nikodimos

წმ. ნიკოდიმოს ათონელი- გულისმიერი ლოცვის შესახებ

ღვთის მადლის მოქმედების შედეგია გულისმიერი ლოცვა, ესაა სულიერი ლოცვა, რომელიც გულში სულიწმიდის მიერ მოძრაობს. მლოცველი შეიგრძნობს მას, მაგრამ თავად კი არ ლოცულობს, ლოცვა თავისთავად აღევლინება მასში. ამგვარი რამ სრულყოფილთა ხვედრია. ნებისმიერისათვის კი შესაძლებელია ის, რომ ლოცვით სიტყვებს მუდამ ეთანხმებოდეს აზრი და გრძნობა.

არსებობს ლოცვა, რომელიც ღვთის წინაშე წარდგომად სახელდება. ამ დროს მლოცველი გულში შემოიკრებს ყურადღებას და შესაბამისი გრძნობების მეშვეობით შინაგანად შეიმეცნებს თავის თავში არსებულ ღმერთს – ზოგჯერ შიშითა და მისი დიდებულებისადმი კეთილკრძალული მოწიწებით, რწმენითა და სასოებით, ზოგჯერ სიყვარულითა და ღვთის ნების ერთგულებით, ზოგჯერ კი – გულშემუსვრილებითა და ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად მზადყოფნით. ასეთი მდგომარეობა მაშინ მიიღწევა, როდესაც მლოცველი სიტყვით, გონებითა და გულით ჩაუღრმავდება ჩვეულებრივ ლოცვას(უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე).

ვინც ხანგრძლივად და ჯეროვნად ლოცულობს, ხშირად მიაღწევს ასეთ სიმაღლეს. და ბოლოს, შესაძლოა, მუდმივად ამ მდგომარეობაში იყოს, რასაც უფლის წინაშე სვლა ეწოდება და დაუცადებელი ლოცვა გახლავთ. სწორედ ასე ლოცულობდა წმიდა დავით წინასწარმეტყველი, რომელიც გვიმოწმებს: წინაისწარ ვხედავ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა (ფს. 15,8).

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)