გარდამოხსნა

ქრისტეს ჯვარცმა – საღმრთო სიყვარულის უაღმატებულესი გამოვლინება – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

,,ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს’’(ლკ.23:48)

რამ გააოგნა ისინი? რა სანახაობა იყო ისეთი, რომ მხილველთა ბაგენი დაადუმა და ამასთან ერთად, საფუძვლამდე შეძრა მათი სული? ისინი მხოლოდ საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მისულიყვნენ, მაგრამ ბოლოს მკერდში ცემითა და საზარელი გაურკვევლობით წავიდნენ… რა სანახაობა იყო ეს?

ამ ყველაფრის მხილველნი მხოლოდ ადამიანები არ იყვნენ… არა.. ანგელოზებიც უღრმესი კრძალვითა და შეძრწუნებით უყურებდნენ გოლგოთას; ზეცაც კი აღარ იქცევდა მათ ყურადღებას; მათი მზერა დედამიწაზე მომხდარი შემზარავი სანახობისკენ იყო მიპყრობილი. მზემაც არნახული რამ იხილა, ვერ დაიტია რა, დაფარა თავისი სხივები იმ ადამიანის მგსავსად, ვინც თვალებს ხუჭავს, როცა საშინელებას ხედავს; მან უკუნი წყვდიადი შეიმოსა და ამით უმწარესი მწუხარება გამოხატა. მიწა მასზე მომხდარი საშინელების გამო იძვროდა. ძველაღთქმისეულმა ტაძარმა შუაზე გახია თავისი დიდებული კრეტსაბმელი; კვლავაც ვიკითხავთ: რა სანახაობა იყო ეს?

გარდამოსხსნის წმინდა გამოსახულებისა და საეკლესიო მსახურების მიერ, ჩვენ საიდუმლოებრივად ვჭვრეტთ ამ მოვლენას. ჩვენ ვხედავთ ზეციდან გარდამოსულ, ჩვენს სახსნელად გაკნაცებულ, ჩვენს მიერვე მოკვდინებულ და შეურაცხყოფილ ძე ღმერთს.

შეძრწუნების გარდა, სხვა რა გრძნობამ უნდა მოიცვას ჩვენი გული? სრული გაურკვევლობის გარდა, სხვა რა მდგომარეობაში უნდ იყოს ჩვენი გონება? რა სიტყვები უნდა წარმოთქვას ჩვენმა ბაგეებმა?

ვინც მაცხოვრის სანახავად გამომცდელი მზერითა და თვითკმაყოფილებით აღსავსე მივიდა, მკერდში ცემითა და შეძრწუნებით დაბრუნდა. ისინი ჯვარცმულ ქრისტეს უყურებდნენ როგორც მომწიფებულ, მაგრამ ჭიან ხის ნაყოფს. მათში რწმენა დუმდა. შეჰღაღადა მათ დაბნელებულმა მზემ და შეძრულმა მიწამ! შეძრწუნებულიყვნენ ცრუ ცნობისმოყვარეობით აღსავსენი: ოღონდ, არა ღმერთის მოკვდინების გამო, არამედ შეძრული ბუნების სასტიკი მუქარის გამო. თითქოს ღმერთის ვერ მცნობელი კაცობრიობის წინაშე, სამყარომ თავისი შემოქმედის შემეცნება გამოხატა.

ამ დროს კი რჯულისმპყრობელი, კანონის ფართო და ზედმიწევნითი ცოდნით მოქადულნი, გაურკვევლობში იყვნენ, უყურებდნენ რა მოვლენას, რომელიც თავად რჯულმა და წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს; უმზერდნენ ძე ღმერთის მსხვერპლს, რომლის გაუცნობიერებელი შემწირველნიც თავად აღმოჩნდნენ; იმ დროს, როცა საკუთარი თავის გამო შეშინებული და მომავალი უბედურების წინასწარგამნცდელი იუდეველნი ბრუნდებოდნენ, ჯვრის წინ ფეხმოუცვლელად იდგა ასისთავი. მისთვის იმ წუთებში შეუძლებელი იყო წასვლა, რადგანაც ის ჯვარცმულთა გუშაგის მთავარი იყო. მას მიეცა ეს ,,ნეტარი შეუძლებლობა’’, რადგანაც მის გულში ბჟუტავდა რწმენის ნაპერწკალი, რომელიც გულთამხილავისთვის ცნობილი იყო. როდესაც ბუნებამ ღმერთის აღმსარებლობა გამოხატა, ეს ასისთავიც შინაგანად გამოეხმაურა ბუნების ამ საიდუმლოებრივ ხმას და მანაც საპასუხო შინაგანი და ამავე დროს საჯარო აღმსარებლობა წარმოთქვა:  ,,ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო’’. მან სიკვდილით დასჯილ, ნატანჯ მწირში ღმერთი იცნო!

კანონის ცოდნითა და გარეგნული კეთილმოწესეობით მოამაყე იუდეველნი, მათ თვალწინ ჯვარცმული ძე ღმერთისა და ძე კაცისას შემხედვარენი გაკვირვებულიყვნენ. ერთი მხრივ, ბუნების სასწაულები აოცებდათ: მიწისძვრა, ტაძრის კრეტსაბმელის შუაზე გაპობა და შუა დღეს დამდგარი უკუნი წყვდიადი; მეორე მხრივ – მათ ამქვეყნიური აზროვნება და ხიბლი აბრმავებდა. მათ მესია წარმოედგინათ, როგორც მიწიერი დიდებით შემოსილი, მრავალრიცხოვანი არმიის მეთაური, სამყაროს დამპყრობელი მეფე. ამ დროს კი წარმართმა მეომარმა მოკვდინებულ მწირში ღმერთი იცნო; ხოლო უკიდურესი დამნაშავე მას ღმერთად აღიარებს.

,,შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი’’ – დაცინვით მოუწოდებდნენ დაბრმავებული იუდეველი მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, ვერ ესმოდათ რა, თუ რაოდენ ყოვლადწმიდა და ყოვლადძლიერი მსხვერპლი შესწირა ჯვარცმულმა. ერთმა უკანასკნელმა ავაზაკმა კი მასში ღმერთი დაინახა და გულისმიერად შეიცნო, რომ ქრისტე ჯვარზე თავისი ცოდვის გამო კი არ ავიდა, არამედ საღმრთო გულმოწყალების გამო. ხორციელი თვალებით გაშიშვლებულ, უმწეო, გლახაკ, მის გვერდით ჯვარცმულ უბრალო ადამიანს ხედავდა, რომელიც როგორც საეკლესიო, ისე სამოქალაქო ხელისუფლებამ განსაჯა, ტანჯა და სიკვდილი მიუსაჯა, ხოლო მდაბალი გულის თვალებით, მან ღმერთი დაინახა. ძლიერნი, მართალნი, გონიერნი და დიდებულნი ამის სოფლისანი ღმერთს დაცინვითა და ლანძღვით ამკობდნენ, ხოლო ავაზაკი მას ლოცვით მიმართავს: ,,მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა’’.

ჯვრის წინ ყოვლადწმიდა ქალწული – ღმრთისმშობელიც იდგა. მის გულში მწუხარების მახვილს გაევლო: წმინდა სვიმეონის წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო. მაგრამ მან იცოდა, რომ ჯვარზე კაცობრიობის გამოხსნა აღესრულა, მან იცოდა, რომ მისი შვილი ძე ღმერთი იყო, რომელმაც ჯვარზე სიკვდილით ადამიანის გამოსყიდვა ინება; მან იცოდა, რომ ჯვარცმული იესუ აღდგებოდა და მთელ კაციობრიობას თანააღადგენდა; მან იცოდა ეს, დუმდა და საკუთარ თავში გარინდებულიყო ამ მოვლენის სიდიადისა და ღმრთის ნების წინაშე.

ჯვართან უფლის საყვარელი მოწაფეც იდგა და საკუთარი ნებით გაღებულ მსხვერპლში საღმრთო სიყვარულს ჭვრეტდა. საღმრთო სიყვრული ღმრთისმეტყველების წყაროა. ის არის ნიჭი სულიწმიდისა. მან მოციქულებს გამოხსნის საიდუმლოება განუცხადა.

უეცრად, ჯვარცმული უფალი, თავის ყოვლადწმიდა დედას მიმრთავს: ,,დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი!’’(ინ. 19:26-27).

ჯვარზე მან განაქარვა პირველმშობელთა ცოდვა, რომელიც მათ სამოთხის ხესთან ჩაიდინეს; თავისი ცხოველსმყოფელი სიკვდილით მთელ კაცობრიობას ახალი სიცოცხლისთვის შობს და საკუთარ დედას მთელი საქრისტიანოს დედად აცხადებს. ძველი ადამი ახალი ადამით იცლება, ხოლო დაცემული ევა – უბიწო მარიამით. მოციქულმა ბრძანა: ,,უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა!’’(რომ.5:15) ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მიერ მთელ კაცობრიობას ურიცხვი და გამოუთქმელი სიკეთეები მიენიჭება. ქრისტეს მიერ არამხოლოდ გამოხსნა აღესრულა, არამედ ღმრთის შვილობა მოგვეცა.

ამ დიდებული მოვლენის ჭვრეტით მოცულნი დავბრუნდეთ, ძმანო, ჩვენს სახლებში და თან წავიღოთ ეს სიღრმისეული და მაცხოვნებელი აზრები. როგორც ისინი ,,იცემდეს მკერდსა’’, ჩვენც ამ წმინდა აზრებით ვიცემდეთ საკუთარ გულს. ჩვენ ახლა ვიხსენებდით და ცოცხლად ვჭვრეტდით ყოვლგვარ სიტყვაზე აღმატებულ და მიუწვდომელ საღმრთო სიყვარულს. ამ სიყვარულის საპასუხოდ, მოწამეებმა საკუთარი სისხლი ნაკადებად დაღვარე;. ამ სიყვარულის საპასუხოდ ღირსმა მამებმა საკუთარი ხორცი მოაკვდინეს ,,ვნებითურთ და გულისთქუმით’’(გალ.5:24); ამ სიყვარულის საპასუხოდ მრავალმა ცოდვილმა დაღვარა სინანულის ცრემლი, გულისმიერი ამოოხვრით აღიარეს საკუთარი შეცოდებანი და ქრისტეს მიერ სულის კურნება მიიღეს; ამ სიყვარულს მრავალი ტანჯული გამოეხმაურა და მან საღმრთო ნუგეშით განაქარვა მათი ყოველი მწუხარება. ძმანო, ჩვენც სიყვარულით ვუპასუხოთ ქრისტეს სიყვარულს და  მისი ყოვლადწმიდა მცნებებით ვიცხოვროთ! სიყვარულის ამ გამოვლინებას ელოდება ის ჩვენგან და მხოლოდ მას მიიღებს. მან ხომ თქვა: ,,უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა ჩემისა მამისანი’’(ინ.14:23-24). თუ ასე არ მოვიქცევით, განა არ გამოდის, რომ ღმერთკაცის სისხლი ჩვენთვის ამაოდ დაიღვარა? განა არ გამოდის, რომ ტყუილად არ იტანჯა მისი ყოვლადწმიდა სხეული?


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share