UTA 9212

ლოცვა და მდუმარება – მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)

როდესაც ლოცულობ, იყავი მდუმარე. “ შენ უნდა დადუმდე: დაე  ლოცვამ იმეტყველოს”, – წერს მართლმადიდებელი ავტორი. მდუმარების მიღწევა – ყველაზე რთული და გადამწყვეტი მომენტია ლოცვის ხელოვნებაში. სიჩუმე – არ არის მხოლოდ ნეგატიური მდგომარეობა, პაუზა სიტყვებს შორის და დროებით შეწყვეტა მეტყველებისა, არამედ, უაღრესად დადებითი – მდგომარეობა ყურადღებიანი სიფხიზლისა, მოლოდინისა და უპირველეს ყოვლისა მოსმენისა. ისიქასტია ის – ვინც შინაგანი სიმყუდროვე ან მდუმარება მოიპოვა, მეტწილად კი ის, ვინც მოსმენა ისწავლა. მას  ლოცვის ხმა  თავის გულში ესმის და აცნობიერებს, რომ ეს ხმა  არ არის მისი, არამედ სხვისი, რომელიც მეტყველებს მის შიგნით.

განვიხილოთ ოთხი მცირე განსაზღვრება და ჩვენთვის უფრო ნათელი გახდება, თუ როგორ თანხვედრაშია ერთმანეთთან ლოცვა და მდუმარება. დასაწყისისათვის, “ოქსფორდის მცირე ლექსიკონს” მივმართოთ. იქ ნათქვამია, რომ ლოცვა – ეს არის “…უფლისადმი მიმართული საზეიმო შეწყალების თხოვნა…ლოცვითმეტყველებაში გამოყენებული ფორმულა”. ვინაიდან აქ, ნაგულისხმევია მხოლოდ სიტყვები და მადლის გამოთხოვნა, ე.ი. გარეგნული და არა შინაგანი ლოცვა, ეს განსაზღვრება ვერ იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი.

ლოცვითი საქმიანობის შინაგან მხარეზე, უფრო მეტს საუბრობს გასული საუკუნის ერთ-ერთი მამა. “უმთავრესია –  უფლის წინაშე გონებით გულში წარდგომა, – წერს ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული(1815-1894), – და დღე და ღამ, სიცოცხლის ბოლომდე დგომა მის წინაშე”. ამგვარი განსაზღვრების მიხედვით ლოცვა, შესაძლებელია ისეც, რომ არაფერს ითხოვდე და მეტიც, საერთოდ არ წარმოთქვამდე არაფერს. განსაზღვრული დროით შემოფარგლული მოქმედებიდან, აქცენტი გადატანილია განგრძობით მდგომარეობაზე. ლოცვა, უფლის წინაშე პირად და უშუალო ურთიერთობას ნიშნავს; მთელი ჩვენი არსებით, ინტუიციურად, რაციონალურად, ქვეცნობიერად თუ ზეცნობიერად ცოდნა იმისა, რომ – ჩვენ ღმერთში ვართ, ღმერთი კი ჩვენში. პირადი ურთიერთობები ადამიანებთან, არ ღრმავდება იმით, რომ ჩვენ მუდმვად ვსვამთ კითხვებს და წარმოვთქვამთ სიტყვებს. პირიქით, რაც უფრო მეტად ვიცნობთ და გვიყვარს ერთმანეთი, მით ნაკლებია აუცილებლობა იმაზე საუბრისა, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ამგვარადვე შენდება  პირადი ურთიერთობა უფალთან.

პირველ ორ განსაზღვრებას ერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია: ისინი ადამიანის მოქმედებაზე უფრო მეტად საუბროებენ, ვიდრე საღმრთო მოქმედებაზე. არადა, ლოცვით ურთიერთობაში ინიციატივა ღმერთს ეკუთვნის და არა ადამიანს. ყოველივე აქ მის მოქმედებაზეა დაფუძნებული. გრიგოლ სინაიტის (†1346) სიტყვიდან, ჩვენ მიერ აღებულ ნაწყვეტში, სწორედ ამაზეა საუბარი. “რა საჭიროა ბევრი საუბარი? ლოცვა ღმერთია, მოქმედი ყველასა და ყველაფერში”, – აცხადებს იგი და ამგვარად ასრულებს მეტად თავისებურ ტექსტს, რომელშიც,  ერთიმეორის მიყოლებით ეპითეტების ჩამწკრივებით, ცდილობს გონიერი ლოცვის არსის ახსნას. ლოცვაა თავად ღმერთი: მე არ ვქმნი მას, არამედ მასთან ურთიერთობაში შევდივარ, მე არ ვმოქმედებ, არამედ ღმერთი მოქმედებს ჩემში. არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე, – წერს პავლე მოციქული (გალ. 2:20). იოანე ნათლისმცემლის სიტყვები ქრისტეზე მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემი მოკლებად (ინ.3:30) უაღრესად ზუსტად მიუთითებს გზას გონიერი ლოცვისაკენ: სწორედ ამ გაგებით ნიშნავს ლოცვა მდუმარების შენარჩუნებას. “დადუმდი და დაე ლოცვამ იმეტყველოს შენში“ – უფრო სწორად კი, იმეტყველოს უფალმა. სულით ლოცვა ნიშნავს დადუმებას და უფლის მოსმენას, რომელიც უსიტყვოდ ლაპარაკობს შენს გულში; უნდა შეწყვიტო საკუთარ ქმედებებზე ფიქრი და გულისხმაჰყო ქმედებანი უფლისა. ბიზანტიური წესის მიხედვით, ლიტურგიის დასაწყისში, როდესაც უკვე ყველაფერი მზად არის ევქარისტიის აღსასრულებლად, დიაკონი მღვდელს უახლოვდება და წარმოთქვამს: “ჟამი არს მსახურებად უფლისა (უფლის მოქმედების დროა)”. ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ევქარისტიის, არამედ ყოველი ლოცვის მიმართ – პირადი თუ ერთობლივი მსახურებისას.

მეოთხე განსაზღვრება, რომელიც ასევე გრიგოლ სინაიტს ეკუთვნის, გვიხსნის იმას, თუ როგორ მოქმედებს უფალი ჩვენში. “ლოცვა – ნათლობის აღმოჩენაა”, – წერს წმინდანი. ღმერთი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მონათლულებში მოქმედებს. იგი განურჩევლად ზრუნავს ყველაზე, რამეთუ, ყველანი მის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილნი. ცოდვით დაცემამ დააბნელა და  დაბინდა ეს მსგავსება, მაგრამ უკვალოდ ვერ წაშალა იგი. ნათლობისას,  მისი პირველქმნილი სილამაზისა და სიდიადის აღდგენა ხდება: როდესაც, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ქრისტე და სულიწმინდა, “გულის შიდა და საიდუმლო საკურთხეველში” მკვიდრდებიან. ადამიანთა უმრავლესობას აღარც ახსოვს, თუ როგორ მოინათლა შორეულ წარსულში, ყრმობისას. და მიუხედავად იმისა, რომ ნათლობით ქრისტეს შევიმოსავთ, მირონცხებით კი, ჩვენზედ გადმოდის სულიწმინდა და ერთი წამითაც არ წყვეტს ჩვენში მოქმედებას, თითქმის ჩვენ ყველანი – იშვიათი გამონაკლისის გარდა – სრულ უმეცრებაში ვიმყოფებით. სწორედ ნამდვილი ლოცვისას, ჩვენ ხელახლა აღმოვაჩენთ ჩვენში ნათლობის მადლს და  გამოვავლენთ მას. თუკი აქამდე ჩვენ გულში საიდუმლოდ მცხოვრები მადლის შესახებ არაფერი ვიცოდით, ლოცვისას შინაგანად ვხედავთ, ვაცნობიერებთ და განვიცდით სულიწმინდის მოქმედებას – პირდაპირ და უშუალოდ. XIV საუკუნის წმინდანები, კალისტე და ეგნატე კსანთოპულები ამბობენ, “ყველანაირად და მთელი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ მხსნელის ყოველი ღვთივქმნილი მცნებების მიხედვით ცხოვრებას, რათა მათი აღსრულების გზით, კვლავ ავმაღლდეთ იმ სრულყოფილ, სულიერ-მადლმოსილ ხატებამდე და ახალქმნილებამდე, რომელიც  წმინდა საბანელში ნათლობით მოგვემადლა…”

“მიზანს უკვე დასაწყისშივე მივაღწიე”. ლოცვის არსის გადმოცემა ერთი ფრაზით არის შესაძლებელი: “გახდი ის, ვინც ხარ”. ცნობიერად და ქმედითად გახდი ის, ვინც ხარ პოტენციურად და საიდუმლოებრივად, ვინაიდან შენ უფლის მსგავსად ხარ შექმნილი და ხელახლა შობილი ნათლობისას. გახდი ის, ვინც ხარ; უფრო სწორად – დაუბრუნდი საკუთარ თავს, აღმოაჩინე ის, ვინც უკვე შენია, უსმინე მას, ვინც ამ წამსაც შენში მყოფობს. ყველას, ვისაც სურს ლოცვა, უფალი ეუბნება: “ მე შენ არ მომძებნიდი, უკვე ნაპოვნი რომ არ გყავდე”.

მაშ, რითი დავიწყოთ? როგორ შევიდე საკუთარ სახლში, დავხშო კარები და ვილოცო არა უბრალოდ წიგნში დაწერილის აღმოკითხვით, არამედ – სულით, ცოცხალი ლოცვით შემოქმედებითი დუმილისა? როგორ დავდუმდე და ვიწყო მოსმენა? როდის იქცევა ლოცვა უფლის ჩვენთან საუბრად და არა ჩვენს მცდელობად, რომ რაიმე ვუთხრათ მას? როგორ გადავიდეთ სიტყვიერი ლოცვიდან მდუმარეზე, თვითიძულებით აღვლენილი ლოცვიდან “თვითქმედითზე”(ეპისკოპოს თეოფანეს სიტყვებით რომ ვთქვათ) და ჩემი ლოცვიდან, ჩემში ქრისტეს ლოცვამდე?


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

რუსულიდან თარგმნა ქრისტინე დოლბაიამ

Share