i

წმინდა სოფრონ სახაროვი – ლოცვა ზეადამიანურ სიმამაცეს მოითხოვს

როდესაც გონების ყურადღება გულში გამყარდება, მაშინ ადამიანის თვალწინ იშლება ყველაფერი, რაც გულში ხდება. იწყება ვნებებთან გაცნობიერებული ბრძოლა. მლოცველი ხედავს მტრის ხრიკებს, ზრახვებს, რომლებიც გულში შეღწევას ლამობენ და ქრისტეს სახელის მოხმობით განდევნის მათ. ამ ღვაწლის შედეგად გული საგრძნობლად ფაქიზდება. ამგვარად, მოღვაწე გონიერი ლოცვიდან გონიერ-გულისმიერი ლოცვის ეტაპზე გადადის, შემდეგი ეტაპი – თვითმოძრავი ლოცვაა.

თანამედროვე სამყაროს პირობებში ლოცვა ზეადამიანურ სიმამაცეს მოითხოვს, რადგანაც მის წინააღმდეგ უსხეულო ბოროტი ძალები იბრძვნიან. გაუფანტავი ლოცვის მიღწევა ნიშნავს ნატურალური არსებობის ყველა დონეზე გამარჯვებას. ეს გზა ხანგრძლივი და ეკლიანია, თუმცა დგება დრო, საღმრთო ნათლის სხივი შემოაღწევს ჩვენი გულის მძიმე წყვდიადში, გულში აღმართულ კედელში გაჩნდება ერთგვარი ღრიჭო, საიდანაც დავინახავთ ამ სინათლის წყაროს.

ჩვენ არ ვეძებთ განღმრთობის მიღწევის ხელოვნურ გზებს, არამედ გვწამს, რომ ღმერთი მოვიდა დედამიწაზე, დაგვანახა ცოდვის არსი და მოგვანიჭა სინანულის მადლი. როცა ვლოცულობთ: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, იმედი გვაქვს, რომ მიტევებას და მასთან შერიგებას მივიღებთ. სიტყვები ”შემიწყალე მე” – სიცოცხლის ბოლომდე არ უნდა მივატოვოთ. ცოდვაზე სრული გამარჯვება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ღმერთი ჩვენს გულში დამკვიდრდება, რის შემდეგაც დავინახევთ მას ”როგორიც არის”.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •