elder joseph of vatopaidi 1 e1670043007111

ჯანმრთელობის გაუარესება – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში; წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

2000 წლის 23 ივლისს/5 აგვისტოს საღამო ხანს ბერ იოსებს ძლიერი გულის შეტევა მოუვიდა. საბედნიეროდ, მონასტერში დარეკვა მოასწრო. ძმამ მხოლოდ შემდეგი სიტყვები გაიგონა: „მოძღვარი ვარ. კარგად ვერ ვარ“. ბერმა სხვა ვერაფერი თქვა. მამები იმწუთას გაიქცნენ და სამუშაო მაგიდის გვერდით დავარდნილი იპოვეს. პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფოც გამოიძახეს. აშკარა იყო, რომ ინფარქტი ჰქონდა. დაახლოებით ერთ საათში ბერი შვეულმფრენით თესალონიკის სამხედრო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ერთ-ერთმა მომლოცველმა, რომელიც იმ დღეებში ათონზე იმყოფებოდა, შემდეგი რამ გვიამბო: „კარიესში ვიყავით, როდესაც ბერის გულის შეტევის შესახებ გავიგეთ. მაშინვე მონასტერში გამოვეშურეთ. შესასვლელში 3-4 მონაზონი იდგა, რომელთაც გვითხრეს, რომ შვეულმფრენს ელოდებოდნენ. ჩვენც მათთან ერთად დავრჩით.

ჩვენს ჯგუფში იყო ორი მოზარდი ხორციელი ძმა: 14 წლის დიმიტრი და 12 წლის პანაიოტი. ისინი გვარად კურსარები იყვნენ. ბავშვებს შვეულმფრენის ახლოდან ნახვა უნდოდათ და სასწრაფოდ იმ მიმართულებით გაიქცნენ, ჩვენ კი შორიდან ვადევნებდით თვალს. ცოტა ხანში ბავშვებმა ქოშინით მოირბინეს და მამას, გიორგი კურსარის, უთხრეს, ღმრთისმშობელი და ვიღაც სხვა ქალი დავინახეთ, ღმრთისმშობელს შავი სამოცი ეცვა და მეორე ქალბატონს კი – თეთრიო. ისიც დაამატეს, რომ ბერი მანქანით ჩაიყვანეს ასაფრენ მოედანზე, შვეულმფრენში ექიმები იყვნენ, რომლებმაც მავთულები შეუერთეს მკერდზე. ბერის შემდეგ შვეულმფრენში ერთ-ერთი მონაზონი ჩაჯდა, მერე ღმრთისმშობელი და ასე გაფრინდნენო. ბავშვური ენთუზიაზმით ოთხჯერ-ხუთჯერ გაგვიმეორეს ერთი და იგივე. ჩვენც, რადგან გავიგეთ რომ დედა ღმრთისმშობელი ახლდა ბერს, დავმშვიდდით“.

რეანიმაციაში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ მოძღვარი პალატაში გადაიყვანეს და მნახველების მიღების უფლება დართეს. მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რამეთუ, ექიმების თქმით, მიოკარდის 85% მკვდარი იყო, რაც ნებისმიერ მომენტში უარესად შეიძლება განვითარებულიყო, მის სანახავად მრავალი ადამიანი მიდიოდა. ბერს ყველას მიღება სურდა, მაგრამ როგორც კი აპარატი გულის გადაღლას აჩვენებდა, მნახველებს პაციენტის დატოვებას სთხოვდნენ. როდესაც ბერს ბავშვების ნაამბობი გადასცეს, ბევრი იტირა. ერთი მხრივ, თავს აყვედრიდა, ხოლო მეორე მხრივ, დედოფალს ასეთი წყალობისთვის მადლობდა: „სად გავახსენდი ღმრთისმშობელს მე, ცოდვილი, რომ ამხელა გზაზე თან გამომყვა?! რითი შემიძლია მადლობა გადავუხადო?“ ერთ-ერთ ძმას გაანდო: „შავებში რომ იყო, ღმრთისმშობელი იყო, ხოლო თეთრებში – წმინდა ეკატერინე, რომელმაც დედოფალი მოაცილა“. ქალწულ-მოწამე ეკატერინე, როგორც ვთქვით, ბერის საყვარელი წმინდანი იყო.

როდესაც ბერი ხედავდა, თუ რა ინტერესით უვლიდა მას სამედიცინო პერსონალი, როგორ ზრუნავდნენ, არაფერი დაჰკლებოდა და ტკივილი მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ, განუწყვეტლივ ტიროდა, რადგან თავს ასეთი მოპყრობის უღირსად თვლიდა. ბევრს ლოცულობდა მათზე. ამბობდა, რომ სხვა არაფრით შეეძლო მათდამი მადლიერება გამოეხატა.

2000 წლის 16 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ბერს თანაგრძნობისა და მხარდაჭერის წერილი მისწერა, სადაც დროულ გამოჯანმრთელებასა და სულიერი საქმიანობის დიდხანს გაგრძელებას უსურვებდა. დაახლოებით ორმოცდღიანი სტაციონარის შემდეგ მოძღვარმა მონასტერში დაბრუნება შეძლო. მაგრამ უკვე აღარ – შეეძლო ძველი რიტმით ცხოვრება. გულის უკმარისობას ინფარქტი დაემატა და ამიტომ დაღლა აღარ შეიძლებოდა. უმეტესი დრო საწოლში უნდა გაეტარებინა, ცოტა უნდა ელაპარაკა. წირვაზე მხოლოდ ზიარების დროს მიდიოდა. ამასთან ერთად, გაურკვეველი იყო, თუ როგორ წარიმართებოდა მისი ჯანმრთელობა. პატრიარქისადმი სამადლობელი წერილი ძლივძლივობით დაწერა.

ვატოპედი 14/27 სექტემბერი 2000
თქვენო ყოვლადუწმიდესობავ,
მშვიდობის დროს ბევრ მეგობარს იგულებ, ხოლო გაჭირვებაში ერთსაც ვერაო – ამბობს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.

არ გვავიწყდება, რომ ჩვენი საძმოსთვის ურთულეს პერიოდში, დევნის დროს, თქვენ აღმოჩნდით ის ერთი მეგობარი, სიმონ კვირინელი, რომელიც ჩვენი აქ გადმოსვლიდან დღევანდელ დღემდე უფლის მიერ ჩვენზე დაშვებულ ყველა განსაცდელს იზიარებთ. თქვენი მამობრივი სიყვარული ყველას გულში იკრავს და ჩვენამდეც აღწევს, რაც ყოველგვარ ვითარებაში გამოიხატება.

ვფიქრობ, ათიოდე წლის წინ ჩემ მდაბლის მიერ თქვენი ყოვლადუწმიდესობის მონასტრის ახალ ქტიტორად აღიარება ყველაზე ზუსტად ახასიათებს სავანისა და საძმოსმიმართ თქვენს დამოკიდებულებას. თქვენი მწყემსობრივი მზრუნველობის შედეგია ის, რომ ამ წმინდა მონასტერში წმინდა მამების სულიერი ტრადიციები აღდგა. გულის სიღრმემდე შემძრა თქვენმა მანუგეშებელმა წერილმა. არ ვიცი, რა სიტყვებით გადაგიხადოთ მადლობა. მხოლოდ ვლოცულობ, როგორც ყოველთვის ვლოცულობდი, რომ მრავალჟამიერება და კეთილად დგომა მოგანიჭოთ უფალმა თქვენი მძიმე ჯვარის ტვირთვაში.

ვგრძნობ, რომ „ჟამი მიქცევისა (აქ: ამასოფლიდან წასვლისა) ჩემისა მოიწია“. ჩემი ავადმყოფობის განვითარება არაფრის გარანტიას არ გვაძლევს: ან რამდენიმე წელი დაგვრჩენია, ან შეიძლება მოულოდნელადაც დავტოვოთ წუთისოფელი. ძალები გამომეცალა. გულის მხოლოდ მცირე პროცენტიღა მუშაობს. უბრალო წერილის წერაც კი მიჭირს, რადგან ხელები მიკანკალებს. ხმა ჩამივარდა, საგრძნობლები აღარ მემორჩილება. ყველაფერი მოახლოვებულ აღსასრულს მახსენებს.

ამიტომაც მუხლმოდრეკით გევედრებით, რომ თუ რამე გაწყენინეთ… ან თქვენი და ეკლესიის იმედები ვერ გავამართლეთ, მე და ჩემმა საძმომ… მაპატიეთ და ნუ შეწყვეტთ ლოცვას ჩემ გლახაკისთვის, ცოცხალი ვიქნები თუ მიცვალებული.

იმასაც გთხოვთ, რომ, როგორც აქამდე ზრუნავდით, ასევე განაგრძოთ ჩემს შვილებზე მამობრივი ზრუნვა… პატივისცემითა და მუხლმოდრეკით ვემთხვევი თქვენი ყოვლადუწმიდესობის მარჯვენას.

მდაბალი ბერი იოსები.

დროთა განმავლობაში მოძღვარმა ნელ-ნელა ძალები ისე მოიკრიბა, რომ შეეძლო წირვაზე დასწრება, აღსარებების მიღება, საერთო საუბრების გამართვა. მაგრამ მაინც მალე იღლებოდა. ზოგჯერ, საღამოს, იმას ვერ აკეთებდა, რაც დილიდან დაეგეგმა, ხოლო დილით – იმას, რაზეც წინა საღამოს ფიქრობდა. მიუხედავად ამისა, ძმები განუწყვეტლივ მიდიოდნენ მასთან, რათა სასარგებლო სიტყვა მოესმინათ და ლოცვა-კურთხევა აეღოთ, როდესაც ამის ძალა შესწევდა.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020