წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი e1612625776689

წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი – მღვდელი, როგორც მკურნალი – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

მღვდელმსახურება ქრისტეს გამომხსნელობითი საქმის გაგრძელებაა. ქრისტე, როგორც წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს, უპირველესად ადამიანის ექიმი და მკურნალია. მისი საქმიანობა არის მაკურნებელი. ქრისტემ თავის თავში ჰიპოსტასურად გააერთიანა ადამიანური და საღმრთო ბუნება, ევნო, ჯვარს ეცვა, მკვდრეთით აღდგა და ადამიანური ბუნება განაღმრთო. თუკი ეკლესიის უპირველესი საქმე ადამიანის განღმრთობაა, მაშინ ამავეს ჭვრეტდა მთელი საღმრთო იკონომია ქრისტესი, – წერს წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი და შემდეგ აღნუსხავს საღმრთო იკონომიის გამომხსნელობით საქმეებს.

ქრისტე ადამიანის მკურნალია. მან განაღმრთო ადამიანური ბუნება. ის არის უძლიერესი წამალი, რომელიც კურნავს კაცის სულიერ ავადმყოფობებს: ყველაფერი, რაც ქრისტემ აღასრულა, მიემართება ადამიანის განკურნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ წმინდა გრიგოლი ადამიანის ავადმყოფობისგან განკურნებას უკავშირებს პედაგოგობას. ასევე ავადმყოფობას მოიაზრებს, როგორც ადამიანის დაცემას და ღმერთისგან დაშორებას. მართლაც, არ შეგვიძლია სხვაგვარად გავიგოთ პედაგოგობა, თუ არა ადამიანის წინამძღვრობა ღმერთთან ურთიერთობის საქმეში.

განკურნება არის გზა ადამიანის ღმერთთან დაბრუნებისა და მასთან ურთიერთობისა

ამ საქმეს განაგრძობენ სასულიერო პირები, მღვდლები, უპირველესად კი – ეპისკოპოსები. ისინი აგრძელებენ ქრისტეს მაკურნებელ საქმეს. ამდენად, სასულიერო პირები კურნების თანამონაწილენი არიან. ისინი აღასრულებენ საეკლესიო საიდუმლოებებს, რაც ადამიანის განკურნებას განაპირობებს, რადგან კაცი სწორედ ეკლესიის საიდუმლოებებით და ასკეტური ცხოვრებით იკურნება. ამავეს აღნიშნავს იოველ წინასწარმეტყველი. იგი უპირატესობას ანიჭებს სინანულისკენ მოწოდებას და ამბობს: ‘’ გარემოირტყთ და იტყებდით მღდელნი, გოდებდით მსახურნი საკურთხეველთანი. დაიძინეთ ძაძათა ზედა, რომელნი ჰმსახურებთ ღმერთსა, რამეთუ განეყენა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი. წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ კურნებაჲ, შემოკრიბენით მოხუცებულნი ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა სახიდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ღაღაღდ-ყავთ უფლისა მიმართ შევრდომით’’ (იოელი, 1:13-14)! – ეს ქადაგება, რომელიც განკურნებას გულისხმობს, არის სინანულის მაუწყებელი. აქ ნათლად ვხედავთ, რომ სიტყვა „სინანული“ ცვლის სიტყვა „განკურნებას“, ანუ თერაპიას, რაც ნიშნავს იმას, რომ განკურნება არის გზა ადამიანის ღმერთთან დაბრუნებისა და მასთან ურთიერთობისა.

მღვდლის საქმე ადამიანის განკურნებაა. ეს განკურნება მეცნიერულად უნდა აღესრულებოდეს! მართლაც, ეს არის მეცნიერება, რომლითაც მღვდელი ღმრთისკენ წინამძღვრობს ადამიანს და მასთან ურთიერთობისკენ მოუწოდებს. მღვდლის მიერ ადამიანის განკურნებას წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი უწოდებს ‘’ხელოვნებათა ხელოვნებას და მეცნიერებათა მეცნიერებას’’. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ თეოლოგიას „სამედიცინო მეცნიერება“ ვუწოდოთ.
სამღვდელო ხარისხი არ გულისხმობს უბრალოდ მსახურებას. საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულება მაკურნებელ აღზრდას უკავშირდება. მღვდელს არა მხოლოდ საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულების ვალდებულება ან მოწოდება აქვს, არამედ – მაკურნებელი მსახურებისაც. ანუ მისი მოწოდებაა ადამიანთა სულებზე ზედამხედველობა და არა მეთვალყურეობა. ადამიანმა უნდა ისწავლოს, თუ როგორ მართოს საკუთარი თავი, ისწავლოს საკუთარი თავის ფლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს შეძლებს სხვა ადამიანების კურნებას. ‘’მწყემსეთ ღმრთის სამწყსო’’ – ნიშნავს ადამიანთა სულებზე ზედამხედველობას და მეთვალყურეობას, რაც კურნებას გულისხმობს. მაგრამ ამას სამღვდელო უნდა ახორციელებდეს თავად ამ ადამიანების სურვილით, მათი ნებართვითა და თანხმობით! როგორც წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს, ღმერთის შეწევნით უნდა ხდებოდეს მოძღვრის მიერ ადამიანის განკურნება, მეცნიერებით, ცოდნით დაავადებისა და ასევე განკურნების გზების ცოდნით. არ შეიძლება, მკურნალი იყოს გამოუცდელი! საჭიროა მეცნიერული ცოდნა, გონიერება, რადგან ცუდი ადვილად აღესრულება, ხოლო სიკეთე რთული მისაღწევია. უმრავლეს შემთხვევაში ადამიანს არ სურს, დაშორდეს ცუდს.

ღმერთის შეწევნით უნდა ხდებოდეს მოძღვრის მიერ ადამიანის განკურნება

ზემოთ ვახსენეთ, რომ სამღვდელო ხარისხი სამკურნალო მეცნიერებაა. გამოვყოფთ თემის საინტერესო ასპექტებს, როგორც ამას წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი განიხილავს. სასულიერო პირთა ეს მაკურნებელი მსახურება საკმაოდ დამქანცველი, რთული და შრომატევადია, – იმდენად რთული და დამღლელი, როგორც ძვლების ტკივილი.
რამდენადაც შრომატევადი, დამქანცველი, რთული და საფრთხილოა სამღვდელოთა მაკურნებელი მსახურება, იმდენად მოითხოვს კონკრეტულ მომზადებას ამ მსახურებისთვის. შეუძლებელია, ვინმემ საგანგებო მომზადებისა და მადლის, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე შეძლოს ამ მსახურების აღსრულება. ყოველი ხელობის ცოდნა სწავლების პერიოდს მოიცავს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ამ უდიდეს მსახურებაზე – ადამიანთა სულების მკურნალობაზე, ანუ სულიერი მკურნალობის მადლზე.
სულიერი მკურნალობის მიზანია, ადამიანს ღმერთისკენ წარუძღვეს, რათა მან შეძლოს ნეტარი ცხოვრებით ცხოვრება და მადლით განიღმრთოს. მაგრამ, როგორ უნდა შეძლოს ეს სამღვდელოებამ, როგორ განკურნოს ადამიანი, თუკი თვითონ სასულიერო პირს არა აქვს განღმრთობის გამოცდილება?! ამ მსახურებისთვის გონება უნდა იყოს განწმენდილი, ჰქონდეს მტკიცე სიტყვა და სმენა, იყოს კეთილის მიმღები! ამას გულისხმობს თვითონ მკურნალის განკურნება. ამრიგად, ჩვენი კურნება სხვების განკურნებას წინ უძღვის. ადამიანის სულის კურნება უდიდესი საქმეა. ამიტომაც ამბობს წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი, რომ ჯერ არის ადამიანის განწმენდა, განათლება და შემდეგ – სხვების განკურნება.

საჭიროა, სულიერ მკურნალს ჰქონდეს პიროვნული გამოცდილება, ემპირია განღმრთობისა

ხორციელი ავადმყოფობების განკურნებისთვის არ არის აუცილებელი ექიმის ჯანმრთელობა, მაგრამ სულიერი სნეულების განკურნებისთვის ეს მნიშვნელოვანია. მართლმადიდებლურ ტრადიციაში განკურნება, თერაპია – ესაა ადამიანის განღმრთობისკენ მიმავალი გზა. ამიტომ, საჭიროა, სულიერ მკურნალს ჰქონდეს პიროვნული გამოცდილება, ემპირია განღმრთობისა. აქ საუბარია ადამიანისთვის არა უბრალოდ, ფორმალურად რჩევა-დარიგების მიცემაზე, არამედ ადამიანის წინამძღვრობაზე მისივე ხსნისთვის.

წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის მიხედვით, თუ ვინმე განღმრთობის გზაზე სხვას ისე უწინამძღვრებს, რომ თვითონ არ ექნება განღმრთობის გამოცდილება, დიდ ბოროტებად ჩაითვლება. ეს ყოველივე კი ცრემლისა და წუხილის საფუძველია.

ცხადია, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ სულიერი მკურნალი, უპირველესად, უნდა იყოს ეკლესიის ღირსეული წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდეს წმინდა საკურთხეველში მსახურებისათვის! გარდა ამისა, საიდუმლოთა აღსრულება სასულიერო პირისგან მოითხოვს სიწმინდეს.

ვისაც სურვილი აქვს, გახდეს სასულიერო პირი შორს უნდა იყოს მიწიერი და ხორციელი ზრუნვისაგან

წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი საგანგებოდ საუბრობს იმ აუცილებელ წინაპირობებზე, რომლებიც სასულიერო პირად გახდომას წინ უნდა უძღოდეს. ვისაც სურვილი აქვს, გახდეს სასულიერო პირი, მან უნდა იზრუნოს, რათა მოაკვდინოს ვნებები, საკუთარი თავისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ხორციელი და ამსოფლიური, წარმავალი ფიქრები, მხედველობაში ჰქონდეს, რომ ის შორს უნდა იყოს მიწიერი და ხორციელი ზრუნვისაგან! ეს ყველაფერი მხოლოდ ცოცხალი, გონიერი ლოცვით მიიღწევა. სასულიერო პირი უნდა იყოს ტაძარი ცოცხალი ღმერთისა; იყოს განღმრთობილი, რაც დაკავშირებულია სულიერი ცხოვრების საფეხურებთან, წმინდა ცხოვრებასთან, განათლებასა და განღმრთობასთან! ამასთან დაკავშირებით, წმინდა დიონისე არეოპაგელი დიაკვნის ხარისხს უკავშირებს განწმენდას, მღვდლისას – განათლებას და ეპისკოპისისას – განღმრთობას.

წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის სწავლებით, სიწმინდე და განათლება უპირველესი ნიშანია მათთვის, ვინც თავის ცხოვრებას ამ მაღალ მსახურებას უკავშირებს. ვინაიდან მღვდელი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებს, იმყოფება მკურნალის როლში, ის თვითონ უნდა გახდეს სამსხვერპლო და საკუთარი თავი ღმერთს შესწიროს; ეს წმინდა მსახურება სუფთა ხელებით აღასრულოს; ქმნილებას სიკეთით ხედავდეს და ღმრთის ცოდნა და შემეცნება შეიძინოს; საღმრთო ენერგიების სიტკბოება იგემოს; მის გულს ღმრთ

ის სიტყვები ათბობდეს; მის სიდიადეს ჭვრეტდეს და ცოცხალი ღმერთის ტაძარი გახდეს!

ვინაიდან მღვდელი საღმრთო ლიტურგიას აღასრულებს, იმყოფება მკურნალის როლში, ის თვითონ უნდა გახდეს სამსხვერპლო და საკუთარი თავი ღმერთს შესწიროს

ყველაფერი ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ თეოლოგია დაკავშირებულია სულიერ მამობასთან. მოძღვარი, რომელსაც სურს, რომ ავადმყოფობისგან განკურნოს სულიერი შვილები და მათ ღმრთის შემეცნებისკენ წარუძღვეს, უნდა იყოს თეოლოგი! მას უნდა ჰქონდეს განათლება და პიროვნული გამოცდილებით ღმრთის შემეცნების უნარი! როდესაც ვინმე თეოლოგი ხდება, არა აკადემიური, არამედ ეკლესიური გაგებით, აუცილებლად იქცევა სხვების სულიერ მამად, რადგან განაახლებს და მეორედ შობს ადამიანებს.

თეოლოგიის სულიერ მამობასთან კავშირი ჩანს მოსეს შემთხვევაში. როდესაც მთელი ერი სინას მთას მიუახლოვდა და მასთან ერთად – აარონიც თავის შვილებთან, სასულიერო პირებთან და უხუცესთა საბჭოს სამოცდაათ პრესვიტერთან ერთად, მხოლოდ მოსე ავიდა მთაზე, რადგან ის იყო რჩეული, რომ ენახა ცოცხალი ღმერთის დიდება. მოსე ხდება თეოლოგი, ღმრთისმეტყველი და უფლის ერის წინამღძოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმრთის შესახებ ცოდნა ხალხს წმინდა, განღმრთობილი ადამიანების მეშვეობით ეძლევა, – მათგან, ვინც საკუთარ გულში ღმერთს ხედავენ.

წინასწარმეტყველებმა იხილეს ღმერთი და შემდეგ მოწოდებულ იქნენ ხალხის ზედამხედველებად და მეთვალყურეებად.

თეოლოგად არ ითვლება ის, ვინც არ არის სულიერი მამა და სულიერ მამად არ მიიჩნევა ის, ვინც არ არის თეოლოგი.

ფაქტია, რომ უპირველესი მკურნალი და თეოლოგია ის, ვინც მოწოდებულ იქნა, ასულიყო სინასა და თაბორის მთაზე და ეხილა დიდება ქრისტესი. უპირველესად, მან იცის, თუ რა არის ავადმყოფობა, ჯანმრთელობა და როგორ წარუძღვეს ადამიანს, რომელმაც უნდა მიაღწიოს ღმრთის შემეცნებას. ამდენად, თეოლოგად არ ითვლება ის, ვინც არ არის სულიერი მამა და სულიერ მამად არ მიიჩნევა ის, ვინც არ არის თეოლოგი.

მღვდლის უმთავრესი საქმე მკურნალობაა. ამას ადასტურებს წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი და მოჰყავს პავლე მოციქულის მაგალითი. პავლე მოციქული იყო დიდი მკურნალი, რომელმაც ყველაფერი აღასრულა ქრისტიანთა განკურნებისთვის. გაუმკლავდა მრავალ სირთულეს: უძილობას, სიდუხჭირეს, დევნას, საპყრობილეს, ჩაქოლვას, გაშოლტვას, საშიშროებებს, წყალდიდობას და სხვა. მან ტანჯვა დაითმინა, რომ განეკურნა ადამიანები. ზოგადად, პავლე მოციქული შეძლებისდაგვარად ჰბაძავს ქრისტეს, ამიტომაც იდეალური მკურნალია ხალხისა. ის კურნავს ქრისტეს ძალითა და მადლით. მოციქული მზად იყო, დასჯილიყო თავისი ძმებისათვის, თუკი ეს ხსნას მოუტანდა მის ერს. ეს არის ნამდვილი მაგალითი კეთილი მწყემსისა და კეთილი მკურნალისა.

ბუნებრივია, ვისაც სურვილი აქვს, ასეთ სიმაღლეს მიაღწიოს, უნდა გამოირჩეოდეს სულიერი ცხოვრების გამოცდილებით, ჰქონდეს შესაბამისი თეოლოგიური განათლება, ფლობდეს იმ ნათელს, რომელიც ბნელში ანათებს.
ყოველივე ზემოთ თქმული მეტყველებს ერთ რამეზე, რომ მღვდლობა სამკურნალო მეცნიერებაა, რომ სამღვდელონი ადამიანთა მკურნალნი არიან. ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ეს დიდი მსახურებით იტვირთოს, უპირველესად, თვითონ უნდა იყოს განკურნებული, რომ გახდეს კეთილი მწყემსი და არა მგელი თავისი სამწყსოსთვის!

მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან: ‘’სულიერი მედიცინის მეცნიერება’’; მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის საქმე; გამომცემლობა ‘’ახალი ივერონი’’ ; 2017 წელი.

მთავარი ფოტო: წმინდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •