იესუს ლოცვისთვის მომზადების შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

რამდენადაც იესუს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ მასში ვარჯიშს დავიწყებდეთ, აუცილებელია შინაგანი მომზადება. ,,ლოცვის დაწყებამდე მოამზადე თავი და უფლის გამომცდელივით ნუ იქნები’’(ზირ. 18:23). წმ. იოანე სინელი წერს: ,, ვინც ჩვენს მეუფესა და ღმერთთან შესახვედრად მივდივართ, მოუმზადებლად ნუ გავემართებით, რათა მან შორიდანვე არ შენიშნოს, რომ სამეუფეო სამკაული და სამოსელი არ გვმოსავს და თავის მსახურებს ჩვენი შეპყრობა და მის თვალთაგან გაძევება არ უბრძანოს’’.

იესუს ლოცვისთვის მომზადებაში პირველი ნაბიჯი ავმეხსიერებისა და განკითხვის განდევნაში მდგომარეობს. ეს თავად უფალმა გვამცნო: ,, რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი’’(მკ. 11:25-26).

შემდეგი ნაბიჯი ქრისტესადმი ცოცხალი რწმენით და მისი ნებისადმი მორჩილებით ყოველგვარი საზრუნავისგან განშორება, საკუთარი ცოდვილობის განცდა და მისგან მომდინარე სულის სიმდაბლე და შემუსვრილებაა.

ერთადერთი მსხვერპლი, რასაც ქრისტე დაცემული ადამიანისგან შეიწირავს გულის შემუსვრილებაა. ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდებლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს’’. წმ. ისააკ ასური თავის ნაწერებში ერთი წმინდა მამის ნათქვამს იშველიებს: ,, ვისაც არ აქვს საკუთარი ცოდვილობის განცდა, მისი ლოცვა არ არის სათნო ქრისტესთვის’’.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი - სრული

როდესაც ლოცვისას უხილავი ღმერთის წინაშე წარსგები, ისე იდექი, თითქოს ხედავდე მას და მტკიცედ გწამდეს, რომ ისიც გხედავს შენ. იდექი უხილავი ქრისტეს წინაშე ისე, როგორც უკანასკნელი დამნაშავე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი.

თუკი ლოცვისას ღმრთის შიშისა და კრძალვის შეგრძნებით წარსდგები, მაშინ ეს მდგომარეობა შენში ცოცხალი ღმერთის შეგრძნებას დაბადებს და სულიერად იხილავ მას. იხილავ უხილავს და შეიცნობ, რომ ლოცვა საშინელ სამსჯავროზე წარდგომას ნიშნავს.

ლოცვისას თავდახრილი დადექი, შენი თვალები მიწისკენ იყოს მიმართული, ფეხები თანაბრად ერთმანეთს შეატყუპე და უძრავად იდექი. დაე შენი ლოცვა იყოს გულის მგლოვარება, სულის სიღრმიდან მომდინარე ღაღადისი და ცრემლთა სიუხვე.

ლოცვისას ამგვარი გარეგნული კრძალვითი მომზადება ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, ვინც იესუს ლოცვის ღვაწლითაა დაკავებული. განსაკუთრებით კი დამწყებისთვის, რადგანაც მასში სულის განწყობა მეტნაკლებად სხეულის მდგომარეობის მიხედვით ყალიბდება. პავლე მოციქული გვამცნებს, რომ ლოცვისთვის საჭიროა მადლიერება: ,, ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით’’(კოლ.4:2). სხვაგან ის ამბობს, რომ მადლიერება თავად ქრისტეს მცნებაა: ,,მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ’’(1.თეს. 5:17-18). რას ნიშნავს მადლიერება? ეს არის იმ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ხედავს უფლის ქველმოქმედებას როგორც საკუთარ თავზე, ისე მთელ კაცობრიობაზე და მოუკლებლად ადიდებს მას. ასეთი მადლიერება ადამიანის გულში სასწაულებრივ სიმშვიდეს ბადებს; მიუხედავად მრავალი განსაცდელისა და ტკივილისა, მის გულში მაინც შეურყეველი სიხარული მკვიდრობს; ასეთი მადლიერება რწმენას აცოცხლებს, რომლის წყალობითაც ადამიანი ამარცხებს კაცობრივ და დემონურ შიშს, უარყოფს ყოველგვარ ზედმეტ საზრუნავს და მთელი არსებით ღმრთის ნებას ემორჩილება. სულის ასეთი განწყობა ძალიან გვეხმარება ლოცვისთვის მომზადებაში. ,, ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა ვიდოდეთ, დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა’’(კოლ. 2:6-7) ,, გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ. სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ’’(ფლპ. 4:4-6).

გონიერი ლოცვისა და მადლიერების მნიშვნელობა დეტალურადაა გადმოცემული წმ. ბარსანოფი დიდისა და წმ. იოანე წინასწარმეტყველის ნაშრომებში, რომლებიც სულიერ ცხოვრების გზამკვლევებს წარმოადგენს.

როდესაც წმინდა მამები ლოცვას ახსენებენ, ისინი ძირითადად იესუს ლოცვას გულისხმობენ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. როდესაც წმ. იოანე სინელი მოღვაწეების შესახებ საუბრობს, ის წერს, რომ ზოგი თავისი დროის დიდ ნაწილს გალობას უთმობს, ზოგიც კი ლოცვას. კვლავ წმ. იოანე ამბობს: ,, ღამის დიდი ნაწილი ლოცვას მიუძღვენი, ხოლო მცირედი – ფსალმუნებას’’. გალობაში ფსალმუნთა კითხვა უნდა ვიგულისხმოთ, ხოლო ლოცვაში – იესუს ლოცვა. სწორედ ასე ხსნიან სიტყვების ,,ლოცვისა’’ და ,, გალობის’’ მნიშვნელობას ისეთი დიდი მოღვაწეები და სულიერი მოძღვრები, როგორებიც წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი და წმ. გრიგოლ სინელი იყვნენ. იესუს ლოცვა ორი სახისაა: ბაგისმიერი და გონიერი. იმ შემთხვევაში, თუკი ქრისტიანი ბაგისმიერი ლოცვაში ყურადღების კონცენტრირებით, სიმდაბლით ვარჯიშობს, მაშინ ის გონიერი ლოცვის მდგომარეობას მოიხვეჭს. პირველი ნაბიჯი ბაგისმიერ იესუს ლოცვაში სიმდაბლით ვარჯიშია. იესუს ლოცვა შესაძლებელია დგომითაც, ჯდომითაც და უძლურების შემთხვევაში, წოლითაც. ამ ლოცვითი ღვაწლის აუცილებელი წინაპირობებია: ყურადღება, გონების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებში, აუჩქარებლობა და გულის შემუსვრილება, ანუ საკუთარი ცოდვილობის განცდა. რა თქმა უნდა, ეს წინაპირობები ყოველგვარი ლოცვისას აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა იესუს ლოცვის ღვაწლისას. იესუს ლოცვისას გონება მხოლოდ ერთი აზრით და მიზნითაა დაკავებული: უკიდურესად ცოდვილი ადამიანის შეწყალება უფალ იესუ ქრისტეს მიერ. გარეგნულად თუ შევხედავთ, ეს საქმიანობა საკმაოდ მშრალი და მოსაწყენი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ გამოცდილება გვასწავლის, რომ იესუს ლოცვა ნებისმიერ სხვა სულიერ ღვაწლზე მეტად ნაყოფიერია. მისი ძალა და ღირსება უფალ იესუ ქრისტეს ყოვლადწმიდა და უტკბეს სახელშია. როდესაც ღმერთკაცის შესახებ წინასწარ გვაწყებდა, წინასწარმეტყველი იოველი ამბობდა: ,, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს’’.(იოველ. 2:32). წინასწარმეტყველის სიტყვებს პავლე მოციქულიც იმეორებს: ,, ვითარმედ აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ, და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე’’(რომ. 10:9) ,, ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს’’(რომ. 10:13). როდესაც წმინდა მოციქულმა პეტრემ ქრისტეს სახელით შობითგან კოჭლი განკურნა, სინედრიონის წინაშე დაამოწმა: ,, მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო, რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი, დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით. ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს’’(საქმ. 4:8-12). თავად უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ დაგვიწესა, რომ ლოცვისას მის ყოვლადწმიდა და საღმრთო სახელს მოვუხმოთ. ამაში იოანეს სახარების ის მონაკვეთები დაგვარწმუნებენ, სადაც  საიდუმლო სერობის შემდგომი უმნიშვნელოვანესი და სიღრმისეული საუბარია აღწერილი(იოანეს 13, 14, 15 და 16 თავები). ქრისტეს მიერ გაჟღერებული ეს სწავლება, თითქოს მისი სიკვდილის წინა ანდერძია, რომელშიც გაერთიანებული და შემოკრებილია მთელი მისი სწავლება, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაცხოვნებელი და მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი სიტყვები და მცნებები. მათ შორის ერთ-ერთი მცნება, სწორედ მისი სახელით ლოცვას ეხებოდა: ,, რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა. და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო’’(ინ. 14:13-14). ,, მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს’’(ინ. 16:23-24). რა არის ქრისტეს სახელით მლოცველთათვის სიხარულის სავსების მომნიჭებელი? ამაზე თავად უფალი პასუხობს: ,, ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან’’(ინ.14:26). სწორედ ეს არის წმინდა მამათა გამოცდილება და ჩვენთვის დატოვებული სულიერი მემკვიდრეობა და გარდამოცემა.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •