მაშასადამე, სიფრთხილე გვმართებს იმ გულის სიტყვებთან, რომლებიც გაღვიძებისთანავე მოდის. სიზმრები, წარმოსახვები, კარგი თუ ცუდი, რაც ძილმა დაგვიტოვა, მაშინვე უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან და დაუყოვნებლივ მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, როგორც ჩვენი სულის სუნთქვას. ამასთან ერთად, როცა სახეზე გამოსაფხიზლებლად წყალს შევისხამთ, ყავას დავლევთ, ან სხვა რაიმეს მივიღებთ ტონუსისთვს, ვიტყვით ”წმინდაო ღმერთოს”, სარწმუნოების სიმბოლოს, ”ღირს არსს” და ჩვენი ლოცვის ადგილზე ვსხდებით ბოროტთან საბრძოლველი იარაღით – სკვნილით ხელში.
დაჯექი შენს პატარა სკამზე? – ამბობდა მამა იოსები (ისიქასტი) – ერთი წუთით! ნუ დაიწყებ ლოცვას სანამ გონებას არ მოიკრებ, არ დაფიქრდები სიკვდილზე და კიდევ იმაზე, თუ რა მოსდევს მას. წარმოიდგინე, რომ ეს შენი ცხოვრების უკანასკნელი ღამეა. ყველა დანარჩენმა დღემ და ღამემ, დარწმუნებული ხარ, რომ უკვე ჩაიარა და შენი ცხოვრების ამ ზღვრამდე მიგიყვანა. ღამე, რომელიც წინ გაქვს, არ იცი, გაგითენდება თუ არა. თუკი ამგვარი ფიქრით, სურათებისა და წარმოსახვების გარეშე, ადამიანი სულ ცოტა ხნით მაინც დააკავებს გონებას, მას სინანული ეძლევა, მისი გული ცვილივით რბილდება და გონება აღარ ეფანტება. სიკვდილის ხსოვნას აქვს ის უპირატესობა, რომ სძლიოს ცხოვრების ყველა ცდუნებასა და გულში ღმრთისმიერი გლოვა წარმოშვას. ასეთი სინანულის განწყობით შეგიძლია დაიწყო უწყვეტი შინაგანი იესუს ლოცვა.
კონცენტრირებულია შენი გონება, შემუსვრილი და დამდაბლებული სული. დახარე მსუბუქად თავი და ყურადღება გულის არესკენ მიმართე. გულიც შემუსვრილი და დამდაბლებულია და ელოდება გონების ჩასვლას, რათა ერთად აღუვლინონ ვედრება მრავალმოწყალე ღმერთს იმ იმედით, რომ უფალი მას არ უგულებელყოფს.
წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”