წმინდა პაისი ათონელი შინაგანი მყუდროების შესახებ – ნიკოლაი ნოვიკოვი

წმინდა პაისი ათონელი ხაზგასმით ამბობს: ,, თუკი ხმაურისას იესუს ლოცვა გიჭირს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი გონება ჯერ არ ეკუთვნის ქრისტეს’’. ის აგრძელებს: ,, ადამიანმა იმ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, რომ სრულიად ჩაიძიროს ღმერთში, რათა შინაგანი მყუდროება მოიხვეჭოს და გარეგნულმა ხმაურმა ლოცვაში აღარ დააბრკოლოს’’. ეს ყველაფერი სულიერი შრომით მიიღწევა. ,,ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სულიერი ბრძოლისთვის ყველაფრისგან გამოვნახოთ სარგებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმაურიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ’’.  ასეთი შრომით მოიპოვება შინაგანი მყუდროება. ეს მდგომარეობა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან თუ მან ვერ შეძლო გარესამყაროს ქაოსში შინაგანი მყუდროების მოხვეჭა, მაშინ ვერც გარეგნულად მყუდრო ადგილას შეძლებს ამას. წმ პაისი ასევე ამბობს: ,, როდესაც ადამიანში შინაგანი მყუდროება გამეფდება, მაშინ მის გულში ყველაფერი მშვიდდება და აღარაფერი აწუხებს.  ამიტომაც, ადამიანმა სულიერად უნდა იშრომოს, რათა ეს მდგომარეობა ჯერ გარესამყაროს ხმაურში ყოფნისას მოიხვეჭოს. ამავდროულად, მუდამ შფოთში მყოფი ადამიანი, უდაბნოშიც რომ განმარტოვდეს, იქაც თან წაიღებს თავის აშფოთებულ ,,მეს’’.

როდესაც ფიზიკურად ვშრომობთ, ძალიან სასარგებლოა საქმესთან ერთად ხმამაღლა იესუს ლოცვა ვიმეოროთ. გარდა ამისა, როდესაც რაიმე საქმე ბევრ საზრუნავს მოითხოვს და ლოცვაში კონცენტრირება გვიჭირს, მაშინ ძალიან გვეხმარება ისეთი ჩუმი გალობა, რომელიც სხვას არ შეაწუხებს. აუცილებელია მუშაობისას ლოცვა, რათა უფალმა აკურთხოს ეს საქმე. ლოცვა, როგორც ვიცით, გულის საქმეა. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ შეცდომები, გონება ამ დროს საქმეში უნდა იყოს ჩართული. რაც შეეხება გონებრივ საქმიანობას, ისიც აუცილებლად გონიერ-გულისმიერი იესუს ლოცვის თანხლებით აღესრულებოდეს. წმ. პაისი ამბობს: ,, თუკი შენი გონება ქრისტეს ეკუთვნის და მისკენ იმზირება, მაშინ შენი ყველა საქმიანობა იკურთხება, მათ შორის ინტელექტუალურიც. ასეთი სულიერი მდგომარეობა ადამიანს ძალიან ეხმარება, რათა საღმრთო მადლით ყველაფრის სიღრმისეულ არსს ჩასწვდეს. თუკი არ გვაქვს შესაბამისი სულიერი გამოცდილება, მაშინ მუდამ ვილოცოთ და ვევედროთ ქრისტეს, რათა თავისი ნათელი მოგვანიჭოს. ასე იშრომე კრძალვით. როდესაც საქმეს აკეთებ, ერთ ან ორ საათში ერთხელ შეისვენე ხოლმე და ეს დრო მოუკლებელი იესუს ლოცვით ქრისტეს ძიებას დაუთმე’’.

წმ. პაისი ხაზგასმით ამბობდა იმასაც, რომ მონაზვნისა და ერის ადამიანის სულიერ ღვაწლს შორის არსობრივი განსხვავება არ არის. ,, თუკი ადამიანი გულმოდგინეა, როგორი ცხოვრების წესიც არ უნდა აირჩიოს, ეს იქნება მონასტერი თუ ერი, ის აუცილებლად წარემატება სულიერად, რადგან ის მუდამ მთელი არსებით იშრომებს. ის ადამიანი კი, რომელიც საკუთარ თავში ამგვარ გულმოდგინებას და გულმხურვალებას არ აღზრდის, სადაც არ უნდა იცხოვროს ვერანაირ ნაყოფს ვერ გამოიღებს. შესაძლოა შეხვდე მონაზონს, რომელიც ამასოფლის სულს ატარებს და ერის ადამიანს, რომელიც მონაზვნური სულის მატარებელია.

რა თქმა უნდა, ყველა გზას თავისი განსაკუთრებულობები ახასიათებს. თითოეულს თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ,,ყურადღებიანი მყუდრო ცხოვრების წესი ძალიან ეხმარება გონიერ ლოცვას. მყუდროება თავისთავად საიდუმლოებრივი ლოცვაა და ძალიან ეხმარება ადამიანს, რომ საკუთარ გულში ქრისტეს ესაუბროს. ამასოფლისგან გარეგნული განშორება და მყუდროება, სწორი სულიერი ცხოვრების პირობებში, არის წყარო მოუკლებელი ლოცვისა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მხოლოდ სხეულით იმყოფება დედამიწაზე, გულით კი ზეცაში ქრისტესთანაა. ამ ყველაფრის მისაღწევად სასიცოცხლოდ აუცილებელია გულის სიმდაბლე. მოღვაწის გონება ძალიან მტკიცედ უნდა იყოს დაცული, რათა ამპარტავნული გულისსიტყვები არ გაბატონდნენ მასში და არ მოხიბლონ სხვადასხვა ოცნებებითა და ცრუ ნათლის ხილვით. უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფება ის, ვინც მაღალ სულიერ მდგომარებებსა და ნიჭებს კი არ ეძებს, არამედ მხოლოდ ღმრთის წყალობას.

ძმათა შორის მცხოვრები მონაზვნები გაცილებით უფრო უსაფრთხოდ იმყოფებიან, ვიდრე უდაბნოში განმარტოებული მამები. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუკი ერთსულოვანნი არიან და არ ,,ჭამენ’’ ერთმანეთს. სულ მცირედით გამოვლენილი თავგანწირვითაც კი შეიძლება, რომ განდეგილებზე მეტად წარემატონ. ის ახალდამწყები, რომელიც ძმებთან ცხოვრებას გაურბის და საკუთარი ეგოიზმით აღძრული განმარტოებით დაეყუდება, შეიძლება ფსიქიკურადაც კი შეირყეს. ამასთან ერთად, თუ ის ბუნებითად ჩაკეტილობისა და მოწყენილობისკენაა მიდრეკილი, მაშინ გულისსიტყვები სულს შეუხუთავენ და მუდამ შინაგან შფოთში იქნება. თუ მას სულ მცირე სიმდაბლე მაინც აქვს, მაშინ აუცილებლად დაუბრუნდება ძმურ ერთობას და გადარჩება.

მონაზვნისთვის ყველაზე ბუნებრივი გზა მოძღვრის მორჩილებაში მყოფობა, მუდამ სიმდაბლით შრომა და ღმრთის წყალობის მოუკლებლად, კრძალვით გამოთხოვაა. ასეთი ცხოვრების წესით, ის თანდათანობით ადის გოლგოთაზე, ჯვარს ეცმევა, შემდეგ სულიერად აღდგება და მასში ანგელოზებრივი სულიერი სიხარული მკვიდრდება. თუ ქრისტიანმა არ გაიარა გოლგოთა და ჯვარცმა, მაშინ ვერც სულიერად აღდგება და შეიყვარებს ქრისტეს. ის, ვინც ქრისტესტან ერთად არ ევნო, ვერც მის ტკივილებს შეიგრძნობს, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ვერც მისი სიყვარულით დატკბება. თუ მონაზონი ასე არ ცხოვრობს, ის გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე ერის ადამიანი.

თარგმნილია წიგნიდან: ,,Молитва Иисусова. Опыт двух тысячелетий. Том первый. (Издательский проект ,,Путь умного делания’’. Москва 2018)

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©



  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •