მამა ემილიანე

იესუს ლოცვისა და ათონელი მამების შესახებ – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

არავინ უარყოფს, რომ ლოცვა თითოეული სულის უპირველესი აუცილებლობაა. ის სიცოცხლის ხეა, რომელიც ადამიანს კვებავს და უხრწნელებას ანიჭებს. ლოცვა ის საშუალებაა, რომლითაც ადამიანი მარადიულ და უხრწნელ ღმერთს ეზიარება. ისევე როგორც არ არსებობს ადამიანი სულის გარეშე, ისევე შეუძლებელია ქრისტეში სიცოცხლე ლოცვის გარეშე.

გონიერი ლოცვა ანგელოზთა მხედრობის მოუკლებელი, უწყვეტი საქმიანობაა. ის არის პური, სიცოცხლე, ღმერთთან საურთიერთობო ‘’ენა’’ და მისადმი სიყვარულის გამოხატულების საშუალება. ასევე ის ადამიანები, რომლებსაც ანგელოზებრივი ცხოვრების წესი აქვთ, გონიერი ლოცვის მეშვეობით საკუთარ გულებში ქრისტესადმი სიყვარულის ცეცხლს აღანთებენ.

ამიტომაც, საეკლესიო ტრადიციიდან დღემდე უამრავი მონაზონია ცნობილი, რომლებმაც დაივიწყეს საჭმელიც, სასმელიც, საკუთარი თავიც და მთელი არსება ქრისტესთან ლოცვით ურთიერთობის საქმეს მიუძღვნეს. რამდენჯერაც არ უნდა დაეკაკუნებინათ მათთვის კარებზე და რამდენჯერაც არ უნდა ეყივლა მამალს, ისინი ვერაფერს ამჩნევდნენ, რადგან მათი გონება ქრისტესთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. მათთვის ლოცვა სულიერი შეჯიბრი, ზეციურ მამასთან საუბარი, ზეცად აღმავალი კიბე და გულის მხრუვალებაა. ეს მდგომარეობა მლოცველი სულისა და ჩვენი სულის მხსნელის ტკბილი შეხვედრაა.

ჩვენი ეკლესია თავისი შვილების ლოცვით ცოცხლობს. რა თქმა უნდა, ლოცვის სხვადასხვა სახე არსებობს, მაგრამ თუ გვინდა გავიგოთ, თუ რომელი უფრო ახასიათებს ეკლესიას და რომელი ინახავს მის სულიერ ტრადიციას, მაშინ ჩვენი ეკლესიის შვილების, მონაზვნების ცხოვრებას უნდა ჩავუღრმავდეთ. როგორც წმინდა ისააკ ასური ამბობს, მონაზვნობა ქრისტეს ეკლესიის სიქადული და გაცოცხლებული სახარებაა. მონაზვნობა წმინდა საუნჯეა, რომელშიც ხელშეუხებლად ინახება ყველა დოგმატი. ეს არის მოწამეობრივი ცხოვრების წესი, ჭეშმარიტი კეთილმსახურება, ჭეშმარიტი სულიერი ტრადიცია და მაცხოვნებელი მისია.

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ ინარჩულენს ეკლესია მონაზვნობის მიერ ლოცვით გამოცდილებას, არაა საჭირო ამის არც აღმოსავლეთში ძიება და არც დასავლეთში. ჩვენ გვაქვს ათონის წმინდა მთა, სულიერი საუნჯე ჩვენი ტრადიციისა, ხელი ქრისტესი, რომელსაც მოუკლებლად ამოჰყავს ადამიანები ცოდვის უფსკრულიდან და ღმრთის სასუფეველში შეჰყავს.

ვის არ სმენია ათონური ლოცვითი სულის შესახებ? ეს ხომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’.

სულის ამოძახილით: ‘’უფალო’’ ჩვენ განვადიდებთ ღმერთს, როგორც მეფეს, როგორც ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედს, რომლის წინაშეც ძრწიან სერაფიმები და ქერუბიმები.

უტკბესი მიმართვით ,,იესუ’’ ჩვენ ვამოწმებთ იმას, რომ ქრისტე ჩვენი მხსნელია. ვმადლობთ მას, რადგან მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. მესამე სიტყვით: ,,ქრისტე’’, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქრისტე ძე ღმერთი და თავად სამყაროს შემოქმედია. ჩვენ ხომ არც ადამიანმა, არც ერთ-ერთმა ანგელოზმა გამოგვიხსნა, არამედ ჭეშმარიტმა ღმერთმა, იესუ ქრისტემ.

შემდეგ მოდის შინაგანი სათხოვარი ,,შემიწყალე მე’’ ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, ჩვენი გულის სათხოვარს ვუხსნით და ვევედრებით, რომ შეგვიწყალოს. რამხელა სიღრმეა სიტყვაში ,,მე’’! რადგან ამით მხოლოდ საკუთარ თავს კი არ ვგულისხმობ, არამედ ყველას, ქრისტეს ეკლესიის ყველა ცოცხალ წევრს, რადგან ჩვენ ყველანი ქრისტეს ერთ სხეულს შევადგენთ.

ბოლოს, იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა უფრო სრული გახდეს, ვამატებთ სიტყვას ,,ცოდვილი’’, ამით კი ვაღიარებთ ჩვენს ცოდვილობას, როგორც ამას ყველა წმინდანი აკეთებდა და ნათლისა და დღის შვილებად იქცნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ლოცვა მოიცავს დიდებისმეტყველებას, მადლიერებას, ღმრთისმეტყველებას, სათხოვარს და აღმსარებლობას.

რა შეიძლება ვთქვათ გონიერი ლოცვის შესახებ? მადლობა ღმერთს, ჩვენს დროში მრავალი საუბრობს მასზე და უამრავ წიგნსაც კი გამოსცემენ. ბავშვებმაც კი იციან, რა არის ეს და დიდიან პატარაიანად უამრავი იყენებს მას.

ეს ძალიან კარგია, რადგან აღმოსავლური ცრუ რელიგიები და ცრუ მისიონერები ზებუნებრივ საღმრთო ძალას მიაწერენ თავიანთ ,,ლოცვას’’, რომელიც სინამდვილეში ცრუ და დემონურია. ჩვენ კი უნდა შევიცნოთ ჭეშმარიტი საუნჯე – გონიერი ლოცვა, ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოხმობა.

ლოცვის მიერ ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ესაუბრება ღმერთს და ამავდროულად, თავის შვილებსაც აღძრავს ამისკენ და ნათელს ანიჭებს. სწორედ ამიტომ, გონიერი ლოცვის შესახებ სწავლება მთელს მსოფლიოს მოიცავს და თითოეულ ადამიანამდე აღწევს.

ნება მომეცით ერთი მონაზვნის შესახებ მოგიყვეთ, რომელსაც პირადად ვიცნობდი. მან მონასტერში ღმრთის დაშვებით სულიერი კრიზისი გადაიტანა. მზაკვარი მტერი მის გონებაზე ზემოქმედებდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს ადამიანი ეკლესიის წიაღიდან გამოეყვანა და ,,ჭეშმარიტების მაძიებლად’’ ექცია. მისი სული ზღვის ტალღებივით აღელვებულიყო და მთელი არსებით სწყუროდა, რომ როგორმე ამ რთული მდგომარეობიდან გამოსულიყო. ზოგჯერ, ლოცვა გაახსენდებოდა, მაგრამ ისიც ისეთი სუსტი იყო, რომ მისი რწმენაც კი დაეკარგა. მის გარემოცვას აღარ შეეძლო მისი დახმარება. ო, როგორი უძლური აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი, როდესაც სირთულეებს პირისპირ ეჩეხება! რომელ ჩვენგანს არ გადაუტანია ასეთი წყვდიადით მოცული ღამე, საზარელი დღეები და ტრაგიკული განსაცდელები!

ამ მონაზონმა არ იცოდა, რა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო. არც დღის სინათლეზე გასეირნება შველოდა. მის სულს ბურუსი ახრჩობდა. ერთ ღამესაც, მან იგრძნო, რომ იგუდება. ადგა, სენაკის ფანჯარა გამოაღო, რომ როგორმე სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა. ღამის 3 საათი იქნებოდა, ირგვლივ სრული სიბნელე გამეფებულიყო. უეცრად, მან იხილა, რომ ნათელმა მოიცვა ყველაფერი! ის ცდილობდა დაენახა, თუ საიდან მოდიოდა ეს გამაოგნებელი ნათელი, მაგრამ მის წყაროს ვერ პოიულობდა. საზარელი წყვდიადი სინათლედ გადაიქცა და ამ მონაზვნის გულიც განათდა. ამ ნათელმა მთელი მისი სენაკი აღავსო! ისიც კი გაეფიქრა, იქნებ ლამპარი არისო, მაგრამ ნავთის ლამპარი ასეთ ყველგანყოფ ნათელს როგორ გამოასხივებდა!

კვლავ დაუბრუნდა იმედი, მომხდარში ჯერაც გაუცნობიერებელმა გადაწყვიტა, რომ მონასტრის ბნელ ეზოში გასულიყო. იქამდე ეს ეზო მას ჯოჯოხეთად ეჩვენებოდა. ის ღამის მდუმარებაში დააბიჯებდა. უეცრად ხედავს: იქაც ყველაფერი ნათლითაა მოცული! სიბნელის ნატამალიც კი გამქრალიყო და ირგვლივ სრული ნათელი ბრწყინავდა. ანათებდნენ ხის მორებიც, ფანჯრები, ტაძარი, მიწა, ცა, მონასტრის ჭა, ღამის ფრინველებიც – ყველაფერი! თითქოს მიწაზე ზეცა გადმოსახლებულიყო და თითქოს მიწა და ცა ერთ ზეცად გარდაიქმნა. ყველაფერი ლოცვით იყო განსმჭვალული! ყველაფერი ლოცვას აღავლენდა! ამ მონაზვნის გული გაიხსნა და ამ საერთო ლოცვით დიდებისმეტყველებას შეუერთდა. ფეხები აღარ ემორჩილებოდა. აღარ ახსოვდა, როგორ გამოაღო კარები, როგორ შევიდა ტაძარში და როგორ შეიმოსა მანამ, სანამ მეორე მონაზონი არ მოვიდა და მსახურება არ დაიწყო. არ იცოდა როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მისი მზერის წინაშე გაქრა ყველაფერი, ვეღარაფერს ამჩნევდა გარდა იმისა, რომ უხილავი ღმერთის წინაშე, წმინდა ტრაპეზთან დგას და ლიტურგიას აღასრულებს. ეხებოდა რა მისი გულის სიმებს, მისი ხმა ზეციურ საკურთხევლამდე აღიწეოდა. მსახურება გრძელდებოდა, ტაძარი მხოლოდ კანდლებით განათებულიყო. დასრულდა სახარების კითხვა. მის ირგვლივ ის ნათელი აღარ იყო, მაგრამ ის უკვე მის გულში დამკვიდრებულიყო. დასრულდა მსახურებაც, მაგრამ ის საგალობელი არ დასრულებულიყო, რომელსაც მისი გული აღავლენდა. ამ სასწაული წუთების წყალობით, როდესაც ზეცაც და მიწაც გაერთიანდა და ერთად ლოცულობდნენ, მან შეიცნო, რომ მონაზონი მხოლოდ ლოცვით ცოცხლობს. საჭიროა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობის შეწყვეტა.

ჭეშმარიტად ბრძანა დავით მეფსალმუნემ, რომ ღმერთის სახელი სიცოცხლეს გვანიჭებს: სახელითა შენითა, უფალო, მაცხოვნო მე’’(ფს.142:11). წმინდა გრიგოლ სინელის საოცარი სიტყვების მიხედვით, ლოცვა სიხარულის ალი, კეთილსურნელოვანი ყვავილი, იესუს სიხარული, ღმერთის შემეცნება, სულის მხიარულება, გულის უწყება, ღმრთის წყალობა, ღმრთის მადლი და ქრისტეს გონიერი მზის სხივია.
რა შეგვიძლია ვთქვათ ღმრთის ამ სასწაულ ძღვენზე, ლოცვაზე, რომელსაც ასე აღამაღლებს ათონის წმინდა მთა?

მოდით, განვმარტოთ ლოცვის არსი, ჩავხედოთ ისტორიას და მის ზოგიერთ წინაპირობას შევეხოთ.

1. ძველ აღთქმაში, ღმერთი იუდეველებისაგან მისი სახელის წმინდაყოფას მოითხოვდა. წინასწარმეტყველ ესაიასთან ვკითულობთ: ,, თავის წიაღში, წმიდაყოფენ ჩემს სახელს..’’(ეს.29:23). ანუ ქრისტეს შობამდე 800 წლით ადრე, ღმერთმა თავისი წინასწარმეტყველის მიერ გვითხრა: ,,ისინი განმადიდებენ და ერთადერთ სიწმინდედ მიმიღებენ, მოუხმობენ ჩემს სახელს, რომლის წინაშეც ყველას მუხლი მოდრკება’’. ეს არის ლოცვა და ღმრთის განდიდება.
გარდა ამისა, ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ ღმრთის სახელით ვაღმსარებლობთ(ზირ.4:30), მისით ვთავისუფლდებით(ზირ.51:3), მისით გადავრჩებით (იოელ: 2:32),და მისით ვხარობთ(ფს.88:17). რადგან სადაც უფლის სახელია, იქაა ისიც.

ახალ აღთქმაში კი ქრისტე გვასწავლის, რომ ყველაფერი მისი სახელით ვითხოვოთ(ინ.15:16). როგორც გახსოვთ პავლე მოციქული წერს, რომ მამამ ძეს მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა ქრისტეს სახელის წინაშე მოდრეკეს ყოველი მუხლი(ფილ.2:9-10). ქრისტეს ჩვენგან მოუკლებელი ლოცვა სურს.(1.თეს. 5:17).

ერთ-ერთი მოციქულებრივი მამა, ერმა, გვირჩევს, რომ ჩვენს გონებასა და გულში მოუკლებლად მკვიდრობდეს ქრისტეს სახელი, რომ ჩვენ უნდა შევიმოსოთ იესუს სახელი და არასდროს განვიმოსოთ ის.

წმინდა ბასილი დიდმა გამოცდილებით იცოდა გონიერი ლოცვა და ამბობდა, რომ გონიერი ლოცვა ეკლესიის საერთო ლოცვაა. წმინდა იოანე ოქროპირი გვირჩევდა: ,,მოუხმეთ ქრისტეს დილიდან საღამომდე სიტყვებით: ,,უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე’’.
მოდით გავიხსენოთ ეკლესიის ზოგიერთი მამა, რომლებმაც თავიანთი შრომების ძირითადი ნაწილი ლოცვას მიუძღვნეს.

ყველასთვის ცნობილია ეს უდიდესი, ანგელოზთა სწორი წმინდა მამები: წმ. იოანე კიბისაღმწერელი, წმ. ისააკ ასური და წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი. ეს მამები ლოცვის შეახებ მონაზვნებისთვისაც წერდნენ და ერის ადამიანებისთვისაც. შეიძლება სხვა მამების გახსენებაც: წმინდა ნილოს სინელი, წმინდა ბარსანოფი და იოანე, წმინდა დიოდოხოს ფოტიკელი.

აუცილებელია წმინდა გრიგოლ სინელს შევეხოთ. მან გონიერი ლოცვის გამოცდილება სინას მთიდან ათონის წმინდა მთაზე მეთოთხმეტე საუკუნეში მოიტანა და ააღორძინა ეს პრაქტიკა. რა თქმა უნდა, იესუს ლოცვა ათონზე იქამდეც არსებობდა, მაგრამ ამ წმინდანმა მთელი წმინდა მთა მოიარა, რათა იესუს ლოცვა ყველასთვის ყოველდღიური საქმიანობა გამხდარიყო. რასაკვირველია, პირველი განდეგილი მონაზვნების წყალობით, მოუკლებელი ლოცვის ტრადიცია იქამდეც იყო, რადგან ისიქაზმი მაშინ სულიერი ცხოვრების ყველაზე სრულყოფილ გზად ითვლებოდა.

ვის არ სმენია ისეთ წმინდანებზე, როგორიც იყო, დიდებული მაქსიმე კავსოკალიველი, დიდებული გრიგოლ პალამა, რომელმაც ლოცვითი პრაქტიკის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება და დოგმატიკა ერთმანეთს საოცრად დაუკავშირა. ასევე წმინდა პატრიარქები კალისტე, ისიდორე და ფილოთეოსი, კიდევ მრავალი სხვაც, თეოლიპტე ფილადელფიელი, კალისტე და ეგნატე ქსანთოპულები არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც იესუს ლოცვით ცხოვრობდნენ და წერდნენ მის შესახებ.

რისი გამოყოფა შეიძლება წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიერ დაწერილიდან ან მისი გამოცდილებიდან? ის არის ლოცვისკენ მთელი მსოფლიოს წინამძღოლი. მისი წიგნები მთელი მსოფლიოსთვის, ლოცვის შესახებ კლასიკურ სწავლებად იქცა.

მოდით, ერთერთ მონასტერში შევიდეთ და ვნახოთ, თუ რას ნიშნავს ლოცვა მონაზვნისთვის, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რა ადგილი უნდა ეკავოს მას ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში.

ჩვენ ვიცით, რომ მონასტერი – ეს არის მთელი ეკლესიისა და მონასტრის ძმების უწყვეტი ერთობა. მონასტერი კრებული რომ არ ყოფილიყო, მისი არსებობის საჭიროება არც იქნებოდა. ეს არის ერთობა, რომელიც ყოველ ღამე და ყოველ დღე ამოწმებს იმას, რომ ქრისტე მათ შორისაა. სწორედ ამიტომაც, მონაზვნური ცხოვრების ცენტრი – ყოველდღიური ღმრთისმსახურებაა, განსაკუთრებით კი საღმრთო ლიტურგია. საღმრთისმსახურო ტექსტები მონაზვნების სულში აღწევენ და მათ საკუთარ გამოცდილებად იქცევიან.

როდესაც ტაძარში იკრიბებიან, მონაზვნებმა იციან, რომ ისინი იქ მარტო არ არიან, არამედ ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად ემსახურებიან ქრისტეს. ევქარისტიულ მსახურებას მათში ქრისტეს ცოცხალი შეგრძნება და მასთან მისტიკური ურთიერთობის განცდა მოაქვს. რამდენადაც უხილავია ღმერთი, იმდენად ჭეშმარიტი და მისტიკურია მასთან ურთიერთობა და მისით კვება.
ღმრთისმსახურებისას ქრისტესთან ურთიერთობა პირველხარისხოვანია. ის გრძელდება სენაკშიც და ყველგან, რადგან ეს უბრალო ხმობა კი არ არის, არამედ რაღაც გაცილებით აღმატებული.

ლოცვა – ეს არის გემოსხილვა, მიღება ქრისტესი, რომელიც არსობრივადაა დაკავშირებული მის საღმრთო და უტკბეს სახელთან. ეს არის შესმა მადლისა, რომელიც აღამაღლებს ადამიანს. ასე ვიღებთ სრულ ქრისტეს, მის საღმრთო თვისებებს ვიძენთ და მადლით ღმერთნი ვხდებით.

წმინდა მამათა თანახმად, ამ გონიერი ,,ლიტურგიისას’’ მონაზონი ჭეშმარიტად იკვებება ზეციური მანანით. მაგრამ ეს არის იმ სიმბოლურად და წინასახეობრივად მოცემულ ძველათქმისეულ მანანაზე შეუდარებლად აღმატებული. როგორი დიდებულია ეს ლოცვა, ქრისტეს სახელის მოხმობა და ყოველ წამს მასთან საიდულოებრივი ურთიერთობა. მისი მოქმედება ოდესღაც ციდან ჩამოცვენილი მანანას მსგავსია, რომელიც ებრაელ ერს კვებავდა და ახარებდა. მანანაა იესუს ლოცვაც, რომელიც აღგვავსებს და გვკვებავს ჩვენ.

აქედან გამომდინარე, გონიერი ლოცვის უმთავრესი წინაპირობა იმის რწმენაა, რომ ეს არამხოლოდ ლოცვა, არამედ ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა და განღმრთობის ემბაზია. მიუწვდომელი ღმერთისგან გამომავალი საღმრთო ენერგიების მიერ მოდის და გვიერთდება უფალი ჩვენ ცოდვილებს. თავად განკაცებული სიტყვა, ზეციური მეუფე, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა, მოდის ჩვენთან და ჩვენში შემოდის.

იმისათვის, რომ მორწმუნემ ლოცვისას ქრისტეს მყოფობა შეიგრძნოს, აუცილებელია ღმრთისათვის სათნო ცხოვრების წესი. თუ ქრისტე სწყურია, დაე შესაბამისად იცხოვროს! ეცადოს, რომ განმტკიცდეს საღმრთო ძალით, იღვაწოს, ასკეტურად იცხოვროს და გახდეს საღმრთო ნიჭთა ჭურჭელი. დაე სურდეს, რომ განიწმინდოს ყოველგვარი ცოდვისაგან და საკუთარი ნების ღმრთის ნებაზე თანხვედრით მაქსიმალური უვნებობისა და ღმრთის მსგავსებისკენ ისწრაფვოს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ლოცვას ეხება არის ის, რომ ჩვენ სრულიად ჩაფლულნი ვართ ჩვენს საქმეებში, მუდამ სადღაც გვეჩქარება, ვიღლებით, იმედები გვიცრუვდება, ვცხოვრობთ შიშში, ვერ ვთავისუფლდებით ეჭვებისგან, ვნებებისგან და ხასიათის ცვლილებისგან. იმისათვის, რომ ჩაგვეძინოს საკუთარი თავის სრული გამოფიტვა გვჭირდება, იმისათვის, რომ გავმხიარულდეთ, ვუკრავთ გიტარაზე და ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავერთოთ. განა ეს სიცოცხლეა? ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გვღლის და არ გვაძლევს ლოცვის საშუალებას.

წმინდა მამები კი ამბობენ, რომ ღმრთის სიტყვა ადამიანის სულს რწყავს და ისე განამტკიცებს მას, როგორც ღვინო – სხეულს. ღმრთის სიტყვა წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაშრომებშია. როდესაც წმინდა მამებს სიღრმისეულად მივეახლებით, ყურადღებით ვკითხულობთ და განსჯის გარეშე, ზედაპირულად არ ვფლანგავთ ჩვენს ძალებს, თუკი ამ სულის სასარგებლო საკითხავებს ყოველდღიურ წესად ვაქცევთ, მაშინ სულიერ ღვაწლთან ერთად, ის ჩვენი სულის ნიადაგს გააკეთილშობილებს და ზეცად ამაღლების საშუალებას მისცემს.

იმისათვის, რომ სწორად წარიმართოს შენი ლოცვითი ღვაწლი, აუცილებელია შენში ერთი თვისება აღზარდო – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ჩვენს სულიერ ჯანმრთელობაზე, ისევე, როგორც ფიზიკურზე ვზრუნავთ. მუდამ უნდა გვიხაროდეს! თუ მოუკლებლად ვლოცულობთ ქრისტესმიერი სიხარული უფრო მეტად გვეძლევა. თუ მოწყენილი ან გაღიზიანებული ხარ, ესეიგი შენში რაღაც არ მიდის სწორად. მიაქციე ამას ყურადღება, რადგან ადამიანის ხასიათი დიდ როლს თამაშობს.
ნახეთ, როგორ მშვენივრად წერია წმინდა საბა ვატოპედელზე, რომელმაც, ალბათ ყველანაირი განსაცდელი გამოიარა: ,,ის იყო ურთიერთობაში უნათლესი, შესახედად უაღრესად სასიამოვნო და სიხარულით აღსავსე’’. ის სიხარულით უღიმოდა თანამოსაუბრეს, მისი სული ნათელს ასხივებდა და მთლიანად მადლის ჭურჭლად ქცეულიყო. წარმოიდგინეთ, როგორი ურთიერთობა ექნებოდა მას ქრისტესთან! ლოცვისისა ის მანათობელი მზესავით იყო!

ეკლესიის კიდევ ერთი მამა, წმინდა ნილოსი აღნიშნავს: ,,ლოცვის ნაყოფები სიხარული და მადლიერებაა’’. გინდა გაიგო რამდენად ჭეშმარიტი და მდაბალია შენი ლოცვა? მიაქციე ყურადღება, გრძნობ შენს გულში მხიარულებასა და მადლიერებას? ის ამბობს: ,,თუ ლოცვისას ზეციური სიხარული იგრძენი, იცოდე, რომ შენ ჭეშმარიტი ლოცვა მოიხვეჭე’’.

ლოცვას სიხარული მოაქვს, რადგან ის ქრისტესთან საუბარს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოდვისა და ვნებების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ამან არ უნდა დაგვთრგუნოს, რადგან ჩვენ ხომ ჩვენი სიცოცხლე ქრისტეს მივანდეთ. ასეთი ბრძოლა აუცილებელია და აკურთხებს ჩვენს ცხოვრებას. იმისათვის, რომ ჩვენი გზა გამარჯვებით დაგვირგვინდეს, არ მოვაგროვოთ ჩვენში მოყვასისგან მოყენებული წყენა, არ ჩავერიოთ სხვის საქმეში, არ შევუზღუდოთ თავისუფლება ადამიანებს, არ მივაყენოთ ტკივილი, არ შევაწუხოთ არავინ და არც სხვიგან მოყენებული ჭრილობების გამო მივეცეთ უზომო მწუხარებას. დაე ჩვენი ურთიერთობები იყოს ბუნებრივი და მარტივი. მოდით ვიგრძნოთ, რომ ყველანი ერთნი ვართ. ამ შემთხვევაში ლოცვა უფრო მარტივი გახდება. უბრალოდ ქრისტეს იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ ჩვენში იმოქმედოს. ვიყოთ იმ მიწათმოქმედის მსგავსნი, რომელიც თესავს და მოთმინებით ელის, თუ როდის მოუვლენს უფალი წვიმას.


დაე თითოეული ჩვენგანი საკუთარ ბრძოლაში ჩაებას, მოუხმოს ქრისტეს სახელს, თითოეულმა თავისი მდგომარეობისა და მადლის შესაბამისად, ზოგმა ბაგეებით, ზოგმა გონებით და ზოგმაც გულით. მაშინ გაბრწყინდება მათი სული და ქრისტეს შეხვდება, რომელიც ჩვენს სულში სიხარულსა და ჭეშმარიტებას შემოიტანს.

დავუთმოთ ლოცვას საკმარისი დრო, იმდენი, რამდენიც ჩვენს ძალებს შეესაბამება. აღვასრულოთ ერთერთი ეკლესიის მამის სწავლება: ,,აიძულე საკუთარი თავი ხანრძლივი ლოცვისთვის’’ დანარჩენში კი უფალს მივენდოთ. ქრისტესთვის ჩვენი ერთი ლოცვაც კი მნიშვნელოვანია. როგორც წმინდა ისააკ ასური ამბობს: ,, ღამე აღსრულებული ლოცვა, დღის განმავლობაში აღრულებულ ყველა საქმეს აღემატება’’. ღამის საათებში ლოცვა ყველაზე ნაყოფიერია.

ყველაფერი ღმერთს მიანდე! დაე ყველა შენს აზრსა და საქმეს ლოცვა ახლდეს! აირჩიე ქრისტესთან მიმყვანებელი გამოცდილი მოძღვარი!

აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ სულიერ ცხოვრებაში ყველაფერს საღმრთო მადლი აღასრულებს და აქ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

როგორც წმინდა მამები ამბობენ, იესუს გონიერი ლოცვა მირონის ჭურჭელია, რომელიც ყველაფერს კეთულსურნელებით აღავსებს. წარმოთქვამ ‘’უფალო იესუ ქრისტე’’ და თითქოს სულიწმიდაზე იწინდები და მის კეთილსურნელებას გრძნობ. სულიწმიდა მოდის ჩვენთან და ჩვენში გონიერი ლოცვის წყურვილს ბადებს. ის ლოცულობს ჩვენში, როდესაც ჩვენ გვავიწყდება და ჩვენს ნაკლულოვანებებს აღავსებს. ჩვენ ყველანი ხომ ცოცხალი ღმერთის ტაძარნი ვართ და ლოცვისას ამ დიდებული საიდუმლოს მღვდელმსახურნი ვხდებით. ამის შესახებ შესანიშნავად საუბრობს ერთი მამა: ,, აიღე საცეცხლური და უკმიე შენს გულში ქრისტეს სიტყვებით: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ის ამატებს: ,, როდესაც საცეცხლურის ხმას გაიგებ, გაიხსენე, რომ შენც ქრისტეს ტაძარი ხარ და შენში მცხოვრებ ქრისტეს უკმიე და თაყვანი ეცი სულიწმიდას’’.

იფიქრეთ იმაზე, რომ ღმრთის სასუფეველი, მისი სამკვიდრებელი ჩვენშია. ჩვენს გულში ცოცხალი ღმერთი მკვიდრობს და ის კი განუყოფელ კავშირშია ყველა წმინდანთან, რომლებიც ჩვენი ნათესავები და ზეციური მეგობრები არიან. ისინი გველოდებიან და ვუყვარვართ ჩვენ. ჩვენ ქრისტესთან მცხოვრები მეგობრები შევიძინეთ და ამიტომაც, ნეტარნი ვართ, რადგან იქ, ზეციურ იერუსალიმში ასეთი მეგობრები გვყავს.

გაიხსენეთ, რას ამბობდა ქრისტე:,, და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა’’(მკ.9:1). ეს ჩვენც გვეხება. ლოცვის მიერ ჩვენ ღმრთის სასუფევლის მემკვიდრეები ვხდებით, რადგან ლოცვისას სულიწმიდა ღმერთის შემეცნებას გვანიჭებს. წმინდანები ლოცვისას ქრისტეს შეიცნობდნენ და ამიტომაც, ლოცვით ჩვენ მიუწვდომელს ვწვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასეთ სიმაღლეებს ვერ ვაღწევთ, ლოცვა მაინც გვანიჭებს კურთხევას, ნუგეშს, მადლიერებას, მიტევებას, გამოხსნას და ყველაფერ სასარგებლოს. ეს ყველაფერი ქრისტესგან გვეძლევა.

ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები არაერთხელ გამხდარან ღირსნი საღმრთო ნათლის მოხილვისა. თავად ცოცხალი ღმერთი ეცხადებოდათ მათ უქმნელ ნათელში! ღმერთი დაფარულია, მას ვერავინ ხედავს, რადგან ის მიუწვდომელი ნათელია, რომლის აღქმის უნარიც ჩვენ არ გვაქვს. უამრავი შემთხვევაა ჩვენთვის ცნობილი წმინდა მამათა ცხოვრებიდან, როდესაც ღმერთი ეცხადებოდათ და თავისი უქმნელი ნათლით აღავსებდა მათ.

საყვარელნო, მოდით წმინდა საბას ცხოვრებიდან რამდენიმე მონაკვეთი განვიხილოთ. ის ქრისტეს ხილვის წყურვილით იწვოდა. ერთხელაც, საკუთარ მდუმარე გულში, რომელსაც ქრისტე სწყუროდა, გაისმა ხმა: ,, აქა ვარ!’’ როგორი დიადი და საღმრთო სიტყვებია! როგორ გამოეცხადა? ის აღწერს: ,,ეს იყო ზეციდან გარდამომავალი უწმინდესი ნათელი’’. ეს იყო ნათელი, რომელმაც ყველაფერი მოიცვა და მასში შევიდა, მის გონებას, გრძნობებსა და მთელ ადამიანურ ბუნებას დაეუფლა.

ამ გამოცდილების შემდეგ, წმინდა საბა ისეთი ნათელი და კეთილსურნელოვანი გახდა, რომ მასთან შესახვედრად ათასობით ადამიანი მიდიოდა. მის სახეზე სიწმინდის ნათელი კვალი აღბეჭდილიყო და ჯერ კიდევ ხორცში მყოფს, წმინდანად აღიარებდნენ.

შემდეგ აგრძელებს: ,, ყურადღებით იყავით, რადგან ეს ქრისტეს ჭეშმარიტი საიდუმლოებაა. ის მთელი თავისი მშვენიერებით, დიდებითა და გამოუთქმელი სიტკბოებით წარმოჩინდება და ამ ნათლით აღვსილი ადამიანი სრულად გარდაიქმნება’’. ასეთ ადამიანს ეძლევა ცოცხალი ღმერთის ხილვის უნარი. ის ხედავს იმას, რაც ,,არც თვალს უხილავს’’.

,,ქრისტეს ტკბილი ისრით დაჭრილი’’ წმინდანი ესაუბრება ღმერთს: ,, სად ხარ და სად იმზირები? მიჩვენე შენი დიდება, რათა შეგიცნო შენ. მინდა გიხილო ისეთი, როგორიც ხარ’’.

ღმერთმა უპასუხა: ,,შენი სულიც და სხეულიც ეზიარა საღმრთო ბუნებას და არ არის აუცულებელი აგიხსნა, თუ სად ვარ, რადგან მიიღე რა ჩემგან ნათელი, თავად გახდი ღმერთი’’.

აი, ასეთია ათონი წმინდა მთის ლოცვის მწვერვალები!
დაკვნის სახით, მოდით განვიხილოთ, თუ როგორ ლოცულობენ ათონზე.

ერთი ათონელი ასკეტი(მის სახელს არ დავასახელებ, რადგან ის ჯერ კიდევ ცოცხალია) ამბობს: ,, უფალო, დღეში 24 საათი არ მყოფნის ლოცვისთვის!’’ წარმოგიდგენიათ როგორ ლოცულობს? გესმით რა სიმაღლეზეა? აცნობიერებთ, თუ როგორი სიტკბოება მოიხვეჭა იმის წყალობით, რომ მისი გულის თვალები მოუკლებლად ქრისტესკენაა მიპყრობილი? ასე საუბრობს ის, ვინც იგემა ქრისტეს სიტკბოება.
ბოლო წლებში ათონზე ისეთი დიდი მოღვაწეები გამოჩნდნენ, როგორებიც არიან დანიელ კატუნაკელი(† 1927) კალენიკე ისიქასტი(† 1930) და სხვა.

ერთ ჩვენს კურთხეულ მონაზონს, მამა არსენის, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დაძინებაც კი არ უნდოდა, საკუთარ თავს თოკით აბავდა და კედელს ეყრდნობოდა, რათა ლოცვა არ შეეწყვიტა. ასე შრომობდა მრავალი ასკეტი. როდესაც ლოცულობდა და მუხლდრეკებს აღასრულებდა, იატაკზე თავს ურტყავდა და ამბობდა ხოლმე: ,,საშინელი ცოდვილი ვარ, უფალი არ ისმენს ჩემს ლოცვას და იქნებ ამ ხმამ მაინც მიაღწიოს მასთან. იმდენად დიდია ჩემი ცოდვა, რომ ჩემი ბაგეებიდან არ ამოდის ლოცვა!’’ ის მოუკლებლად ლოცულობდა.

ჩვენი დროის კიდევ ერთ ასკეტს ლიტურგიის აღსასრულებლად მრავალი საათი სჭირდებოდა, რადგან მასთან ერთად წმინდანები თანამსახურებდნენ. ის არასდროს ჩქარობდა, ხშირად წირვაზე არ უშვებდა მონაზვნებს, რათა მისი ეს მდგომარეობა არ ეხილათ. როდესაც ეს გასაოცარი მდგომარეობა მიდიოდა, მაშინ კარებს ხსნიდა და კვლავ მოუწოდებდა ძმებს: ,,გავაგრძელოთ ლიტურგია!’’.

ერთმა მონაზონმა, როდესაც ღამის მსახურებაზე ლოცულობდა, დატოვა სხეული და იხილა და ესმა, თუ როგორ ადიდებდა ღმერთს მთელი ქმნილება. ამ დღის შემდეგ მის თვალთაგან მოუკლებლად მოედინებოდა ცრემლები და ამბობდა: ,,უსულო სამყარო ღვრის ცრემლს და უფალს განადიდებს, მე კი, სულის მქონე, ცოდვაში ვცხოვრობ’’.

ისიქასტები და მმარხველები ყოველთვის იყვნენ ათონზე. მოდით წმინდა სილუან ათონელი გავიხსენოთ, რომლიც მთელი ცხოვრებაც მოუკლებელი ლოცვა იყო.

ბოლო წლებში, კიდევ ერთი ასკეტი გამობრწყინდა ლოცვით – ბერი იოსებ ისიქასტი, იგივე მღვიმელი. მან ღრმად გაითავისა გონიერი ლოცვა და მისი უტკბესი სამოთხისეული შეგრძნებით ცხოვრობდა. დღესაც უამრავი მონაზონი აგრძელებს მის სულიერ სკოლას.

ათონის მთიდან გონიერი ლოცვა ყველგან გავრცელდა. სლავურ სამყაროში ეს ტრადიცია წმ. პაისი ველიჩკოვსკიმ შეიტანა, ხოლო ევრპობაში – მამა სოფრონ სახაროვმა.

ასე მოგზაურობს ლოცვა მთელ მსოფლიოში. ათონი უკვე ყველგანაა! ევროპაშიც კი არის ათონური ტრადიციის მონასტრები, სადაც შეძლებისდაგვარად დანერგილია პრაქტიკაში იესუს ლოცვა.

ჩემო საყვარლებო, რა იქნებოდა ჩვეი სიცოცხლე ლოცვის გარეშე? რა იქნებოდა მის გარეშე მთელი სამყარო? ლოცვის გარეშე ადამიანის გული ცელოფანის პარკს ჰგავს, რომელიც ტვირთვს ვეღარ უძლებს, ადვილად იხევა და მალე გადასაგდები ხდება. სწორედ ლოცვაა ჩვენი ცხოვრების საზრისის მომნიჭებელი.

მოდით ვილოცოთ, ვესაუბროთ ქრისტეს და მზად გვქოდეს ჩვენი გულის საცეცხლური, რადგან სადაც არ უნდა წავიდეთ ბაგეებსა და გულში ლოცვის თანხლებით, ჩვენ მყისვე ქრისტეს სამკვიდრებელ სახლად და ღმერთშემოსილებად ვიქცევით.

სოლომონი ამბობს, რომ ღმერთმა თავის საცხოვრებლად მზე – ქმნილი ნათელი აირჩია, მაგრამ რახან ის თავად უქმნელი ნათელია, გადაიფიქრა! შეუძლებელია, რომ მზე დიადი ღმერთის სამკვიდრებელი ყოფილიყო და ამიტომაც მან თიხაში, ანუ წყვდიადში დამკვიდრება გადაწყვიტა(3.მეფ. 8-).

თუ ჩვენ არ შეგვიძლია მზის ყურება, მაშინ მზეზე უბწყინვალეს, უქმნელ, სიცოცხლის მზეს – ქრისტეს როგორ შევხედავდით? ამიტომაც ის წყვდიადში დამკვიდრდა და დაიფარა, რათა თავისუფლად შეგვძლებოდა აგვერჩია მიგვეღო თუ არა ის.

ჩემო საყვარლებო, ჩვენც გვაქვს სახლი – საკუთარი გული. გაიხსენეთ, რა თქვა უფალმა სანამ ზეცად ამაღლდებოდა: ,, აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა’’(მთ.28:20). ხომ ამას განასახიერებს ლიტურგიის ბოლოს ბარძიმის ამაღლება, როდესაც მღვდელი ამბობდა: ,,ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე’’?

ქრისტემ თითქოს გვითხრა: მე, ქრისტე, უხილავ სამყაროში მივდივარ და ვეღარ დამინახავ, მაგრამ გახსოვდეს, რომ მე მუდამ შენთან და შენში ვარ. მე უხილავად ვმკვიდრობ საკურთხეველში, მღვდლის მიერ დაკლული, რათა ნებისმიერ წამს შეგეძლოს ჩემთან ზიარება’’.

ასე რომ, ძმებო, მოამზადეთ თქვენს სულში სულიერი საცეცხლური და საკმეველი. ღმერთმა არ აირჩია არც მზე და არც სოლომონის დიდებული ტაძარი. მან ის დაარღვია! რატომ? რადგან თავის სამკვიდრებლად მან მლოცველი ადამიანის გული აირჩია!

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©