cf83cf85cebcceb5cf89cebd ceb8ceb5cebfcebbcebfceb3

წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი – ბუნებით ადამიანი ვარ, ხოლო მადლით – ღმერთი

ჭეშმარიტად ღმერთი ცეცხლია, როგორც ჩვენთან მოსულმა უფალმა ბრძანა: “ცეცხლისა მოვედ მოფენად ქუეყანისა” (ლკ. 12;49), მაგრამ მიპასუხე, რომელ ქვეყანას გულისხმობს? რა თქმა უნდა, ამსოფლიურად მზრახველ ადამიანებს. როგორც კანდელი ინთება ცეცხლთან შეხებით, ასევე ღმრთაებრივი ცეცხლი, შეეხება რა ადამიანთა სულებს, აღანთებს მას. როცესაც ღმრთაებრივი ცეცხლი აღმობრწყინდება, შენი სულის სახლს განწსმენდს, შეერწყმება მას შეურევნელად და შეუერთდება მას გამოუთქმელად და ნელ-ნელა განაბრწყინვებს მას, ცეცხლად გარდააქცევს. რანაირად? მე ეს არ ვიცი, მაგრამ სული შემოქმედთან ერთი ხდება, სულში შემოქმედი მკვიდრდება. ჩაწვდი საიდომლოების სიღრმეს? ადამიანს, თავისი არსით მტვერს და აჩრდილს, საკუთარ თავში ყოველთა ღმერთი ჰყავს. მე კვლავ დავინახე იგი საკუთარ სამკვიდრებელში, მოულოდნელად მოვიდა, გამოუთქმელად შემოვიდა ჩემში და როგორც ცეცხლი რკინას და სინათლე მინას, ამგვარადვე შეურევნელად შემიერთდა, მან მეც ცეცხლის მზგავსი გამხადა, ხოლო თუ მე და ის, ვინც ჩემში შემოვიდა და შემიერთდა, ერთნი გავხდით, მაშინ რად ვიქეცი? და როგორ ვიწოდები მე? ღმერთად! რომელიც ორია ბუნებით და ერთია ჰიპოსტასურად. მან გამხადა ასეთი. მე ბუნებით ადამიანი ვარ, ხოლო მადლით – ღმერთი. ხოლო ქრისტე ბუნებით ღმერთია და გახდა ადამიანი.

ვინც სათნოებათა მოხვეჭის გზით სენაკი ზეცად გადააქცია, იგი, მასში მჯდომარე, სამყაროს შემოქმედს ჭვრეტს, ხედავს და თაყვანსა სცემს მას. მუდამ დაუღამებელ და მიუწვდომელ ნათელთან იმყოფება, დღეცა და ღამეს: საკვების მიღებისას, თვით ძილის დროს, ან მგზავრობისას, თუ ადგილის გამოცვლისას, მარადიულად სულით მასთან, ანუ ღმერთთან იმყოფება, მისგან განუშორებლად. ამგვარად უერთდებიან ღმერთს ისინი, რომლებიც განეშორენ რა ამ სოფელს, სული სინანულით განიწმინდეს. მათ ქრისტეს გონება მოიხვეჭეს და განწმენდილი და უზაკველი ენით და ბაგეებით ყოვლისმბყრობელ მამასთან საუბრობენ და მას შეღაღადებენ. მათი სენაკი ზეცაა, ხოლო თავად არიან ვითარცა მზე და მათში ღმრთაებრივი და მოუკლებელი ნათელი მკვიდრობს, რომელიც განანათლებს ყოველთა კაცთა მომავალსა სოფლად და ასეთნი სულისაგან წმინდისა იშვებიან (შედ. იოან.3:5-8). ამრიგად, მათში როგორ, ვერ ვიტყვი, მაგრამ არაა ღამე, რადგან ისინი, მიუხედავად ამსოფლად მყოფობისა, ამ სოფელში არ იმყოფებიან, არამედ იმ მომავალი საუკუნის ნათელში მკვიდრობენ, რომელშიც ანგელოზები ბინადრობენ. მართალია ღმერთი თავის წმინდანებში მკვიდრობს, მაგრამ თავის მხრივ წმინდანებიც მასში არიან და როგორც ანგელოზნი და ღმრთის შვილნი ცხოვრობენ საღმრთო ნათელში. ისინი გარდაცვალების მერე ჭეშმარიტ ღმერთთან მყოფი ღმერთნი იქნებიან, რომლებიც მადლის მიერ ღმერთქმნულნი, შვილობის გზით ბუნებით ღმერთს მიემსგავსებიან.
ნუ იტყვით, რომ საღმრთო სულის მოხვეჭა შეუძლებელია, ნუ იტყვით, რომ ამის გარეშეც შესაძლებელი ცხონება, ამიტომ იმასაც ნუ იტყვით, რომ ვინმე ღმერთთან იმგვარადაა თანაზიარი, რომ ამას თავად ვერ აღიქვავს, ვერ აცნობიერებს. ნუ იტყვით, რომ ღმერთი ადამიანებისათვის ყოველთვის უხილავია, ნუ იტყვით, რომ ადამიანებს ღმრთაებრივი ნათლის ხილვა არ ძალუძთ, ან, რომ ეს ჩვენ დროს შეუძლებელია, არასოდეს იყო ეს მეგობრებო შეუძლებელი, არამედ მსურველთათვის, ანუ მათთვის, რომლებიც ატარებენ რა ცხოვრებას ვნებებისაგან განწმენდის ღვაწლში და წმინდა ჰყვნეს გონიერნი თვალნი, ყოველივე შესაძლებელია ეს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტომასალა გადმოწერილია საიტიდან – paterikos.blogspot.com