Untitled Artwork 1

მლოცველი გონება გულთან შეერთებას ესწრაფვის – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

დაეხშო გრძნობათა კარი: ენა მდუმარებს, თვალები დახუჭულია, სმენა არ აყურადებს გარესამყაროს. ლოცვით შემოსილი გონება გვერდზე დებს მიწიერ საზრუნავთა ტვირთს და გულის სენაკში შესვლად ცდილობს. ამ სენაკის კარიც ჩარაზულია; ირგვლივ სიბნელე და უკუნი წყვდიადია. ამ დროს, გონება იწყებს ლოცვით გულის კარზე კაკუნს; მოთმინებით დგას კარის წინ, აკაკუნებს და იცდის, კიდევ აკაკუნებს, კიდევ იცდის, კიდევ ლოცულობს… პასუხი არ ისმის, ჩქამიც კი არსაიდანაა! მას მხოლოდ მკვდარი სიჩუმე და წყვდიადი პასუხობენ სამარისებრი მდუმარებით. დამწუხრებული გონება შორდება გულის კარს და მწარე მგლოვარებაში ეძიებს საყრდენს. ის არ დაუშვეს საკუთარი გულის შინაგან საკურთხეველში, რათა იქ მეფეთა მეფეს შეხვედროდა.

რატომ უარგყვეს?

ჩემზე ცოდვის ბეჭედია. მიწიერზე ფიქრის ჩვევა მართობს. არ არის ჩემში ძალები, რადგან სულიწმიდის შეწევნას ვერ ვგრძნობ. ყოვლადწმიდა სული ყოვლადკეთილია, ის არის დაცემულობით საშინლად დაშლილი ადამიანის გამამთლიანებელი, ის არის გონების, გულის და სხეულის შემაერთებელი. ყოვლადწმიდა სულის ყოვლისშემძლე, შემოქმედი შეწევნის გარეშე, ყოველგვარი ჩემი ძალისხმევა ამაოა! ის მრავალმოწყალე და უსასრულოდ კაცთმოყვარეა: მაგრამ ჩემი გულის უწმინდურობა არ უშვებს მას ჩემთან. განვიბანები ცრემლით, განვიწმინდები ცოდვათა აღიარებით, ჩემს სხეულს საზრდელს და ძილს მოვაკლებ, რომელთა გარდამატებული სიუხვითაც დაჩლუნგდა ჩემი სული; სინანულის მგლოვარებით სრულად შემოსილი, კვლავ ჩავალ საკუთარი გულის კართან. იქ დავდგები, ან დავჯდები, როგორც სახარებისეული ბრმა, დავითმენ წყვიადის სიმძიმეს და მოწყენილობას და ყოვლისშემძლე ქრისტეს მოუკლებლად შევღაღადებ: ,,შემიწყალე მე!’’(მკ.10:48).

ჩავიდა გონება, დადგა და დაიწყო ტირილით მოხმობა. საკუთარ თავს აღქვამდა ბრმად, რომელიც ჭეშმარიტ და დაუვალ ნათელს ვერ ხედავს, – მუნჯად და ყრუდ, რომელსაც არ აქვს არც სულიერი მეტყველება და არც სმენა; გრძნობდა, რომ ნამდვილად ბრმა, ყრუ და მუნჯია და შინაგანი იერიქონის კარიბჭესთან, ანუ საკუთარი გულის შესასვლელთან იდგა, რომელიც სავსეა ვნებებით და იქ მდგომი ელის კურნებას ქრისტესგან, რომელსაც ვერ ხედავს, რომლისაც არ ესმის და რომელსაც მოუკლებლად შეჰღაღადებს.

მიჩვენებთ მე გზას, რომელზეც მაცხოვარი ჩაივლის? ეს გზა – ლოცვაა, როგორც დავით წინასწარმეტყველის პირით თქვა ღმერთმა: ,,მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაჲ, სადა უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი’’(ფს. 49:23). მითხარით, როდის ჩაივლის ქრისტე? დილით, შუადღეს თუ საღამოს? ,, მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი’’(მკ.13:33).გზა ცნობილია, მაგრამ დრო არ არის დანიშნული! – გავალ ქალაქიდან და დავდგები ან დავჯდები იერიქონის(საკუთარი გულის) კარებთან, როგორც ამას პავლე მოციქული გვირჩევს: ,,აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ’’(ებრ.13:13). ეს სამყარო წარმავალია და მასში ყველაფერი ცვალებადია. განვიშორებ სიყვარულს ქონებისადმი, რომელსაც გვინდა არ გვინდა, სიკვდილისას დავკარგავთ და ხშირად სიკვდილამდეც კი; განვიშორებ პატივისა და დიდების დამღუპველ სიყვარულს; განვიშორებ გადამეტებულ გრძნობისმიერ სიტკბოებებს, რომლებიც სულიერი ღვაწლის უნარს გვართმევენ. ,,რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.’’(ებრ. 13:14). ეს ქალაქი ჯერ თავდაპირველად ჩემს გულში უნდა განცხადდეს ჩემი უფლის მადლით და მოწყალებით. ვინც მიწიერი ცხოვრების ჟამს არ შევა საკუთარი სულით დაფარულ, შინაგან იერუსალიმში, მას ვერ ექნება დასტური იმისა, რომ სულის ხორცთან გაყრის შემდეგ შეძლებს ზეციურ იერუსალიმში შესვლას, რადგან პირველი მეორის წინაპირობაა. ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share