IMG 1564 01

ადამიანის დაცემა – დაქვეითება ევქარისტიული ცხოვრებიდან -არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

როგორც ცნობილია, ჩვენი პირველმშო- ბლები ეშმაკმა აცდუნა. ადამიანმა თავისი შემოქმედის გეგმის ჩაშლა მოინდომა, განიზრახა, ღმერთის ნაცვლად სამყაროს ღერძად – საკუთარი თავი დაედგინა, ეცხოვრა ეგოცენტრულად და არა თეოცენტრულად, არა ევქარისტიულად, არამედ ავტონომიურად, ეგოისტურად. სურდა, მოეხმარა საღვთო ძღვენი – სხვა ადამიანები, საკუთარი თავი, მათი ღვთისადმი მიძღვნისა და მისდამი მადლიერების გარეშე; გამოეყენებინა ისინი ერთგვარი ეგოისტური გზით. პირველი ადამიანის ასეთმა პოზიციამ, რაც, არსებითად, მისი ცოდვით დაცემა იყო, შედეგად მოი- ტანა ის, რომ მან შეწყვიტა ღმერთთან თანაზიარებაში ცხოვრება. ახლა მას უკვე აღარ აქვს ის კურთხევა, წინათ რომ ჰქონდა – ზეციური მამის ყოველდღიური მოკითხვა, მის სიახლოვეს ყოფნა და მასთან საუბარი, მისი თანამყოფობით გამოწვეული სიხარული.

ცოდვის შემდეგ ღმერთი ისევ მიდის ადამიანთან, მაგრამ მას აღარ შეუძლია ღმერთთან სიახლოვეს ცხოვრება. ეშინია, იმალება, რადგან ეგოიზმი უკვე აღარ აძლევს საშუალებას, ღმერთი თავის მამად იგრძნოს, როგორც ამას სამოთხეში გრძნობდა. რაღაც მსგავსი ხდება დღესაც, როცა ზოგ-ჯერ შვილებს, რომლებიც ეგოიზმით ცდუნდებიან და სურთ, აუჯანყდნენ თავიანთ კეთილ მამას, არ ძალუძთ მასთან მიახლოება, როგორც ამას მანამდე აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამას უყვარს ისინი და მიდის მათთან, ისინი გარბიან, რადგან აღარ შეუძლიათ იგრძნონ და მიიღონ მისი სიყვარული და სანაცვლოდ მიუძღვნან თავიანთი სიყვარული, როგორც საპასუხო ძღვენი.

როდესაც ადამიანი ვერ აღიქვამს ღმერთს თავის მამად, ვეღარც სხვა ადამიანებს აღიქვამს ძმებად. იგი უკვე ვეღარ ხედავს სხვა ადამიანებს, როგორც საღვთო ძღვენს, მოყვასსა და მას შორის უნდობლობა, შიში მყარდება. მოყვასი ხდება გამოყენების საგანი, ავხორცობის ჭურჭელი, მტერი და მოწინააღმდეგე. ჩვენს ცხოვრებაში თავს იჩენს ვნებები და ამგვარად იგი (ჩვენი ცხოვრება) კარგავს უნარს, იყოს სიყვარულის ურთიერთობა და ხდება სატანჯველი.

აქვე შეგახსენებთ ერთ თანამედროვე ფი- ლოსოფოსს, ჟან პოლ სარტრს, რომელმაც თქვა: „სხვა ადამიანი მუქარაა ჩვენი თავისუფლების, იგი სატანჯველია ჩვენი“. აქეთკენ მივყავართ ეგოიზმს. როცა არ შეგვიძლია, ვიგრძნოთ მოყვასი, როგორც ღვთის ხატება, როგორც ჩვენი ძმა, მაშინ მასში ჩვენი თავი- სუფლების მუქარას ვხედავთ, საბოლოოდ კი მასთან ურთიერთობა ხდება ტანჯვა.

ამრიგად, ადამიანი კარგავს შესაძლებლობას, ღმერთი მამად მიიღოს, მოყვასი კი ძმად. ასევე კარგავს შესაძლებლობას, მიიღოს მატერიალური საგნები, როგორც საღვთო ძღვენი და ისინი სწორად მოიხმაროს. ასე იწყება ადამიანის მიერ ბუნების ბოროტად გამოყენება. იგი უკვე მას მოიხმარს არა მადლიერების განცდით, როგორც უწინ, არამედ ანგარებით. ბუნება კი აღარ ემორჩილება ადამიანს, რომელმაც ღვთისადმი მორჩილება შეწყვიტა, და ჯანყდება მის წინააღმდეგ. ბუნების სტიქიონები ბობოქრობენ, ცხოველები ველურები ხდებიან, სურთ, დაგლიჯონ ადამიანი, იკარგება წონასწორობა და ჰარმონია, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის ცოდვით დაცემამდე სუფევდა. ასევე ადამიანი კარგავს შინაგან სიმშვიდეს. იგი არა მხოლოდ ღმერთს, თავის მოყვასსა და ბუნებას შორდება, არამედ ეწ ყება შინაგანი გაორება, იტანჯება ერთგვარი შიზოფრენიით. იგი აკეთებს იმას, რაც არ უნდა, მეტიც, რაც სძულს. იგი განიცდის ორ სჯულს – სულიერსა და ხორციელს და ეს ორი სჯული მასში ერთმანეთს უპირისპირდება. ეს შინაგანი გაორება დაგვემართა, როდესაც ღმერთის, ჩვენი მამის, წინააღმდეგ ავჯანყდით.

როცა ადამიანმა შეწყვიტა ევქარისტიული, თეოცენტრული და დაიწყო ეგოცენ- ტრული ცხოვრება, დაკარგა ღერძი, სამყაროს ცენტრი ღმერთი. როცა წყვეტ, რომ ღმერთთან ერთობით იცხოვრო და ყველაფერი ღმერთს დაუკავშირო, ბუნებრივ- ია, შენთვის სამყაროს უკვე აღარ გააჩნია ღერძი და ამით მთელი ცხოვრება კარგავს ჰარმონიულ და მოწესრიგებულ განვითარებას. ადამიანი თავისი ცხოვრების სხვადასხ- ვა მოქმედებას, საქმეს დანაწევრებულად, ერთობის გარეშე აკეთებს. სამყარო მისთვის დანაწევრებულია, ყველაფერი მოწყვეტილია ერთმანეთისგან. დანაწევრებულ სამყაროში დანაწევრებულია ადამიანიც და კარგავს შინაგან ერთობასა და სიმშვიდეს.

იგივე ხდება ცალკეულ ცხოვრებისეულ ქმედებებში. თითოეული ქმედება, რაც წინათ ღმერთთან იყო დაკავშირებული, ახლა ერთმანეთისგანაც მოწყვეტილია. ვინაიდან აღარც მათ გააჩნიათ ცენტრი და ერთობა, კარგავენ უნარს, რომ ყველანი წარმოადგენდნენ ერთ მთლიან, საერთო მსახურებას, ანუ ადამიანის მთელი არსების ერთ მთლიან ძღვენს ღვთისადმი.

ასე რომ, ადამიანი წყვეტს, იცხოვროს, როგორც ქმნილებათა მეფემ, როგორც მწირველმა და მღვდელმა. იგი აღარ მონაწილეობს წირვაში, რომელიც აღესრულებო- და სამოთხეში, სადაც მთელი მისი ცხოვრება ღვთისადმი ძღვენი და წირვა გახლდათ. ადამიანი სწყდება ეკლესიას – სიყვარულის თანაზიარებას, რითაც ცხოვრობდა სამო- თხეში ღმერთსა და ანგელოზებთან. ადამიანი შორდება ღმერთს, ანგელოზებს, მოყვასს; იგი რჩება გარიყული საკუთარ თავთან.

ცხოვრობს რა ადამიანი ეგოიზმით და სიმარტოვეში, დაშორებული ღმერთს, თავის მამას, ანგელოზებსა და თავის მოყვასს, ხდება ადვილად დამყოლი და მიეცემა ეშმაკს, ცოდვას, ვნებებს, სიკვდილს. იგი მძიმედ სნეულდება, ლამის სიკვდილამდე მიდის.

საკუთარ თავთან ერთად ადამიანმა ხრწნას დაუმორჩილა ბუნებაც, რადგან საკუთარ თავში იგი ბუნებას, შექმნილ სამყაროსაც მოიცავს. ასე იწყება კაცთა მოდგმის დიდი თავგადასავალი ადამიანის დაშორება ყოვლადსახიერი ღმერთისგან.

 

Share