242529414 4269181006541307 4289965226877948771 n

წმინდა სილუან ათონელი – ზეცაში განდიდდება ყველა, ვინც დაამარცხა საკუთარი თავი

ქრისტეს სულს, რომელიც მომცა უფალმა, ყველას გადარჩენა სურს. ღმერთი მოწყალეა, ჩემი სული იცნობს მას, მაგრამ მისი აღწერა შეუძლებელია. იგი მშვიდია და მდაბალი და როცა სული ხედავს მას, მთლიანად იცვლება ღმერთისა და მოყვასის სიყვარულით, თვითონაც მშვიდი და მდაბალი ხდება. ზეცაში განდიდდება ყველა, ვინც დაამარცხა საკუთარი თავი, ვინც ლოცულობდა მთელ სამყაროზე და ატარებდა მთელი მსოფლიოს მწუხარებას, რამეთუ მათ ქრისტესმიერი სიყვარული ჰქონდათ, ხოლო სიყვარული, ვერ ითმენს ვერცერთი სულის დაღუპვას.

დიდი ხანი ვიცხოვრე მე დედამიწაზე, ბევრი ვნახე და მოვისმინე. ვისმენდი მუსიკას, რომელიც ჩემს სულს ატკბობდა და ვფიქრობდი, თუკი ეს მუსიკა ასე ტკბილია, როგორი ტკბილი და საამო იქნება სულისთვის ზეციური გალობა. სული დიდხანს ცხოვრობს დედამიწაზე და უყვარს მიწიერი სილამაზე; უყვარს მას ცა და მზე, მშვენიერი ბაღები, ზღვა, მდინარეები, ტყეები, მინდვრები; უყვარს სულს მუსიკაც; ეს ყველაფერი ატკბობს სულს, მაგრამ როცა შეიცნობს იგი ქრისტეს, უკვე აღარ უნდა მიწიერის დანახვა. მინახავს მიწიერი ხელისუფალნი დიდებაში და ვაფასებდი ამას, მაგრამ როცა სული ქრისტეს შეიცნობს, მაშინ არაფრად აგდებს მათ დიდებას; მაშინ სულს, განუწყვეტლივ, დღე და ღამე სურს ხილვა უხილავისა, შეხება – ხელშეუხებელისა.

არიან ადამიანები, რომელთაც სურთ საკუთარი ან ეკლესიის მტრების დაღუპვა და მათი ტანჯვა ჯოჯოხეთში. ასე იმიტომ აზროვნებენ, რომ არ უსწავლიათ ღმერთის სიყვარული სულიწმიდით. რამეთუ, ვინც ისწავლა, მთელი მსოფლიოსთვის დაღვრის ცრემლებს. მსოფლიომ რომ იცოდეს ქრისტეს სიტყვების ძალა: ”ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა” მთელი სამყარო დატოვებდა ყველა სხვა მეცნიერებას და დაიწყებდა მხოლოდ ამ ზეციური მეცნიერების შესწავლას.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •