წინასწარმეტყველი

წმინდა წინასწარმეტყველ ელიასა და იესუს ლოცვის შესახებ – წმინდა ლუკა ყირიმელი

ძველ აღთქმაში მეფეთა მესამე და მეოთხე წიგნებში წმინდა ელია წინასწარმეტყველის გასაოცარ საქმეებს ვკითხულობთ და ჩვენი გონება განცვიფრებაშია, როდესაც ვხედავთ მის მოშურნეობას, სრულ უშიშრობას, ერში რწმენის გავრცელებისთვის ღვაწლს, მის სასწაულებს და ყველაზე მეტად, მისი ლოცვის ძალას. როგორც იცით, მან თავისი ლოცვით სტიქიებსაც კი უბრძანა და სამწელიწადნახევრის განმავლობაში წვიმას მიწაზე შეხება აუკრძალა და შემდგოში კვლავ თავისი ლოცვით გამოიხმო ის.

სწორედ მის ლოცვაზე მინდა, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო, რადგან მის სასწაულებრივ საქმეებზე სრულად სასაუბროდ დრო არ გვეყოფა. მინდა, რომ ჩავუღრმავდეთ იმას, რომ არამხოლოდ წმ. ელიას, მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და მოწამეთა ლოცვაა სასწაულმოქმედი, არამედ ზოგადად ყველა ლოცვას შეუძლია სასწაულის მოხდენა.

როგორი სასწაულის? შეიძლება არა ისეთი დიდებულის და განსაცვიფრებელის, როგორსაც წინასწარმეტყველი ელია აღასრულებდა, არამედ ადამიანის სულში აღსრულებული ყველასათვის უხილავი სასწაულის.

ლუკა ყირიმელი 2
წმინდა ლუკა ყირიმელი

წმ. სერაფიმე საროველის, წმ. სერგი რადონეჟელის, წმ. ანტონი და თეოდოსი პეჩორელების, წმ ნილოს სორელისა და სხვა ღირსი მამების ლოცვა უხილავ სასწაულებს აღასრულებენ!

ისინი ჯერ კიდევ ხორცში მყოფნი დაემსგავნენ ანგელოზებს, მათი სული აღსავსე იყო ცოცხალი რწმენით და ქრისტესა და მოყვასის უწმინდესი სიყვარულით. ისინი ბრწყინავდნენ რწმენით! ბრწყინავდნენ სიყვარულით!

როგორ მიაღწიეს მათ ამ ბრწყინვალებას? როგორ?

პირველ რიგში, მათ ეს ლოცვით შეძლეს! რა თქმა უნდა, მარხვასა და ღამისთევასთან ერთად.

იცით, რომ ღირსმა სერაფიმე საროველმა ათასი დღე და ათასი ღამე ქვაზე მდგომმა ლოცვაში გაატარა? სწორედ ამ განსაცვიფრებელმა ლოცვამ და უკანდაუხეველმა ბრძოლამ აქცია ის ანგელოზად. სწორედ ამ ლოცვის ნაყოფი იყო ის, რომ მის სულში საღმრთო სიყვარული ჩაიღვარა და მისი გული ისეთი სიყვარულით ანათებდა, რომ თითოეულ შემხვედრს ხვდებოდა სიტყვებით: ,,ჩემო სიხარულო!’’

ხედავთ? წმ. სერაფიმეს სულში ლოცვამ სასწაული მოახდინა. სწორედ ლოცვა აძლევდა მოწამეებს მოთმინების სასწაულებრივ ძალას და ამ მიუწვდომელი მოთმინების შემხედვარენი შეძრულნი იყვნენ. თავად ჯალათებიც კი ქრისტესკენ მოექცეოდნენ ხოლმე.

ასე რომ, როგორც ხედავთ, ლოცვა უპირველესად ადამიანის გულში დაფარულ სასწაულებს აღასრულებს.

ის სრულიად გარდაქმნის გულს და ამიტომაც იცოდეთ, რომ ლოცვა იმ საღმრთო ძალის მომნიჭებელია, რომელიც ჩვენს გულში სასწაულს მოახდენს. იცოდეთ, რომ ქრისტიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ლოცვაა! ყველა სხვა დანარჩენი საქმე მასთან შედარებით უმნიშვნელო და არარაობაა!

როგორც მორწყვის გარეშე მშრალ ნიადაგზე ყველა მცენარე გახმება, ასე ხმება ადამიანის სული, თუ ის ლოცვით არ იკვებება. მასაც სჭირდება საკვები და წყალი. არა ჩვეულებრივი წყალი, არამედ განსაკუთრებული, ცოცხალი, რომლის მიცემაც ქრისტე სამარიტელ დედაკაცს შეჰპირდა. ის ცოცხალი წყალი, რომელიც მარადიული სიცოცხლისკენ მიედინება.

ეს საღმრთო მადლის წყალი თითოეული ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მას კი ჩვენ ლოცვით მივეახლებით.

როდესაც ლოცვაზე ვსაუბრობ ხოლმე, ხშირად მეუბნებიან, არ ვიცი ლოცვა, მასწავლეო.

რას ვპასუხობ მე?

მე ვპასუხობ, რომ პირველ რიგში, ლოცვა ყველაზე დიდებული და ყველაზე რთული საქმიანობაა ამ სამყაროში. ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი რთული საქმის სწავლა მარტივი არ არის და საჭიროა ხანგრძლივი შრომა და შრომა.

თუკი ადამიანურ საქმეებს სჭირდება ხანგრძლივი სწავლა, მაშინ მითუმეტეს სამყაროში ყველაზე დიდებულ საქმეს – ლოცვას! ისწავლეთ, ისწავლეთ, დაუსრულებლად ისწავლეთ და მოგეცემათ.

როგორ დავიწყოთ სწავლა? აი ასე: ჩვენ წმინდა მამათა უამრავი ლოცვა გვაქვს. ჩაუღრმავდით თითოეულ სიტყვას, გონების გაფანტულობის ყოველ შემთხვევაში უკან დაუბრუნდით ლოცვის სიტყვებს.

თუკი ასე იშრომებთ, მაშინ ღირს და ღმერთშემოსილ მოღვაწეთა ლოცვები თქვენს სულს განანათლებენ.

მაგრამ არის კიდევ ერთი ლოცვა – იესუს ლოცვა – ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’.

აი ეს ლოცვა ჭეშმარიტად სასწაულებს ახდებს ჩვენს გულში და სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. ისწავლეთ ეს ლოცვა, ჩაუღრმავდით მას და მისით დაიწყეთ. ასე ისწავლეთ: დახურეთ თქვენი ოთახის კარები, თუ გნებავთ იდექით, თუ გნებავთ დაჯექით, ან მუხლებზე დადექით.

ნიკაპი მკერდს მიაბჯინეთ და პირველ რიგში, საკუთარ გულში ჩაიხედეთ. ჩაუღრმავდით და გაიაზრეთ, თუ რომელი ცოდვები და ვნებები აწამებენ ყველაზე მეტად თქვენს გულს.

პირველ რიგში ამ ცოდვებზე გაამახვილეთ ყურადღება. ამ მდგომარეობაში მყოფებმა, გამოიძიეთ თქვენში არსებული ყველაზე მძიმე ცოდვა, ყველაზე შემაწუხებელი ვნება, რომელიც ქრისტესთვის არ არის მოსაწონი და იესუს ლოცვით მოუკლებლად ევედრეთ უფალ იესუ ქრისტეს. თან გქონდეთ სკვნილი და დაიწყეთ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’.

სწორედ ასე დაიწყეთ, უპირველესად საკუთარ დაცემულობასა და ცოდვილობაზე გაამხვილეთ ყურადღება, მუდამ თვალწინ გქონდეთ ისინი და იესუს ლოცვით ევედრეთ ქრისტეს, რომ შეგიწყალოთ და ეს ლოცვა თქვენს გულში სასწაულს მოახდენს! როდესაც ასე შრომას შეუდგებით, საკუთარ ცოდვილობას ჩაუღრმავდებით და ქრისტეს წინაშე თქვენს დაცემებს აღიარებთ, მაშინ შეგრცხვებათ და მათგან გათავისუფლების დაუოკებელ წყურვილს იგრძნობთ.

დღიდან დღემდე ასეთი შრომის შემთხვევაში, უფრო და უფრო მეტად გათავისუფლდებით თქვენი ყველაზე ძლიერი ვნებისგან და თქვენი სული გარდაიქმნება!

შემდეგ შეამჩნევთ, თუ როგორ შეიცვლება მოყვასთან ურთიერთობებიც. შეამჩნევთ, თუ როგორი ფაქიზნი, მომთმენნი, მშვიდნი და მდაბალნი ხდებით.

ყველა ადამიანს უდიდესი სიფრთხილით მოეკიდებით და ყველანაირად ეცდებით, რომ არავინ არაფრით არ დაამწუხროთ  და ატკინოთ. იესუს ლოცვა გარდაქმნის თქვენს გულს და აღესრულება ეს გამოუთქმელი, უხილავი სასწაული.

აი, ეს მინდოდა მეთქვა თქვენითვის ლოცვასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ, რომ თქვენი გული განიწმინდოს და სამსჯავროზე ქრისტეს წინაშე კადნიერებით წარსდგეთ, მისდიეთ ჩემს რჩევას!

ილოცეთ იესუს ლოცვით და პირველ რიგში, შეინანეთ და შეინანეთ!

თქვენი ლოცვა უნდა იყოს სინანულით განმსჭვალული და მოუკლებელი. რა საზომითაც თქვენი გული განიწმინდება, იმ საზომით ისწავლით ლოცვას არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვისაც და ბოლოს მოვა ქრისტესთვის ყველაზე წმინდა და სათნო – მტრებისთვის ლოცვა.

არსებობს ლოცვის უმაღლესი საფეხურიც – უსიტყვო ლოცვა. ეს არის პირდაპირ ზეცად აღმავალი სულის ღაღადისი, რომელსაც ქრისტესთან უმჭირდოვეს ურთიერთობაში შევყავართ.

უფალი შეგვეწიოს ყველას, რომ ასეთი ლოცვა მოვიხვეჭოთ!

ის მოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც სულიწმიდის ჭეშმარიტ ტაძრად ვიქცევით.

ამინ

წყარო: http://azbyka.ru

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •