porfiri kavsokaliveli 5

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – არ მოაცილოთ თქვენი აზრი და გონება უფალს

ადამიანი ზეცაში ყველასა და ყველაფრისგან მოშორებით ეძებს მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას, ცდილობს, ღმერთში აღმოაჩინოს იგი. ღმერთი – საიდუმლოებაა, ის მდუმარებაა; ის უსასრულოა; ის – ყველაფერია. სამყაროში ყოველი ადამიანი ეძებს რაღაცას, მთელი არსებით ზეცას ესწრაფვის, მისკენ არის მიმართული, თუნდაც არ ჰქონდესეს შეგნებული და გაცნობიერებული.
არ მოაცილოთ თქვენი აზრი და გონება უფალს. შეიყვარეთ ლოცვა – მასთან საუბარი. მოსაგრეობის აზრი ქრისტესადმი სიყვარულში, მისადმი მოშურნეობაშია. გახდით უფლის სიყვარულის ღირსნი, რათა არ დარჩეთ ბნელში. ჩართეთ ლოცვის გადამრთველი, რათა თქვენს სულში ღმრთიური ნათელი აინთოს. მაშინ თქვენი არსის სიღრმეში ქრისტე გამოცხადდება, იქ, სადაც ცათა სასუფეველია: “ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია” (ლუკ. 17,21).

დავდგეთ კდემამოსილებით ჯვარცმულის წინაშე და ვთხოვოთ: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!” ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ადამიანის გონება ლოცულობს, მას ღმრთიური მადლი უეცრად იპყრობს. ხოლო როცა ადამიანი მადლიანი ხდება, ყველაფერს სხვა თვალით აღიქვამს. მთავარია, ქრისტეს სიყვარული ჩავაქსოვოთ ლოცვაში, ღმრთის გააზრებაში, წმიდა წერილის კითხვაში…

თუნდაც მცირედი ეგოიზმი გაერია უფალთან ურთიერთობაში, ეს მისკენ გზას კეტავს. როცა ქრისტეს აბსოლუტური ნდობით დავუკავშირდებით, მაშინ ბედნიერებას ვიგრძნობთ და ჩვენს გულს სამოთხისებური სიხარული აავსებს. და მაშინ ჩვენ მოციქულ პავლესთან ერთად გავიმეორებთ: “სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა, სიკვდილი კი – მონაგები.” (ფილ. 1, 21). “და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში.” (გალ. 2,20). ოჰ, ნეტა შემეძლოს, ვთქვა რა არის ეს! წმიდა სიგიჟე! დე, იყოს ყველაფერი უბრალოდ და მშვიდად.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ