ΣΚΑΦΤΟ 843x1024 1

წმინდა ნიკიფორე ათონელი – გული ადამიანის სიცოცხლის წყაროა

ვისაც სურს, რომ გონიერი ლოცვა მოიპოვოს, მთელი გულმოდგინებით უნდა ეძებოს გამოცდილი მოძღვარი. თუ ვერავის იპოვის სიახლოვეში, არ დაიშუროს საკუთარი ძალები ისე ეძებოს კიდევ უფრო მეტი შრომითა და გულმოდგინებით სადაც კი შეძლებს. თუკი მაინც ვერ იპოვა, დაე შემუსვრილი გულითა და ცრემლებით მოუხმოს ქრისტეს და დიდი სიმდაბლით შეუდგეს ამ ლოცვის გზას. გული ადამიანის სიცოცხლის წყაროა. იმისთვის, რომ გონება გულში ჩავიდეს, საჭიროა, რომ გონება სუნთქვას მივაყოლოთ და ჩასუნთქვისას იესუს ლოცვის თანხლებით გონების ყურადღება გულზე განუშორებლად მივამაგროთ.

უდიდესი სიმდაბლით გაწეული დიდი ღვაწლის შემდეგ, როცა უფალი ინებებს, გული გამოუთქმელი სიტკბოებითა და მხიარულებით აღივსება, რაც მსგავსი იქნება დიდი ხნის განშორებული ცოლქმრის შეხვედრისა. მლოცველი გულში უნდა აკავებდეს გონებას. თავდაპირველად გონებას უჭირს გულის სივიწროვეში მყოფობა, გარკვეული დროის შემდეგ მიეჩვევა და აღარ დაეხეტება აქეთ იქეთ, რადგანაც იქაა ცათა სასუფეველი.

როდესაც გონება გულში გამყარდება, მოუკლებლად უნდა გამოკვებოს გული ლოცვით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. რადგანაც ამგვარად დაცულია ადამიანის გონება ოცნებების, წარმოსახვებისა და მტრისგან მოვლენილი ფანტაზიებისგან. ნებისმიერ სხვა აზრისა და ფიქრის ნაცვლად უნდა ეცადოს, რომ მხოლოდ ეს ლოცვა იყოს მის გონებაში. თუკი უკან დახევის გარეშე და მთელი ყურადღებით იშრომებს მლოცველი, მაშინ ღვთის მადლით გაეხსნება გზა გულისკენ. მაშინ იესუს ლოცვასთან ერთად მოვა ყველა სხვა სათნოება: სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე.

 

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •