1000004633

ჯვარი – უძლეველი იარაღია – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

“მოვა უღმერთობისა და დევნის ჟამი, როდესაც ადამიანთა და ტირანთა წინაშე ქრისტეს აღიარებას მოგვთხოვენ, შესაძლოა მოწამეობრი გზითაც”.

ქრისტეს ჯვარში, სახარების მთელი სწავლებაა თავმოყრილი. ქრისტე ჯვარს აცვეს და ჯვარმა იგი აღდგომამდე მიიყვანა. ქრისტე, ჯვრის გარეშე, წარმოუდგენელია. თუკი ქრისტეს, ჯვრის გარეშე წარმოვიდგენთ, იგი აღარ იქნება მხსნელი ქრისტე. თუკი ქრისტიანის ცხოვრებიდან, საკუთარი ცოდვისმიერი ცხოვრების ჯვარზე გაკვრას გამოვრიცხავთ, მივიღებთ სეკულარიზებულ ქრისტიანობას, რომლის მიერაც ჩვენი მორალური და სულიერი აღზრდა შეუძლებელი იქნება. ვინც ამის გაცნობიერება კარგად შეძლო, ეს გზავნილია უფლისგან მათთვის, ვისაც სწამს იგი და მიჰყვება მას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე და მონა ხდება. ქრისტე – სრულყოფილი მაგალითია, რომელსაც უნდა მივჰყვეთ და მივბაძოთ.

უფლის ჯვარი, სამ უდიდეს ჭეშმარიტებას გვიცხადებს:

პირველი – ცოდვის უდიდესი სიმძიმისაგან დასახსნელად და გასანთავისუფლებლად, უფლის ხორციელად მოსვლა გახდა საჭირო დედამიწაზე, რათა იგი ადამიანი გამხდარიყო და ჯვარზე გაეკრათ. ჯვარზე სისხლის დაღვრით, ქრისტეს ცოდვის ბიწიერება უნდა ჩამოერეცხა. ჯვრის დახმარებით, ჩვენ შევძელით ხსნისაკენ, თავისუფლებისაკენ, ჭეშმარიტებისა და სინათლისაკენ მიმავალი გზის პოვნა.

მეორე – ჯვარი უფლის უკიდეგანი კაცთმოყვარეობის, გულმოწყალებისა და სიყვარულის გამოვლინებაა, რომელმაც ზეცა დატოვა და ჩვენი – დამნაშავე, უმადური და გულსასტიკი ადამიანების სახსნელად დედამიწაზე ჩამოვიდა.

მესამე – ჯვარი ჩვენი სულის უდიდეს ღირებულებას – ღმრთის ხატობას წარმოაჩენს, რომელსაც ჩვენ, გულუბრყვილობითა თუ უმეცრებით, სიგლახაკეში ვამყოფებთ და სათნოებათა და სიკეთეთაგან ვძარცვავთ, ჭრილობებს ვაყენებთ და ნაცვლად ამისა, თავს ვევლებით სხეულს, რომლის მიწაში დაფვლაც მოგვიწევს!

სული – ყველაფერია, რამეთუ სხეული მისი მეშვეობით ცოცხლობს. თუმცაღა, ჩვენ მას ყურადღებას არ ვაქცევთ, სუფთა და ჭეშმარიტი საკვებითა არ ვკვებავთ და შემდგომ, ცოდვის მიერ სულიერად ვიტანჯებით. ჩვენ ვიწამლავთ ცხოვრებას, უფლის წყალობას ვაკლდებით და განსაცდელთა გროვა გვატყდება თავს, რომლებიც ჩვენი უფლისაგნ დაცილებულობის შედეგია.

სახარებისეულ სწავლებას გულისყურს თუ მივაპყრობთ, სამ ძირითად და აუცილებელ პირობას გავიგონებთ, რაც ქრისტეს მოწაფეებად ყოფნას შეგვაძლებინებს. “ რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე” (ლუკ. 9,23). სამწუხაროდ, უამრავმა ქრისტიანმა სახარების შესახებ არაფერი იცის, ამიტომაც მხოლოდ ერეტიკოსებსა და ხილიასტებს უსმენენ; სხვა დანარჩენში კი, მართლმადიდებლები არიან. მაგრამ, თუკი მათ თავგანწირვაზე ეტყვი რამეს, მაშინვე სიტყვებს: “რომელსა უნებს…”, აიფარებენ ხოლმე ისე, რომ ამ გამონათქვამის ნამდვილი მნიშვნელობა არც იციან და სრულყოფილად არც ესმით იგი.

“რომელსა უნებს…” სინამდვილეში მიეკუთვნება მათ, ვინც მოზრდილ ასაკში გამოთქვა სულვილი მონათვლისა და ნებაყოფლობით გახდა ქრისტიანი. ჩვენ კი, რომლებმაც ნათლობისას ვთქვით: “განვაგდებ სატანას და შევუდგები ქრისტეს”, ჯვრის ნიშნით შევუდექით მას და ახლა, ყოველდღიურად უნდა ვზიდოთ უფლის ჯვარი. უფლის ჯვარი კი, ის მწუხარებანია, რომლებსაც მოთმინებით ვიღებთ, რათა სათნო ვეყოთ უფალს.

ჯვარია ჩვენი მარხვაც, ლოცვაც, რომელიც განგვანათლებს, ზრახვებთან ბრძოლა და მოყვასისადმი ჩვენი გულმოწყალებაც. თუმცაღა, ჯვარცმული უფლის შემწეობით, ჩვენი ჯვარი მსუბუქი ხდება. და როდესაც ჩვენ, თანდათანობით ქრისტეს ტკივილთა თანაზიარნი ვხდებით ამქვეყნად, ამით, მას ზეციურ დიდებაშიც თანაზიარ ვექმნებით.

მთელი კვირის განმავლობაში, სახარება გვიცხადებს ჯვარცმულს და გვახსენებს, რომ მორწმუნე ადამიანის ცხოვრება ჯვარცმით უნდა აღესრულოს; რომ ქრიატიანმა, ქრისტეს ნება, როგორც საკუთარი ისე უნდა მიიღოს და არ შეითვისოს და არ მიჰყვეს იმას, რაც არ არის სათნო ქრისტესათვის. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვრიცხეთ ჩვენი ცხოვრებიდან ქრისტეს ჯვარი და გარეგნულად შევამსუბუქეთ იგი. შედეგად, ჭარბად ვიღებთ მატერიალურ სიკეთეებს, მაგრამ არა სუფთა სინდისს, რამეთუ ვარღვევთ უფლის მცნებას და დანაშაულის გრძნობა გვაწუხებს.

ქრისტეს ჯვარი, ქრისტიანთათვის – სიყვარულის სიმბოლოცაა, ვინაიდან ქრისტემ, ჯვარზე გვიჩვენა სიყვარული, როდესაც თავის ჯვარმცმელთათვის ლოცულობდა: “მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან”(ლუკ. 23, 34). ასეთია მართლმადიდებელ ქრისტიანთა მხსნელი.

იგი ასევე მსხვერპლის სიმბოლოა. მართალია, ჩვენ ქრისტეს მტრები ვიყავით, მაგრამ მან ისე შეიყვარა ადამიანი, რომ საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა, იტანჯა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის, რათა ჩვენ არ გვეტანჯა მარადიულად და სხნა მოგვანიჭა. ჯვარი – გამარჯვებისა და ტრიუმფის სიმბოლოცაა, უძლეველი იარაღი დემონების, ცოდვისმიერი ზრახვებისა და ვნებების წინააღმდეგ. საკმარისია მხოლოდ მისი სწორად, რწმენით, სიმდაბლითა და სათნოებით გამოყენება. და მაშინ, ეშმაკი და მისი მიმდევრები “კანკალებენ და ძრწიან, ვერ უმზერენ რა მის ძლიერებას”.

უფლის განგებულებისამებრ, პატიოსანი ჯვარი, როგორც მორწმუნეთა, ასევე წარმართთა მფარველიც არის. ერთხელ, ერთი ებრაელი, წარმართულ ტაძარში აღმოჩნდა და ღამე იქ დარჩა. მან იფიქრა, რომ ამ ადგილას დემონები სახლობდნენ, მათ კი, ჯვრის ეშინიათ და ამიტომაც, დასაძინებლად დაწოლამდე, პირჯვარი გადაიწერა. მოვიდნენ დემონები და დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ რამდენი ბოროტება ჩაიდინეს დედამიწაზე. მძინარე ებრაელი რომ დაინახეს, მისი დაცინვა განიზრახეს. მიუახლოვდნენ, რათა მისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. “ეს ჭურჭელი არ არის სუფთა, მაგრამ იგი დაცულია!”, – თქვეს დემონებმა და წავიდნენ. ებრაელმა, რომელმაც გაიგო მათი საუბარი, შეიცნო ჯვრის ძალა და ერთგული ქრისტიანი, შემდგომ კი, ბერი გახდა. აი, თუ რაოდენ დიდია ძალა პატიოსნისა ჯვრისა ღმრთისა!

სათნოებით აღჭურვილი მორწმუნისათვის, ჯვარი ყოვლადძლიერი იარაღია. თუკი სათნოება აღარ გვაქვს, ჩვენ თვალთმაქცები, ფარისევლები და მატყუარები გამოვდივართ და ვაკლდებით ჩვენი მხსნელის, ღმერთკაცის, იესუ ქრისტეს ჯვარცმის გზით მომდინარე მადლს.

მოგიყვანთ რამოდენიმე მაგალითს, რათა ვნახოთ, აღვასრულეთ თუ არა ჩვენი ვალი ცხოვრებაში, თუ კომპრომისზე წავედით და ამ დათმობებით, სახარებისა და ჩვენი ეკლესიის წმინდა მამების დადგენილებებს ვუღალატეთ.

ჩვენს დროში ფინეთში, ასეთი რამ მოხდა: ვიღაც ისტორიის პროფესორი, მეცნიერთა წინაშე ლექციას კითხულობდა. სიტყვის დაწყებამდე, მან სრულიად გულწრფელად, პირჯვარი გადაიწერა. როდესაც ლექცია დაასრულა, ერთ-ერთმა მსმენელმა ჰკითხა:
– პირჯვარი თქვენ ჩვეულებისამებრ თუ დემონსტრაციულად გადაიწერეთ?
პროფესორმა უპასუხა:
-ჩვენ, მართლმადიდებლები, ნებისმიერი საქმის დაწყების წინ, თუნდაც რომ სხვა ადამიანთა შორის ვიმყოფებოდეთ, ვჭამთ თუ ვსვამთ, ვმოგზაურობთ თუ დასაძინებლად მივდივართ, ჩვენი მხსნელი, განმანთავისუფლებელი და განმანათლებელი იარაღით – პატიოსანი ჯვრით აღვიჭურვებით. ჩვენ ამას ჩვენი ქრისტიანული მოვალეობის გამო ვაკეთებთ, რამეთუ, ამ გზით, ვაღიარებთ ჩვენს სარწმუნოებას და დიად წყალობას შევთხოვთ ღმერთკაც ქრისტეს. შემიძლია გითხრათ, ნიუ-იორკშიც, მოსკოვშიც ან ტირანაშიც რომ წამეკითხა ლექცია, იქაც ასევე გადავიწერდი პირჯვარს.

ჩვენ კი, გვრცხვენია პირჯვრის გადაწერა მაშინ, როდესაც ტაძარს ჩავუვლით, ან სუფრასთან ვიმყოფებით, ზოგჯერ კი ისე დაუდევრად ვისახავთ მას, რომ ამით დავცინით კიდევაც ჯვარს. ამგვარად ვაჩვენებთ, თუ რაოდენ სუსტია ჩვენი კავშირი სარწმუნოების სიმბოლოებთან.

1821 წელს, კუნძულ ქიოსზე, რომელიც თურქთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა (ეს ბნელი და მძიმე დრო გახლდათ), კუნძულის ოცი ათასი მცხოვრები, მეტწილად ახალგაზრდები, ნავმისადგომზე, სიკვდილის მოლოდინში იმყოფებოდნენ. მათ უთხრეს:
– ფეხი დაადგით ჯვარს და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთ!
ყველამ ერთხმად შესძახა:
-გაუმარჯოს ქრისტეს ჯვარს!

მათ პირჯვარი გადაიწერეს და შემდეგ ყველანი დახოცეს. ასეთია ქრისტიანების რწმენა. ჩვენ კი, ასეთ ქრისტიანთა შორის ვცხოვრობთ და სიმამაცე არ გვყოფნის იმის დასამტკიცებლად, რომ მართლმადიდებლები ვართ. ზოგიერთს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ პირჯვრის გამოსახვა ფორმალობაა, თუმცაღა, იგი ჩვენი რწმენის გამოვლინებაა და უდიდესი ძალა აქვს, თუკი კეთილკრძალულებითა და ყურადღებით აღვასრულებთ.

მოვა უღმერთობისა და დევნის ჟამი, როდესაც ადამიანთა და ტირანთა წინაშე ქრისტეს აღიარებას მოგვთხოვენ, შესაძლოა მოწამეობრი გზითაც. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღარ გვაქვს მტკიცე ნებისყოფა, უფალს შეუძლია მოგვმადლოს ძალა რწმენის აღმსარებლობისათვის და ამგვარად, წამისყოფაში მივიღებთ მოწამეობრივ გვირგვინს და ცათა სასუფეველს დავიმკვიდრებთ.

ეკლესიამ დღეს ბევრი რამ გვითხრა თავისი კურთხეული საგალობლებით. დასასრულს, მხოლოდ ერთი გავიხსენოთ: “ყოვლადპატიოსანო ჯვარო, ძალითა შენითა განანათლე სული და სხეული ჩვენი” და “ძალითა ჯვრისა შენისაითა, უფალო, გვიხსნენ ჩვენ . ამინ


წყარო: http://azbyka.ru 

Share