წმ.სილოან ათონელი e1605109786225

წმინდა სილუან ათონელი – ხარობს უფალი ადამიანთა სინანულით

ჩემმა სულმა შეგიცნო შენ, უფალო, და ვწერ შენს წყალობას შენს ხალხს.

ნუ წუხხართ, ერნო, რომ გიჭირთ ცხოვრება. მხოლოდ ცოდვას ებრძოლეთ, შემწეობა შესთხოვეთ უფალს და გიბოძებთ იგი, რამეთუ მოწყალეა და უყვარხართ.

ო, ერნო… ცრემლებით გწერთ ამ სტრიქონებს. ჩემს სულს სურს, რომ შეიცნოთ უფალი და განჭვრიტოთ მისი წყალობა და დიდება. 72 წლის ვარ; მალე მოვკვდები, და გწერთ ღვთის წყალობის შესახებ, რომლის შეცნობაც მან სულიწმიდით მიბოძა; სულიწმიდამ მასწავლა ხალხთა სიყვარული. მე დაგსვამდით მაღალ მთაზე, რათა მისი სიმაღლიდან შეგძლებოდათ დაგენახათ ღვთის მოკრძალებული და მოწყალე სახე, მაშინ გაიხარებდა თქვენი სულები. ჭეშმარიტად გეუბნებით: საკუთარ თავში კარგს ვერაფერს ვხედავ, უამრავი ცოდვა მაქვს, მაგრამ სულიწმიდის მადლმა აღხოცა მრავალი მათგანი; და მე ვუწყი, რომ ვინც ცოდვას ებრძვის, უფალი არა მხოლოდ შეუნდობს მას, არამედ სულიწმიდის მადლსაც უბოძებს, რომელიც ახარებს სულს და ღრმა და ტკბილ მშვიდობას ანიჭებსმას.

ო, ღმერთო, შენ გიყვარს შენი ქმნილება; ვის შეუძლია, ჩასწვდეს შენს სიყვარულს ანდა ტკბებოდეს მისით, თუ თვით შენ არ ასწავლი ამას სული წმიდით?

გევედრები, უფალო, გარდამოავლინე სულიწმიდის მადლი ადამიანებზე, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული. გაათბე ადამიანთა ნაღვლიანი გულები; დაე, მათ სიხარულით გადიდონ შენ და დაივიწყონ თავიანთი მიწიერი მწუხარებანი.
მადლმოსილო მანუგეშებელო, ცრემლებით გევედრები, დაამშვიდე შენს მიერ ქმნილ კაცთა მწუხარე გულები; ესმოდეთ ადამიანებს შენი ტკბილი ხმა: „მოგეტევათ თქვენ ცოდვანი თქვენნი“. ჰე, უფალო, შენ ძალგიძს სასწაულთა ქმნა, და არ არსებობს იმაზე დიდი სასწაული, ვიდრე დაცემული ცოდვილის სიყვარულია. წმიდანის სიყვარული ადვილია: იგი ღირსეულია. ჰე, უფალო, შეისმინე დედამიწის ლოცვა. ყველა ხალხები მწუხარებენ; ყველა ცოდვაშია ჩაძირული; ყველას მოაკლდა შენი მადლი და სიბნელეში ცხოვრობენ.

ო, ერნო, შევღაღადოთ უფალს მთელმა დედამიწამ და შესმენილი იქნება ჩვენი ლოცვა, რამეთუ ხარობს უფალი ადამიანთა სინანულით; მთელი ზეციური ძალები გველიან, რათა ჩვენც გავიხაროთ ღვთის სიყვარულის სიტკბოებით და ვიხილოთ მისი სახის მშვენიერება.

მთავარი ფოტო: წმინდა სილუან ათონელის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)