგად, მეექვსე თვეს მიივლინა ქალწულთან მთავარანგელოზი გაბრიელი. პირველი შესაქმის ამ დიდ დრამაში პირველად ანგელოზები შეიქმნნენ: ,,დასაბამად ქმნა ღმერთმან ცა და ქვეყანა’’(დაბ.1:1). ცაში იგულისხმება მთელი ანგელოზთა იერარქია. აი, ამ ახალი შესაქმის უდიდესი დრამის დასაწყისშიც პირველად ანგელოზი მოდის. სწორედ ანგელოზმა გააჟღერა დანიელის პირით მეფეთა მეფის შობის დრო, წინასწარმეტყველ ესაიას და სხვების პირით კი , როგორ იშვებოდა; ანგელოზმა აუწყა ზაქარიას წინამორბედის შობის შესახებ და ახლაც ანგელოზია ღმერთკაცის შობის პირველი მაუწყებელი. როდესაც დაიბადა ღმერთკაცი იესუ, ბეთლემის ბაგას თავზე სწორედ ანგელოზები შეეგებნენ მას გალობით. თითოეული ახალი ქმნილება ღმერთისთვის სიხარულია და მას ყველასთვის სურს ამ სიხარულის გაზიარება. სიყვარულიდან და სიწმინდიდან მომდინარე ეს სიხარული ერთადერთი რამაა ზეცაშიც და ქვეყანაზეც, რაც გაზიარებისას კი არ კლებულობს, არამედ უფრო მეტად იზრდება, რადგან სწორედ ცოცხალი ღმერთია წყარო სიხარულისა და სიყვარულისა. როდესაც ღმერთმა ანგელოზები შექმნა, მან ისინი თავის თანამშრომლებად აქცია. როგორც კი ადამი შექმნა, მასაც თავის თანამშრომლად აწესებს და მთელი ქმნილების ბატონად აყენებს. ზუსტად აქაც, ახალი შესაქმისას, ახალი ადამიანის – ქრისტეს შექმნის წინ მოდის ანგელოზი; როგორც კი ქრისტემ ეკლესია დააარსა, მოციქულები დაიწესა თანამშრომლებად და ყველას მოუწოდა ამ საქმეში. ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება და ის თანამშრომლობს თავის წმინდანებთან, მოწამეებთან და ყველასთან, ვინც ეს მოწოდება მიიღო.

ვისთან მიივლინა დიდი მთავარანგელოზი გაბრიელი? ის ყოვლადწმინდა ქალწულთან მიდის, რადგან სწორედ მასში უნდა დამკვიდრებულიყო და მისგან გამოსულიყო ახალი სამყარო, ახალი ქმნილება. ახალი სამყარო, ურჩობით დაზიანებული ძველი ქმნილების საპირწონედ, თავად უბიწოება და თავად სიწმინდე უნდა ყოფილიყო.

ქალწული უნდა გამხდარიყო კარიბჭე, რომლის გავლითაც უნდა შემოსულიყო მხსნელი ამ სამყაროში, როგორც თავის სახელოსნოში და თავის სამკვიდრებელში. ეს სიდიადე სწორედაც რომ სრულ თავისუფლებას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, ეს კარიბჭე უნდა ყოფილიყო წმინდა, მეტიც, უწმინდესი ქალწული, რომლის გულიც სრულიად განშორებული იქნებოდა ამქვეყნიური სურვილებისგან და რომელიც სრულად ეკუთვნოდა თავის შემოქმედ ღმერთს. ეს ქალწული ამ ხრწნილ სამყაროში აღიზარდა, მაგრამ მისგან სრულიად ხელშეუხებელი დარჩა.

,,ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა’’. რატომ იყო დანიშნული? საღმრთო განგებულებამ ასე მოაწყო, რადგან ადამიანური და დემონური დაცინვისა და ცილისწამებისაგან დაეცვა. ის რომ დაწინდული არ ყოფილიყო და ისე ეშვა, მაშინ ვინ დაიჯერებდა, რომ ქრისტე უკანონოდ არ დაიბადა? რომელი მიწიერი მსაჯული დაიცავდა მას და რჯულის სიმკაცრეს აარიდებდა? საღმრთო განგებულებას არ სურდა, რომ მის რჩეულს თავს ეს უბედურებები დასტეხოდა და ინება, რომ წინდობის მიერ მისი საიდუმლოებრივი შობა დაფარულიყო.

რატომ ერქვა მის ქმარს იოსები? რომ გაგვხსენებოდა ძველაღთქმისეული წმინდა და უბიწო იოსები, რომელმაც საშინლად გარყვნილ ეგვიპტეში შეძლო და ხორციელი და სულიერი სიწმინდე დაიცვა.
,,შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო!’’ ახალი შესაქმე ღმრთისთვისაც და ადამიანებისთვისაც სასიხარულოა; სწორედ ამიტომ ახარებს ანგელოზი: ,,გიხაროდენ!’’. სწორედ ამ სიტყვით იწყება ახალი სამყაროს დრამა. ეს არის პირველი, საწყისი სიტყვა, რომელიც ამ დიდი საიდუმლოების ფარდის ახდისას გაჟღერდა. გაბრიელი ქალწულს მიმადლებულს უწოდებს, რადგან მისი სული სულიწმიდის ცხოველსმყოფელი ნიჭებით, ზეციური კეთილსურნელებითა და სიწმინდით აღსავსე, ცოცხალი ღმერთის ტაძარი იყო. მადლს მოკლებულია ის, რომლის სულიც დახურულია ქრისტესთვის და მხოლოდ მიწიერისთვისაა ღია. ,,კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის’’ – კურთხეულია ის, ვისშიც ღმერთი მკვიდრობს. ვინც შემოქმედის კაცთმოყვარება განცდისეულად შეიცნო, მან იცის, რომ ღმერთი არასდროს დაშორდებოდა ადამიანს, პირველად ადამიანს რომ არ მიეტოვებინა. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ამ სამყაროში შემოსვლა შემოქმედის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა საკუთარ თავსა და ღმერთს შორის სივრცე შექმნა, ის მაინც პირველი უახლოვდება ადამიანს ამ სივრცეზე ხიდის ასაშენებლად. სწორედ ყოვლადწმიდა ქალწული გახდა ამ უფსკრულზე გადებული ხიდი. ევა ბჰპირველი დაეცა ნათელმოსილ სამოთხეში, სადაც ყველაფერი ცოდვისგან აკავებდა, ხოლო ქალწულმა მარიამმა პირველმა დაამარცხა ყველა საცდური ამ ბნელ და წყვდიადით მოცულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ცოდვისკენ გიბიძგებს. როდესაც სუსტი ნების მქონე ევას პირმშო ძმისმკვლელი კაენი იყო, ყოვლადწმიდა მოღვაწემ შვა მოღვაწეთა მოღვაწე, რომელმაც ეს ძმისმკვლელი მოდგმა სიკდვილისა და ცოდვის წყვდიადისგან ამოიყვანა.

ანგელოზის სიტყვებმა ბავშვივით შეაძრწუნა და დაფიქრდა, თუ რას ნიშნავდა ეს მისალმება. მარიამი ჭეშმარიტი ბავშვია. ქრისტემ თქვა: ,,ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა’’.(მთ.18:3). ეს ვნებებით აღსავსე სამყარო სწრაფად აბერებს ადამიანს. ჩვენი ბავშვობა საკმაოდ ხანმოკლეა და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოკლდება. ვის შეუძლია კვლავ ბავშვად ქცევა? მარიამმა მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნა ეს ბავშვობა თავისი უბიწოებით, უბრალოებით, ღმრთის შიშითა და მორჩილებით. ის თავისი ძის სამეფოში მანამ შევიდა, სანამ ამ სამეფოს შესახებ ქადაგებას დაიწყებდა, რადგან ღმრთის სასუფეველი მის გულში იყო (ლკ.17:21). როგორც ბავშვი, ისე შეძრწუნდა ანგელოზის ხილვისას და ბავშვივით ფიქრობდა ამ საკვირველ მისალმებაზე. მასში არა ხელოვნურობა, არამედ ბავშვური უბრალოება, უბიწოება და გახსნილობა იყო.

დიდმა მთავარანგელოზმა გაბრიელმა, რომელიც პირველი ადამიანის შექმნასაც ესწრებოდა და მისი სულის განჭვრეტის ძალას ფლობდა, დაინახა ყოვლადწმიდა ქალწულის სულის შეძრწუნება და მყისვე დაამშვიდა თბილი და ლმობიერი სიტყვებით: ,,ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა’’. ნუ გეშინია, ყრმაო, ნუ გეშინია, ღმრთის მადლმოსილო შვილო, ნუ გეშინია ყველა მოკვდავზე მეტად კურთხეულო, რადგან შენგან გამოვა მთელი კაცობრიობის კურთხევა, ნუ გეშინია, რადგან ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა!

მას შემდეგ, რაც გაბრიელმა მარიამის სული დაამშვიდა, მას მთავარ ზეციურ უწყებას გადასცემს: ,, აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ’’.
სახელი იესუ, ებრაულად იეშუა, ერქვა ნავეს ძესაც, რომელმაც ებრაელები აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანა. ამით ის მხსნელი იესუს წინასახეა, რომელმაც კაცობრიობას ერთადერთი ჭეშმარიტ, უკვდავი აღთქმული მიწა – ცათა სასუფეველი არგუნა.

ამ დეტალებს მთავარანგელოზი ქალწულის დასარწმუნებლად ეუბნება: ,,ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისა, მამისა თჳსისაჲ. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ’’. ეს მოლოდინი ყველა ებრაელის ცნობიერებაში იყო და ,მით უმეტეს, სულიერად აღზრდილ ქალწულ მარიამში. ის მარიამს უფალ იესუ ქრისტეზე ყველაფერს არ ეუბნება, არამედ მხოლოდ იმას, რაც მან წმინდა წერილიდან იცის. ის არ ეუბნება, რომ ქრისტეს მსოფლიო საკაცობრიო როლი ექნებოდა, რომ ის იქნებოდა ყველა ადამიანის გამოხსნელი, სულიერი სამეფოს დამაარსებელი, ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული და ის არის ღმერთი სიტყვა, ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასი. ეს ყველაფერი რომ ეთქვა, მას კიდევ უფრო მეტად შეაძრწუნებდა. მიუხედავად უბიწოებისა და სიწმინდისა, ყოვლისმცოდნე არ იყო, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ესწავლა თავისი ძისგან, მისი სიტყვები გულში დაემარხა(ლკ.2:51) და ეს შემეცნება მარადისობაში უნდა გაგრძელებულიყო. მთავარანგელოზი ებრაელების წარმოდგენებისა და მოლოდინის ჩარჩოებს არ გასცდენია. ის ორგანული კავშირით წამოადგენს ყველაფერს, რაც წმინდა წერილის წინასწარმეტყველურ წიგნებშია გაბნეული. ,,ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხჰყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა’’.

ეს ზეციური უწყება რომ მოისმინა, თავისი ბავშვური უბიწოებით ამ საოცარ მაცნეს ეკითხება: ,, ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?’’ ეს კითხვა მის ურწმუნოებას კი არ გამოხატავს, არამედ მის ბავშვურ უბიწოებასა და უბრალოებაზე მეტყველებს. რას ვუპასუხებდით თითოეული ჩვენგანი ჯერ ასეთი მაცნეს დანახვაზე და შემდეგ ასეთ საკვირველ უწყებაზე? განა არა იმას, რაც პირველად მოგვივიდოდა აზრად? მაგრამ მას ზედმეტი არაფერი დასცდენია. მან ჩვენთვის დასვა ეს კითხვა, რათა უშუალოდ ცოცხალი ღმერთის ანგელოზისგან მოგვესმინა პასუხი. რას პასუხობს გაბრიელი?

,, მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ’’. ეს იყო სრული და ამომწურავი პასუხი.

ქალწული ზაქარიას მსგავსად რომ დაეჭვებულიყო, ისიც მასავით დაისჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მსგავსი კითხვით მიმართავენ მთავარანგელოზს, მათი შინაგანი მდგომარეობა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ღმერთიც მხოლოდ ადამიანის გულს უყურებს…

როდესაც ღმერთის მაცნეს ახსნა მოისმინა, მდაბალთა შორის ყველაზე მდაბალმა ქალწულმა ასეთი ლმობიერი სიტყვებით დაასრულა ეს საოცარი საუბარი:,,აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!’’ რატომ თქვა მხევალი უფლისა? მან კარგად იცოდა, რომ მთავარანგელოზი ძლევამოსილი, უკვდავი არსებაა, მაგრამ ის მხოლოდ ცოცხალი ღმერთის მსახური და მისი ნების გამჟღერებელია. არც იმას ამბობს: მეყავნ მე სიტყჳსაებრ უფლისა, არამედ შენისა! ამით ის პატივს მიაგებს ზეციურ მხედართმთავარს. გარდა ამისა, მისი პასუხი მორჩილების მზაობასა და უკიდურეს სიმდაბლეს გამოხატავს. ასეთი ბრძნული პასუხის გაცემა მხოლოდ წმინდა გულის მქონეს შეეძლო, რადგან სწორედ ასეთ გულში იღვრება ჭეშმარიტი სიბრძნე.

როდესაც ევამ სატანის სიტყვები შეიწყნარა, მყისვე დაზიანდა მისი გული და ამიტომაც ის საღმრთო სიბრძნემ დატოვა . სიამაყისა და ურჩობის გამო წაიბილწა ევას გული და მისი გონებაც დაბნელდა. სიამაყემ და ურჩობამ დაღუპა ძველი სამყარო, დაზიანდა კაცთა მოდგმა და მთელი ქმნილება. ახალი სამყარო კი სიმდაბლესა და მორჩილებას დაეფუძნა. ყოვლადწმიდა ქალწულის სიმდაბლე და მორჩილება ენით აღუწერელია და მხოლოდ მისი ძე – ღმერთი და სამყაროს განმაახლებელი აღემატება მას თავისი უსაზღრო სიმდაბლითა და მორჩილებით.

ბოლოს, ჩვენი ხსნის მაუწყებელი ფრთოსანი მაცნე დაუბრუნდა ზეციურ სამყაროსა და თავის უკვდავ თანამოძმეებს. მისი ხარებაც მხოლოდ სიტყვა კი არ იყო, უპირველესად, საქმე- როგორც კი თქვა ღმერთმა, მყისვე აღსრულდა. არასდროს არც ერთ მაცნეს არ მოუტანია ამაზე სასიხარულო ამბავი დედამიწაზე, როგორიც ნათელმოსილმა მთავარანგელოზმა გაბრიელმა მოგვიტანა. ვისი ბაგე არ განადიდებს და ვისი გული არ გამოხატავს მადლიერებას ამის გამო!

არასდროს ყოფილა მზის ამრეკლავი ისეთი სუფთა წყალი, როგორიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის გული იყო, რომელიც ზეციურ მშვენიერებას ირეკლავდა. მზის დამბადებელი განთიადიც კი შერცხვებოდა ყოვლადწმიდა მარიამის სიწმინდის წინაშეც, რომელმაც უკვდავი მზე – ჩვენი გამომხსნელი ქრისტე შვა. რომელი მუხლი არ მოდრკება და რომელი ბაგე არ უგალობებს: ,,გიხაროდენ, მიმადლებულო! გიხაროდენ ჩვენი გამოხსნის განთიადო! გიხაროდენ, უპატიოსნესო ქერუბიმთაო და აღმატებულო უზეშთაეს სერაფიმთაო! დიდება შენს ძეს, ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, თანა მამით და სულით წმიდითურთ, სამებასა ერთ არსებასა და გაუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წყარო: http://hram-vsr.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •