mount athos yuri kozyrev putin greece 01

ათონი – გულის მდგომარეობა და არა მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

– 18 წლის ასაკში თესალონიკის უნივერსიტეტის საღმრთისმეტყველო ფაკულტეტზე ჩავირიცხე და იმავე პერიოდში, ღმრთის წყალობით, ათონის მთაზე მოვხვდი და წმინდა პაისი ათონელი გავიცანი. როდესაც ის პირველად დავინახე, გარეგნულად ისეთი უბრალო და მდაბალი ჩანდა, რომ ამ სიმდაბლისა და უბრალოების მიღმა სულიწმიდის უდიდესი საუნჯე იყო დაფარული. მაშინ მან გვითხრა:

ათანასე
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

– ბიჭებო, თქვენ ახალგაზრდები ხართ და ბევრი მეტანია გააკეთეთ. ბევრი…

ცოტა არ იყოს გაურკვევლობაში აღმოვჩნდი და ვკითხე:

– მამაო, დღეში რამდენი?

– თქვენ ახალგაზრდები ხართ და ბევრი…

ამ სიტყვების თქმა იყო და ირგვლივ ყველაფერი კეთილსურნელებამ მოიცვა: კლდე, ქვები, ხეები, ნიავი – თითქოს ჩვეულებრივმა ათონურმა გარემომ უეცრად ფერი იცვალა. მე და ჩემმა კურსელმაც ცხადად ვიგრძენით ეს ფერისცვალება. შემდეგ მან სწრაფად მიგვიხურა კარები და თავის კელიაში დაბრუნდა. იმ წამს ჩვენს გულში არამიწიერი სიხარულის განცდა გამეფდა. სწრაფი ნაბიჯით გავემართეთ კარეისკენ, ისე, რომ შესასვენებლად გაჩერების არანაირი სურვილი არ გვქონდა და თანაც ეს საოცარი კეთილსურნელებაც თან დაგვყვებოდა. სწრაფად მივდიოდით და ერთი და იგივე კითხვას ვსვამდით: ,, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?!’’

ღმრთის წყალობით, გარკვეული პეროდის განმავლობაში მამა პაისისთან ურთიერთობის საშუალება მომეცა და მისი სასწაულების მოწმეც გავხდი. შედეგად, ჩემში სახარების ჭეშმარიტების რწმენა გაღვივდა და ცოცხლად დავრწმუნდი, რომ რასაც ქრისტე ამბობს, იმის აღსრულება რეალურად შესაძლებელია ცხოვრებაში.

შემდეგ, 1976 წელს, რადგანაც მამა პაისი მორჩილებს არ იღებდა, ვფიქრობდი, თუ ვის დავმოწაფებოდი. მან კი ბერ იოსებ ვატოპედელთან გამიშვა.

– მამა იოსებმა იცის გონიერი ლოცვა? – ვკითხე მას და მანაც სიცილით მიპასუხა:

– თუკი სხვა მამები იესუს ლოცვის მასწავლებლები არიან, მაშინ მამა იოსები – მეცნიერებათა დოქტორია. ასე მაკურთხა, რომ მამა იოსების მორჩილი გავმხდარიყავი.

ასე გავხდი წმინდა იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლის წევრი. მამა იოსები ჭეშმარიტი ისიქასტი გახლდათ და მეც ვოცნებობდი, რომ მისგან გონიერი ლოცვა მესწავლა. მაშინდელი მისი საძმოს დღის განრიგი, ასე ვთქვათ ძმების უძლურებაზე იყო მორგებული. თავად კი სულ სხვა განრიგით ცხოვრობდა. ეს უკვე მაშინ, როდესაც საძმო შემოიკრიბა, ხოლო მე როცა მივედი, მაშინ მისი ერთადერთი მოწაფე ვიყავი.

იმედი მქონდა, რომ ჩემი მონაზვნური ცხოვრება მხოლოდ იესუს ლოცვის სკოლა იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ მამა იოსები ეგრევე კელიაში დამსვამდა, დიდ სკვნილს მომცემდა და მოუკლებელ ლოცვას დამავალებდა. მან კი სათლი და იატაკის ჯოხი მომცა და სატრაპეზოს მოსაწმენდად გამაგზავნა. ვერც დავიჩივლებდი: ,,მე ხომ აქ ლოცვისთვის მოვედი და არა იატაკის საწმენდად!’’ – თორემ მყისვე მომისროდნენ იქედან. მამა იოსები საკმაოდ მკაცრი იყო. იესუს ლოვის შესახებ მან მხოლოდ რამდენიმე მარტივი სიტყვა მითხრა: ,,აიღე სკვნილი, სიმდაბლით იმეორე მოუკლებლად იესუს ლოცვა და გონება ლოცვის სიტყვებში მოაქციე’’.

გარკვეული დროის შემდეგ, მამა პაისისთან მივედი და ვკითხე:

– აი, უკვე 2-3 წელია რაც ათონზე ვარ და მთელი ძალებით ვცდილობ, რომ ვილოცო, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ ვხედავ…

– და როგორი შედეგის ნახვა გინდა? – დაინტერესდა ისიც.

– ისეთის, როგორსაც წიგნებში ვკითხულობთ.

– ამას წინათ კატა მომიკვდა და მიდი აბა, გააცოცხლე! – იუმორით მითხრა და როდესაც ჩემი გაურკვევლობა დაინახა, დაამატა: – რა გინდა, სასწაულებს აღასრულებდე?

 ერთმა ათონელმა დიდსქემოსანმა ასეთი ამბავი მიამბო. ერთხელ, მის საძმოში ერთი ახალგაზრდა მორჩილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ის რომ ყაზარმაში აღმოჩენილიყო მისი ახალგაზრდული სული სიმტკიცეს ვერ გამოიჩენდა და მონაზვნურ ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა. მისი მოძღვარი ძალიან განიცდიდა ამას.  ეს დიდსქემოსანი მივიდა მოძღვართან და შესთავაზა, რომ ამ ძმის ნაცვლად ის გაეგზავნათ ჯარში.

მოძღვარმა ჰკითხა:

– გაუძლებ?

– გავუძლებ. აი წუთასვე მზად ვარ წავიდე.

იმ წუთასვე გაიხადა კაბა, გაიპარსა წვერი და თმები, საკუთარი თავი იმ ახალგაზრდად გაასაღა და პოლიციასთან ერთად ჯარში წავიდა. იმ ღამის გათევა მას და მის თანმხლებლებს იერისოსის სასმტუმროში მოუწიათ, რომლის მეზობლადაც გაუთავებელი სიმღერებისა და დროსტარების ხმები ისმოდა. ის კი კაბის, თმის და წვერის გარეშე იყო და როგორც შემდგომში მიყვებოდა, მთელი ღამის განმავლობაში სამოთხეს გრძნობდა! მას არც მანამდე და არც შემდეგ არ განეცადა ღმრთის მადლის ასეთი ძლიერი შეხება, როგორც იმ ღამეს. წმინდა პაისი გვეუბნებოდა, რომ უფალი არ მიატოვებს მას, ვინც საკუთარ თავს მსხვერპლად წირავს. მოხდა ისე, რომ მეორე დღეს სამხედრო ნაწილიდან ტელეგრამა გამოგზავნეს, რომელიც იტყობინებოდა, რომ მისი ჯარში წასვლა საჭირო აღარ იყო და ისიც ათონზე დააბრუნეს. შემდეგ წუხდა ეს მონაზონი და მეუბნებოდა: ,, როგორი მადლი დავკარგე!’’. ამიტომაც, საქმე ადგილში კი არ არის, არამედ ქრისტეში და ჩვენს მორჩილებაში.

მესოგეისა და ლავრეოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი(ჰაჯინიკოლაუ). ელადის მართლმადიდებლი ეკლესია:

– მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება, როდესაც ათონზე პირველად მოვხვდი, როგორც მომლოცველი. ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, როგორც ტურისტი. რა თქმა უნდა, რაღაცას ვეძებდი, მაგრამ ჩემს შინაგან ძიებას რაიმე კონკრეტული მიზანი არ ჰქონია. როგორც ათონელები ამბობენ ადამიანს არსებობისთვის ბევრი არ სჭირდება, მაგრამ ცხოვრებაში მთავარი – მიზანია! მაშინ ბევრი რამ გამაჩნდა, მაგრამ ცხოვრების მიზანი არა. წმინდა მთის ბუნება და მამების ყოველდღიური ცხოვრების წესი ძალიან მომეწონა. შეხედავდი და მიხვდებოდი, რომ ეს ადამიანები განსხვავებულები იყვნენ.

მესოგეისა და ლავრეოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი
მესოგეისა და ლავრეოტიკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი(ჰაჯინიკოლაუ)

1968 წლამდე ათონზე სულიერი ცხოვრების კრიზისის პერიოდი იდგა. შენობები ინგრეოდა, ახალგაზრდა მონაზვნები თითქმის არ იყვნენ, ხოლო ასაკოვნები უკვე ძალიან მოხუცებულიყვნენ. გეგონებოდათ, რომ ათონის უწინდელი დიდება წარსულს ჩაბარდა. როდესაც 1963 წელს ათონის 1000 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ, ერთმა მაღალჩინოსანმა პირმა პირდაპირ თქვა: ,, აქ ალბათ ათონის დასამარხად მოვედით’’.

მაგრამ მალევე სასწაული მოხდა და დაახლოებით 5 წელიწადში ათონს ვეღარ იცნობდით. ახალგაზრდა მონაზვნების რიცხვმა ბევრად გადააჭარბა ასაკოვნებს და სულიერი ცხოვრებაც ახალ სიმაღლეზე ავიდა. რა თქმა უნდა, ეს პირვე რიგში, ისეთი დიდი მამის დამსახურება იყო, როგორიცაა წმინდა იოსებ ისიქასტი, რომლის მოწაფეებმაც ააღორძინეს ათონი.

როდესაც 1981 წელს საბერძნეთი ევროკავშირში შევიდა, ათონის რეკონსტრუქციისთვის გარკვეული რესურსი გამოიყო. ამან კი უამრავი ძველი შენობა ერთ დიდ ქვის გროვად ქცევისგან გადაარჩინა. ათონი – ეს არის მოუკლებელი ლოცვის ადგილი. აქ უწყვეტად ცხადდება ღმრთის მადლი სიწმინდეს მიღწეულ მამებში. ათონური სულის სამი მთავარი პრინციპი არსებობს:

პირველ რიგში – ისიქაზმი, რადგან ათონზე მონაზვნური ცხოვრება პირველ რიგში გონიერი ლოცვის ისიქასტურ პრაქტიკას გულისხმობს.

მეორე – თვითმმართველობა. ათონის წმინდა მთას ეპისკოპოსები არ მართავენ, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ის კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციაში შედის და მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ათონს თავად ყოვლადწმიდა  ღმრთისმშობელი წინამძღვრობს.

მესამე – საყოველთაო, მსოფლიო ხასიათი. ათონი დედამიწაზე მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა და არ არის არც რუსული, არც ბერძნული და არც სხვა ეროვნების. ის ყველას აერთიანებს: იქ არის წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი, სერბული – ხილანდარი, ბულგარული – ზოგრაფიდა ა.შ 12 სკიტიდან – ორი რუმინულია და მონასტრებში ყველა ეროვნების ადამიანს შეხვდებით.

მღვდელმონაზონი ანასტასი(ტოპოუზისი) კუტლუმუშის მონასტრის წევრი:

– ათონი – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ბაღია და დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რომელზეც ღმრთის მადლითა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მფარველობით, მოუკლებელი ლოცვა მიედინება. სწორედ იქ აგრძელებს არსებობასა და განვითარებას ისიქასტური ტრადიცია.

003
მღვდელმონაზონი ანასტასი (ტოპოუზისი)

მაგრამ ეს საიდუმლოებრივი ათონური სული მხოლოდ მათთვის არ არის გაცხადებული, ვინც იქ ცხოვრობს. თითოეული ჩვენგან იღებს ზუსტად იმდენს, რამდენის გაცემისთვისაცაა მზად. თქვენი ცხოვრების რამდენ პროცენტს უთმობთ ქრისტეს? 70% – საკუთარ თავს და 30% – ქრისტეს? მაშინ 30% მიიღებთ მხოლოდ და დანარჩენს დაკარგავთ! სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. ათონი გეოგრაფიული ადგილი კი არ არის მხოლოდ, არამედ გულის მდგომარეობაა. 100% პროცენტით უნდა გასცე საკუთარი თავი, რომ 100%-ით მიიღო სულიწმიდის მადლი. გისურვებთ ყველას, რომ ჩვენი დედის – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და იმ მამების ლოცვით, ვინც ისიქასტურად ცხოვრობდნენ, იმ მდგომარეობას მივაღწიოთ, რომ 100%-ით მივუძღვნათ ქრისტეს თავი. ამინ.

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.