i

წმინდა სოფრონი (ინგლისელი) – ქრისტეს მოსვლით სული ნათდება

იესუს ლოცვის მიზანი ქრისტეს სასუფევლის გულში მოპოვებაა, რათა ჩვენში ღმრთის სასუფეველი განცხადდეს, მადლის ნაპერწკალი აინთოს, რომელიც ახლა ცოდვის ფერფლით არის დაფარული. და მაშინ აღესრულება ლოცვის ვედრება: ”მოვედინ სუფევა შენი”. თუმცა, ახლა, როგორც ადრე ითქვა, გული ცოდვის წყვდიადით არის დაბნელებული და მასში ეშმაკნი იქექებიან. ბოროტმა ბატონობა დაამყარა გულზე (მაგრამ არა მის ცენტრზე, რამეთუ მხოლოდ სულიწმინდის ქმედება, როგორც შეუქმნელი, ერთვის სულს და ყოველივეს აკონტროლებს) დრო და დრო ჩემს გულს ვხედავ ისე, როგორც ზოოპარკს. ცხოველთა მსგავსი ყველა ვნება იქ იმყოფება და ღმუის..

ამას წმინდა გრიგოლ პალამა კარგად აღწერს: ”ჰოი! ადამიანი კაცისმკვლელი გახდა და ამით არა მხოლოდ უგუნურ პირუტყვებს დაემსგავსა, არამედ ქვეწარმავლებს და შხამიან ცხოველებს – ღრიანკალს, გველს, იქედნეს ნაშობთ – იგი, ვინც ღმრთის შვილობისთვის არის მოწოდებული”. ლოცვისას კი ჩვენ ვცდილობთ, რომ გონებისმიერი ესუს უტკბილესი სახელის შეთვისების შემდეგ, გულში ქრისტე შევიდეს მთელი თავისი დიდებით და ბოროტი განდევნოს, რომელიც სულს სხვადასხვა ვნებებით აბნელებს. ქრისტეს მოსვლით სული ნათდება, ”მადლს მადლზე” იღებს. რაც უფრო ახლოვდება უფალი, მით უფრო გვშორდება ბოროტი – განცდილი მარცხის ყვირილით და გმინვით; ამ გმინვათა გამოძახილია განსაცდელები, რომელსაც ის თავს გვატეხს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ